მეორე რჯული თავი 18

1 . "არ ექნებათ წილი და სამკვიდრო ისრაელში ლევიან მღვდლებსა და ლევის მთელ ტომს, არამედ უფლის საცეცხლო შესაწირთა და მისი წილისგან ჭამონ.

2 . სამკვიდრებელი წილი არ ექნებათ მათ თავიანთ ძმათა შორის: თვით უფალია მათი სამკვიდრებელი, როგორც ნაუწყები აქვთ მისგან.

3 . ეს იყოს დაწესებული მღვდელთათვის ხალხისგან, ხარისა და კრავის შემწირველთაგან: თითოეულმა მისცეს მღვდელს ბეჭი, ყბა და შიგნეულობა,

4 . პირველნაყოფი მარცვლეული, ღვინო და ზეთი; პირველმონაგები ცხვრის ნაპარსიც მას მიეცი,

5 . რადგან ის ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა შენი ტომისგან, რათა იდგნენ უფლის სახელით სამსახურში ის და მისი ძენი სამუდამოდ.

6 . თუ ისრაელის რომელიმე მხრიდან, სადაც ცხოვრობს, თავისი სურვილით მოვა ლევიანი იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი,

7 . და იმსახურებს უფლის, თავისი ღმერთის სახელით, როგორც ყველა მისი ძმა ლევიანი, რომელიც დგას იქ უფლის წინაშე.

8 . თანაბარი წილი ჰქონდეთ ყველაფერში, გარდა მათი გასაყიდი მამისეული ქონებისა.

9 . როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ნუ გაიმეორებ იმ ხალხთა სისაძაგლეებს.

10 . არ იყოს შენს შორის თავისი ძისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც ჯადოქარი, არც მისანი, არც მარჩიელი, არც გრძნეული,

11 . არც მომჯადოვებელი, არც სულთა და არც მკვდართა გამომკითხველი,

12 . ვინაიდან საზიზღარია უფლის წინაშე ყოველივე ამის მოქმედი; ამ სისაძაგლეთა გამო სდევნის მათ შენგან უფალი, შენი ღმერთი.

13 . უბიწო იყავი უფლის, შენი ღმერთის წინაშე,

14 . რადგან ეს ხალხები, რომლებსაც იპყრობთ, მისნებსა და ჯადოქრებს უსმენენ, შენ კი ეს არ მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა.

15 . და წინასწარმეტყველს აღადგენს შენგან, შენს ძმათაგან, ჩემს მსგავსად აღადგენს უფალი, თქვენი ღმერთი; მას უსმინეთ;

16 . ვინაიდან ასე ითხოვეთ უფლისგან, თქვენი ღმერთისგან ხორებთან შეკრების დღეს: მეტად ნუღარ გავიგონებთო უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, და ნუღარ ვიხილავთო ამ დიდ ცეცხლს, რათა არ დავიხოცოთ.

17 . მითხრა უფალმა: "კარგია ის, რაც თქვეს.

18 . გამოვუყვან მათ თავის ძმათაგან წინასწარმეტყველს შენს მსგავსად, ჩემს სიტყვას ჩავუდებ პირში და ყველაფერს გამოუცხადებს მათ, რასაც ვუბრძანებ.

19 . ის, ვინც არ შეისმენს სიტყვებს, რომელთაც ჩემი სახელით ილაპარაკებს იგი, მე თვითონ მოვკითხავ მას.

20 . მაგრამ წინასწარმეტყველი, რომელიც გათავხედდება და ჩემი სახელით ილაპარაკებს იმას, რაც მე არ მიბრძანებია მისთვის ან სხვა ღმერთების სახელით ალაპარაკდება, უნდა მოკვდეს”.

21 . თუ იტყვი გულში: როგორ გავიგო, რომელი სიტყვა არ მოდისო უფლისგან?

22 . თუ უფლის სახელით ილაპარაკებს წინასწარმეტყველი, მაგრამ არ ასრულდება სიტყვა და არ ახდება, მაშინ არ ყოფილა ეს სიტყვა უფლის ნათქვამი; თვითნებურად ილაპარაკა წინასწარმეტყველმა. ნუ გეშინიათ მისი.