1 . წავიდა იაკობი თავისი გზით; და შემოხვდნენ მას ღმერთის ანგელოზები.
2 . როცა დაინახა იაკობმა ისინი, თქვა: "ეს ღვთის ბანაკია” და უწოდა ამ ადგილს მახანაიმი - ორბანაკი.
3 . გაგზავნა იაკობმა მოციქულები ესავთან, თავის ძმასთან, რომელიც სეყირის ქვეყანაში, ედომის ველზე ცხოვრობდა.
4 . უბრძანა: "უთხარით ჩემს ბატონს, ესავს, ასე ამბობს-თქო შენი მსახური იაკობი: ლაბანთან ვიყავი და მასთან ვცხოვრობდი აქამდე;
5 . მყავს ხარები და სახედრები, ცხვარი, მსახურნი და მხევალნი; და გაუწყებ ჩემს ბატონს, რადგან მინდა მადლი ვპოვო შენს თვალში”.
6 . დაბრუნდნენ მოციქულები იაკობთან და უთხრეს: "მივედით შენს ძმასთან, ესავთან, და ისიც ოთხასი კაცით მოდის შენს შესახვედრად”.
7 . ძლიერ შეშინდა და შეშფოთდა იაკობი. ორ ჯგუფად გაყო ხალხი, რომელიც თან ახლდა, აგრეთვე საქონელი და აქლემები.
8 . თქვა: "ერთ ბანაკს თუ დაარბევს ესავი, მაშინ მეორე ბანაკი მაინც გადარჩება”.
9 . და თქვა იაკობმა: "მამაჩემის, აბრაჰამის ღმერთო და ჩემი მამის, ისაკის ღმერთო, უფალო, რომელმაც მითხარი: დაუბრუნდი შენს სამშობლოს, შენს სახლეულს და სიკეთეს გიყოფო.
10 . ღირსი არა ვარ ყველა იმ წყალობისა და სიკეთისა, რომელიც შენს მსახურს უწყალობე; ერთი ჯოხით გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ.
11 . მიხსენი ჩემი ძმის, ესავის ხელიდან, რადგან მეშინია, არ მოვიდეს და ოჯახიანად არ ამომწყვიტოს.
12 . ნათქვამი გაქვს: სიკეთეს გიყოფ და შენს შთამომავლობას ზღვის ქვიშასავით გავამრავლებ; და ვერ დაითვლებაო იგი სიმრავლის გამო.
13 . ღამე იქ გაათია და ძღვენი შეურჩია ძმას თავისი ქონებიდან.
14 . ორასი დედალი თხა და ოცი ვაცი, ორასი ნეზვი და ოცი ვერძი,
15 . ოცდაათი მეწველი აქლემი თავის კოზაკებით, ორმოცი ფური და ათი ხარი, ოცი დედალი ვირი და ათი ჩოჩორი.
16 . თავის მსახურებს ჩააბარა ცალცალკე ჯოგებად და უთხრა: "იარეთ ჩემ წინ და ჯოგსა და ჯოგს შორის მანძილი მოიტოვეთ”.
17 . უბრძანა პირველს: "როცა ჩემი ძმა, ესავი შეგხვდება და გკითხავს, ვისი ხარ, საით მიდიხარ ან ეგ სამწყსო ვისიაო,
18 . მაშინ ეტყვი: "შენი მსახურის, იაკობისაა-თქო, ესავისთვისაა გამოგზავნილი და თავადაც უკან მოგვყვება-თქო”.
19 . ასევე უბრძანა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც სამწყსოს გააყოლა: "შეხვედრისას ასე უთხარით ესავს:
20 . "შენი მსახური იაკობიც უკან მოგვყვება-თქო”. ფიქრობდა: "გულს მოვუგებ, მის რისხვას დავაცხრობ და მერე შევხედავ სახეზე, ეგებ შემიწყნაროსო”.
21 . და მიდიოდა ეს ძღვენი მის წინ; ის ღამე ბანაკში გაათია.
22 . ადგა ღამით, აიყვანა თავისი ორი ცოლი, ორი მხევალი და თერთმეტი შვილი და გადავიდა იაბოკის ფონზე.
23 . აიყვანა ისინი და მდინარეზე გადაიყვანა, რაც კი ჰქონდა, ყველაფერი გადაიტანა.
24 . მარტო დარჩა იაკობი და განთიადამდე ერკინებოდა მას კაცი.
25 . როცა მიხვდა, რომ ვერ ერეოდა, მის თეძოს სახსარს შეეხო და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან ბრძოლისას.
26 . უთხრა: "გამიშვი, რადგან თენდება”. უთხრა იაკობმა: "არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ”.
27 . ჰკითხა: "რა გქვია?” უპასუხა: "იაკობი”.
28 . და უთხრა: "ამიერიდან აღარ გერქვას იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე!”
29 . ჰკითხა იაკობმა: "მითხარი შენი სახელი”. უპასუხა: "რისთვის მეკითხები სახელს?” და იქვე აკურთხა.
30 . და უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი _ ღვთის ხილვა, რადგან თქვა: "ღმერთი ვიხილე პირისპირ და ცოცხალი დავრჩი”.
31 . როგორც კი ფენუელს გასცდა, მზე ამოუბრწყინდა. და კოჭლობდა იგი ცალი თეძოთი.
32 . ამიტომ დღემდე არ ჭამენ ისრაელნი მენჯის ძარღვს, რომელიც თეძოს სახსარზეა, რადგან თეძოს ძარღვზე შეეხო იაკობის სახსარს.
1 . დაუმოყვრდა სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ცოლად შეირთო მისი ასული და დავითის ქალაქში მიიყვანა, ვიდრე დაასრულებდა თავის სახლს, უფლის სახლსა და გალავანს იერუსალიმის გარშემო.
2 . მაგრამ ჯერ კიდევ მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს ხალხი, რადგან იმ დროს ჯერ არ იყო აშენებული სახლი უფლის სახელზე.
3 . შეიყვარა სოლომონმა უფალი და დადიოდა დავითის, მამამისის წესებით, მაგრამ მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს.
4 . გაბაონში იყო მთავარი მაღლობი; წავიდა მეფე, რათა მსხვერპლი შეეწირა იქ. ათასი სრულადდასაწველი აღავლინა სოლომონმა იმ სამსხვერპლოზე.
5 . ღამით სიზმარში უფალი გამოეცხადა გაბაონში სოლომონს და უთხრა ღმერთმა: "მთხოვე, რაც გინდა, რომ მოგცე!”
6 . უთხრა სოლომონმა: "სიკეთით და წყალობით ექცეოდი შენს მსახურ დავითს, მამაჩემს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლითა და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენ წინაშე; შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი სიკეთე და ძე მიეცი, რომელიც მის ტახტზე ზის დღეს.
7 . ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის ნაცვლად შენი მსახური; მაგრამ პატარა ბავშვივით ვარ, არც გასვლა ვიცი და არც შემოსვლა.
8 . შენი რჩეული ხალხის წიაღშია შენი მსახური, მრავალრიცხოვან ხალხში, რომელიც არ დაითვლება და არ აღირიცხება სიმრავლის გამო.
9 . მიეცი შენს მსახურს გამგები გული, რათა განსაჯოს შენი ხალხი, რომ განასხვავოს სიკეთე ბოროტებისგან, რადგან ვის შეუძლია განსაჯოს შენი ხალხი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?”
10 . მოსაწონი იყო უფლის თვალში სოლომონის სათხოვარი.
11 . უთხრა მას ღმერთმა: "იმის გამო, რომ ეს მთხოვე და არა ხანგრძლივი სიცოცხლე, სიმდიდრე ან შენი მტრების სული, არამედ გაგების უნარი მთხოვე სამართლის გასაკითხად!
12 . აჰა, შენი სიტყვებისამებრ მოვიქეცი და მოგეცი ბრძენი და გამგები გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა და არც შენს შემდეგ გამოჩნდება.
13 . რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრეს და დიდებას, ისე რომ მთელ შენს სიცოცხლეში, არავინ იქნება შენი მსგავსი მეფეთა შორის.
14 . თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს წესებსა და მცნებებს დაიცავ, როგორც მამაშენი, დავითი დადიოდა, დღეგრძელს გაგხდი”.
15 . გაიღვიძა სოლომონმა და აჰა, სიზმარი! მივიდა იერუსალიმში და წარსდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე, აღავლინა სრულადდასაწველი და შესწირა სამშვიდობო მსხვერპლები. ამის შემდეგ ნადიმი გამართა თავისი მსახურებისთვის.
16 . მაშინ მივიდა მეფესთან ორი მეძავი ქალი და წარსდგნენ მის წინაშე.
17 . თქვა ერთმა ქალმა: "ჩემო ბატონო, ერთ სახლში ვცხოვრობთ მე და ეს ქალი; იმ სახლში ვიმშობიარე მისი თანდასწრებით.
18 . ჩემი მშობიარობის მესამე დღეს შვა ამ ქალმაც; ერთად ვიყავით, უცხო არავინ ყოფილა ჩვენთან, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.
19 . მოკვდა ამ ქალის ვაჟი ღამით, რადგან ზედ დასწოლოდა.
20 . ადგა შუაღამისას, ეძინა შენს მხევალს, აიყვანა ჩემი ვაჟი ჩემი გვერდიდან და მკერდთან მიიწვინა, თავისი მკვდარი კი ჩემს მკერდთან დააწვინა.
21 . ავდექი დილით, რომ ძუძუ მეწოვებინა ჩემი ვაჟისთვის და აჰა, მკვდარია იგი. კარგად დავაკვირდი დილით და არ იყო ის ყრმა ჩემი შვილი, მე რომ ვშობე”.
22 . მეორე ქალმა თქვა: "არა, ცოცხალი ჩემი ვაჟია, მკვდარი კი შენი”. ის პასუხობდა: "არა, მკვდარი შენი ვაჟია, ცოცხალი კი ჩემი”. ასე ლაპარაკობდნენ მეფის წინაშე.
23 . თქვა მეფემ: "ერთი ამბობს: ცოცხალი ჩემი შვილია, შენი კი მკვდარიაო; მეორე ამბობს: "არა, მკვდარი შენი შვილია, ცოცხალი კი ჩემიაო.
24 . თქვა მეფემ: "მახვილი მომიტანეთ”; და მოიტანეს მახვილი.
25 . თქვა მეფემ: "ორად გაკვეთეთ ცოცხალი ბავშვი, ერთი ნახევარი ერთს მიეცით და მეორე ნახევარი მეორეს”.
26 . უთხრა ცოცხალი ბავშვის დედამ მეფეს, რადგან გულ-მუცელი დაეწვა თავისი ვაჟის გამო: "ოჰ, ჩემო ბატონო, მიეცით მაგას ცოცხალი ბავშვი, ოღონდ ნუ მოკლავთ”. მეორე იმეორებდა: "არც ჩემი იყოს და არც შენი. გაკვეთეთ!”
27 . მაშინ თქვა მეფემ პირველ ქალზე: "ამ ქალს მიეცით ცოცხალი ბავშვი, ნუ მოკლავთ, ეს არის მისი დედა!”
28 . გაიგო მთელმა ისრაელმა განაჩენის ამბავი, რომლითაც განსაჯა მეფემ და შეეშინდათ მეფისა, რადგან დაინახეს, რომ ღვთის სიბრძნე იყო მასში სამართლის აღსასრულებლად.
1 . შეიმოსა ესთერმა დედოფლის სამოსი მესამე დღეს და მეფის სასახლის შიდა ეზოში, სასახლის პირდაპირ დადგა; მეფე კი სამეფო ტახტზე იჯდა სამეფო სახლში, შესასვლელის პირდაპირ.
2 . მეფემ ეზოში მდგომი დედოფალი ესთერი რომ დაინახა, მადლი ჰპოვა მის თვალში; და გაუწოდა მეფემ ესთერს ოქროს კვერთხი, რომელიც ხელთ ეპყრა; მიუახლოვდა ესთერი და კვერთხის თავს შეეხო.
3 . ჰკითხა მეფემ: "რაო, დედოფალო ესთერ? რა სათხოვარი გაქვს? ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო, მოგცემ!”
4 . მიუგო ესთერმა: "თუ ინებებს მეფე, ჰამანთან ერთად მოვიდეს დღეს ნადიმზე, რომელიც მისთვის მოვამზადე”.
5 . თქვა მეფემ: "დააჩქარეთ ჰამანი, რათა აღსრულდეს ესთერის სიტყვა!” და მივიდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელიც მოამზადა ესთერმა.
6 . ჰკითხა ესთერს მეფემ ღვინის სმისას: "რა სათხოვარი გაქვს? თქვი და მოგეცემა. ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო, აღსრულდება!”
7 . მიუგო ესთერმა: "აი, ჩემი სახვეწარი და სათხოვარი:
8 . თუ მადლი ვპოვე მეფის თვალში და ინებებს მეფე ჩემი სურვილის შესრულებას და სათხოვრის მოცემას, ხვალ მოვიდეს მეფე ჰამანთან ერთად ნადიმზე, რომელსაც მოვამზადებ. ხვალ მოვიქცევი მეფის სიტყვისამებრ!”
9 . გახარებული და კმაყოფილი გამოვიდა იმ დღეს ჰამანი, მაგრამ როცა მეფის კარიბჭესთან მჯდარი მორდექაი დაინახა, რომელიც არ წამოუდგა და არც განძრეულა მის წინაშე, რისხვით აღივსო ჰამანი მორდექაიზე.
10 . მაგრამ თავი შეიკავა ჰამანმა, სახლში მივიდა, გაგზავნა და მოაყვანინა თავისი მეგობრები და ზერეში, თავისი ცოლი.
11 . და უამბო მათ ჰამანმა თავის სიმდიდრესა და მრავალრიცხოვან ძეებზე; როგორ განადიდა იგი მეფემ და როგორ აღამაღლა მთავრებსა და მეფის სხვა მსახურებზე მეტად.
12 . თქვა ჰამანმა: "თანაც დედოფალ ესთერს მეფესთან ერთად ჩემ გარდა არავინ მიუწვევია თავის მომზადებულ ნადიმზე! ხვალაც მასთან ვარ მიწვეული მეფესთან ერთად.
13 . და მაინც, ეს ყოველივე არაფრად მიღირს, სანამ სამეფო კარიბჭესთან მჯდარ ებრაელ მორდექაის ვხედავ!”
14 . მიუგო მას ზერეშმა, მისმა ცოლმა და ყველა მეგობარმა: "გაამზადებინე მაღალი, ორმოცდაათწყრთიანი ძელი და უთხარი დილით მეფეს, რომ ჩამოკიდონ მასზე მორდექაი. შენ კი მეფესთან ერთად მხიარული წადი ნადიმზე”. მოეწონა ეს სიტყვა ჰამანს და გაამზადებინა ძელი.
1 . და მივიდნენ მეფე და ჰამანი დედოფალ ესთერთან სანადიმოდ.
2 . ჰკითხა მეფემ ესთერს მეორე დღესაც, ღვინო რომ დალიეს: "რა არის შენი სათხოვარი, დედოფალო ესთერ? აჰა, მოგეცემა. ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო, აღსრულდება!”
3 . მიუგო დედოფალმა ესთერმა და უთხრა: "მეფევ, თუ მიპოვია მადლი შენს თვალში და თუ ინებებს მეფე, მებოძოს ჩემი სიცოცხლე ჩემს სათხოვარში და ჩემი ხალხის სიცოცხლე ჩემს სავედრებელში!
4 . რადგან გაყიდულნი ვართ ჩვენ, მე და ჩემი ხალხი გასანადგურებლად, დასახოცად და მოსასპობად. მონებად და მხევლებად რომ გავეყიდეთ, დავდუმდებოდი, მაგრამ მტერი ვერ აანაზღაურებს მეფის ზარალს”.
5 . ჰკითხა მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს: "ვინ არის იგი და სად არის, ვინც ამის გაკეთება განიზრახა?”
6 . თქვა ესთერმა: "არაკეთილმოსურნე და მტერია ეს ბოროტი ჰამანი!” თავზარი დაეცა ჰამანს მეფისა და დედოფლის წინაშე.
7 . წამოდგა ნადიმიდან განრისხებული მეფე და გავიდა სასახლის ბაღში; ჰამანი კი დარჩა, რათა თავისი სული გამოეთხოვა დედოფალ ესთერისგან, რადგან დაინახა, რომ უბედურება ელოდა მეფისგან.
8 . მობრუნდა მეფე სანადიმო დარბაზში სასახლის ბაღიდან, ჰამანი კი ესთერის სარეცელზე იყო დამხობილი. თქვა მეფემ: "დედოფლის დამორჩილებაც განუზრახავს ჩემს სახლში?!” სიტყვა თქვა მეფემ და მყისვე დაუფარეს სახე ჰამანს.
9 . თქვა ხარბონამ, მეფის წინაშე მდგომმა ერთ-ერთმა საჭურისმა: "აჰა, ორმოცდაათწყრთიანი ძელი დგას ჰამანის სახლთან, ჰამანმა რომ მოუმზადა მორდექაის, ვისმა სიტყვამაც გადაარჩინა მეფე”. და ბრძანა მეფემ: "მასზე ჩამოკიდეთ!”
10 . და ჩამოკიდეს ჰამანი ძელზე, რომელიც მან მორდექაის გაუმზადა და დაცხრა მეფის რისხვა.
1 . ადგა და იქიდან იუდეაში, იორდანეს გაღმა მივიდა. მოგროვდა მასთან ხალხი და, ჩვეულებისამებრ, კვლავ ასწავლიდა მათ.
2 . მივიდნენ ფარისევლები იესოსთან და გამოსაცდელად ჰკითხეს: "ნებადართულია თუ არა კაცისთვის ცოლის გაშვება?”
3 . მან მიუგო და ჰკითხა: "რა დაგიწესათ მოსემ?”
4 . უთხრეს: "მოსემ დაგვრთო ნება დავწეროთ გაყრილობის წიგნი და გავუშვათ”.
5 . უთხრა მათ იესომ: "თქვენი გულქვაობის გამო დაგიწესათ ეს მცნება.
6 . მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
7 . ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და მიეკვრება თავის ცოლს.
8 . და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად, ისინი ორნი კი არ არიან, ერთი ხორცი არიან.
9 . ამრიგად, ვისაც ღმერთი შეაუღლებს, კაცი ნუ განაშორებს”.
10 . სახლში მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს ამაზე.
11 . უთხრა: "ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს.
12 . თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას მისთხოვდება, მრუშობს”.
13 . და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მომყვანებს.
14 . ეს რომ იესომ დაინახა, გაწყრა და უთხრა მათ: "გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მაგათნაირებისაა ღმერთის სამეფო.
15 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმერთის სამეფოს, ვერ შევა შიგ”.
16 . მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი.
17 . გზაზე რომ გამოვიდა, ვიღაც კაცმა მიირბინა, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა: "კეთილო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?”
18 . ხოლო იესომ უთხრა: "რატომ მიწოდე კეთილი? არავინ არის კეთილი, გარდა ერთისა - ღმერთისა.
19 . იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ კლა, არ იპარო, ცრუმოწმე ნუ იქნები, ნუ იცრუებ, პატივი ეცი შენს მამას და დედას”.
20 . მან მიუგო: "მოძღვარო, ყოველივე ამას სიჭაბუკიდან ვიცავ!”
21 . იესომ შეხედა მას, შეუყვარდა და უთხრა: "ერთი რამ გაკლია: წადი, რაც გაქვს, გაყიდე, ღარიბებს დაურიგე და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი”.
22 . მაგრამ შეწუხდა იგი ამ სიტყვებზე და დანაღვლიანებული წავიდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა.
23 . იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს: "რა ძნელი იქნება მდიდრებისთვის ღმერთის სამეფოში შესვლა”.
24 . მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კი კვლავ მიუგო მათ და უთხრა: "შვილებო, რა ძნელი იქნება ღმერთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი!
25 . აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.
26 . იმათ უფრო მეტად გაიოცეს და ამბობდნენ ერთმანეთში: "ვისღა შეუძლია გადარჩენა?”
27 . შეხედა მათ იესომ და თქვა: "ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღმერთისთვის, რადგან ღმერთისთვის ყოველივე შესაძლებელია”.
28 . დაუწყო პეტრემ ლაპარაკი: "აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით”.
29 . უთხრა იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიატოვოს სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან ყანა,
30 . და ასწილად არ მიიღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები, დები, მშობლები, შვილები და ყანები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში - საუკუნო სიცოცხლე.
31 . მაგრამ მრავალი პირველი უკანასკნელი იქნება და მრავალი უკანასკნელი - პირველი”.
32 . იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე იდგნენ და იესო წინ მიუძღოდა მათ; ისინი გაოცებულნი იყვნენ, მისი მიმდევრები კი შეშინებულნი. კვლავ მოუხმო თორმეტს და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, რაც უნდა შემთხვეოდა მას:
33 . "აჰა, იერუსალიმში ავდივართ, სადაც ძე კაცისა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს გადაეცემა; სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ და წარმართებს გადასცემენ;
34 . შეურაცხყოფენ, გაშოლტავენ, შეაფურთხებენ და მოკლავენ, მესამე დღეს კი აღდგება”.
35 . მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი - იაკობი და იოანე, და უთხრეს: "მოძღვარო, გვინდა, რომ შეგვისრულო, რასაც გთხოვთ”.
36 . ჰკითხა: "რა გინდათ, რომ შეგისრულოთ?”
37 . მათ უთხრეს: "ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი მარჯვნივ დაგიჯდეს, ხოლო მეორე - მარცხნივ, შენს დიდებაში”.
38 . იესომ უპასუხა: "არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ ის სასმისი შევსვათ, რომელსაც მე ვსვამ და ის ნათლობა მიიღოთ, რომლითაც მე ვინათლები?”
39 . უთხრეს: "შეგვიძლია”. იესომ მიუგო: "სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით.
40 . მაგრამ ჩემს მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემგან არ არის, არამედ, ვისთვისაც გამზადებულია”.
41 . ეს რომ ათმა გაიგო, დრტვინვა იწყეს იაკობსა და იოანეზე.
42 . იესომ მოიხმო ისინი და უთხრა: "თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავრებად მიჩნეულნი, ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე.
43 . თქვენ შორის კი ასე ნუ იქნება, არამედ ვისაც თქვენში დიდობა სურს, თქვენი მსახური იყოს იგი.
44 . და ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, ის იყოს ყველას მონა.
45 . რადგან ძე კაცისა იმისთვის როდი მოსულა, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად ემსახუროს და მრავალთა გამოსასყიდად მისცეს თავისი სული”.
46 . მივიდნენ იერიქოში; იერიქოდან რომ თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად გამოდიოდა, გზის პირას ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე, ბარტიმეოსი იჯდა.
47 . როცა ყური მოჰკრა, ეს იესო ნაზარეველიაო, ყვირილი მორთო; ამბობდა: "იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!”
48 . ბევრი უწყრებოდა, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ მან უფრო უმატა ყვირილს: "დავითის ძეო, შემიწყალე!”
49 . შეჩერდა იესო და თქვა: "დაუძახეთ”. დაუძახეს ბრმას და უთხრეს: "ნუ გეშინია, ადექი, გეძახის”.
50 . გადააგდო თავისი მოსასხამი, ადგა და მივიდა იესოსთან.
51 . იესომ ჰკითხა მას: "რა გინდა, რომ გაგიკეთო?” ბრმამ უთხრა: "რაბუნი, კვლავ რომ ვხედავდე”.
52 . იესომ უთხრა: "წადი, შენმა რწმენამ გიხსნა”. მყისვე აეხილა თვალი და გაჰყვა იესოს გზაზე.
1 . როცა დაასრულა თავისი სათქმელი მსმენელი ხალხისადმი, კაპერნაუმში შევიდა.
2 . ერთ ასისთავს ავად ჰყავდა და უკვდებოდა მონა, რომელიც ძვირფასი იყო მისთვის.
3 . იესოს ამბავი რომ ესმა, იუდეველთა უხუცესები მიუგზავნა თხოვნით, მოსულიყო და გადაერჩინა მისი მონის სიცოცხლე.
4 . მივიდნენ იესოსთან, დაბეჯითებით შეევედრნენ და უთხრეს: "ღირსია, რომ ეს გაუკეთო;
5 . რადგან უყვარს ჩვენი ხალხი, სინაგოგაც მან აგვიშენა”.
6 . და გაჰყვა იესო. უკვე სახლის შორიახლოს იყვნენ, რომ ასისთავმა მეგობრები გამოუგზავნა სიტყვით: "უფალო, ნუღარ შეწუხდები, ვინაიდან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.
7 . საკუთარი თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად; შენ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური.
8 . რადგან მეც ძალაუფლების ქვეშ მდგომი კაცი ვარ და ხელქვეითი ჯარისკაცებიც მყვანან. ერთს რომ ვეტყვი: წადი! მიდის. სხვას ვეტყვი: მოდი! და მოდის; ჩემს მონას: ეს გააკეთე! და აკეთებს”.
9 . ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს. მიუბრუნდა მის უკან მომავალ ხალხს და უთხრა: "გეუბნებით თქვენ, რომ ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი დიდი რწმენა”.
10 . სახლში რომ დაბრუნდნენ წარგზავნილნი, გამოჯანსაღებული დაუხვდათ ის მონა.
11 . მეორე დღეს იესო ნაინად წოდებულ ქალაქში წავიდა; თან მისი მოწაფენი და უამრავი ხალხი მიჰყვებოდნენ.
12 . ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა აჰა, მოასვენებენ მიცვალებულს, დედისერთა ვაჟს, ხოლო დედა ქვრივი იყო. დიდძალი ხალხი ახლდა თან.
13 . ქვრივის დანახვისას შეეცოდა იგი უფალს და უთხრა: "ნუ სტირი”.
14 . მივიდა და შეეხო საკაცეს. გამსვენებლები შედგნენ. მან თქვა: "ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექი!”
15 . მკვდარი წამოჯდა და ლაპარაკი დაიწყო; და მის დედას ჩააბარა იგი.
16 . ყველანი შიშმა შეიპყრო, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: "დიდი წინასწარმეტყველი აღდგა ჩვენს შორის და მოინახულა ღმერთმა თავისი ხალხი”.
17 . და გავრცელდა ეს სიტყვა მთელ იუდეასა და მის შემოგარენში.
18 . აუწყეს ეს ამბები იოანეს მისმა მოწაფეებმა.
19 . მოიხმო იოანემ თავისი ორი მოწაფე და იესოსთან გაგზავნა შესაკითხად: "შენ ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?”
20 . ჰკითხეს მისულმა კაცებმა: "იოანე ნათლისმცემელმა გამოგვგზავნა შენთან ამ კითხვით: შენ ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?”
21 . იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათა და სატკივართაგან, ასევე ავი სულებისგან, და მრავალ ბრმას უწყალობა მხედველობა.
22 . უთხრა მათ იესომ პასუხად: "წადით, უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ - ბრმები კვლავ ხედავენ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.
23 . ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში”.
24 . როცა იოანეს მოციქულები წავიდნენ, ხალხთან იოანეზე დაიწყო ლაპარაკი: "რის სანახავად მიდიოდით უდაბნოში? ქარისგან შერხეული ლერწმისა?
25 . მაინც რის სანახავად გადიოდით? კაცისა, რომელსაც ფაფუკი სამოსელი ეცვა? აჰა, ისინი, ვინც მდიდრულად არიან შემოსილნი და ფუფუნებაში ცხოვრობენ, სამეფო სასახლეებში იმყოფებიან.
26 . მაშ, რის სანახავად მიდიოდით? წინასწარმეტყველისა? დიახ, გეუბნებით თქვენ, წინასწარმეტყველზე მეტისაც.
27 . ვინაიდან ეს არის ის, ვის შესახებაც წერია: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენი სახის წინაშე, რომელიც გაამზადებს შენს გზას შენ წინაშე.
28 . ვინაიდან გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არავინაა იოანეზე დიდი; მაგრამ ღმერთის სამეფოში უმცირესიც მასზე დიდია”.
29 . და მთელმა ხალხმა, რომელიც მას უსმენდა, და მებაჟეებმაც აღიარეს, რომ მართალია ღმერთი, ინათლებოდნენ რა იოანეს ნათლობით.
30 . ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მცოდნეებმა უარყვეს ღმერთის ნება მათ მიმართ და არ მოინათლნენ მისგან.
31 . და თქვა იესომ: "ვის ვამსგავსო ეს თაობა, ვისი მსგავსნი არიან ისინი?
32 . ისინი ჰგვანან ყრმებს, რომლებიც მოედანზე სხედან და ერთმანეთს გასძახიან: სალამურს ვუკრავდით და არ ცეკვავდით, ვგოდებდით და არ სტიროდით.
33 . ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი. არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს და ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო.
34 . მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს, და ამბობთ: აჰა კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო.
35 . და გამართლებულია სიბრძნე ყველა მისი შვილის მიერ”.
36 . ვინმე ფარისეველთაგანი სთხოვდა, მასთან ეჭამა პური; შევიდა იმ ფარისევლის სახლში და სუფრას მიუჯდა.
37 . და აჰა, ცოდვილი დედაკაცი იყო ქალაქში. როგორც კი გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ნელსაცხებელი მოიტანა ალებასტრონით.
38 . უკან დადგა, მის ფერხთით, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა.
39 . ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე გაიფიქრა: "ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი”.
40 . მიუგო მას იესომ და უთხრა: "რაღაც მაქვს შენთან სათქმელი, სიმონ”. უპასუხა: "თქვი, მოძღვარო”.
41 . იესომ თქვა: "ერთ მევახშეს ორი მოვალე ჰყავდა, ერთს ხუთასი დინარი ემართა, მეორეს - ორმოცდაათი.
42 . მაგრამ რაკი არ ჰქონდათ, რით გადაეხადათ, ორივეს მიუტევა. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად ეყვარება იგი?”
43 . სიმონმა უპასუხა: "მე მგონი, რომელსაც უფრო მეტი მიეტევა”. მან კი უთხრა: "სწორად განსაჯე”.
44 . მიბრუნდა დედაკაცისკენ და უთხრა სიმონს: "ხომ ხედავ ამ დედაკაცს? შენს სახლში შემოვედი და წყალიც არ მომეცი ფეხებისთვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა.
45 . შენ არ გიკოცნია ჩემთვის, ამას კი, რაც აქ შემოვიდა, ჩემი ფეხების კოცნა არ შეუწყვეტია.
46 . შენ ზეთი არ გიცხია ჩემთვის თავზე, ამან კი ნელსაცხებელი მცხო ფეხებზე.
47 . ამიტომ გეუბნები: მაგას მრავალი ცოდვა მიეტევა, რადგან ძლიერ შეიყვარა. ხოლო, ვისაც ცოტა მიეტევა, მცირედ უყვარს”.
48 . შემდეგ უთხრა ქალს: "მიგეტევა შენი ცოდვები”.
49 . იწყეს მისმა თანამეინახეებმა თავისთვის ლაპარაკი: "ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებს?”
50 . მან კი უთხრა დედაკაცს: "შენმა რწმენამ გიხსნა. მშვიდობით წადი”.
1 . ხოლო იესო ზეთისხილის მთისკენ გაემართა.
2 . დილით კვლავ ტაძარში დაბრუნდა. მთელი ხალხი მასთან მივიდა. დაჯდა და ასწავლიდა მათ.
3 . მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს.
4 . უთხრეს იესოს: "მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული;
5 . მოსემ კი ასეთების ჩაქოლვა მცნებად დაგვიდო რჯულში. შენ რას იტყვი?”
6 . ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი წაეყენებინათ მისთვის. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა.
7 . რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, ადგა და უთხრა მათ: "ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!”
8 . მერე კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა.
9 . ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან დაწყებული, სათითაოდ გაიკრიფნენ სინდისმხილებულნი. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი.
10 . წამოიმართა იესო და იმ დედაკაცის გარდა რომ ვეღარავინ დაინახა, ჰკითხა მას: "დედაკაცო, რა იქნენ შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?”
11 . ქალმა უპასუხა: "არავინ, უფალო!” იესომ უთხრა: "არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ”.
12 . კვლავ ელაპარაკა ხალხს იესო; უთხრა: "მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება”.
13 . უთხრეს მას ფარისევლებმა: "შენ თვითონ ამოწმებ შენს თავზე. შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი”.
14 . მიუგო იესომ: "მე თუ ვამოწმებ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ.
15 . თქვენ ხორცის მიხედვით განიკითხავთ, მე კი არავის განვიკითხავ.
16 . მე თუ განვიკითხავ, ჩემი განკითხვა ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო კი არ ვარ, არამედ მე და მამა, რომელმაც მომავლინა”.
17 . თქვენს რჯულშიც წერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია.
18 . მე ჩემს თავზე ვამოწმებ და ჩემზევე ამოწმებს მამა, რომელმაც მომავლინა.
19 . მაშინ ჰკითხეს მას: "სად არის მამაშენი?” მიუგო მათ იესომ: "არც მე მიცნობთ, არც მამაჩემს. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ”.
20 . ეს სიტყვები საგანძურთან წარმოთქვა იესომ, ტაძარში რომ ასწავლიდა; და ვერავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ დამდგარიყო მისი ჟამი.
21 . კვლავ უთხრა მათ იესომ: "მე მივდივარ და ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვებში დაიხოცებით. სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ”.
22 . იუდევლებმა თქვეს: "თავი ხომ არ უნდა მოიკლას, რომ ამბობს: სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთო მოსვლას?”
23 . უთხრა მათ: "თქვენ ქვემოდან ხართ, მე კი მაღლიდან ვარ; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, მე კი ამქვეყნიური არა ვარ.
24 . ამიტომ გითხარით: თქვენს ცოდვებში დაიხოცებით-მეთქი; რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით”.
25 . მაშინ უთხრეს მას: "ვინ ხარ შენ?” იესომ უთხრა მათ: "ის, რასაც თავიდანვე გეუბნებოდით.
26 . ბევრი მაქვს თქვენს შესახებ სათქმელი და განსასჯელი, მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვლაპარაკობ წუთისოფელში”.
27 . ვერ მიხვდნენ, რომ მამაზე ეუბნებოდა მათ.
28 . ამიტომ უთხრა მათ იესომ: "როცა აამაღლებთ ძე კაცისას, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ, რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ.
29 . ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო”.
30 . ეს რომ თქვა, ბევრმა ირწმუნა იგი.
31 . მაშინ იესომ იმ იუდევლებს მიმართა, მისი რომ ირწმუნეს: "თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ.
32 . შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ”.
33 . მიუგეს მას: "ჩვენ აბრაჰამის თესლი ვართ და არასოდეს არავისი მონები ვყოფილვართ. როგორღა ამბობ, თავისუფლები გახდებითო?”
34 . უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ჩამდენი ცოდვისა, ცოდვის მონაა.
35 . ხოლო მონა საუკუნოდ არ რჩება სახლში, ძე რჩება საუკუნოდ.
36 . ამიტომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით.
37 . ვიცი, რომ აბრაჰამის თესლი ხართ; მაგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში.
38 . მე იმას ვლაპარაკობ, რაც მამაჩემთან ვნახე, თქვენ კი იმას აკეთებთ, რაც მამათქვენთან მოისმინეთ”.
39 . უთხრეს: "ჩვენი მამა აბრაჰამია!” იესომ უპასუხა: "თქვენ რომ აბრაჰამის შვილები იყოთ, აბრაჰამის საქმეებს გააკეთებდით”.
40 . ახლა კი ჩემს მოკვლას ცდილობთ, კაცისას, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, ღმერთისგან რომ მოვისმინე. აბრაჰამს ასეთი რამ არ გაუკეთებია.
41 . თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ”. უპასუხეს: "ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ერთი მამა გვყავს - ღმერთი”.
42 . უთხრა მათ იესომ: "ღმერთი რომ თქვენი მამა იყოს, მაშინ გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღმერთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
43 . რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა.
44 . თქვენი მამა ეშმაკია და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა.
45 . მე კი, რადგან ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, ჩემი არ გწამთ.
46 . რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არ გწამთ ჩემი?
47 . ვინც ღმერთისგანაა, ისმენს ღმერთის ნათქვამს; თქვენ კი იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმერთისგან არა ხართ”.
48 . მაშინ იუდევლებმა უთხრეს: "განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში?”
49 . მიუგო იესომ: "ჩემში ეშმაკი არ არის; მე პატივს ვცემ მამაჩემს, თქვენ კი უპატიომყოფთ მე.
50 . თუმცა მე არ ვეძებ ჩემს დიდებას. არის მძებნელი და განმკითხველი.
51 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ჩემ სიტყვას დაიცავს, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს”.
52 . უთხრეს მას იუდევლებმა: "ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკია შენში. აბრაჰამი და წინასწარმეტყველნი დაიხოცნენ, შენ კი ამბობ: ვინც ჩემს სიტყვას იცავს, უკუნისამდე არ იგემებსო სიკვდილს.
53 . განა შენ ჩვენს მამა აბრაჰამზე დიდი ხარ, რომელიც მოკვდა? წინასწარმეტყველნიც დაიხოცნენ. ვინ გგონია შენი თავი?”
54 . მიუგო იესომ: "თუ მე საკუთარ თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს მამაჩემი, ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო.
55 . თქვენ ვერ შეიცანით იგი, მე კი ვიცნობ მას. თუ ვიტყვი, არ ვიცნობ მეთქი მას, თქვენისთანა ცრუ ვიქნები. მაგრამ ვიცნობ მას და ვიცავ მის სიტყვას.
56 . აბრაჰამს, მამათქვენს, ახარებდა ჩემი დღის ხილვა. იხილა და გაიხარა”.
57 . იუდევლებმა უთხრეს: "ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაჰამი გინახავს?”
58 . უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სანამ აბრაჰამი იქნებოდა, მე ვარ”.
59 . მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ თვალს მიეფარა იესო და გავიდა ტაძრიდან.
1 . ამის შემდეგ კვლავ ეჩვენა იესო მოწაფეებს, ტიბერიის ზღვაზე. აი, ასე ეჩვენა მათ:
2 . ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, ტყუპისცალად წოდებული თომა, ნათანაელი, გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა, მის მოწაფეთაგან.
3 . უთხრა მათ სიმონ-პეტრემ: "მე სათევზაოდ მივდივარ”. მიუგეს: "ჩვენც შენთან მოვდივართ”. გავიდნენ და ნავზე ავიდნენ. იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს.
4 . რომ გათენდა, იესო იდგა ნაპირზე, თუმცა, მოწაფეებმა არ იცოდნენ, რომ ეს იესო იყო.
5 . უთხრა მათ იესომ: "შვილებო, არაფერი გაქვთ საჭმელი?” მიუგეს: "არა”.
6 . უთხრა მათ: "ნავის მარჯვენა მხრიდან ისროლეთ ბადე და იპოვით”. ისროლეს და ვეღარ გამოათრიეს თევზის სიმრავლის გამო.
7 . მოწაფემ, იესოს რომ უყვარდა, უთხრა პეტრეს: "ეს უფალია”. როცა გაიგონა სიმონ-პეტრემ, უფალიაო, მოსასხამი მოიხვია, რადგან შიშველი იყო, და ზღვაში გადაეშვა.
8 . სხვა მოწაფეები კი ნავით მოვიდნენ, რადგან შორს არ იყვნენ ხმელეთიდან, დაახლოებით ორას წყრთაზე. თან თევზებიანად მოათრევდნენ ბადეს.
9 . ხმელეთზე რომ გამოვიდნენ, ნახეს დალაგებული ნაკვერჩხლები და თევზი ზემოდან, და პური.
10 . უთხრა მათ იესომ: "იმ თევზისა მოიტანეთ, ახლა რომ დაიჭირეთ”.
11 . ავიდა სიმონ-პეტრე და ას ორმოცდაცამეტი დიდი თევზით სავსე ბადე ხმელეთზე გამოათრია; სიმრავლის მიუხედავად, ბადე არ გახეულა.
12 . უთხრა მათ იესომ: "მოდით, ისაუზმეთ”. მოწაფეთაგან ვერცერთმა ვერ გაბედა ჩაძიებოდა, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო.
13 . აიღო იესომ პური და მისცა მათ, ასევე თევზიც.
14 . ეს მესამედ ეჩვენა მკვდრეთით აღმდგარი იესო მოწაფეებს.
15 . ნასაუზმევს, უთხრა სიმონ-პეტრეს იესომ: "სიმონ იოანესავ, ამათზე მეტად გიყვარვარ?” მიუგო: "დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ”. უთხრა: "აძოვე ჩემი კრავები”.
16 . კვლავ ეუბნება მას მეორედ: "სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?” მიუგო: "დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ”. უთხრა მას: "მწყემსე ჩემი ცხვრები”.
17 . ეუბნება მას მესამედ: "სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?” დამწუხრდა პეტრე, მესამედ რომ ჰკითხა, გიყვარვარო? უთხრა მას: "უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ!” უთხრა იესომ: "აძოვე ჩემი ცხვრები.
18 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი ხოლმე სარტყელს და მიდიოდი, სადაც გსურდა; მაგრამ როცა მოხუცდები, გაშლი ხელებს, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და იქ წაგიყვანს, სადაც არ გსურს”.
19 . ეს თქვა იმის მისანიშნებლად, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს თქვა და უთხრა მას: "მომყევი”.
20 . მობრუნებულმა პეტრემ დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, უბეზე რომ მიეკრა სერობისას და ჰკითხა: უფალო, ვინ არისო, შენი გამცემი?
21 . დაინახა რა იგი პეტრემ ჰკითხა იესოს: "უფალო, ამას რაღა მოუვა?”
22 . იესომ უპასუხა: "თუ მსურს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს იგი, შენ რა? შენ მე გამომყევი”.
23 . ამიტომ გამოვიდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ არ მოკვდებოდა ის მოწაფე. მაგრამ იესოს არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუ მსურს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს იგი, შენ რაო?
24 . ეს არის ის მოწაფე, რომელიც ამოწმებს ამას და რომელმაც დაწერა ეს; და ვიცით, რომ ჭეშმარიტია მისი მოწმობა.
25 . კიდევ ბევრი სხვაც არის, რაც მოიმოქმედა იესომ; ყველაფერი რომ დაწვრილებით დაწერილიყო, ვფიქრობ, თვით წუთისოფელიც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ!