1 . ღმერთის მიერ შექმნილ ველურ ცხოველებს შორის გველი ყველაზე ცბიერი იყო. ჰკითხა გველმა ქალს: "ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?”
2 . უპასუხა ქალმა: "ბაღის ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა.
3 . მაგრამ შუა ბაღში რომ ხეა, მის ნაყოფზე გვითხრა ღმერთმა - არ შეჭამოთ და არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო”.
4 . უთხრა გველმა ქალს: "არ მოკვდებით.
5 . მაგრამ იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქნებით”.
6 . და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა.
7 . აეხილა ორივეს თვალი და მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.
8 . მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის.
9 . მოუხმო უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: "სადა ხარ?”
10 . მიუგო ადამმა: "შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე”.
11 . "ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?”
12 . უთხრა ადამმა: "შენ რომ ქალი მომეცი, იმან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე”.
13 . უთხრა უფალმა ღმერთმა ქალს: "ეს რა ჩაიდინე?” თქვა ქალმა: "გველმა მაცდუნა და მეც შევჭამე”.
14 . უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: "რადგან ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მთელი შენი სიცოცხლე მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ!
15 . ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და ქალს შორის, შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს და შენ ქუსლს უგესლავდე!”
16 . უთხრა ქალს: "დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე”.
17 . უთხრა ადამს: "რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო! ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე!”
18 . ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებს და მინდვრის ბალახს შეჭამ.
19 . შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები”.
20 . და უწოდა ადამმა თავის ცოლს სახელად ევა, რადგან ის გახდა ყოველი ცოცხალის დედა.
21 . გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის ცოლს ტყავის სამოსელი და შემოსა.
22 . თქვა უფალმა ღმერთმა: "აჰა გახდა ადამი, სიკეთისა და ბოროტების შემცნობელი როგორც ერთი ჩვენგანი. ახლა სიცოცხლის ხის ნაყოფის მოსაწყვეტადაც არ გაიწოდოს ხელი, არ შეჭამოს და საუკუნოდ არ იცოცხლოს”.
23 . და გაიყვანა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რათა დაემუშავებინა მიწა, რომლიდანაც იყო აღებული.
24 . და დააყენა ქერუბები ედემის ბაღის აღმოსავლეთით, და მბრუნავი მახვილი აღმართა ადამის განდევნის შემდეგ, რათა დაცული ყოფილიყო სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა.
1 . ბოროტად იქცეოდნენ ისრაელის ძენი უფლის თვალში და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა მიდიანს შვიდი წლით.
2 . დამძიმდა მიდიანის ხელი ისრაელზე, მიდიანის გამო მთებში გაიკეთეს ბუნაგები ისრაელის ძეებმა და მღვიმეებსა და მიუვალ ადგილებში გაიხიზნენ.
3 . მოამთავრებდა თუ არა ისრაელი თესვას, მოვიდოდნენ მიდიანელნი, ყამალეკელნი, აღმოსავლეთის ძენი და თავს ესხმოდნენ მათ,
4 . მათ მიწაზე ბანაკდებოდნენ და სპობდნენ ქვეყნის მოსავალს ღაზამდე, არ ტოვებდნენ საზრდოს ისრაელში, არც ცხვარს, არც ხარს და არც სახედარს.
5 . ამოდიოდნენ თავისი ჯოგებითა და კარვებით, მოდიოდნენ კალიასავით ურიცხვნი, თვლა არ ჰქონდათ არც მათ და არც მათ აქლემებს; შეესეოდნენ ისრაელის მიწას და აჩანაგებდნენ.
6 . მთლად გაღატაკდა ისრაელი მიდიანის გამო და შეჰღაღადეს ისრაელის ძეებმა უფალს.
7 . და როცა შეჰღაღადეს უფალს მიდიანის გამო ისრაელის ძეებმა,
8 . მოუვლინა უფალმა მათ წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი: "მე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და გამოგიყვანეთ მონობის სახლიდან;
9 . გიხსენით ეგვიპტელთა ხელიდან და ყველა თქვენი მჩაგვრელის ხელიდან. მე განვდევნე ისინი თქვენგან და მე მოგეცით მათი ქვეყანა.
10 . გითხარით: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ნუ გექნებათ ამორელთა ღმერთების შიში, რომელთა მიწაზეც ცხოვრობთ-მეთქი, მაგრამ არ შეისმინეთ ჩემი ხმა”.
11 . მოვიდა უფლის ანგელოზი და დაჯდა ყოფრაში, აბიყეზერელი იოაშის მუხის ქვეშ; გედეონი კი მისი ვაჟი, ხორბალს ცეხვავდა საწნახელში, რათა მიდიანელთაგან დაემალა.
12 . ეჩვენა მას უფლის ანგელოზი და უთხრა: "უფალი შენთანაა, ძლიერო მებრძოლო!”
13 . უთხრა გედეონმა: "ბატონო! უფალი რომ ჩვენთან იყოს, ასეთი საქმე რატომ დაგვემართებოდა? სად არის მისი სასწაულები, ჩვენი მამები რომ გვიამბობდნენ: განა უფალმა არ გამოგვიყვანაო ეგვიპტიდან? ახლა მიგვატოვა უფალმა და ჩაგვაგდო მიდიანის ხელში!”
14 . მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა: "წადი, მაგ შენი ძალით და იხსენი ისრაელი მიდიანის ხელისგან. განა მე არ გაგზავნი?”
15 . უთხრა გედეონმა: "ბატონო! რით ვიხსნა ისრაელი? აჰა, ჩემი ოჯახი ყველაზე მცირეა მენაშეს ტომში, მე კი ყველაზე უმცროსი ვარ მამაჩემის სახლში”.
16 . უფალმა უპასუხა: "მე ვიქნები შენთან და ერთი კაცივით მოსრავ მიდიანს”.
17 . უთხრა გედეონმა: "თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, მიჩვენე რამე ნიშანი, რომ შენ მელაპარაკები.
18 . ნუ წახვალ აქედან ჩემს მოსვლამდე, ძღვენს მოგართმევ და დავდებ შენ წინაშე”. უპასუხა: "შენს დაბრუნებამდე მოვიცდი”.
19 . წავიდა გედეონი, თიკანი და ერთი ეფა ფქვილის ხმიადები მოამზადა, კალათში ჩააწყო, წვენი ქილაში ჩაასხა, მიიტანა მუხის ქვეშ და მიართვა.
20 . უთხრა უფლის ანგელოზმა: "აიღე ხორცი და ხმიადები, ამ ქვაზე დააწყვე და ზედ წვენი გადაასხი”. ასეც მოიქცა.
21 . გაიწოდა უფლის ანგელოზმა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა და მისი ბოლო ხორცსა და ხმიადებს შეახო; ცეცხლი ავარდა ქვიდან და შთანთქა ხორცი და ხმიადები; ამის შემდეგ თვალს მიეფარა უფლის ანგელოზი.
22 . დარწმუნდა გედეონი, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო და თქვა: "ვაი მე, უფალო ღმერთო, რადგან უფლის ანგელოზი ვიხილე პირისპირ!”
23 . უთხრა უფალმა: "მშვიდობა შენდა! ნუ გეშინია, არ მოკვდები”.
24 . სამსხვერპლო აუშენა იქ უფალს გედეონმა და უწოდა (იაჰვე-შალომ) უფალი მშვიდობაა. დღემდე დგას იგი აბიყეზერელთა ყოფრაში.
25 . უთხრა უფალმა იმ ღამით გედეონს: "აიყვანე მამაშენის მოზვერი და მეორე მოზვერი, შვიდწლიანი, დაანგრიე ბაყალის სამსხვერპლო, რომელიც მამაშენს უდგას, აშერა კი, მის გვერდით რომაა, აჩეხე.
26 . და სამსხვერპლო აუშენე უფალს, შენს ღმერთს ამ კლდეზე, იმ ადგილზე, რომელზეც მიგითითებ; მერე აიღე და სრულადდასაწველად აღავლინე მეორე მოზვერი იმ აშერას ხით, რომელსაც აჩეხავ”.
27 . წაიყვანა გედეონმა ათი კაცი თავის მსახურთაგან და ისე მოიქცა როგორც უთხრა უფალმა; მაგრამ თავის მამისსახლისა და ქალაქის მკვიდრთა შიშის გამო, ვერ გაბედა დღისით გაეკეთებინა ეს საქმე, ამიტომ ღამით გააკეთა.
28 . ადგნენ დილით ადრე იმ ქალაქის მკვიდრნი, და აჰა, დანგრეულია ბაყალის სამსხვერპლო, გვერდით აშერა რომ იყო, აჩეხილია, ხოლო მოზვერი ახლად აშენებულ სამსხვერპლოზეა აღვლენილი.
29 . ჰკითხეს ერთმანეთს: "ვინ ჩაიდინა ეს საქმე?” გამოიძიეს, გამოიკითხეს და თქვეს: "გედეონმა, იოაშის ძემ, ჩაიდინა ეს საქმე”.
30 . უთხრეს ქალაქის მკვიდრებმა იოაშს: "გამოიყვანე შენი ძე და მოკვდეს, რადგან ბაყალის სამსხვერპლო დაანგრია და აშერა კი გვერდით რომ იყო, აჩეხა”.
31 . უთხრა იოაშმა მის წინააღმდეგ გამოსულებს: "ნუთუ თქვენ უნდა გამოესარჩლოთ ბაყალს, ნუთუ თქვენ იხსნით მას? ვინც მას გამოესარჩლება, მოკვდება დილამდე! თუ ღმერთია, თავად გამოესარჩლოს თავის თავს, რადგან სამსხვერპლო დაუნგრიეს”.
32 . და უწოდეს იმ დღიდან იერუბაყალი, რადგან თქვეს: "დაე, ბაყალი გამოესარჩლოს თავის თავს სამსხვერპლოს დანგრევისთვის”.
33 . იმ დროს შეიყარა მთელი მიდიანი, ყამალეკი და აღმოსავლეთის ძენი, გადალახეს იორდანე და დაბანაკდნენ იზრეყელის ველზე.
34 . უფლის სულმა მოიცვა გედეონი, ჩაჰბერა საყვირს და შეიყარნენ აბიყეზერელნი მის დაძახილზე.
35 . მოციქულები დაგზავნა მენაშეს ტომში და გამოვიდნენ მის დაძახილზე; მოციქულები დაგზავნა აშერთან, ზებულონთან და ნაფთალთან; ისინიც გამოვიდნენ მათ შესახვედრად.
36 . და უთხრა გედეონმა ღმერთს: "თუ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მითხარი,
37 . აჰა, გავშლი მატყლის საწმისს კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იდება, მთელი მიწა კი მშრალი იქნება, მაშინ გავიგებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მითხარი”.
38 . ასეც მოხდა; მეორე დღეს დილაადრიანად ადგა, გამოწურა საწმისი და მთელი თასი წყალი გამოადინა.
39 . უთხრა გედეონმა ღმერთს: "ნუ აინთება შენი რისხვა ჩემზე თუ გეტყვი, რომ კიდევ ერთხელ მინდა გამოვცადო საწმისი: მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი, ხოლო მთელ მიწაზე კი ცვარი იდოს”.
40 . ასეც მოახდინა ღმერთმა იმ ღამეს; მხოლოდ საწმისი იყო მშრალი, მიწაზე კი ცვარი იდო.
1 . შვილო, ჩემი რჯული არ დაივიწყო, ჩვმი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა,
2 . დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯანმრთელობას შეგძენენ.
3 . წყალობა და ჭეშმარიტება ნუ დაგტოვებს, ყელზე მოიბი, გულის ფიცარზე დაიწერე.
4 . მადლსა და კეთილგონიერებას მოიპოვებ ღვთისა და ადამიანის თვალში.
5 . მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი.
6 . ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს.
7 . ნუ იქნები ბრძენი საკუთარ თვალში, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე.
8 . კურნება იქნება ეს შენი სხეულისთვის და სინედლე შენი ძვლებისთვის.
9 . პატივი ეცი უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველნაყოფიდან;
10 . და დოვლათით გაივსება შენი ბეღლები და მაჭარი იდინებს შენი საწნახლიდან.
11 . შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მისი შეგონება ნუ მოგძულდება.
12 . რადგან, ვინც უყვარს უფალს, იმას სჯის კიდეც, როგორც მამა - შვილს, თავის საქებარს!
13 . ნეტარია კაცი სიბრძნის მპოვნელი და ადამიანი - გონიერების მომხვეჭი!
14 . რადგან მისით მონახვეჭი ვერცხლით მონახვეჭს სჯობია და შემოსავალი - ბაჯაღლოს.
15 . მარგალიტზე ძვირფასია იგი და შენი არც ერთი საწადელი არ შეედრება მას.
16 . დღეგრძელობა მის მარჯვენაშია, მარცხენაში - სიმდიდრე და პატივი.
17 . მისი გზები საამურია, ბილიკები - მშვიდობიანი.
18 . სიცოცხლის ხეა მათთვის, ვინც ჩაეჭიდა მას და ნეტარნი არიან მასზე ჩაბღაუჭებულნი.
19 . უფალმა სიბრძნით დააფუძნა დედამიწა, გონიერებით განამტკიცა ცანი.
20 . ჯურღმულნი გაიპო მისი ცოდნით და ცვარს აფრქვევენ ღრუბელნი.
21 . შვილო, ნუ მიეფარება შენს თვალს ისინი, ჯანსაღი აზრი და ავკარგიანობა დაიცავი.
22 . და იქნებიან სიცოცხლედ შენი სულისთვის და მადლის სამკაულად - შენი ყელისთვის.
23 . მაშინ უსაფრთხოდ ივლი შენს გზებზე და ფეხი შენი არ წაბორძიკდება.
24 . როცა დაწვები, არ შეგეშინდება და ტკბილი იქნება შენი ძილი.
25 . არც უეცარი შიში შეგაძრწუნებს და არც სიავე, ბოროტეულთაგან რომ მოვა,
26 . რადგან უფალი იქნება შენი საყრდენი და ის დაიფარავს შენს ფეხს მახისგან.
27 . ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვინც ამას იმსახურებს, თუკი ძალუძს შენს ხელს ამის გაკეთება,
28 . ნუ ეტყვი მოყვასს: "წადი, ხვალ მოდი და მაშინ მოგცემ!” თუ მისაცემი თან გაქვს.
29 . ნუ განიზრახავ ბოროტებას შენი მოყვასისთვის, როცა დანდობილად ცხოვრობს იგი შენს გვერდით.
30 . ნურც უმიზეზოდ შეედავები კაცს, თუ არ უბოროტია შენთვის.
31 . ნუ შეგშურდება მოძალადე კაცისა, მის ნურც ერთ გზას ნუ აირჩევ;
32 . რადგან მზაკვარნი საძაგელნი არიან უფლის წინაშე, წრფელებთან კი ახლობლობს იგი.
33 . უფლის წყევლაა ბოროტეულის სახლზე, მართალთა სამკვიდრებელს კი აკურთხებს.
34 . დამცინავთ დასცინის, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.
35 . ბრძენნი პატივს დაიმკვიდრებენ, ბრიყვთა მემკვიდრეობა კი დამცირებაა.
1 . ვინაიდან ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენ შორის მომხდარი ამბების აღწერას,
2 . როგორც გადმოგვცეს თავიდანვე თვითმხილველებმა და სიტყვის მსახურებმა,
3 . მეც საჭიროდ მივიჩნიე, გულდასმით გამოკვლევის შემდეგ, ყოველივე თანმიმდევრულად აღგიწერო, ღირსეულო თეოფილე,
4 . რათა შეიცნო იმ მოძღვრების საიმედოობა, რომლითაც განისწავლე.
5 . იუდეის მეფის, ჰეროდეს დღეებში, იყო ვინმე მღვდელი, სახელად ზაქარია, აბიას წყებიდან; ცოლად ჰყავდა ელისაბედი, აჰარონის ასულთაგანი.
6 . ორივენი მართლები იყვნენ ღვთის წინაშე და უბიწოდ იცავდნენ უფლის ყოველ მცნებასა და წესდებას.
7 . შვილი კი არ ჰყავდათ, რადგან უნაყოფო იყო ელისაბედი; თანაც უკვე ხანდაზმულნი იყვნენ ორივენი.
8 . ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ მსახურობდა ღმერთის წინაშე,
9 . მღვდელთა სამსახურის წესის მიხედვით კმევა ხვდა წილად; და შევიდა უფლის ტაძარში.
10 . კმევის დროს მთელი ხალხი გარეთ ლოცულობდა.
11 . და ეჩვენა მას უფლის ანგელოზი - საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ მდგომი.
12 . მისი მხილველი ზაქარია შეკრთა და შიშმა შეიპყრო.
13 . უთხრა ანგელოზმა: "ნუ გეშინია, ზაქარია, რადგან შესმენილია შენი ლოცვა; და ცოლი შენი, ელისაბედი ძეს გიშობს, რომელსაც სახელად იოანეს დაარქმევ.
14 . გექნება სიხარული და ლხენა; და მრავალი გაიხარებს მისი შობით.
15 . ვინაიდან დიდი იქნება ის უფლის წინაშე, ღვინოსა და მაგარ სასმელს არ დალევს და სულიწმიდით აღივსება დედის მუცლიდანვე.
16 . მრავალ ისრაელიანს მოაქცევს უფლისკენ - მათი ღმერთისკენ.
17 . და ივლის მის წინაშე ელიას სულითა და ძალით, რათა მოაქციოს მამათა გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი - მართალთა გზაზე და წარუდგინოს უფალს მომზადებული ხალხი”.
18 . ზაქარიამ უთხრა ანგელოზს: "რითი გავიგებ ამას? მე ხომ მოხუცებული ვარ და ჩემი ცოლიც უკვე ხანგადასულია”.
19 . უთხრა ანგელოზმა პასუხად: "მე ვარ გაბრიელი, ღმერთის წინაშე მდგომი და წარმოგზავნილი ვარ, რათა გელაპარაკო და გახარო ეს.
20 . და აჰა, დადუმდები, და ვეღარ შეძლებ ლაპარაკს იმ დღემდე, ვიდრე ეს არ ახდება, რაკი არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც თავის დროზე აღსრულდება”.
21 . ხალხი კი იდგა და ელოდებოდა ზაქარიას; უკვირდა მისი ტაძარში დაყოვნება.
22 . გამოსულმა ვერ შეძლო მათთვის ხმის გაცემა და მიხვდნენ, რომ ჩვენება იხილა ტაძარში. მხოლოდ ანიშნებდა მათ, ხმას ვერ იღებდა.
23 . მისი მსახურების დღენი რომ დასრულდა, შინ დაბრუნდა.
24 . იმ დღეების შემდეგ დაორსულდა ელისაბედი, მისი ცოლი; ხუთ თვეს იმალებოდა და ამბობდა:
25 . "ასე მიყო უფალმა ამ დღეებში, როცა მომხედა, რათა მოეშორებინა ჩემთვის სირცხვილი ხალხში”.
26 . მეექვსე თვეს კი ღმერთმა ანგელოზი გაბრიელი გალილეაში, ნაზარეთად წოდებულ ქალაქში წარმოგზავნა,
27 . ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო იოსებზე, დავითის სახლიდან; ქალწულს სახელად მარიამი ერქვა.
28 . შევიდა მასთან და უთხრა: "გიხაროდეს! მადლით მოსილო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის!”
29 . ის კი შეაკრთო ამ ნათქვამმა; და ფიქრობდა, რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება.
30 . უთხრა მას ანგელოზმა: "ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან.
31 . აჰა, დაორსულდები და გაგიჩნდება ძე, რომელსაც სახელად იესოს დაარქმევ!
32 . დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება; და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს.
33 . უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და არ ექნება დასასრული მის მეფობას”.
34 . ჰკითხა მარიამმა ანგელოზს: "როგორ მოხდება ეს, როცა მამაკაცი არ ვიცი?”
35 . მიუგო ანგელოზმა პასუხად: "სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა დაგჩრდილავს; ამიტომაც იწოდება ღმერთის ძედ წმიდად შობილი.
36 . აჰა, შენს ნათესავ ელისაბედსაც ჩაესახა ძე სიბერეში, მეექვსე თვეშია უკვე, ბერწად შერაცხული.
37 . ვინაიდან ღმერთთან არცერთი მისი ნათქვამი არ იქნება შეუძლებელი”.
38 . მაშინ თქვა მარიამმა: "აჰა, უფლის მხევალი ვარ; დაე, მეყოს შენი სიტყვისამებრ”. და გაშორდა მას ანგელოზი.
39 . ადგა მარიამი და საჩქაროდ წავიდა იმ დღეებში მთიან მხარეში, იუდეის ქალაქში.
40 . მივიდა ზაქარიას სახლში და ელისაბედს მიესალმა.
41 . მარიამის მისალმების გაგონებისთანავე ელისაბედს ყრმა შეუთამაშდა მუცელში და აღივსო სულიწმიდით ელისაბედი.
42 . შესძახა ხმამაღლა და თქვა: "კურთხეული ხარ დედაკაცთა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი.
43 . როგორ მოხდა, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან?
44 . რადგან შენი მისალმების ხმა მოსწვდა თუ არა ჩემს ყურს, სიხარულით შეთამაშდა ყრმა ჩემს მუცელში.
45 . ნეტარია, ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება უფლის მიერ თქმული მის მიმართ”.
46 . თქვა მარიამმა: "ადიდებს სული ჩემი უფალს,
47 . და იზეიმა ჩემმა სულმა ღმერთში, ჩემს მაცხოვარში.
48 . რადგან მოხედა თავისი მხევლის თავმდაბლობას და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის ყოველი თაობა.
49 . ვინაიდან დიდი საქმე მიყო ყოვლადძლიერმა, წმიდაა მისი სახელი;
50 . წყალობა მისი თაობიდან თაობამდეა მის მოშიშთათვის.
51 . გვიჩვენა თავისი მკლავის ძლიერება; გაფანტა ამპარტავანნი თავიანთ გულის ზრახვებთან ერთად;
52 . ტახტებიდან გადმოყარა ძლიერნი და აამაღლა თავმდაბალნი;
53 . მშივრები სიკეთით აღავსო და მდიდრები ხელცარიელი გაუშვა;
54 . შეეწია თავის მსახურს, ისრაელს, გაიხსენა წყალობა,
55 . როგორც ეუბნებოდა ჩვენს მამებს, აბრაჰამს და მის თესლს საუკუნოდ”.
56 . და დარჩა მარიამი მასთან სამიოდე თვეს, შემდეგ კი დაბრუნდა თავის სახლში.
57 . დაუდგა ელისაბედს მშობიარობის ჟამი და შვა ვაჟი.
58 . და ესმათ მის მეზობლებსა და ნათესავებს, რომ გაამრავლა უფალმა თავისი წყალობა მის მიმართ და გაიხარეს მასთან ერთად.
59 . მერვე დღეს მოვიდნენ ბავშვის წინადასაცვეთად და უნდოდათ მამამისის სახელი, ზაქარია დაერქმიათ მისთვის,
60 . მაგრამ დედამისმა თქვა: "არა, იოანე ერქმევა მას”.
61 . უთხრეს: "შენს სანათესაოში არავინაა მაგ სახელის მქონე”.
62 . მაშინ ნიშნებით ჰკითხეს მამამისს, რისი დარქმევა სურდა.
63 . მან დაფა მოითხოვა და დაწერა: "მისი სახელია იოანე”. და ყველას გაუკვირდა.
64 . უცებ გაეხსნა მას ბაგე და ენა, ალაპარაკდა და აკურთხებდა ღმერთს.
65 . შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მათ ირგვლივ ცხოვრობდა; და დიდი მითქმა-მოთქმა იყო ამის თაობაზე იუდეის მთიანეთში.
66 . ყველა, ვინც გაიგებდა, გულში ინახავდა ამას და ამბობდა: "ვინ დადგება ამ ყრმისგან?” და უფლის ხელი იყო მასთან.
67 . და აღივსო სულიწმიდით მამამისი ზაქარია, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა:
68 . "კურთხეულ არს უფალი, ისრაელის ღმერთი, რადგან მოხედა თავის ხალხს და გამოსყიდვა მოუმზადა.
69 . და აგვიმაღლა ხსნის რქა თავისი მსახურის, დავითის სახლში;
70 . როგორც ამბობდა დასაბამიდან თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით,
71 . რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან;
72 . წყალობას უჩვენებდა ჩვენს მამებს და თავის წმიდა აღთქმას გაიხსენებდა;
73 . როგორც შეჰფიცა ჩვენს მამას, აბრაჰამს, რომ მოგვანიჭებდა ჩვენ,
74 . რათა ჩვენი მტრების ხელიდან თავდახსნილთ, უშიშრად გვემსახურა მისთვის,
75 . სიწმიდესა და სიმართლეში მის წინაშე, მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში.
76 . და შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველი დაგერქმევა, ვინაიდან ივლი უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად,
77 . რათა მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა, მათი ცოდვების მიტევების მეშვეობით,
78 . ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგვხედა მზის აღმოსავლის სიმაღლიდან,
79 . სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა სამშვიდობო გზაზე წარსამართად”.
80 . ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა; და უდაბნოში იყო იმ დღეებამდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა.
1 . როცა დაასრულა თავისი სათქმელი მსმენელი ხალხისადმი, კაპერნაუმში შევიდა.
2 . ერთ ასისთავს ავად ჰყავდა და უკვდებოდა მონა, რომელიც ძვირფასი იყო მისთვის.
3 . იესოს ამბავი რომ ესმა, იუდეველთა უხუცესები მიუგზავნა თხოვნით, მოსულიყო და გადაერჩინა მისი მონის სიცოცხლე.
4 . მივიდნენ იესოსთან, დაბეჯითებით შეევედრნენ და უთხრეს: "ღირსია, რომ ეს გაუკეთო;
5 . რადგან უყვარს ჩვენი ხალხი, სინაგოგაც მან აგვიშენა”.
6 . და გაჰყვა იესო. უკვე სახლის შორიახლოს იყვნენ, რომ ასისთავმა მეგობრები გამოუგზავნა სიტყვით: "უფალო, ნუღარ შეწუხდები, ვინაიდან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.
7 . საკუთარი თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად; შენ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური.
8 . რადგან მეც ძალაუფლების ქვეშ მდგომი კაცი ვარ და ხელქვეითი ჯარისკაცებიც მყვანან. ერთს რომ ვეტყვი: წადი! მიდის. სხვას ვეტყვი: მოდი! და მოდის; ჩემს მონას: ეს გააკეთე! და აკეთებს”.
9 . ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს. მიუბრუნდა მის უკან მომავალ ხალხს და უთხრა: "გეუბნებით თქვენ, რომ ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი დიდი რწმენა”.
10 . სახლში რომ დაბრუნდნენ წარგზავნილნი, გამოჯანსაღებული დაუხვდათ ის მონა.
11 . მეორე დღეს იესო ნაინად წოდებულ ქალაქში წავიდა; თან მისი მოწაფენი და უამრავი ხალხი მიჰყვებოდნენ.
12 . ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა აჰა, მოასვენებენ მიცვალებულს, დედისერთა ვაჟს, ხოლო დედა ქვრივი იყო. დიდძალი ხალხი ახლდა თან.
13 . ქვრივის დანახვისას შეეცოდა იგი უფალს და უთხრა: "ნუ სტირი”.
14 . მივიდა და შეეხო საკაცეს. გამსვენებლები შედგნენ. მან თქვა: "ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექი!”
15 . მკვდარი წამოჯდა და ლაპარაკი დაიწყო; და მის დედას ჩააბარა იგი.
16 . ყველანი შიშმა შეიპყრო, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: "დიდი წინასწარმეტყველი აღდგა ჩვენს შორის და მოინახულა ღმერთმა თავისი ხალხი”.
17 . და გავრცელდა ეს სიტყვა მთელ იუდეასა და მის შემოგარენში.
18 . აუწყეს ეს ამბები იოანეს მისმა მოწაფეებმა.
19 . მოიხმო იოანემ თავისი ორი მოწაფე და იესოსთან გაგზავნა შესაკითხად: "შენ ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?”
20 . ჰკითხეს მისულმა კაცებმა: "იოანე ნათლისმცემელმა გამოგვგზავნა შენთან ამ კითხვით: შენ ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?”
21 . იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათა და სატკივართაგან, ასევე ავი სულებისგან, და მრავალ ბრმას უწყალობა მხედველობა.
22 . უთხრა მათ იესომ პასუხად: "წადით, უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ - ბრმები კვლავ ხედავენ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.
23 . ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში”.
24 . როცა იოანეს მოციქულები წავიდნენ, ხალხთან იოანეზე დაიწყო ლაპარაკი: "რის სანახავად მიდიოდით უდაბნოში? ქარისგან შერხეული ლერწმისა?
25 . მაინც რის სანახავად გადიოდით? კაცისა, რომელსაც ფაფუკი სამოსელი ეცვა? აჰა, ისინი, ვინც მდიდრულად არიან შემოსილნი და ფუფუნებაში ცხოვრობენ, სამეფო სასახლეებში იმყოფებიან.
26 . მაშ, რის სანახავად მიდიოდით? წინასწარმეტყველისა? დიახ, გეუბნებით თქვენ, წინასწარმეტყველზე მეტისაც.
27 . ვინაიდან ეს არის ის, ვის შესახებაც წერია: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენი სახის წინაშე, რომელიც გაამზადებს შენს გზას შენ წინაშე.
28 . ვინაიდან გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არავინაა იოანეზე დიდი; მაგრამ ღმერთის სამეფოში უმცირესიც მასზე დიდია”.
29 . და მთელმა ხალხმა, რომელიც მას უსმენდა, და მებაჟეებმაც აღიარეს, რომ მართალია ღმერთი, ინათლებოდნენ რა იოანეს ნათლობით.
30 . ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მცოდნეებმა უარყვეს ღმერთის ნება მათ მიმართ და არ მოინათლნენ მისგან.
31 . და თქვა იესომ: "ვის ვამსგავსო ეს თაობა, ვისი მსგავსნი არიან ისინი?
32 . ისინი ჰგვანან ყრმებს, რომლებიც მოედანზე სხედან და ერთმანეთს გასძახიან: სალამურს ვუკრავდით და არ ცეკვავდით, ვგოდებდით და არ სტიროდით.
33 . ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი. არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს და ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო.
34 . მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს, და ამბობთ: აჰა კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო.
35 . და გამართლებულია სიბრძნე ყველა მისი შვილის მიერ”.
36 . ვინმე ფარისეველთაგანი სთხოვდა, მასთან ეჭამა პური; შევიდა იმ ფარისევლის სახლში და სუფრას მიუჯდა.
37 . და აჰა, ცოდვილი დედაკაცი იყო ქალაქში. როგორც კი გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ნელსაცხებელი მოიტანა ალებასტრონით.
38 . უკან დადგა, მის ფერხთით, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა.
39 . ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე გაიფიქრა: "ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი”.
40 . მიუგო მას იესომ და უთხრა: "რაღაც მაქვს შენთან სათქმელი, სიმონ”. უპასუხა: "თქვი, მოძღვარო”.
41 . იესომ თქვა: "ერთ მევახშეს ორი მოვალე ჰყავდა, ერთს ხუთასი დინარი ემართა, მეორეს - ორმოცდაათი.
42 . მაგრამ რაკი არ ჰქონდათ, რით გადაეხადათ, ორივეს მიუტევა. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად ეყვარება იგი?”
43 . სიმონმა უპასუხა: "მე მგონი, რომელსაც უფრო მეტი მიეტევა”. მან კი უთხრა: "სწორად განსაჯე”.
44 . მიბრუნდა დედაკაცისკენ და უთხრა სიმონს: "ხომ ხედავ ამ დედაკაცს? შენს სახლში შემოვედი და წყალიც არ მომეცი ფეხებისთვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა.
45 . შენ არ გიკოცნია ჩემთვის, ამას კი, რაც აქ შემოვიდა, ჩემი ფეხების კოცნა არ შეუწყვეტია.
46 . შენ ზეთი არ გიცხია ჩემთვის თავზე, ამან კი ნელსაცხებელი მცხო ფეხებზე.
47 . ამიტომ გეუბნები: მაგას მრავალი ცოდვა მიეტევა, რადგან ძლიერ შეიყვარა. ხოლო, ვისაც ცოტა მიეტევა, მცირედ უყვარს”.
48 . შემდეგ უთხრა ქალს: "მიგეტევა შენი ცოდვები”.
49 . იწყეს მისმა თანამეინახეებმა თავისთვის ლაპარაკი: "ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებს?”
50 . მან კი უთხრა დედაკაცს: "შენმა რწმენამ გიხსნა. მშვიდობით წადი”.
1 . თავის მოწაფეებსაც უთხრა: "იყო ერთი მდიდარი კაცი; ჰყავდა სახლმმართველი, რომელზეც ამბავი მიუტანეს, ქონებას გინიავებსო.
2 . დაიბარა და უთხრა: ეს რა გავიგე შენზე? ჩამაბარე შენი მმართველობის ანგარიში, რადგან სახლმმართველი ვეღარ იქნებიო.
3 . მაშინ თქვა სახლმმართველმა თავისთვის: როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მმართველობას მართმევს. ბარვა მე არ შემიძლია, მათხოვრობის კი მრცხვენია.
4 . ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში, როცა მმართველობას ჩამომაშორებენ.
5 . სათითაოდ დაიბარა თავისი ბატონის მოვალეები; ჰკითხა პირველს: რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?
6 . მიუგო: ასი საწყაო ზეთი. უთხრა: აიღე შენი თამასუქი, ახლავე დაჯექი და ორმოცდაათი დაწერე.
7 . შემდეგ სხვას ჰკითხა: შენ რამდენი გმართებს? მან თქვა: ასი საწყაო ხორბალი. უთხრა: აიღე შენი თამასუქი და ოთხმოცი დაწერე.
8 . და შეაქო ბატონმა უმართლო სახლმმართველი, გონივრულად რომ მოიქცა, რადგან წუთისოფლის შვილები სინათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ თაობაში.
9 . მეც გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უმართლობის მამონით, რომ, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ მარადიულ სავანეში.
10 . მცირედში ერთგული დიდშიც ერთგულია; და მცირედში უმართლო, დიდშიც უმართლოა.
11 . ჰოდა, თუ უმართლო მამონაში არ იქნებით ერთგულნი, ჭეშმარიტს ვინ მოგანდობთ?
12 . და თუ სხვისაში არ იქნებით ერთგულნი, თქვენსას ვინ მოგცემთ?
13 . არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც!”
14 . ყოველივე ეს ფარისევლებსაც ესმოდათ, რომლებიც ვერცხლის მოყვარულნი იყვნენ, და სასაცილოდ იგდებდნენ მას.
15 . უთხრა მათ: "თქვენ თავს იმართლებთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გული, რადგან, რაც ამაღლებულია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე.
16 . რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო; ხოლო მას მერე ღმერთის სამეფო იქადაგება და ყველანი ძალისხმევით შედიან მასში.
17 . უფრო ადვილია ცისა და მიწის გარდასვლა, ვიდრე თუნდაც ერთი წერტილი ამოვარდეს რჯულიდან.
18 . ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს, და, ვინც ქმრის მიერ გაშვებულს შეირთავს, მრუშობს”.
19 . "იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულსა და ბისონს იცვამდა და ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა.
20 . ასევე იყო ერთი ღატაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა წყლულებით დაფარული.
21 . ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ.
22 . მოკვდა გლახაკი და ანგელოზებმა აბრაჰამის წიაღში მიიყვანეს. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს.
23 . და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აღაპყრო თვალები და დაინახა შორიდან აბრაჰამი და ლაზარეც მის წიაღში.
24 . შესძახა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ თითის წვერი დაისველოს წყალში და ენა გამიგრილოს, რადგან ვიტანჯები ამ ალში.
25 . უთხრა აბრაჰამმა: შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენ სიცოცხლეში სიკეთენი, ლაზარემ კი - სიავენი. ამიტომ ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები.
26 . გარდა ამისა, ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია, ისე რომ, გადმოსვლის მსურველები ვერც აქედან მანდეთ გადმოვლენ თქვენსკენ და ვერც მანდედან აქეთ ჩვენსკენ.
27 . უთხრა: რაკი ასეა, გევედრები, მამაო, მამაჩემის სახლში მაინც მიავლინე იგი.
28 . რადგან ხუთი ძმა მყავს, მივიდეს და გააფრთხილოს, რომ ისინიც არ მოხვდნენ ამ სატანჯველში.
29 . მაგრამ უთხრა მას აბრაჰამმა: მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი; მათ უსმინონ.
30 . მან კი თქვა: არა, მამაო აბრაჰამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, მოინანიებენ.
31 . და უთხრა მას აბრაჰამმა: თუკი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ დაუგდეს ყური, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, იმასაც არ ერწმუნებიან”.
1 . ამ ამბების შემდეგ გალილეაში დადიოდა იესო. იუდეაში არ სურდა სიარული, რადგან მოსაკლავად დაეძებდნენ იუდეველნი.
2 . ახლოვდებოდა იუდეველთა კარვობის დღესასწაული.
3 . მაშინ მისმა ძმებმა უთხრეს: "წადი აქედან და იუდეაში მიდი, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმენი, რომელთაც აკეთებ,
4 . ვინაიდან, ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს აკეთებ, გამოეცხადე წუთისოფელს”.
5 . რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი.
6 . ამაზე იესომ უთხრა მათ: "ჩემი ჟამი ჯერ არ მოსულა, თქვენი დრო კი ყოველთვის არის.
7 . წუთისოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ, რადგან ვამოწმებ, რომ ბოროტია მისი საქმენი.
8 . თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, ხოლო მე ჯერ არ ავალ, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა”.
9 . ეს უთხრა და დარჩა გალილეაში.
10 . მაგრამ მას მერე, რაც მისი ძმები ავიდნენ დღესასწაულზე, თვითონაც ავიდა, ოღონდ არა გაცხადებულად, არამედ ფარულად.
11 . იუდეველნი კი ეძებდნენ დღესასწაულზე და კითხულობდნენ, ის სად არისო.
12 . ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მასზე ხალხში. ერთნი ამბობდნენ, კეთილიაო, სხვები კი - არა, ხალხს აცდუნებსო.
13 . ოღონდ იუდევლებისადმი შიშის გამო ღიად არავინ ლაპარაკობდა მასზე.
14 . დღესასწაულმა შუამდე რომ მიაღწია, ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.
15 . გაკვირვებული იუდევლები ამბობდნენ, როგორ იცის წერილები, როცა არ უსწავლიაო?!
16 . იესომ უთხრა მათ: "ჩემი მოძღვრება ჩემი არ არის, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა.
17 . ვისაც მისი ნების აღსრულება სურს, მიხვდება, ვისგანაა ეს მოძღვრება, ღმერთისგანაა იგი თუ ჩემით ვლაპარაკობ.
18 . ვინც თავისით ლაპარაკობს, თავის დიდებას ეძებს; ხოლო ვინც თავისი მომავლინებლის დიდებას ეძებს, ჭეშმარიტია; უმართლობა არ არის მასში.
19 . რჯული ხომ მოსემ მოგცათ? თუმცა არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად?”
20 . ხალხმა მიუგო: "ეშმაკია შენში. ვინ გეძებს მოსაკლავად?”
21 . იესომ უთხრა მათ: "ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ.
22 . მოსემ მოგცათ წინადაცვეთა - თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამებისგანაა - და შაბათობით წინადაცვეთთ ადამიანს.
23 . თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს რჯული, ჩემზე რაღად გაჯავრდით იმის გამო, რომ შაბათს სრულად განვკურნე კაცი?
24 . ნუ განიკითხავთ გარეგნულად, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ”.
25 . იერუსალიმელთაგან ზოგიერთი ამბობდა: "ეს ის არაა, მოსაკლავად რომ ეძებენ?
26 . აჰა, ღიად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ ნამდვილად ქრისტეა იგი?
27 . თუმცა, ხომ ვიცით საიდანაა იგი, ქრისტე კი, როცა მოვა, არავის ეცოდინება, საიდან იქნება”.
28 . ამიტომ შესძახა იესომ, ტაძარში სწავლებისას და თქვა: "მეც მიცნობთ და ჩემი წარმომავლობაც იცით. ჩემით არ მოვსულვარ. ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ.
29 . მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა”.
30 . ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო, რადგან ჯერ არ მოსულიყო მისი დრო.
31 . ხალხიდან ბევრმა ირწმუნა იგი; ამბობდნენ: "ქრისტე რომ მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?”
32 . ხალხში ასეთ მითქმა-მოთქმას რომ მოკრეს ყური, მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად.
33 . იესომ თქვა: "მცირე ხანს ვიქნები თქვენთან და წავალ მასთან, ვინც მომავლინა;
34 . ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით; სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ”.
35 . უთხრეს იუდევლებმა ერთმანეთს: "სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? საბერძნეთში გაფანტულებთან ხომ არ წავა, რათა ბერძნებს ასწავლოს?
36 . ეს რა სიტყვაა, მან რომ თქვა, ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთო?”
37 . დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: "თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს;
38 . ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, ცოცხალი წყლის მდინარეები იდინებენ მისი მუცლიდან”.
39 . ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ არ იყო მოცემული სული, რაკი ჯერ არ განდიდებულიყო იესო.
40 . ამ სიტყვების მოსმენისას ხალხიდან ბევრი ამბობდა: "ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია იგი”.
41 . სხვები ამბობდნენ: "ეს ქრისტეა”. ხოლო სხვები კითხულობდნენ: "განა გალილეიდან მოვა ქრისტე?
42 . განა არ ამბობს წერილი, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?”
43 . და განხეთქილება ჩამოვარდა მის გამო ხალხში.
44 . ზოგიერთს მისი შეპყრობაც კი უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო.
45 . დაბრუნდნენ მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან მსახურნი. მათ ჰკითხეს: "რატომ არ მოიყვანეთ იგი?”
46 . მსახურებმა უპასუხეს: "არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს”.
47 . უთხრეს ფარისევლებმა: "ნუთუ თქვენც გაცდუნათ?
48 . ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა იგი?
49 . მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც რჯული არ იცის, დაწყევლილია”.
50 . ეუბნება მათ ნიკოდემოსი, რომელიც უწინაც იყო ნამყოფი მასთან, და ერთი იმათგანი იყო:
51 . "განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ ჯერ მისგან არ მოისმინა და არ გაიგო, რა ჩაიდინა?”
52 . უპასუხეს: "შენც გალილეიდან ხომ არა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება”.
53 . და თითოეული თავის სახლში წავიდ-წამოვიდა.
1 . კვირის პირველ დღეს, გარიჟრაჟზე, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა, მივიდა მარიამ მაგდალელი სამარხთან და დაინახა, რომ ლოდი გადაეგორებინათ სამარხიდან.
2 . სირბილით მივიდა სიმონ-პეტრესა და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა: "უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით, სად დაასვენეს”.
3 . მაშინ გამოვიდნენ პეტრე და სხვა მოწაფე და გაიქცნენ სამარხისკენ.
4 . ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან.
5 . დაიხარა და ძირს დატოვებული ტილოები დაინახა, მაგრამ შიგნით არ შესულა.
6 . მოვიდა სიმონ-პეტრეც. სამარხში შევიდა და დაწყობილი ტილოები დაინახა;
7 . ხოლო სუდარა, რომელიც თავზე ჰქონდა შემოხვეული, ტილოებთან არ იყო, არამედ ცალკე იდო დახვეული.
8 . მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, პირველი რომ მივიდა სამარხთან, იხილა და ირწმუნა,
9 . რადგან ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ წერილიდან, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო იგი.
10 . და კვლავ თავ-თავის სახლებში წავიდნენ მოწაფენი.
11 . მარიამი კი იდგა სამარხის გარეთ და ტიროდა. მომტირალი დაიხარა, რომ სამარხში შეეხედა
12 . და თეთრებში მსხდომი ორი ანგელოზი დაინახა; ერთი თავთით, ხოლო მეორე - ფერხთით იმ ადგილას, სადაც იესოს ცხედარი ესვენა.
13 . უთხრეს: "დედაკაცო, რატომ სტირი?” მიუგო: "ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დაასვენეს”.
14 . ეს რომ თქვა, უკან შებრუნდა და იქვე მდგარი იესო დაინახა. მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო.
15 . ჰკითხა იესომ: "დედაკაცო, რატომ სტირი, ვის ეძებ?” მარიამს მებაღე ეგონა და უთხრა: "ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ”.
16 . უთხრა იესომ: "მარიამ!” შებრუნდა და ებრაულად თქვა: "რაბუნი!” - როგორც უწოდებენ მოძღვარს.
17 . ეუბნება მას იესო: "არ შემეხო, ვინაიდან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მე ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან”.
18 . მივიდა მარიამ მაგდალელი და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი და ეს უთხრა მას.
19 . იმავე დღეს, საღამოჟამს, კვირის პირველ დღეს, იესო იუდეველთა შიშით კარჩაკეტილში მსხდარ მოწაფეებთან მოვიდა, შუაში დადგა და უთხრა მათ: "მშვიდობა თქვენდა!”
20 . ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ. და გაიხარეს მოწაფეებმა უფლის ხილვით.
21 . ხელახლა უთხრა მათ იესომ: "მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც ისე მიგავლენთ თქვენ”.
22 . ეს რომ თქვა, შეუბერა და თქვა: "მიიღეთ სულიწმიდა.
23 . ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ”.
24 . თომა, ერთი თორმეტთაგანი, ტყუპისცალად წოდებული, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან.
25 . უთხრეს მას დანარჩენმა მოწაფეებმა: "ჩვენ ვიხილეთ უფალი”. მან კი თქვა: "სანამ მის ხელებზე ნალურსმნევს არ ვნახავ და ნალურსმნევში თითს არ ჩავყოფ, მის ფერდში კი - ხელს, არ ვიწამებ!”
26 . რვა დღის შემდეგ კვლავ შინ იყვნენ მოწაფენი; თომაც მათთან ერთად იყო. კარჩაკეტილში მოვიდა იესო, შუაში დადგა და თქვა: "მშვიდობა თქვენდა”.
27 . შემდეგ თომას უთხრა: "გამოიწოდე შენი თითი და ნახე ჩემი ხელები. გამოიწოდე შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ!”
28 . მიუგო თომამ და უთხრა მას: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!”
29 . უთხრა მას იესომ: "შენ მირწმუნე, იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს”.
30 . მოწაფეების წინაშე ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ, რაც ამ წიგნში არ დაწერილა.
31 . ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმერთისა, და რათა მორწმუნეებს სიცოცხლე გქონდეთ მის სახელში.
1 . გაიარეს ამფიპოლი და აპოლონია და თესალონიკეს მიადგნენ, სადაც იუდეველთა სინაგოგა იყო.
2 . პავლე, როგორც სჩვეოდა, შევიდა მათთან და სამ შაბათს ელაპარაკებოდა მათ წერილებიდან;
3 . უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა დატანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო, და ეს ქრისტე სწორედ იესოა, მე რომ გახარებთო.
4 . ზოგმა ირწმუნა და პავლესა და სილას შეუერთდა, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი, რომელთა შორისაც წარჩინებული ქალებიც არ იყვნენ ცოტანი.
5 . იუდევლებს შეშურდათ, ვიღაც უკეთური კაცები მოიყვანეს ბაზრიდან, შეყარეს ბრბო და აშფოთებდნენ ქალაქს; მიადგნენ იასონის სახლს და შეეცადნენ ხალხის წინაშე გამოეყვანათ ისინი.
6 . რომ ვერ მიაგნეს, ქალაქის მთავრებთან წაათრიეს იასონი და ზოგიერთი ძმა და ყვიროდნენ: "აქაც მოვიდნენო ქვეყნიერების ამრევ-დამრევნი,
7 . იასონმა შეიფარა ისინი, თუმცა ყველანი ეურჩებიან კეისრის ბრძანებებს და სხვას აღიარებენ მეფედ, იესოს!”
8 . აღაშფოთეს ხალხი და ამის მომსმენი ქალაქის თავნი.
9 . მაგრამ მიიღეს სათავდებო იასონისგან და სხვათაგან, და გაუშვეს ისინი.
10 . ძმებმა იმავე ღამით გაისტუმრეს პავლე და სილა ბერეაში, სადაც ჩავიდნენ თუ არა, იუდეველთა სინაგოგაში შევიდნენ.
11 . ესენი უფრო კეთილშობილნი აღმოჩნდნენ, ვიდრე თესალონიკელნი, მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე წერილებს არჩევდნენ, ნამდვილად ასე თუ არისო.
12 . ბევრმა ირწმუნა მათგან, წარჩინებულმა ბერძენმა ქალებმაც და კაცებმაც, არამცირედმა.
13 . მაგრამ, როცა თესალონიკელმა იუდევლებმა შეიტყვეს, პავლე ბერეაშიც ქადაგებსო ღვთის სიტყვას, იქაც მივიდნენ და ააღელვეს და ააშფოთეს ხალხი.
14 . ძმებმაც მყისვე გაგზავნეს პავლე ზღვისკენ; სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ.
15 . გამცილებლებმა ათენამდე მიიყვანეს პავლე; მიიღეს ბრძანება სილას და ტიმოთეს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე მისულიყვნენ მასთან, და გამობრუნდნენ.
16 . სანამ პავლე ათენში ელოდა მათ, მისი სული აღაშფოთა ამ კერპებით სავსე ქალაქის ხილვამ.
17 . ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდევლებს და მომსახურეთ და იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე.
18 . ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოელმა ფილოსოფოსმა კამათი დაუწყო მას; ზოგი კითხულობდა, მაინც რისი თქმა სურსო ამ მოლაყბეს; სხვები ამბობდნენ, ეტყობა, უცხო ღმერთებზე ქადაგებსო, რაკი იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ.
19 . მიიყვანეს არეოპაგში და უთხრეს: "შეგვიძლია თუ არა გავიგოთ, რა არის ეს ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ?
20 . რაღაც უცნაურს ასმენ ჩვენს ყურებს. ამიტომ გვინდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს?”
21 . ყველა ათენელს, ისევე როგორც სტუმრადმყოფ უცხოელს, ისე არაფერი ეხალისებოდა, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა.
22 . პავლე დადგა არეოპაგის შუაში და თქვა: "კაცნო ათენელნო, ყველაფერში გატყობთ, რომ ძალიან მორწმუნენი ხართ;
23 . რადგან, როცა გავიარე და თქვენი სათაყვანო ადგილები დავათვალიერე, ვნახე სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: "უცნობ ღმერთს!” მეც მას გიქადაგებთ, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით.
24 . ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა, უფალი ცისა და მიწისა, ხელით აგებულ ტაძარში არ მკვიდრობს,
25 . არც ადამიანთა სამსახურს მოითხოვს, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს; იგი თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.
26 . ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ხალხი, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ; წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები,
27 . რათა ეძიათ ღმერთი. ეგებ ეგრძნოთ იგი და ეპოვათ, თუმცა შორს როდია თითოეული ჩვენგანისგან.
28 . რადგან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ. როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა, ჩვენ მისი მოდგმა ვართო!
29 . და რაკი ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს ან ვერცხლს, ანდა ქვას, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით გამოქანდაკებულს.
30 . ამგვარად, ღმერთმა უგულებელჰყო უმეცრების ჟამი და ახლა მოუწოდებს ადამიანებს, ყველას, ყველგან, რომ მოინანიონ.
31 . რადგან მან დაადგინა დღე, როცა განიკითხავს ქვეყნიერებას სიმართლით, წინასწარ დადგენილი კაცის მეშვეობით; და ყველას მისცა მოწმობა, მკვდრეთით აღადგინა რა იგი”.
32 . მკვდართა აღდგომაზე რომ გაიგონეს, ერთნი დასცინოდნენ, სხვები კი ამბობდნენ, ამის თაობაზე კვლავაც მოგისმენთო.
33 . ასე გამოვიდა პავლე მათგან.
34 . ხოლო ზოგიერთნი შეუერთდნენ და ირწმუნეს; მათ შორის დიონისე არეოპაგელი და დედაკაცი, სახელად დამარისი, და სხვებიც მათთან ერთად.
1 . იაკობი, ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მონა, განთესილობაში მყოფ თორმეტ ტომს, გიხაროდეთ.
2 . ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით.
3 . რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას ქმნის;
4 . მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ ზრდასრულნი, სრულქმნილნი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.
5 . თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყველასთვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა
6 . ოღონდ რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ზღვის ტალღას ჰგავს, ქარით ატანილსა და მიმოტაცებულს.
7 . ნუ ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღმერთისგან რაიმეს მიიღებს.
8 . გაორებული სულის კაცი არამდგრადია თავის ყველა გზაზე.
9 . თავმდაბალი ძმა კი იქოს თავისი სიმაღლით,
10 . მდიდარი - თავისი სიმდაბლით, რადგან გადაივლის როგორც მინდვრის ყვავილი.
11 . ვინაიდან აღმოხდა მზე პაპანაქებით და გაახმო ბალახი, დაცვივდა მისი ყვავილი და მისი სახის მშვენება დაიკარგა. ასე დაჭკნება მდიდარი თავის გზაზე.
12 . ნეტარია კაცი, რომელიც გაუძლებს განსაცდელს, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა ღმერთმა.
13 . ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღმერთი მცდისო, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს აცდუნებს.
14 . არამედ ყოველი ცდუნდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას.
15 . როცა ჩაისახება გულისთქმა, შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს.
16 . ნუ ტყუვდებით, ჩემო საყვარელო ძმებო.
17 . ყოველი კეთილი მისაცემელი და ყოველი სრულყოფილი ნიჭი გადმოდის მაღლიდან, შუქთა მამისგან, რომელთანაც არც ცვლილებაა და არც ჩრდილი ცვალებადობის.
18 . მან თავისი ნებით გვშვა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.
19 . ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი მოსმენაში იყოს მარდი, სიტყვაში - მძიმე და რისხვაში - ნელი.
20 . რადგან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს.
21 . ამიტომ მოიშორეთ ყოველგვარი უწმინდურება და ბოროტების ნატამალი და მშვიდად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია.
22 . იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად.
23 . რადგან თუ ვინმე სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც თავის ბუნებრივ სახეს სარკეში ათვალიერებს;
24 . შეხედა თავის თავს, წავიდა და მყისვე დაავიწყდა, როგორია იგი.
25 . მაგრამ ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და რჩება მასში, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარ არის, არამედ საქმის მქმნელი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში.
26 . თუ რომელიმე თქვენგანს ჰგონია, რომ ღმერთის მსახურია, ენას კი არ აილაგმავს, არამედ ატყუებს თავის გულს, მისი მსახურება ფუჭია.
27 . ღვთისა და მამის წინაშე წმიდა და უმწიკვლო მსახურება ის არის, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი ქვეყნიერებისგან.
1 . უკვე მეორე წერილს გწერთ საყვარელნო და ორივეში წრფელ აზროვნებას ვაღვიძებ თქვენში შეხსენებით,
2 . რათა გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ ადრევე თქმული სიტყვები და ჩვენი უფლისა და მაცხოვრის მცნებანი, გადმოცემული თქვენი მოციქულების მიერ.
3 . პირველ რიგში, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან.
4 . და იტყვიან: სად არის მისი მოსვლის აღთქმა? რადგან მას შემდეგ, მამები რომ მიიცვალნენ, ყველაფერი უცვლელად რჩება, როგორც დასაბამიდან იყო.
5 . ისინი განზრახ ივიწყებენ, რომ თავდაპირველად ცანი და დედამიწა შეიქმნა წყლისგან და წყლით ღვთის სიტყვის მეშვეობით;
6 . და, რომ მაშინდელი ქვეყნიერება წარღვნის წყლით მოისპო.
7 . ამავე სიტყვით არიან შემონახულნი ცეცხლისთვის ახლანდელი ცანი და მიწა, უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისთვის.
8 . არც ის უნდა დაიფაროს თქვენგან, საყვარელნო, რომ უფლისთვის ერთი დღე არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე.
9 . არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად ეჩვენებათ; არამედ სულგრძელია თქვენდამი, რადგან ის კი არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ის, რომ ყველამ მოინანიოს.
10 . ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა, და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული საწყისები დაიშლებიან, დედამიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, დაიწვებიან.
11 . თუკი ყველაფერი ასე დაირღვევა, თქვენ როგორიღა სიწმიდე გმართებთ ქცევასა და ღვთისმოსაობაში?
12 . რაკიღა მოელით და ესწრაფით ღვთის მოსვლის დღეს, როცა ალმოდებული ცანი დაირღვევიან და გადაბუგული საწყისები დადნებიან.
13 . ხოლო ჩვენ, მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცათ და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე.
14 . ამიტომ, საყვარელნო, რაკი ამას მოელით, იბეჯითეთ, რომ მშვიდობით წარსდგეთ მის წინაშე შეუბღალავნი და უბიწონი,
15 . და ჩვენი უფლის სულგრძელობა ხსნად მიიჩნიეთ, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ პავლემაც მოგწერათ მისთვის მინიჭებული სიბრძნით;
16 . ამის შესახებ ლაპარაკობს იგი ყველა წერილში, რომლებშიც ზოგი რამ ისე ძნელად გასაგებია, რომ უმეცარნი და არამყარნი, სხვა წერილების მსგავსად, საკუთარი თავის დასაღუპად ამახინჯებენ.
17 . თქვენ კი, საყვარელნო, რაკი წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე,
18 . პირიქით, აღიზარდენით ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლსა და შემეცნებაში. მას ეკუთვნის დიდება ახლა და უკუნისამდე. ამინ!
1 . რა ვთქვათ, აბრაჰამმა, ჩვენმა მამამ ხორციელად მოიპოვა რაიმე?
2 . თუ საქმეებით გამართლდა აბრაჰამი, აქვს დასაკვეხნი, ოღონდ არა ღვთის წინაშე.
3 . ვინაიდან, რას ამბობს წერილი? "ერწმუნა აბრაჰამი ღმერთს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ”.
4 . საქმის აღმსრულებელს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ ვალდებულების მიხედვით;
5 . მას კი, ვინც არ აღასრულებს საქმეს, მაგრამ სწამს უკეთურთა გამმართლებელი, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ.
6 . როგორც დავითიც ამბობს იმ ადამიანის ნეტარებაზე, რომელსაც ღმერთი საქმეთა გარეშე უთვლის სიმართლეს:
7 . ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა.
8 . ნეტარია კაცი, ვისაც არ ჩაუთვლის ცოდვას უფალი.
9 . მაშ, ეს ნეტარება წინადაცვეთაზეა თუ წინადაუცვეთელობაზეც? ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ აბრაჰამს რწმენა ჩაეთვალა სიმართლედ.
10 . როდის ჩაეთვალა? წინადაცვეთილს თუ წინადაუცვეთელს? არა წინადაცვეთილს, არამედ წინადაუცვეთელს.
11 . ხოლო წინადაცვეთის ნიშანი მიიღო ბეჭდად რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთლობისას ჰქონდა, რომ გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, რათა მათაც ჩათვლოდათ სიმართლედ:
12 . ასევე წინადაცვეთილთა მამა, ოღონდ არა მარტო წინადაცვეთილთა, არამედ მათიც, ვინც მიჰყვება ჩვენი მამის აბრაჰამის რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა.
13 . ვინაიდან აბრაჰამს და მის თესლს არა რჯულით, არამედ რწმენის სიმართლით მიეცა აღთქმა - ყოფილიყო ქვეყნიერების მემკვიდრე.
14 . თუ რჯულისაგანნი არიან მემკვიდრენი, რწმენა ამაოა და აღთქმა - უსარგებლო.
15 . ვინაიდან რჯული წარმოქმნის რისხვას, ხოლო, სადაც არ არის რჯული, იქ არც დანაშაულია.
16 . ამიტომ რწმენით, რათა მადლით ყოფილიყო, რომ მთელი შთამომავლობისთვის ურყევი ყოფილიყო აღთქმა, არა მარტო მათთვის ვინც რჯულისგანაა, არამედ მათთვისაც, ვისაც აბრაჰამის მსგავსი რწმენა აქვს, აბრაჰამისა, რომელიც ყველა ჩვენგანის მამაა.
17 . როგორც წერია: "მე დაგაყენე მრავალი ერის მამად ღვთის წინაშე”. ღვთისა, რომელსაც ერწმუნა იგი; ღვთისა, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და არარსებულს ყოფად მოუწოდებს.
18 . რომელიც უიმედობაში ერწმუნა იმედით, რათა გამხდარიყო მრავალი ერის მამა, როგორც ნათქვამია: "ასე იქნება შენი თესლი”.
19 . არ შესუსტებია რწმენა, როცა ხედავდა, რომ მისი სხეული, თითქმის ასი წლისა, უკვე ჩაკვდა, ხოლო სარას საშო მკვდარი იყო.
20 . და არ დაეჭვებულა ღვთის აღთქმაში ურწმუნობით, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს.
21 . და გულდაჯერებული იყო, რომ ის, ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შეძლებდა.
22 . ამიტომაც ჩაეთვალა მას სიმართლედ.
23 . და არა მარტო მისთვის არის დაწერილი, რომ ჩაეთვალა მას,
24 . არამედ ჩვენთვისაც; ჩაგვეთვლება ჩვენც, იმის მორწმუნეებს, ვინც მკვდრეთით აღადგინა ჩვენი უფალი იესო,
25 . რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისთვის და აღდგა ჩვენდა გამართლებად.
1 . პავლე, იესო ქრისტეს მოწოდებული მოციქული ღმერთის ნებით და ძმა სოსთენი,
2 . ღმერთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, ქრისტე იესოში განწმედილებს და მოწოდებულ წმიდანებს, ყველასთან ერთად, ვინც მოუხმობს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელს, ყველგან - მათთან თუ ჩვენთან:
3 . მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
4 . ყოველთვის მადლობას ვუხდი ღმერთს თქვენთვის და ღვთის მადლისთვის, რაც ქრისტე იესოში მოგეცათ,
5 . იმიტომ, რომ ყველაფრით გამდიდრდით მასში, ყოველგვარი სიტყვით და ყოველგვარი შემეცნებით,
6 . ვინაიდან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში;
7 . და არ გაკლიათ არავითარი ნიჭი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში,
8 . ვინც ბოლომდე განგამტკიცებთ, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს.
9 . ერთგულია ღმერთი, რომელმაც მოგიწოდათ მის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან მოზიარეობისათვის.
10 . მაგრამ შეგაგონებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს, და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებული იყოთ ერთი გონებით და ერთი აზრით.
11 . რადგან ქლოეს ხალხისგან შევიტყვე ძმებო, რომ თქვენს შორის დავაა.
12 . ვგულისხმობ იმას, რომ ყველა თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო.
13 . განა გაიყო ქრისტე? განა პავლე ეცვა ჯვარს თქვენთვის? ან პავლეს სახელით მოინათლეთ?
14 . მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არც ერთი თქვენგანი არ მომინათლავს, კრისპუსისა და გაიოზის გარდა,
15 . რათა ვინმემ არ თქვას, რომ ჩემი სახელით მოინათლეთ.
16 . მოვნათლე სტეფანას სახლეულიც; მათ გარდა კი, არ ვიცი, თუ მოვნათლე ვინმე,
17 . რადგან ქრისტეს არ მოვუვლენივარ მოსანათლად, არამედ სახარებლად. არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი.
18 . ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომლებიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომლებიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა.
19 . რადგან წერია: ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ.
20 . სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ქვეყნიერების მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე?
21 . და რადგან ქვეყნიერებამ სიბრძნის მეშვეობით ვერ შეიცნო ღმერთი თავის ღთაებრივ სიბრძნეში, ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა გადარჩენა ქადაგების უგუნურებით.
22 . ვინაიდან იუდეველნი სასწაულებს მოითხოვენ, ხოლო ბერძნები სიბრძნეს ეძებენ,
23 . ჩვენ კი ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის - უგუნურებას,
24 . ხოლო მოწოდებულთათვის - იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც - ვქადაგებთ ქრისტეს, ღმერთის ძალასა და ღმერთის სიბრძნეს.
25 . რადგან ღვთის უგუნურება ადამიანებზე უბრძენესია, და ღვთის სისუსტე - ადამიანებზე უძლიერესი.
26 . ნახეთ, ძმებო, ვინა ხართ მოწოდებულნი: ბევრი არ არის ხორციელად ბრძენი, ბევრი არ არის ძლიერი და ბევრი არ არის წარჩინებული;
27 . არამედ წუთისოფლის უმეცარნი ამოირჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ბრძენნი; და წუთისოფლის უძლურნი ამოირჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი.
28 . მდაბიონი ამოირჩია ღმერთმა და დამცირებულნი, და არარსებული, რათა გააუქმოს არსებული,
29 . რომ ვერცერთმა ხორციელმა ვერ დაიკვეხნოს ღვთის წინაშე.
30 . მისგან ხართ თქვენ ქრისტე იესოში, რომელიც გახდა ჩვენთვის სიბრძნედ ღმერთისგან, სიმართლედ, განწმედად და გამოსყიდვად.
31 . რათა იყოს, როგორც სწერია: ვინც იკვეხნის, დაიკვეხნოს უფლით.
1 . მსურს იცოდეთ, რაოდენი ღვაწლი მაქვს თქვენზე, ლაოდიკიელებზე და ყველაზე, ვისაც ხორციელად არც უხილავს ჩემი სახე.
2 . რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონიერების ყოველგვარი სიმდიდრის მისაღებად, რათა შეიცნონ ღვთისა და მამის, და ქრისტეს საიდუმლო,
3 . რომელშიც სიბრძნისა და ცოდნის ყოველგვარი საუნჯეა დაფარული.
4 . ამას იმიტომ გეუბნებით, რომ დამაჯერებელი მჭევრმეტყველებით არავინ შეგაცდინოთ.
5 . ვინაიდან, თუმცა ხორციელად შორს ვარ თქვენგან, სულით თქვენთან ვიმყოფები და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესიერებას და თქვენი რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში.
6 . ამიტომ როგორც მიიღეთ ქრისტე იესო უფალი, ასევე იარეთ მასში
7 . ფესვგადგმულებმა და მასში აღშენებულებმა, როგორც გისწავლიათ, რწმენით გულდაჯერებულებმა, და გარდამეტებული მადლიერებით.
8 . იფხიზლეთ, არავინ წარგატყვევოთ ფილოსოფიითა და ამაო ტყუილებით, ადამიანური გადმოცემებისა და სამყაროს სტიქიათა მიხედვით და არა ქრისტეს მიხედვით.
9 . ვინაიდან სხეულებრივად მასშია დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე;
10 . და სრულქმნილნი ხართ მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია.
11 . რომელშიც წინადაცვეთილნიც ხართ ხელთუქმნელი წინადაცვეთით, ხორცის ცოდვილი ბუნების მოშორებით - ქრისტესმიერ წინადაცვეთაში.
12 . მასთან ერთად დამარხულნი ნათლისღებაში - მასთანვე აღსდექით ღვთის მოქმედებისადმი რწმენით, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი.
13 . და თქვენც, მკვდრები რომ იყავით დანაშაულსა და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად და მოგვიტევა ყველა შეცოდება.
14 . გააუქმა ჩვენ წინააღმდეგ დებულებათა ხელწერილი, აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა.
15 . განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი; საჯაროდ შეარცხვინა და ჯვრით იზეიმა მათზე გამარჯვება.
16 . ამიტომ ნურავინ განგსჯით თქვენ საჭმლისა თუ სასმლისთვის, ან რაიმე დღესასწაულისთვის, ანდა ახალმთვარობისა და შაბათებისთვის.
17 . ეს მომავლის ჩრდილია, სხეული კი ქრისტესია.
18 . ნურავინ დაგაკარგინებთ ჯილდოს ცრუთავმდაბლობითა და ანგელოზებისთვის მსახურებით, ვინც ეპოტინება იმას, რაც არ უნახავს და ფუჭად მედიდურობს თავისი ხორციელი გონებით;
19 . არ ეჭიდება თავს, რომლისგანაც არის მთელი სხეული, სახსრებითა და კავშირებით შეერთებული და უზრუნველყოფილი, და იზრდება ღვთიური ზრდით.
20 . თუ ქრისტესთან ერთად მოუკვდით წუთისოფლის სტიქიებს, წუთისოფელში მცხოვრებთა მსგავსად რაღად ემორჩილებით მათ:
21 . - ნუ მიეკარები, ნუ იგემებ, ნუ შეეხები, -
22 . და რადგან ეს ყველაფერი კაცთა დადგენილებებისა და მოძღვრების მიხედვითაა, მათ გამოყენებას ხრწნილება მოაქვს,
23 . ყოველივე ამას მხოლოდ გარეგანი სახე აქვს სიბრძნისა; თვითნებურ მსახურებასა და თავმდაბლობაში, და სხეულის დაძაბუნებით - არა რაიმე ღირსებისათვის, არამედ ხორცის დასაკმაყოფილებლად.
1 . ხოლო რწმენა არის მტკიცედ დარწმუნება იმაში, რისი იმედიც გვაქვს, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.
2 . რწმენაში მიიღეს უხუცესებმა დამოწმება.
3 . რწმენით ვგებულობთ, რომ საუკუნენი ღმერთის სიტყვით არის მოწყობილი, რადგან უხილავისგან წარმოიშვა.
4 . რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მისი ძღვენის შესახებ, და კვლავ მისითვე ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგაც.
5 . რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ენახა; ვეღარავინ ნახა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, რადგან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა.
6 . ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუზღავს მის მაძიებელს;
7 . რწმენით მიიღო ნოემ გაფრთხილება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული და ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად; ამით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის მიხედვით.
8 . რწმენით დაემორჩილა აბრაჰამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, მემკვიდრეობად რომ უნდა მიეღო; და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა.
9 . რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს, და კარვებში ცხოვრობდა ისაკთან და იაკობთან - იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად;
10 . ვინაიდან ელოდა ქალაქს საძირკვლიანს, რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელი ღმერთია.
11 . სარამაც, უნაყოფო რომ იყო, რწმენით მიიღო ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგადასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.
12 . ამიტომ ერთისგან, ისიც ლამის მკვდრისგან, იშვა მრავალი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და აურაცხელი ქვიშა ზღვის ნაპირზე.
13 . რწმენაში დაიხოცა ყველა მათგანი, ისე რომ ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ, ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე.
14 . ვინაიდან ისინი ასეთი ლაპარაკით ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ.
15 . ხოლო თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო.
16 . მაგრამ მათ სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური; ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია, რომ თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან თვითონ მოუმზადა მათ ქალაქი.
17 . რწმენით მიიყვანა აბრაჰამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა; და რაკი აღთქმა ჰქონდა, მხოლოდშობილსაც სწირავდა.
18 . რომელზეც ითქვა: "ისაკში გეყოლება შენ შთამომავლობა”.
19 . ვინაიდან სჯეროდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს; ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიბრუნა იგი, როგორც მკვდართაგან აღმდგარი.
20 . რწმენით აკურთხა ისაკმა იაკობი და ესავი მომავლისთვის.
21 . რწმენით აკურთხა იაკობმა სათითაოდ იოსების ძეები და თავის კვერთხს დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს.
22 . რწმენით მოიხსენია აღსასრულისას იოსებმა ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების თაობაზე.
23 . რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის მანძილზე, რადგან ხედავდნენ, რომ მშვენიერი იყო ბავშვი; არ შეუშინდნენ ფარაონის ბრძანებას.
24 . რწმენით თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძეობაზე.
25 . და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა, დროებით განცხრომას ცოდვაში;
26 . ქრისტესათვის ლანძღვა მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან საზღაურს უყურებდა.
27 . რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
28 . რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
29 . რწმენით გადავიდნენ მეწამულ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე; ეგვიპტელებმაც სცადეს, მაგრამ დაინთქნენ.
30 . რწმენით დაეცა იერიხოს გალავნები შვიდდღიანი გარშემოვლის შემდეგ.
31 . რწმენამ არ დაღუპა ურჩებთან ერთად მეძავი რახაბი, რომელმაც მშვიდობით მიიღო მზვერავები.
32 . კიდევ რა გითხრათ? დრო არ მეყოფა, რომ გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იფთახზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე ვილაპარაკო,
33 . რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს.
34 . შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს,
35 . ცოლები გაცოცხლებულებს ღებულობდნენ თავიანთ მკვდრებს; სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ.
36 . ზოგმა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები დაითმინა.
37 . მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ; მახვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, განიცდიდნენ ნაკლოვანებას, შევიწროებას, ტანჯვას.
38 . ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი ქვეყნიერება, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, დედამიწის მღვიმეებსა და ხევებში.
39 . და ყველა მათგანმა რწმენის მეშვეობით მიიღო მოწმობა, მაგრამ ვერ მიიღო აღთქმული,
40 . იმის გამო, რომ ღმერთმა წინასწარ გაითვალისწინა ჩვენთვის მეტი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ არ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
1 . როცა მოხუცდა ისაკი და დაუსუსტდა თვალისჩინი ისე, რომ ვეღარ ხედავდა, მოუხმო მან ესავს, თავის უფროს ძეს, და უთხრა მას: "შვილო ჩემო!” და უპასუხა: "აქა ვარ”.
2 . უთხრა: "მოვხუცდი და არ ვიცი, როდის მოვკვდები;
3 . აიღე შენი საჭურველი, კაპარჭი და მშვილდი, წადი ველად და მოინადირე ჩემთვის ნადირი.
4 . მომიმზადე ჩემი საყვარელი კერძი და მაჭამე, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა სანამ მოვკვდები”.
5 . ესმოდა რებეკას, როცა ისაკი ელაპარაკებოდა ესავს, თავის ძეს. და გასწია ესავმა ველად სანადიროდ, მამისთვის ნანადირევის მოსატანად.
6 . და უთხრა რებეკამ იაკობს, თავის ძეს: "მოვისმინე, მამაშენი რომ ელაპარაკებოდა ესავს, შენს ძმას; ასე უთხრა:
7 . "მომიტანე ნანადირევი და კერძი მომიმზადე, შევჭამ და გაკურთხებ უფლის წინაშე, სანამ ცოცხალი ვარ”.
8 . ახლა, მომისმინე შვილო, და ჩემი ბრძანებისამებრ მოიქეცი:
9 . წადი და ფარიდან ორი კარგი თიკანი მომიყვანე; და მოვუმზადებ მათგან გემრიელ კერძს მამაშენს, ისეთს, მას რომ უყვარს.
10 . და მიართმევ მამაშენს, რომ ჭამოს, რათა შენ გაკურთხოს სიკვდილის წინ”.
11 . უთხრა იაკობმა რებეკას, დედამისს: "ჩემი ძმა ესავი ბალნიანი კაცია, მე კი უბალნო ვარ.
12 . ხელი რომ შემახოს მამაჩემმა, მატყუარა გამოვჩნდები მის თვალში და კურთხევას კი არა წყევლას დავიტეხ თავზე”.
13 . უთხრა დედამისმა: "ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე, წადი და მომიყვანე”.
14 . წავიდა და დედამისს ორი თიკანი მიუყვანა. და ისე მოამზადა კერძი დედამისმა, როგორც მამამისს უყვარდა.
15 . აიღო რებეკამ ესავის, თავისი უფროსი ძის, საუკეთესო სამოსი, სახლში რომ ჰქონდა, და შემოსა იაკობი, უმცროსი ძე;
16 . ხელებსა და ტიტველ კისერზე კი თიკნის ტყავი შემოაცვა.
17 . და მისცა ხელში იაკობს თავის მომზადებული კერძი და პური.
18 . მივიდა იგი მამასთან და უთხრა: "მამა!” მიუგო: "აქა ვარ, რომელი ხარ, შვილო?”
19 . უთხრა იაკობმა მამამისს: "მე ვარ, ესავი, შენი პირმშო; შეგისრულე თხოვნა, წამოჯექი და ჭამე ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა”.
20 . უთხრა ისაკმა თავის ძეს: "რა მალე მოგინადირებია, შვილო!” მიუგო: "უფალი, შენი ღმერთი შემეწია”.
21 . უთხრა ისაკმა იაკობს: "მომიახლოვდი, რომ ხელი შეგახო, შვილო, მართლა ჩემი ძე ესავი ხარ თუ არა”.
22 . და მიუახლოვდა იაკობი ისაკს, მამამისს. მან ხელი შეახო და თქვა: "ეს ხმა იაკობის ხმაა, მაგრამ ხელები ესავის, მისი ძმისაა;
23 . ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის ხელებივით ბალნიანი ჰქონდა. და აკურთხა იგი.
24 . ჰკითხა: "ეს შენ ხარ ჩემი ძე ესავი?” მიუგო: "მე ვარ!”
25 . უთხრა: "მომაწოდე და შევჭამ ჩემი შვილის ნანადირევს, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა”. მიაწოდა იაკობმა და ჭამა; ღვინოც მიუტანა და ისიც დალია.
26 . უთხრა მას ისაკმა, მამამისმა: "მომიახლოვდი და მაკოცე, შვილო”.
27 . მივიდა და აკოცა. იყნოსა მისი სამოსის სურნელი, აკურთხა იგი და თქვა: "აი, სურნელი ჩემი ძისა, ვით ველის სურნელი, რომელიც აკურთხა უფალმა.
28 . მოგცეს ღმერთმა ცის ცვარი, მიწის ნოყიერება, უხვი ხორბალი და ღვინო.
29 . გემსახურონ ხალხები და თაყვანს გცემდნენ ერები; იბატონე შენს ძმებზე, თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა; წყეულიმც იყოს შენი მაწყევარი და კურთხეულ იყოს შენი მაკურთხებელი”.
30 . როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა, ჯერ კიდევ არ გასულიყო იაკობი მამამისისგან და ესავი, მისი ძმაც, დაბრუნდა ნადირობიდან.
31 . მანაც მოამზადა საჭმელი, მიართვა მამამისს და უთხრა: "ჭამოს მამაჩემმა თავისი ძის ნანადირევი და მაკურთხოს მისმა სულმა”.
32 . ჰკითხა ისაკმა, მამამისმა: "ვინ ხარ?” მან მიუგო: "მე ვარ, შენი ძე, პირმშო - ესავი”.
33 . ფრიად შეძრწუნდა ისაკი და თქვა: "ის ვინღა იყო, ნანადირევი რომ მომართვა და შენს მოსვლამდე მაჭამა? ის ვაკურთხე და ის იქნება კურთხეული”.
34 . რომ გაიგონა ესავმა მამის სიტყვები, შეჰყვირა ძალზე დიდი და მწარე ხმით, და უთხრა მამას: "მეც მაკურთხე, მამაჩემო!”
35 . უთხრა ისაკმა: "ცბიერებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო შენი კუთვნილი კურთხევა”.
36 . თქვა ესავმა: "ამიტომაც ჰქვია სახელად იაკობი, რადგან უკვე ორჯერ მომატყუა: ჯერ პირმშოობა წამართვა, ახლა კი ჩემი კურთხევაც მიუთვისებია!” ჰკითხა: "ნუთუ ჩემთვის არ შეგინახავს კურთხევა?”
37 . და უთხრა ისაკმა ესავს: "ბატონად დაგიყენე იგი, მსახურებად მივეცი ძმები, ხორბლითა და ღვინით ავავსე. შენ რაღა გიყო, შვილო?”
38 . ჰკითხა ესავმა მამას: "მამაჩემო, ნუთუ მხოლოდ ერთი კურთხევა გქონდა? მეც მაკურთხე, მამაჩემო!” და აღიმაღლა თავისი ხმა ესავმა, და აქვითინდა.
39 . მიუგო ისაკმა, მამამისმა: "ნოყიერი მიწისაგან შორს იყოს შენი სამკვიდრებელი, შორს ცის ცვარისაგან.
40 . შენი მახვილით იცხოვრებ, შენს ძმას მოემსახურები; და იქნება როცა აღუდგები, გადაიგდებ მის უღელს ქედიდან”.
41 . შეიძულა ესავმა იაკობი იმ კურთხევისთვის, რომლითაც მამამ აკურთხა. და თქვა გულში: "ახლოვდება მამაჩემზე გლოვის დღეები და მაშინ მოვკლავ ჩემს ძმას, იაკობს”.
42 . ეუწყა რებეკას ესავის, თავისი უფროსი ძის, ნათქვამი, მოუხმო თავის უმცროს ძეს, იაკობს და უთხრა: "აჰა, ესავი, შენი ძმა, შენი მოკვლით ინუგეშებს თავს!
43 . ახლა მისმინე, შვილო, ხარანში გაიქეცი ლაბანთან, ჩემს ძმასთან.
44 . ერთხანს მასთან დაბინავდი, ვიდრე შენი ძმის გულისწყრომა დაცხრება.
45 . შენი ძმის რისხვა რომ დაცხრება და შენს საქციელს დაივიწყებს, შეგატყობინებ და წამოგიყვან იქიდან: ორივე ერთ დღეს რატომ დაგკარგოთ?”
46 . უთხრა რებეკამ ისაკს: "სიცოცხლე შემაძულეს ხეთელმა ასულებმა; და თუ იაკობიც ხეთელ ქალს მოიყვანს ცოლად, რაღა იქნება ჩემი სიცოცხლე?”