1 . მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ნიშანი ზეციდან.
2 . უთხრა მათ: "საღამოხანს ამბობთ: ხვალ მოწმედილი იქნება, რადგან ცა წითელიაო;
3 . დილით კი: დღეს გაავდრდება, რადგან ცა მოქუფრულიაო. ცის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, დროის ნიშანთა კი - არა.
4 . ბოროტი და მრუში თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა”. მიატოვა ისინი და წავიდა.
5 . გაღმა გადასვლისას მის მოწაფეებს პურის წაღება დაავიწყდათ.
6 . იესომ უთხრა მათ: "გაფრთხილდით, მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს”.
7 . ისინი კი მსჯელობდნენ ერთმანეთში: იმიტომ გვეუბნება პური რომ არ წამოგვიღიაო.
8 . მიხვდა იესო და უთხრა მათ: "რას მსჯელობთ ერთმანეთში, მცირედ მორწმუნენო, პური რომ არ წამოგიღიათ?
9 . ნუთუ კიდევ ვერ გაგიგიათ და აღარ გახსოვთ იმ ხუთი ათასის ხუთი პურით გაძღომა და რამდენი გოდორი ნარჩენი აიღეთ?
10 . აღარც ოთხი ათასის შვიდი პურით გაძღომა გახსოვთ და რამდენი კალათი ნარჩენი აიღეთ?
11 . რატომ ვერ ხვდებით, რომ პურის გამო არ მითქვამს, ერიდეთ-მეთქი ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს?”
12 . მაშინღა მიხვდნენ, რომ იგი აფრთხილებდა მათ, მორიდებოდნენ არა საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას.
13 . ფილიპეს კესარიის მხარეს რომ მივიდნენ, ჰკითხა იესომ თავის მოწაფეებს: "რას ამბობს ხალხი, ვინ არისო ძე კაცისა?”
14 . უპასუხეს: "ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი - ელიააო, ზოგიც - იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანიაო”.
15 . ჰკითხა მათ: "თქვენ რას ამბობთ, ვინა ვარ?”
16 . სიმონ-პეტრემ მიუგო: "შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა”.
17 . იესომ პასუხად უთხრა: "ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ მამაჩემმა, რომელიც ზეცაშია.
18 . და მე გეუბნები შენ, რომ შენ ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას.
19 . მოგცემ ცათა სამეფოს გასაღებებს და, რასაც შეკრავ დედამიწაზე, შეკრული იქნება ზეცაშიც, ხოლო რასაც გახსნი დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც”.
20 . მაშინ გააფრთხილა მოწაფეები, არავისთვის გაემხილათ, რომ ის არის ქრისტე.
21 . ამის შემდეგ დაიწყო იესომ თავისი მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დიდად დატანჯულიყო უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო.
22 . პეტრემ გაიხმო იგი, უკრძალავდა და ეუბნებოდა: "შეიწყალე შენი თავი უფალო, ნურც შეგემთხვევა ასეთი რამ!”
23 . ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: "გამშორდი, სატანავ! საცდური ხარ ჩემთვის, რადგან იმაზე კი არ ფიქრობ, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია”.
24 . მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს იესომ: "ვისაც უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
25 . რადგან ვისაც თავისი სულის გადარჩენა სურს, დაღუპავს მას; ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაიღუპავს სულს, იგი მოიპოვებს მას.
26 . რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, სულს კი დაკარგავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?
27 . რადგან მოვა ძე კაცისა თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით.
28 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ძე კაცისას, თავისი მეფობით მომავალს”.
1 . იმ ჟამს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: "ვინ უფრო დიდია ცათა სამეფოში?”
2 . იესომ დაუძახა ბავშვს და მათ შორის ჩააყენა.
3 . თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ისე არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში.
4 . ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სამეფოში.
5 . ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მღებულობს.
6 . ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა ჰკიდებოდა კისერზე და ზღვის სიღრმეში ჩაძირულიყო.
7 . ვაი წუთისოფელს ცდუნებათა გამო, რადგან ცდუნებები იქნება, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც ცდუნება წამოვა.
8 . თუ შენი ხელი ან შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს უხელო ან უფეხო შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში.
9 . თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე. ცალი თვალით შესვლა გერჩივნოს სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე ცეცხლოვან გეენაში.
10 . ფრთხილად, აბუჩად არ აიგდოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში გამუდმებით უყურებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.
11 . ვინაიდან ძე კაცისა დაღუპულთა გადასარჩენად მოვიდა.
12 . როგორ ფიქრობთ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნას, განა მთაში არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად?
13 . თუ მოხდება და იპოვის, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს მასზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ.
14 . ასევე არ უნდა თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანნი.
15 . თუ შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით; თუ გაიგონებს, შეგიძენია შენი ძმა.
16 . ხოლო თუ არ გაიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით განმტკიცდეს ყოველი სიტყვა.
17 . თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი ან მებაჟე.
18 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება. ხოლო რასაც გახსნით დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც.
19 . ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება დედამიწაზე ნებისმიერ რამეზე და ითხოვენ, მიეცემათ მათ ჩემი მამისგან, რომელიც ზეცაშია.
20 . ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის”
21 . მაშინ მივიდა მასთან პეტრე და ჰკითხა: "უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ რომ შესცოდავს? შვიდჯერ?”
22 . უთხრა მას იესომ: "არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.
23 . ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც ანგარიშის გასწორება ისურვა თავის მონებთან.
24 . ანგარიშსწორება რომ დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა.
25 . და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბრძანა ბატონმა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც ებადა, რომ ვალი დაეფარა.
26 . მაშინ პირქვე დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავი ჩემ მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.
27 . შეებრალა ბატონს ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.
28 . ამ მონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა; დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო.
29 . პირქვე დაემხო ამხანაგი, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.
30 . მაგრამ მან არ ინება, არამედ წავიდა და ჩააგდებინა იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა.
31 . მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და ყოველივე აუწყეს.
32 . მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე.
33 . განა არ გმართებდა, ისევე შეგეწყალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიწყალე?
34 . განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ ვალს არ გადაუხდიდა.
35 . ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს”.
1 . კვირის პირველ დღეს, გარიჟრაჟზე, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა, მივიდა მარიამ მაგდალელი სამარხთან და დაინახა, რომ ლოდი გადაეგორებინათ სამარხიდან.
2 . სირბილით მივიდა სიმონ-პეტრესა და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა: "უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით, სად დაასვენეს”.
3 . მაშინ გამოვიდნენ პეტრე და სხვა მოწაფე და გაიქცნენ სამარხისკენ.
4 . ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან.
5 . დაიხარა და ძირს დატოვებული ტილოები დაინახა, მაგრამ შიგნით არ შესულა.
6 . მოვიდა სიმონ-პეტრეც. სამარხში შევიდა და დაწყობილი ტილოები დაინახა;
7 . ხოლო სუდარა, რომელიც თავზე ჰქონდა შემოხვეული, ტილოებთან არ იყო, არამედ ცალკე იდო დახვეული.
8 . მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, პირველი რომ მივიდა სამარხთან, იხილა და ირწმუნა,
9 . რადგან ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ წერილიდან, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო იგი.
10 . და კვლავ თავ-თავის სახლებში წავიდნენ მოწაფენი.
11 . მარიამი კი იდგა სამარხის გარეთ და ტიროდა. მომტირალი დაიხარა, რომ სამარხში შეეხედა
12 . და თეთრებში მსხდომი ორი ანგელოზი დაინახა; ერთი თავთით, ხოლო მეორე - ფერხთით იმ ადგილას, სადაც იესოს ცხედარი ესვენა.
13 . უთხრეს: "დედაკაცო, რატომ სტირი?” მიუგო: "ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დაასვენეს”.
14 . ეს რომ თქვა, უკან შებრუნდა და იქვე მდგარი იესო დაინახა. მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო.
15 . ჰკითხა იესომ: "დედაკაცო, რატომ სტირი, ვის ეძებ?” მარიამს მებაღე ეგონა და უთხრა: "ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ”.
16 . უთხრა იესომ: "მარიამ!” შებრუნდა და ებრაულად თქვა: "რაბუნი!” - როგორც უწოდებენ მოძღვარს.
17 . ეუბნება მას იესო: "არ შემეხო, ვინაიდან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მე ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან”.
18 . მივიდა მარიამ მაგდალელი და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი და ეს უთხრა მას.
19 . იმავე დღეს, საღამოჟამს, კვირის პირველ დღეს, იესო იუდეველთა შიშით კარჩაკეტილში მსხდარ მოწაფეებთან მოვიდა, შუაში დადგა და უთხრა მათ: "მშვიდობა თქვენდა!”
20 . ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ. და გაიხარეს მოწაფეებმა უფლის ხილვით.
21 . ხელახლა უთხრა მათ იესომ: "მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც ისე მიგავლენთ თქვენ”.
22 . ეს რომ თქვა, შეუბერა და თქვა: "მიიღეთ სულიწმიდა.
23 . ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ”.
24 . თომა, ერთი თორმეტთაგანი, ტყუპისცალად წოდებული, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან.
25 . უთხრეს მას დანარჩენმა მოწაფეებმა: "ჩვენ ვიხილეთ უფალი”. მან კი თქვა: "სანამ მის ხელებზე ნალურსმნევს არ ვნახავ და ნალურსმნევში თითს არ ჩავყოფ, მის ფერდში კი - ხელს, არ ვიწამებ!”
26 . რვა დღის შემდეგ კვლავ შინ იყვნენ მოწაფენი; თომაც მათთან ერთად იყო. კარჩაკეტილში მოვიდა იესო, შუაში დადგა და თქვა: "მშვიდობა თქვენდა”.
27 . შემდეგ თომას უთხრა: "გამოიწოდე შენი თითი და ნახე ჩემი ხელები. გამოიწოდე შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ!”
28 . მიუგო თომამ და უთხრა მას: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!”
29 . უთხრა მას იესომ: "შენ მირწმუნე, იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს”.
30 . მოწაფეების წინაშე ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ, რაც ამ წიგნში არ დაწერილა.
31 . ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმერთისა, და რათა მორწმუნეებს სიცოცხლე გქონდეთ მის სახელში.
1 . საერთოდ კი ხმა დადის, რომ სიძვაა თქვენში, თანაც ისეთი, რომლის მსგავსი წარმართებშიც არ არის, რომ ვიღაცას მამის ცოლი შეურთავს.
2 . თქვენ კი ქედმაღლობთ, იმის ნაცვლად, რომ იგლოვოთ და მოიკვეთოთ ასეთი საქმის ჩამდენი.
3 . თუმცა სხეულით არა ვარ თქვენთან, სულით ვიმყოფები. ამიტომ უკვე დავდე მსჯავრი ამ საქმის ჩამდენს, როგორც თქვენს შორის მყოფმა.
4 . და როცა შეიკრიბებით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, ჩემი სულის თანდასწრებით და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალით,
5 . სატანას გადაეცეს ასეთი კაცი ხორცის დასაღუპად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის, იესოს დღეს.
6 . არ შეგფერით კვეხნა. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს?
7 . სრულად მოიშორეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც უფუარნი ხართ, ვინაიდან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა.
8 . ამიტომ ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა ბოროტებისა და უკეთურების საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების ხმიადით.
9 . წერილში გწერდით, გარყვნილ ხალხთან არ იქონიოთ-მეთქი ურთიერთობა;
10 . არ მიგულისხმია ამ ქვეყნიერების გარყვნილები, ხარბები, მტაცებლები ან კერპთაყვანისმცემლები, რადგან მაშინ თქვენც მოგიწევდათ ამ ქვეყნიერებიდან გასვლა.
11 . არამედ გწერდით, რომ არ გქონოდათ კავშირი იმათთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ მაინც გარყვნილია, ან ხარბია, ან კერპთაყვანისმცემელია, ან მაგინებელია, ან ლოთია, ან მტაცებელია; ასეთებთან არც კი ჭამოთ.
12 . რადგან მე რატომ განვიკითხო გარეშენი? განა თქვენ შინაურებს არ განიკითხავთ?
13 . გარეშეებს ღმერთი განიკითხავს. მოიშორეთ ბოროტი თქვენს შორის.
1 . რადგან ვფიქრობდი ჩემთვის, დასამწუხრებლად აღარ მოვსულიყავი თქვენთან.
2 . ვინაიდან თუ მე გამწუხრებთ, ვინღა გამახარებს, თუ არა ის, ვინც დამწუხრებულია ჩემს მიერ.
3 . სწორედ ეს მოგწერეთ თქვენ, რათა ჩემი მოსვლისას წუხილი არ მქონდეს მათგან, ვისითაც უნდა გამეხარა; რადგან დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანში, რომ ჩემი სიხარული თითოეული თქვენგანის სიხარულიცაა.
4 . ვინაიდან დიდი გულისტკივილით, ნაღველითა და უამრავი ცრემლით გწერდით, და არა იმიტომ, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ გეგრძნოთ ის მეტისმეტი სიყვარული, რომელიც თქვენდამი მაქვს.
5 . და თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, გადაჭარბებულად რომ არ ვთქვა, ნაწილობრივ ყველა თქვენგანიც.
6 . ასეთისათვის ამგვარი სასჯელიც საკმარისია უმრავლესობისაგან.
7 . ასე, რომ, პირიქით, აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქას იგი.
8 . ამიტომ, გთხოვთ, სიყვარული გამოიჩინოთ მის მიმართ.
9 . ვინაიდან ეს იმისთვისაც მოგწერეთ, რომ გამომეცადეთ, ყველაფერში მორჩილნი ხართ თუ არა.
10 . ჰოდა, ვისაც თქვენ აპატიებთ, მეც, ვინაიდან მეც თუ ვინმეს ვაპატიე, თქვენი გულისთვის ვაპატიე ქრისტეს სახის წინაშე.
11 . რათა ზიანი არ მოგვაყენოს სატანამ; ვინაიდან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები.
12 . ქრისტეს სახარებლად მივედი ტროადაში და კარი ღია იყო ჩემთვის უფალში,
13 . მაგრამ არ მქონდა სულის სიმშვიდე, რადგან ვერ ვპოვე იქ ჩემი ძმა ტიტე; გამოვემშვიდობე მათ და მაკედონიისაკენ გავემართე.
14 . მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გამარჯვებას გვანიჭებს ქრისტეში და ჩვენი მეშვეობით წარმოაჩენს თავისი შემეცნების კეთილსურნელებას ყოველ ადგილზე.
15 . ვინაიდან ქრისტეს კეთილსურნელება ვართ ღვთისთვის, დახსნილთა შორისაც და დაღუპულთა შორისაც.
16 . ზოგისთვის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ და ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ. და ვინაა შემძლე ამისა?
17 . ვინაიდან ჩვენ არ ვვაჭრობთ ღვთის სიტყვით, როგორც მრავალნი, არამედ წრფელად, როგორც ღვთისგან, ღვთის წინაშე ვლაპარაკობთ ქრისტეში.
1 . 1. შურისმგებელი შურისგებას უფლისაგან იპოვის: ის ადევნებს თვალყურს მის ცოდვებს. 2. მიუტევე უსამართლობა შენს მახლობელს და მაშინ ვედრებისას შენც მიგეტევება შენი ცოდვები. 3. ადამიანი ადამიანზეა გამწყრალი, უფლისგან კი ეძიებს განკურნებას. 4. თავის მსგავს ადამიანს ვერ უთანაგრძნობს და საკუთარ ცოდვათა გამო კი ივედრება. 5. თავადაც ხორციელი ბოღმას ინახავს და ვინ განწმიდოს იგი ცოდვებისგან? 6. გაიხსენე აღსასრული და შეწყვიტე მტრობა; გახსოვდეს გახრწნა და სიკვდილი, და მცნებანი დაიცავი. 7. მცნებები გაიხსენე და მახლობელზე ნუ განრისხდები; უზენაესის აღთქმა გახსოვდეს და უგუნურება მოიძულე. 8. თავი შეიკავე ჩხუბისგან და ცოდვებს შეიმცირებ, რადგანაც გულფიცხი კაცი ჩხუბს დაანთებს. 9. ცოდვილი კაცი მეგობრებში შფოთს შეიტანს და მშვიდად მცხოვრებთა შორის შუღლს ჩამოაგდებს. 10. როგორიცაა შეშა, ისეთი გაჩაღდება ცეცხლიც; როგორიცაა ჩხუბის საფუძველი, ისეთი გაჩაღდება ჩხუბიც; როგორიც არის კაცის ძალა, ისეთივე იქნება მისი გულისწყრომა; რა ქონების პატრონიცაა იგი, ისე აიწევს მისი რისხვა. 11. ცხარე შუღლი ცეცხლს აღაგზნებს, ცხარე ჩხუბისგან კი სისხლი დაიღვრება. 12. ნაკვერცხლებს შეუბერავ და გაჩაღდება, დანერწყვავ და ჩაქრება; ორივე შენი პირიდან გამოდის. 13. წყეულიმც იყოს დამსმენი და ცილისმწამებელი, რადგან ბევრი მშვიდობიანი ხალხები დაღუპეს. 14. მესამე ენამ ბევრი შეარყია და დევნა ისინი ხალხიდან ხალხში; მტკიცე ქალაქები დაარღვია და დიდებულთა სახლები დაამხო. 15. მესამე ენამ ქველი დედაკაცები განდევნა და მოწყვიტა ისინი თავიანთ ნაჯაფარს. 16. მოსვენებას ვერ იპოვის ჭორის მსმენელი და მშვიდად ვერ იცხოვრებს. 17. შოლტის ცემა წყლულებს აჩენს, ენით ცემა კი ძვლებს შემუსრავს. 18. მრავალნი დაეცნენ მახვილისგან, მაგრამ უმრავლესნი ენით. 19. ბედნიერია, ვინც მისგან დაიცვა თავი, ვისაც არ დაატყდა მისი რისხვა, ვინც არ ათრია მისი უღელი და მისი ბორკილებით არ შეიკრა. 20. რადგანაც უღელი მისი რკინის უღელია და ბორკილები მისი - სპილენძის ბორკილები. 21. ავი სიკვდილია მისი სიკვდილი და ჯოჯოხეთიც კი უკეთესია მასზე. 22. ვერ ეწევა იგი ღვთისმოსავებს და არ დაიწვებიან ისინი მისი ალით. 23. უფლის მიმტოვებელნი კი დაექანებიან მისკენ და გაჩაღდება იგი მათ შორის, და აღარ ჩაქრება. მოევლინებათ მათ, როგორც ლომი და როგორც ჯიქი გაანადგურებს მათ. 24. იცოდე, ეკლით მოზღუდე შენი ქონება და შეკარი შენი ოქრო-ვერცხლი. 25. სასწორ-საზომი მიუჩინე შენს სიტყვებს და კარი და საკეტი გაუკეთე შენს პირს. 26. უფრთხილდი, არ წაიბორძიკო მის გამო და მომნადირებელის წინ არ დაეცე.
1 . "ერიდეთ წყალობის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან.
2 . როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენ წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა განდიდდნენ ხალხის მიერ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
3 . შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა.
4 . რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს შენ.
5 . როცა ლოცულობთ, ნუ მოიქცევით თვალთმაქცებივით, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, ხალხის დასანახად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
6 . შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.
7 . ლოცვის დროს კი ნუ მოჰყვებით ამაო სიტყვების გამეორებას, როგორც წარმართები იქცევიან, რადგან ჰგონიათ, რომ მრავალსიტყვაობის გამო იქნებიან შესმენილნი.
8 . ნუ იქნებით მათი მსგავსები, რადგან თქვენმა მამამ მანამდე იცის, რა გჭირდებათ, ვიდრე თხოვდეთ.
9 . თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი;
10 . მოვიდეს მეფობა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა;
11 . პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს;
12 . და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა;
13 . და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისგან. რადგან შენია მეფობა, ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ!
14 . ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.
15 . ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
16 . როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი, დამწუხრებულ სახეებს რომ ღებულობენ, რათა ადამიანებს მარხულად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
17 . ხოლო შენ, მარხვისას ზეთი იცხე თავზე და პირი დაიბანე,
18 . რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ შენს მამას დაფარულში; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგაგებს შენ ცხადად.
19 . ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.
20 . დაიუნჯეთ ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს, და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ.
21 . რადგან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.
22 . სხეულის ლამპარი თვალია; ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც განათებული იქნება.
23 . ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. ამრიგად, თუკი სინათლე, რომელიც შენშია, სიბნელეა, რამდენად დიდი იქნება სიბნელე?
24 . არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.
25 . ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ წუხხართ თქვენთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისთვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეული - სამოსელზე?
26 . შეხედეთ ცის ფრინველებს: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესები არა ხართ?
27 . ანდა, რომელ თქვენგანს შეუძლია დარდით ერთი წყრთა მაინც შემატოს თავის სიმაღლეს?
28 . სამოსელზე რაღად დარდობთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ.
29 . მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი მთელ თავის დიდებაში არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.
30 . თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არა, მცირედ მორწმუნენო?
31 . მაშ, ნუ დარდობთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ, ან რა ვსვათ, ან რით შევიმოსოთო?
32 . რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ; ვინაიდან იცის თქვენმა ზეციერმა მამამ, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე.
33 . თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ.
34 . მაშ, ნუ დარდობთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი”.