სიტყვა "ჯვრის" უარმყოფელნი


საკვანძო მუხლები:

მათე 27 : 37 ; იოანე 20 : 25 ; 1კორინთელთა 1 : 18 ; ფილიპელთა 3 : 18 ;
1.9.42 სიტყვა "ჯვრის" უარმყოფელნი

ბიბლიაში სიტყვა "ჯვარს" მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მის სულიერ და სიმბოლურ მნიშვნელობას სწორედ გადმოსცემდნენ მოციქულები და შესაბამისად სწორად აღიქვამდნენ საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები. ასევე ბიბლიის სხვადასხვა ენებზე მთარგმნელებს ეჭვქვეშ არასოდეს დაუყენებიათ სიტყვა "ჯვარი" და მისი სხვა სიტყვით ჩანაცვლება არავის მოსვლია აზრად.

უძველესი დროიდან ითვლებოდა, რომ ქრისტე ევნო კონკრეტულად ჯვარზე, გარდამკვეთი განივი ძელით (როგორც გამოისახება ხატებზე და უძველეს გამოსახულებებზე). XX ს-ის 30-ან წლებამდე ამ აზრს იზიარებდა ყველა, თავად იეჰოვას მოწმეებიც, მანამ, სანამ მათმა მორიგმა წინამძღოლმა, ჯოზეფ ფრანკლინ რუტერფორდმა (1869 – 1942) არ გამოაცხადა (წიგნში «Riches» (1936 წ.), რომ იესო აცვეს არა ჯვარზე, არამედ ბოძზე.
გვირგვინში გამოსახული ჯვრის სიმბოლო გვხვდება ასევე საგუშაგო კოშკის დამაარსებლის, ჩარლს ტეიზ რასელის (1852 – 1916) საფლავზე არსებულ პირამიდის ფორმის ნიშაზე…
როგორც ჩანს, იეჰოვას მოწმეები, თანდათანობით უფროდაუფრო ივსებოდნენ ორთოდოქსალური კონფესიების სიმბოლიკებისა და ტერმინოლოგიის მიმართ ზიზღით და საკუთარივე თავის საზიანოდ, ხაზი გადაუსვეს ისტორიულ ფაქტსაც კი და ამტკიცებენ, რომ ქრისტეს ჯვარცმის იარაღს არ გააჩნდა განივი გარდამკვეთი ძელი.

ქვეყნიერებაზე არსებულმა ერთმა უკიდურესობამ, ჯვრის გაკერპებამ და მისდამი თაყვანისცემამ გამოიწვია მეორე უკიდურესობა - სიტყვა "ჯვრის" უარყოფა და საერთოდ არ ხსენება მათ მიერ გამოცემული ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანში.

არადა თითქოს ყველაფერი ასე მარტივია: შეისწავლე ბიბლია და უძველესი დოკუმენტები დამოუკიდებლად, და არა ისე, როგორც ამას გასწავლიან საგუშაგო კოშკში, განივი გარდამკვეთი ძელის შესახებ ხომ ძალიან ბევრი პატარა დეტალი მეტყველებს, რომელიც შეგვიძლია მოვიყვანოთ დასამოწმებლად უძველესი წყაროებიდან, თუნდაც სახარებიდან.

მაგ: მათ.27,37. "და დასდვეს თავსა მისსა ზედა ბრალი მისი დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ.“ დაუკვირდით, საგანგებო ფიცარზე (titulus crucis) ამოკვეთილი წარწერა, იქნა დაჭედებული არა მისი ხელების მაღლა, არამედ მის თავს ზემოთ. წარმოუდგენელია ამგვარი ფორმულირება შესულიყო მათეს სახარებაში, თუ ქრისტე მართლაც დაკიდებულ იქნა ძელზე, გარდამკვეთი ძელის გარეშე და თუ მისი ხელები ზეაღმართული და თავს ზემოთ გადაჯვარედინებული იქნებოდა. თვით იეჰოვას მოწმეების თარგმანშიც კი ასე იკითხება: "მის თავს ზემოთ გააკრეს ასეთი საბრალდებო წარწერა: „ეს არის იესო - იუდეველთა მეფე“. წერია "თავს ზემოთ" როგორც მცხეთურ, ისე ადიშის ოთხთავში, ასევე რუსულ სინოდალურში. [თუმცა ჩვენი დიდი მოწიწების მიუხედავად საპატრიარქოს 1989 წლის და ზ. კიკნაძის თარგმნილი ბიბლიების გამოცემებში ამ მუხლის ადგილზე წერია ისეთი რამ, რასაც იეჰოვას მოწმეები ხელს მოაწერდნენ - "თავთით". ჩვენ კარგად გვესმის, რომ პატივცემულ მთარგმნელებს ის არ უგულისხმიათ, რასაც იეჰოვას მოწმეები გულისხმობენ, მაგრამ კარგი იქნება საპატრიარქო შემდგომი გამოცემისთვის თუ გაითვალისწინებს ამას, რაც შეეხება ელექტრონულ ვერსიებს orfodoxy. ge და სხვა სასურველია მალე შეიცვალოს ის იმ ფორმის ახალი ქართული სიტყვებით, როგორიცაა ძველ ქართულ ვერსიებში. ეს დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს.]

ყურადღებიან მკითხველს არ გამოეპარება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელსაც ხაზი უნდა გაესვას თომა მოციქულის სიტყვებიდან გამომდინარე: „ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს“ (იოან.20:25). თუ ქრისტეს ხელები თავს ზემოთ ჰქონდა გადაჯვარედინებული და ერთი სამსჭუალით იყო განგმირული, როგორც ამას ამბობენ საგუშაგო კოშკში, მაშინ უნდა თქმულიყო არა „ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ“ არამედ: „ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალისაი“, ამ არგუმენტზე იეჰოვას მოწმეებს არაფერი აქვთ სათქმელი…

აპოკრიფულ ბარნაბას ეპისტოლეში, რომელიც შესულია სინურ კოდექსში და რომელიც დაიწერა დაახლოვებით 117 წელს, როდესაც ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო ცოცხალი მეხსიერება, აქ საუბარი არის იმაზე, რომ ქრისტეს ჯვარცმის იარაღი (ὁ σταυρός), სიმბოლიზირდება ბერძნულ ასო ταῦ- სთან, იგივე «Т» (Barnabae epistula.9), შეუძლებელია ქრისტიან მწერალს თავში აზრად მოსვლოდა, რომ ძელი გარდამკვეთი განივი სვეტის გარეშე, რომელზეც აცვეს იესო, შეიძლებოდა მგვანებოდა ასო «Т»-ს. ძელი გარდამკვეთი განივი სვეტის გარეშე, შეიძლება ჰგავდეს ასო- «I»-ს. ამას გარდა, „ბარნაბას ეპისტოლეს“ ავტორი, განსხვავებით საგუშაგო კოშკის საზოგადოებისაგან, არ ეჭვობს, რომ ჯვარცმის იარაღს, რომელსაც ისინი სტავროსს უწოდებდნენ, შესაძლოა ჰქონოდა გარდამკვეთი განივი სვეტი, რომელსაც ლათინურად patibulum-ს უწოდებენ. ისღა დაგვრჩენია დავფიქრდეთ, თუ რომელმა მათგანმა უფრო უკეთ იცის ბერძნული ენა – ბარნაბას ეპისტოლეს ავტორმა, რომლისთვისაც კოინური იყო მშობლიური ენა, თუ საგუშაგო კოშკის საზოგადოებამ?…

ირინეუსი თავის წიგნში „ერესთა წინააღმდეგ“ ამტკიცებს, რომ stauros-ი იყო ბოძის ფორმის, გარდამკვეთი განივი სვეტით…

ამას გარდა, ლუკიანე სამოსტატელი (დაახლ 120-180+წლები), ერთ-ერთ ნაშრომში წერს: „ სტირიან ადამიანები და ჩივიან თავიანთ ბედზე, კვლავ და კვლავ წყევლიან კადმოსს (მითიური პერსონაჟი) იმისათვის, რომ მან შემოიტანა ასობგერა ტაუ ( Ταῦ) ალფავიტში, რამეთუ როგორც ამბობენ, ტირანებმა ნიმუშად აიღეს ტაუს ფორმა და მისი იმიტირებით, ხისაგან შექმნეს იგივე ფიგურა, რათა ჯვარს ეცვათ მასზე ადამიანები.“ (Judicium vocalium.12)

სხვა ადგილას ბარნაბას ეპისტოლეს ავტორი (Barnabae epistula.12) საუბრობს იმაზე , რომ ქრისტეს ჯვარცმის სიმბოლური მნიშვნელობა ძველ ისრაელში იყო და ამაზე შემდეგნაერად საუბრობს: „ იმისათვის, რათა შთაეგონებინა დასნეულებულთათვის, რომ ისინი გადაცემულნი არიან სიკვდილს საკუთარი ცოდვების გამო, მან [ღმერთმა] მიმართა მოსეს გულს, რათა მას გაეკეთებინა ჯვრის (სტავროსის) სახე და მისი, ვინც უნდა ვნებულიყო მასზე, რამეთუ ისინი, თუ არ დაამყარებდნენ იმედს მასზე, იქნებიან დამარცხებულნი საუკუნოდ. ასე რომ, მოსემ აღსამაღლებელ ადგილზე გადაადო იარაღი ერთი მეორეზე , და ყველასაგან ამაღლებულ ადგილას მდგომმა ხელები აღაპყრო,- და მაშინ ისრაელი იმარჯვებდა, ხოლო როცა ხელებს დაღმა უშვებდა, მტერი მძლავრობდა.“

ასევე კლიმენტი ალექსანდრიელი (დაახლ. 150-217); რომელმაც ერთის მხრივ იცოდა, რომ ქრისტეს თავს ზემოთ მიჭედებულ იქნა წარწერა და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქრისტეს მოკვდინების იარაღი იყო crux immissa («†»). მეორეს მხრივ, იგივე კლიმენტი თვლიდა რა, რომ გამოხსნის სიმბოლო (სტავროსს) აქვს რიცხვითი მნიშვნელობა Т-ს ფორმის ჯვრისა, მაგალითი მოჰყავდა მისი კლასიკური ფორმისა: რადგან ბერძნებს არ ჰქონიათ „პლიუსის“ ფორმის ასო და ასო „ταῦ“ ყველაზე უფრო მიესადაგებოდა გარდამკვეთი განივი სვეტის მქონე ჯვარს, თუნდაც ეს ძელი არ ყოფილიყო მაღლა წაგრძელებული ამ მაგალითის შემთხვევაში.

არის მინიშნება გარდამკვეთ სვეტზე წმინდა ეგნატე ანტიოქიელთანაც( ეწამა 107 წლის 20 დეკემბერს), რომელიც დიდი ალბათობით თავად იცნობდა პეტრე და პავლე მოციქულს. მიუთითებს რა იგი ერეტიკოსებს, ეგნატე ამბობს, რომ ისინი „ არ არიან მამის მიერ დათესილნი. რომ ყოფილიყვნენ ასეთები, მაშინ ჯვრის განშტოებები (ან ტოტები-„ ветвя“, κλάδοι τοῦ σταυροῦ ) იქნებოდნენ (Ad Trallianos.11). რა არის ეს ტოტები? თუარა გარდამკვეთი ჰორიზონტალური ძელის მხარეები?

უფრო მეტად ფასობს ამ კუთხით წმინდა იუსტინეს სიტყვები ტრიფონ იუდეველთან საუბარში. კერძოდ, იუსტინე წერს: „ანგელოზი, რომელსაც დაევალა ყოველივეს დაწვა(ყოვლად დასაწველ მსხვერპლზეა საუბარი), იყო ქრისტეს ჯვარზე ტანჯვის სიმბოლო (τοῦ πάθους τοῦ σταυροῦ). რამეთუ როდესაც წვავენ კრავს, მას ჯვრული ფორმის ფიგურის მსგავსად დებენ: ერთი ისარი განკვეთს მას პირდაპირ ქვედა კიდურებიდან თავამდე, ხოლო მეორე მთლიანად მხრების პირების გასწვრივ, რომელზეც არის დამაგრებული კრავის წინა კიდურები“ (Dialogus cum Tryphono Judaeo.40). ამგვარად, იუსტინეს აზრით, ქრისტეს ჯვარცმის იარაღი სტავროსი, იყო გარდამკვეთი სვეტით.

ისეთი ცნობილი აპოლოგეტი, როგორიც იყო ტერტულიანე, თავის აპოლოგეტიკაში მკაფიოდ განარჩევს ჯვარსა (crux) და ძელს (stipes): „ ქრისტიანებს თქვენ ალურსმნავთ ჯვრებსა და ძელებზე“ (Apologeticum.12:3). შემდეგ ტერტულიანე წერს: „ ყოველგვარი ხე (robur), რომელიც აღმართულია პირდაპირ, არის ჯვრის ნაწილი (pars crucis)“ (Apologeticum.16:7). როგორც ვხედავთ, ჯვრის ვერტიკალური შემადგენელი- ეს, ტერტულიანეს აზრით, ჯერ კიდევ არ არის ქრისტეს ჯვარცმის მთლიანი იარაღი, არამედ მხოლოდ მისი ნაწილი.

ახლა კიდევ ერთი მოწმობის შესახებ, რომელიც უძველესი წერილობითი წყაროებიდან შემოგვრჩა, ეს არის წმინდა ირინეუს ლიონელის(დაახლ. 140-202) ცნობა, მის კაპიტალურ ცნობაში, „ერესთა წინააღმდეგ“, იგი კიდევ უფრო კონკრეტულად საუბრობს: „ჯვრის ფორმას აქვს ხუთი დაბოლოება: ორი სიგრძივი, ორიც სიგანეში და ერთი შუაში, რომელსაც ეყრდნობა მილურსმნული ადამიანი (Adversum haereses. II.36:2[24:4]), თუ ირინეუსს არ დაავიწყდა მისი მასწავლებლის, პოლიკარპესგან (რომელიც თავის მხრივ წმინდა იოანე მახარებლის მოწაფე იყო) ის, რომ იესო ევნო კონკრეტულად ჯვარზე -გარდამკვეთი სვეტით, მაშინ ძნელად სავარაუდოა მას გაემახვილებინა ყუდადღება სასჯელის იმ იარაღზე, რომელიც არ უკავშირდებოდა ქრისტეს მოკვდინებას.

***
„საგუშაგო კოშკის“ 1995 წლის 1 ნოემბრის ნომერში „იეღოვას მოწმეები“ წერენ: „იეჰოვას წმინდა სული მართავდა ძმა რასელსა და მისი თანამშრომლების მცდელობებს“ (გვ. 23). იმავე ნომრის 26-ე გვერდზე კი წერენ: „მრავალი წლის განმავლობაში ბიბლიის მიმდევრები (ანუ „იეღოვას მოწმეები“) ჯვარს ქრისტიანულ სიმბოლოდ აცხადებდნენ. მათ სიმბოლოც კი ჰქონდათ, რომელიც „ჯვარსა და გვირგვინს გამოხატავდა... მრავალმა ირწმუნა, რომ ის ჯვარზე გაკვრით დასაჯეს. ასევე ათწლეულების მანძილზე ეს სიმბოლო გამოსახული იყო ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ გარეკანზე. საზოგადოების მიერ 1936 წელს გამოქვეყნებულმა წიგნმა „მრავალი სიმდიდრე“ ნათელყო, რომ იესო ქრისტე დასაჯეს არა ჯვარზე, არამედ ვერტიკალურ სვეტზე ანუ ბოძზე“ („საგუშაგო კოშკი“, 1.11.95, გვ. 26).
საოცარია, თუკი რასელი და მისი მიმდევრები ღვთის მიერ იყვნენ გამორჩეულნი და, მათივე მტკიცებით, „დიდებულად წყალობდა იეჰოვა ბიბლიის ადრინდელ მკვლევარებს, როცა სულიწმიდის საშუალებით ჰფენდა მათ სინათლეს“ („საგუშაგო კოშკი“, 1.11.95, გვ. 23-24), მაშ, რატომღა უარყვეს თავიანთი ადრინდელი შეხედულება და 1936 წლიდან ჯვარი ბოძით შეცვალეს? ეს ხომ მათივე სწავლებისა და „ზეშთაგონებული, შეუმცდარი“ წინამძღვრის ჩ. რასელის უარყოფას ნიშნავს?
პასუხი ასეთია: მათი მოძღვრება არის ჩამოუყალიბებელი და წინააღმდეგობებით სავსე. ისინი „იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტერნი, რომელთა აღსასრული წარწყმედაა“ (ფილიპ. 3, 18), „ვაინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენთვის, ხსნილთათვის, ძალაა ღმრთისა“ (1 კორ. 1, 18).
აი, ასეთია ღვთიური ჭეშმარიტებისადმი „იეღოვას მოწმეების“ მიდგომა. იგი მარტში ამინდის ცვალებადობას ჰგავს. მათ შეუძლიათ სწავლება, რომლისთვისაც თავს სდებენ, მცირე ხანში შეცვალონ და მცდარად, უაზროდ წარმოიდგინონ. ყოველივე ამის შემდეგ კი, განა შეიძლება მათი ნდობა ან მათი იდეებისადმი ფანატიკური ერთგულება?
__წიგნიდან: „ბიბლია ამხელს იეღოველთა სწავლებას“__