1 . უბრძანეს მოსემ და ისრაელის უხუცესებმა ერს და უთხრეს: "დაიცავი ყოველი მცნება, რასაც გიბრძანებ დღეს.
2 . იმ დღეს, როცა გადახვალ იორდანეს გაღმა მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, აღმართე დიდი ქვები და შელესე კირით;
3 . და დააწერე ზედ ამ რჯულის ყოველი სიტყვა, როცა იორდანეს გადახვალ, რათა შეხვიდე იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება, როგორც თქვა უფალმა, შენი მამების ღმერთმა.
4 . როცა გადალახავ იორდანეს, აღმართე ეს ქვები, როგორც გიბრძანებ დღეს, ღებალის მთაზე და შელესე კირით.
5 . აუგე იქ სამსხვერპლო უფალს, შენს ღმერთს, ქვის სამსხვერპლო, რკინა არ შეახო მას.
6 . მთელ-მთელი ქვებისგან აუგე უფალს, შენს ღმერთს სამსხვერპლო და მასზე აღავლინე აღსავლენი მსხვერპლი, უფლისთვის, შენი ღმერთისთვის.
7 . შესწირე სამშვიდობო მსხვერპლები, ჭამე იქ და გაიხარე უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
8 . და დააწერე ქვებზე ამ რჯულის ყოველი სიტყვა ძალიან მკაფიოდ”.
9 . ასე უთხრეს მოსემ და ლევიანმა მღვდლებმა მთელს ისრაელს: "დადუმდი და ისმინე, ისრაელ! ამ დღეს გახდი შენ უფლის, შენი ღმერთის ერი.
10 . ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა, შეასრულე მისი მცნებანი და მისი წესები, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს”.
11 . ასე უბრძანა მოსემ იმ დღეს ერს:
12 . "ესენი დადგებიან გერიზიმის მთაზე ხალხის საკურთხებლად, როცა გადალახავ იორდანეს: სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, იოსები და ბენიამინი.
13 . ხოლო ესენი დადგებიან ღებალის მთაზე დასაწყევლად: რეუბენი, გადი, აშერი, ზებულონი, დანი და ნაფთალი.
14 . ლევიანები ილაპარაკებენ და ეტყვიან მთელ ისრაელს ხმამაღლა:
15 . წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ კერპს, სისაძაგლეს უფლისთვის, ხელოსნის ხელით ნაკეთებს, და ფარულად დადგამს! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
16 . წყეულიმც იყოს დედ-მამის შეურაცხმყოფელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
17 . წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის საზღვრის გადამწევი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
18 . წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზის ამრევი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
19 . წყეულიმც იყოს მწირისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
20 . წყეულიმც იყოს მამის ცოლთან დამწოლი, რადგან კალთა გადაუწია მამას! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
21 . წყეულიმც იყოს რომელიმე პირუტყვთან დამწოლი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
22 . წყეულიმც იყოს თავის დასთან, თავისი მამის ასულთან ან თავისი დედის ასულთან დამწოლი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
23 . წყეულიმც იყოს სიდედრთან დამწოლი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
24 . წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
25 . წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად და უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
26 . წყეულიმც იყოს, ვინც არ დაიცავს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!