ლუკა თავი 7

1 . როცა დაასრულა თავისი სათქმელი მსმენელი ხალხისადმი, კაპერნაუმში შევიდა.

2 . ერთ ასისთავს ავად ჰყავდა და უკვდებოდა მონა, რომელიც ძვირფასი იყო მისთვის.

3 . იესოს ამბავი რომ ესმა, იუდეველთა უხუცესები მიუგზავნა თხოვნით, მოსულიყო და გადაერჩინა მისი მონის სიცოცხლე.

4 . მივიდნენ იესოსთან, დაბეჯითებით შეევედრნენ და უთხრეს: "ღირსია, რომ ეს გაუკეთო;

5 . რადგან უყვარს ჩვენი ხალხი, სინაგოგაც მან აგვიშენა”.

6 . და გაჰყვა იესო. უკვე სახლის შორიახლოს იყვნენ, რომ ასისთავმა მეგობრები გამოუგზავნა სიტყვით: "უფალო, ნუღარ შეწუხდები, ვინაიდან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.

7 . საკუთარი თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად; შენ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური.

8 . რადგან მეც ძალაუფლების ქვეშ მდგომი კაცი ვარ და ხელქვეითი ჯარისკაცებიც მყვანან. ერთს რომ ვეტყვი: წადი! მიდის. სხვას ვეტყვი: მოდი! და მოდის; ჩემს მონას: ეს გააკეთე! და აკეთებს”.

9 . ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს. მიუბრუნდა მის უკან მომავალ ხალხს და უთხრა: "გეუბნებით თქვენ, რომ ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი დიდი რწმენა”.

10 . სახლში რომ დაბრუნდნენ წარგზავნილნი, გამოჯანსაღებული დაუხვდათ ის მონა.

11 . მეორე დღეს იესო ნაინად წოდებულ ქალაქში წავიდა; თან მისი მოწაფენი და უამრავი ხალხი მიჰყვებოდნენ.

12 . ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა აჰა, მოასვენებენ მიცვალებულს, დედისერთა ვაჟს, ხოლო დედა ქვრივი იყო. დიდძალი ხალხი ახლდა თან.

13 . ქვრივის დანახვისას შეეცოდა იგი უფალს და უთხრა: "ნუ სტირი”.

14 . მივიდა და შეეხო საკაცეს. გამსვენებლები შედგნენ. მან თქვა: "ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექი!”

15 . მკვდარი წამოჯდა და ლაპარაკი დაიწყო; და მის დედას ჩააბარა იგი.

16 . ყველანი შიშმა შეიპყრო, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: "დიდი წინასწარმეტყველი აღდგა ჩვენს შორის და მოინახულა ღმერთმა თავისი ხალხი”.

17 . და გავრცელდა ეს სიტყვა მთელ იუდეასა და მის შემოგარენში.

18 . აუწყეს ეს ამბები იოანეს მისმა მოწაფეებმა.

19 . მოიხმო იოანემ თავისი ორი მოწაფე და იესოსთან გაგზავნა შესაკითხად: "შენ ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?”

20 . ჰკითხეს მისულმა კაცებმა: "იოანე ნათლისმცემელმა გამოგვგზავნა შენთან ამ კითხვით: შენ ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?”

21 . იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათა და სატკივართაგან, ასევე ავი სულებისგან, და მრავალ ბრმას უწყალობა მხედველობა.

22 . უთხრა მათ იესომ პასუხად: "წადით, უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ - ბრმები კვლავ ხედავენ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.

23 . ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში”.

24 . როცა იოანეს მოციქულები წავიდნენ, ხალხთან იოანეზე დაიწყო ლაპარაკი: "რის სანახავად მიდიოდით უდაბნოში? ქარისგან შერხეული ლერწმისა?

25 . მაინც რის სანახავად გადიოდით? კაცისა, რომელსაც ფაფუკი სამოსელი ეცვა? აჰა, ისინი, ვინც მდიდრულად არიან შემოსილნი და ფუფუნებაში ცხოვრობენ, სამეფო სასახლეებში იმყოფებიან.

26 . მაშ, რის სანახავად მიდიოდით? წინასწარმეტყველისა? დიახ, გეუბნებით თქვენ, წინასწარმეტყველზე მეტისაც.

27 . ვინაიდან ეს არის ის, ვის შესახებაც წერია: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენი სახის წინაშე, რომელიც გაამზადებს შენს გზას შენ წინაშე.

28 . ვინაიდან გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არავინაა იოანეზე დიდი; მაგრამ ღმერთის სამეფოში უმცირესიც მასზე დიდია”.

29 . და მთელმა ხალხმა, რომელიც მას უსმენდა, და მებაჟეებმაც აღიარეს, რომ მართალია ღმერთი, ინათლებოდნენ რა იოანეს ნათლობით.

30 . ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მცოდნეებმა უარყვეს ღმერთის ნება მათ მიმართ და არ მოინათლნენ მისგან.

31 . და თქვა იესომ: "ვის ვამსგავსო ეს თაობა, ვისი მსგავსნი არიან ისინი?

32 . ისინი ჰგვანან ყრმებს, რომლებიც მოედანზე სხედან და ერთმანეთს გასძახიან: სალამურს ვუკრავდით და არ ცეკვავდით, ვგოდებდით და არ სტიროდით.

33 . ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი. არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს და ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო.

34 . მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს, და ამბობთ: აჰა კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო.

35 . და გამართლებულია სიბრძნე ყველა მისი შვილის მიერ”.

36 . ვინმე ფარისეველთაგანი სთხოვდა, მასთან ეჭამა პური; შევიდა იმ ფარისევლის სახლში და სუფრას მიუჯდა.

37 . და აჰა, ცოდვილი დედაკაცი იყო ქალაქში. როგორც კი გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ნელსაცხებელი მოიტანა ალებასტრონით.

38 . უკან დადგა, მის ფერხთით, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა.

39 . ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე გაიფიქრა: "ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი”.

40 . მიუგო მას იესომ და უთხრა: "რაღაც მაქვს შენთან სათქმელი, სიმონ”. უპასუხა: "თქვი, მოძღვარო”.

41 . იესომ თქვა: "ერთ მევახშეს ორი მოვალე ჰყავდა, ერთს ხუთასი დინარი ემართა, მეორეს - ორმოცდაათი.

42 . მაგრამ რაკი არ ჰქონდათ, რით გადაეხადათ, ორივეს მიუტევა. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად ეყვარება იგი?”

43 . სიმონმა უპასუხა: "მე მგონი, რომელსაც უფრო მეტი მიეტევა”. მან კი უთხრა: "სწორად განსაჯე”.

44 . მიბრუნდა დედაკაცისკენ და უთხრა სიმონს: "ხომ ხედავ ამ დედაკაცს? შენს სახლში შემოვედი და წყალიც არ მომეცი ფეხებისთვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა.

45 . შენ არ გიკოცნია ჩემთვის, ამას კი, რაც აქ შემოვიდა, ჩემი ფეხების კოცნა არ შეუწყვეტია.

46 . შენ ზეთი არ გიცხია ჩემთვის თავზე, ამან კი ნელსაცხებელი მცხო ფეხებზე.

47 . ამიტომ გეუბნები: მაგას მრავალი ცოდვა მიეტევა, რადგან ძლიერ შეიყვარა. ხოლო, ვისაც ცოტა მიეტევა, მცირედ უყვარს”.

48 . შემდეგ უთხრა ქალს: "მიგეტევა შენი ცოდვები”.

49 . იწყეს მისმა თანამეინახეებმა თავისთვის ლაპარაკი: "ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებს?”

50 . მან კი უთხრა დედაკაცს: "შენმა რწმენამ გიხსნა. მშვიდობით წადი”.