იოანე თავი 20

1 . კვირის პირველ დღეს, გარიჟრაჟზე, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა, მივიდა მარიამ მაგდალელი სამარხთან და დაინახა, რომ ლოდი გადაეგორებინათ სამარხიდან.

2 . სირბილით მივიდა სიმონ-პეტრესა და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა: "უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით, სად დაასვენეს”.

3 . მაშინ გამოვიდნენ პეტრე და სხვა მოწაფე და გაიქცნენ სამარხისკენ.

4 . ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან.

5 . დაიხარა და ძირს დატოვებული ტილოები დაინახა, მაგრამ შიგნით არ შესულა.

6 . მოვიდა სიმონ-პეტრეც. სამარხში შევიდა და დაწყობილი ტილოები დაინახა;

7 . ხოლო სუდარა, რომელიც თავზე ჰქონდა შემოხვეული, ტილოებთან არ იყო, არამედ ცალკე იდო დახვეული.

8 . მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, პირველი რომ მივიდა სამარხთან, იხილა და ირწმუნა,

9 . რადგან ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ წერილიდან, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო იგი.

10 . და კვლავ თავ-თავის სახლებში წავიდნენ მოწაფენი.

11 . მარიამი კი იდგა სამარხის გარეთ და ტიროდა. მომტირალი დაიხარა, რომ სამარხში შეეხედა

12 . და თეთრებში მსხდომი ორი ანგელოზი დაინახა; ერთი თავთით, ხოლო მეორე - ფერხთით იმ ადგილას, სადაც იესოს ცხედარი ესვენა.

13 . უთხრეს: "დედაკაცო, რატომ სტირი?” მიუგო: "ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დაასვენეს”.

14 . ეს რომ თქვა, უკან შებრუნდა და იქვე მდგარი იესო დაინახა. მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო.

15 . ჰკითხა იესომ: "დედაკაცო, რატომ სტირი, ვის ეძებ?” მარიამს მებაღე ეგონა და უთხრა: "ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ”.

16 . უთხრა იესომ: "მარიამ!” შებრუნდა და ებრაულად თქვა: "რაბუნი!” - როგორც უწოდებენ მოძღვარს.

17 . ეუბნება მას იესო: "არ შემეხო, ვინაიდან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მე ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან”.

18 . მივიდა მარიამ მაგდალელი და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი და ეს უთხრა მას.

19 . იმავე დღეს, საღამოჟამს, კვირის პირველ დღეს, იესო იუდეველთა შიშით კარჩაკეტილში მსხდარ მოწაფეებთან მოვიდა, შუაში დადგა და უთხრა მათ: "მშვიდობა თქვენდა!”

20 . ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ. და გაიხარეს მოწაფეებმა უფლის ხილვით.

21 . ხელახლა უთხრა მათ იესომ: "მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც ისე მიგავლენთ თქვენ”.

22 . ეს რომ თქვა, შეუბერა და თქვა: "მიიღეთ სულიწმიდა.

23 . ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ”.

24 . თომა, ერთი თორმეტთაგანი, ტყუპისცალად წოდებული, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან.

25 . უთხრეს მას დანარჩენმა მოწაფეებმა: "ჩვენ ვიხილეთ უფალი”. მან კი თქვა: "სანამ მის ხელებზე ნალურსმნევს არ ვნახავ და ნალურსმნევში თითს არ ჩავყოფ, მის ფერდში კი - ხელს, არ ვიწამებ!”

26 . რვა დღის შემდეგ კვლავ შინ იყვნენ მოწაფენი; თომაც მათთან ერთად იყო. კარჩაკეტილში მოვიდა იესო, შუაში დადგა და თქვა: "მშვიდობა თქვენდა”.

27 . შემდეგ თომას უთხრა: "გამოიწოდე შენი თითი და ნახე ჩემი ხელები. გამოიწოდე შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ!”

28 . მიუგო თომამ და უთხრა მას: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!”

29 . უთხრა მას იესომ: "შენ მირწმუნე, იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს”.

30 . მოწაფეების წინაშე ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ, რაც ამ წიგნში არ დაწერილა.

31 . ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმერთისა, და რათა მორწმუნეებს სიცოცხლე გქონდეთ მის სახელში.