1 . გაემგზავრა აბრაჰამი ნეგების ქვეყნისაკენ და კადეშსა და შურს შორის - გერარში დასახლდა.
2 . თქვა აბრაჰამმა სარაზე, თავის ცოლზე, რომ და იყო მისი. აბიმელექმა, გერარის მეფემ, კაცი გაგზავნა და თავისთან მიაყვანინა სარა.
3 . მაგრამ ღმერთი მოევლინა სიზმარში აბიმელექს და უთხრა: "აჰა, მოკვდები იმ ქალის გამო, რომელიც მოიყვანე, რადგან ქმრიანია იგი!”
4 . მაგრამ არ მიჰკარებია მას აბიმელექი და ამიტომ უთხრა უფალს: "უფალო, განა მართალ ხალხსაც დაღუპავ?
5 . მან ხომ მითხრა, ჩემი და არისო? ქალმაც თქვა: ჩემი ძმა არისო! გულმართლად და უმწიკვლო ხელით ჩავიდინე ეს”.
6 . და უთხრა ღმერთმა სიზმარში: "ვიცი, რომ გულმართლად გააკეთე ეს, ამიტომ განგარიდე ცოდვას ჩემს წინაშე და არ მიგაკარე მაგ ქალს.
7 . ახლა კი დაუბრუნე ცოლი თავის ქმარს, რადგან წინასწარმეტყველია ის კაცი, ისიც ილოცებს შენთვის და იცოცხლებ; ხოლო თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, რომ შენ და შენიანებს სიკვდილი არ აგცდებათ”.
8 . ადგა აბიმელექი დილაადრიანად, დაიბარა კარისკაცნი და ყველაფერს მოუყვა. ფრიად შეშინდა ხალხი.
9 . მოიხმო აბიმელექმა აბრაჰამი და უთხრა: "ეს რა გვიყავი? რა შეგცოდე, რომ მოაწიე ჩემზე და მთელ ჩემს სამეფოზე დიდი ცოდვა? საქმე, რომელიც არ ჩადენილა, ჩაიდინე ჩემთან!”
10 . უთხრა აბიმელექმა აბრაჰამს: "რა გქონდა განზრახული, ამას რომ სჩადიოდი?”
11 . მიუგო აბრაჰამმა: "მე მეგონა, ღვთის შიში არ იქნებოდა ამ მხარეში და მომკლავდნენ ჩემი ცოლის გამო.
12 . მართლაც ჩემი და არის სარა, მამაჩემის ასულია, თუმცა დედაჩემის ასული არ არის; და გახდა ჩემი ცოლი.
13 . ღმერთმა რომ გამომიყვანა მამაჩემის სახლიდან, ვუთხარი ქალს: "ერთი სიკეთე მიყავი, ყოველ უცხო ადგილას, სადაც კი მივალთ, თქვი: ჩემი ძმა არის-თქო ეს კაცი”.
14 . და აიღო აბიმელექმა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, მსახურნი და მხევალნი და მისცა აბრაჰამს; და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლი.
15 . უთხრა აბიმელექმა: "აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა. სადაც გენებოს, იქ დამკვიდრდი”.
16 . სარას კი უთხრა: "აი, ათასი შეკელი ვერცხლი მივეცი შენს ძმას. იმის დასტურია ეს შენი თანმხლებისა და ყველას წინაშე, რომ უდანაშაულო ხარ”.
17 . ილოცა აბრაჰამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი, მისი ცოლი და მხევლები და კვლავ დაორსულდნენ ისინი.
18 . რადგან დაეხშო უფალს აბიმელექის სახლში ყველასთვის საშო, აბრაჰამის ცოლის - სარას გამო.
1 . მოხედა უფალმა სარას, როგორც შეპირდა; და შეუსრულა უფალმა სარას, რასაც ამბობდა.
2 . დაორსულდა სარა და უშვა აბრაჰამს მისი სიბერის ძე ზუსტად იმ დროს, როგორც თქვა ღმერთმა.
3 . და უწოდა აბრაჰამმა თავის ძეს ისაკი, მისთვის შობილს, რომელიც უშვა მას სარამ.
4 . წინადაცვითა აბრაამმა ისაკი, თავისი ძე, რვა დღისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის ღმერთს.
5 . ასი წლის იყო აბრაჰამი, როცა შეეძინა მას ისაკი თავისი ძე.
6 . და თქვა სარამ: "სასაცილო გამხადა ღმერთმა, ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა გაიცინებს.
7 . თქვა: "ვინ ეტყოდა აბრაჰამს, რომ სარა ბავშვს მოაწოვებსო ძუძუს? და მაინც, ვშობე მისი სიბერის ძე”.
8 . წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს. და გამართა აბრაჰამმა დიდი ნადიმი იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისაკი.
9 . და უთხრა უფალმა აბრაჰამს: "რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისას’?
10 . უთხრა სარამ აბრაჰამს: "გააძევე ეს მხევალი თავისი შვილითურთ, რათა არ დაიმკვიდროს ამ მხევლის ძემ ჩემს ძესთან - ისაკთან ერთად”.
11 . და ფრიად შეაწუხა აბრაჰამი ამ ამბავმა თავისი ძის გამო.
12 . უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: "ნუ წუხხარ ყრმასა და შენს მხევალზე; რასაც სარა გეტყვის, გაუგონე, რადგან ისაკში იწოდება შენი თესლი.
13 . მხევლის ძესაც ვაქცევ ხალხად, რადგან ისიც შენი თესლია”.
14 . ადგა აბრაჰამი დილაადრიანად, აიღო პური, წყლით სავსე ტიკი და მისცა ჰაგარს, მხარზე აჰკიდა და გაუშვა ბავშვიანად. წავიდა ქალი და გზააბნეული ბეერ-შებაყის უდაბნოში დახეტიალობდა.
15 . როცა გაუთავდა წყალი ტიკში, მიაგდო ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას,
16 . თვითონ კი წავიდა და დაჯდა თავისთვის მოშორებით, მშვილდის სასროლ მანძილზე, რადგან თქვა, ვერ ვუყურებო ბავშვის სიკვდილს. მოშორებით დაჯდა და ხმამაღლა აქვითინდა.
17 . ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა; ციდან დაუძახა ღმერთის ანგელოზმა ჰაგარს და ჰკითხა: "რა დაგემართა, ჰაგარ? ნუ გეშინია, რადგან ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა იქ, სადაც იმყოფება.
18 . ადექი წამოაყენე ყრმა და ხელი ჩასჭიდე, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მის შთამომავლობას”.
19 . აუხილა ღმერთმა თვალები და დაინახა ჭა წყლით სავსე; ტიკი წყლით აავსო და ყრმასაც დაალევინა.
20 . ღმერთი იყო ყრმასთან; გაიზარდა იგი უდაბნოში, სადაც დამკვიდრდა და შეიქნა მშვილდოსანი.
21 . დამკვიდრდა იგი ფარანის უდაბნოში და მიჰგვარა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტიდან.
22 . იმ დროს იყო, რომ დაელაპარაკნენ აბრაჰამს აბიმელექი და მისი მხედართმთავარი ფიქოლი და უთხრეს: "ღმერთია შენთან ყველაფერში, რასაც აკეთებ.
23 . ამიტომ შემომფიცე ღმერთის სახელით, რომ არ მიმუხთლებ არც მე, არც ჩემს შვილიშვილებს და არც შვილთაშვილებს. როგორც მე გექცეოდი წყალობით, შენც ისე მოგვექეცი მე და იმ ქვეყანას, სადაც მდგმურად იმყოფები”.
24 . და უთხრა აბრაჰამმა: "ვფიცავ!”
25 . უსაყვედურა აბრაჰამმა აბიმელექს ჭის გამო, რომელიც აბიმელექის მსახურებმა მიიტაცეს.
26 . უთხრა აბიმელექმა: "არ ვიცი, ვინ ქმნა ეს საქმე; შენც არ გითქვამს ჩემთვის. მეც დღემდე არაფერი მსმენია”.
27 . აიღო აბრაჰამმა და მისცა აბიმელექს ცხვარი და ზვარაკი, და შეკრეს კავშირი.
28 . და ცალკე გამოასხა აბრაჰამმა ცხვრის შვიდი კრავი.
29 . ჰკითხა აბიმელექმა აბრაჰამს: "რისთვისაა აქ ეს შვიდი კრავი, რომლებიც ცალკე გამოასხი?”
30 . უპასუხა: "მიიღე ჩემი ხელიდან ეს შვიდი კრავი, დასტურად იმისა, რომ მე ამოვთხარე ეს ჭა”.
31 . ამიტომ ეწოდა ამ ადგილს ბეერ-შებაყი, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს.
32 . შეკრეს კავშირი ბეერ-შებაყში; და გაბრუნდნენ აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, ფილისტიმელთა ქვეყანაში.
33 . დარგო აბრაჰამმა იალღუნი ბეერ-შებაყში; და იქ მოუხმო მან უფლის, მარადიული ღმერთის სახელს.
34 . და ხიზნობდა აბრაჰამი ფილისტიმელთა ქვეყანაში მრავალი დღე.
1 . გამოვიდა დინა, ლეას ასული, რომელიც მან იაკობს უშვა, იქაურ ასულთა სანახავად.
2 . დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხიველი ხამორის ძემ, მოიტაცა, ძალით დაწვა მასთან და აჰყარა პატივი.
3 . და მიეწება მისი გული დინას, იაკობის ასულს, შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და გულიანად ელაპარაკა მას.
4 . უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: "ცოლად შემრთე ეს ყმაწვილი ქალი!”
5 . გაიგო იაკობმა, რომ წაბილწა ხამორის ძემ დინა, მისი ასული; მაგრამ რაკი მისი ძენი ველად იყვნენ პირუტყვთან, დადუმდა მათ მოსვლამდე.
6 . და მოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ.
7 . იაკობის ძენიც დაბრუნდნენ მინდვრიდან და ეს ამბავი რომ გაიგეს, შეწუხდნენ და ძალიან გაბრაზდნენ, რადგან სამარცხვინო საქმე დამართა ისრაელს, იაკობის ასულთან რომ დაწვა შექემი. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ.
8 . ელაპარაკა ხამორი მათ და უთხრა: "მთელი გულით შეიყვარა შექემმა, ჩემმა ძემ თქვენი ასული; მიათხოვეთ ცოლად.
9 . დაგვიმოყვრდით: მოგვეცით თქვენი ასულნი, ჩვენები კი თქვენ წაიყვანეთ.
10 . ჩვენთან დამკვიდრდით, ეს ქვეყანა თქვენს წინაშეა, იცხოვრეთ, ივაჭრეთ და შეიძინეთ ქონება”.
11 . უთხრა შექემმა დინას მამასა და ძმებს: "ოღონდ კი მადლი ვპოვო თქვენს თვალში და რასაც მთხოვთ, მოგცემთ.
12 . დიდძალი საქორწინო ურვადი და ძღვენი დამაკისრეთ. მოგცემთ, რასაც მომთხოვთ, ოღონდ ეს ყმაწვილი ქალი მომეცით ცოლად”.
13 . მიუგეს იაკობის ძეებმა შექემს და მამამისს და მზაკვრულად ელაპარაკნენ, ვინაიდან შებილწული იყო დინა, მათი და.
14 . უთხრეს: "არ შეგვიძლია, წინადაუცვეთელ კაცს ვერ მივცემთ ჩვენს დას, რადგან ეს ჩვენი შერცხვენა იქნება.
15 . მხოლოდ მაშინ ვიქნებით თანახმა, თუ თქვენი ყოველი მამაკაცი ჩვენსავით წინადაიცვეთს.
16 . მაშინ მოგათხოვებთ ჩვენს ასულებს და ჩვენც შევირთავთ თქვენს ასულებს, თქვენთან დავმკვიდრდებით და ერთ ხალხად ვიქცევით.
17 . წინადაცვეთას თუ არ ისურვებთ, წავიყვანთ ჩვენს ასულს და წავალთ”.
18 . და მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს.
19 . აღარ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება, რადგან უყვარდა იაკობის ასული. ყველაზე პატივდებული იყო იგი მამამისის სახლში.
20 . მივიდნენ ხამორი და შექემი, მისი ძე, ქალაქის კარიბჭესთან და ასე ელაპარაკნენ ქალაქის მკვიდრთ:
21 . "ეს კაცები ჩვენ მიმართ მშვიდობიანად არიან განწყობილნი: დამკვიდრდნენ და ივაჭრონ; ეს ქვეყანაც ხელგაშლილი იქნება მათ წინაშე. ჩვენ მათი ასულნი შევირთოთ ცოლებად და ჩვენი ასულნი მათ მივათხოვოთ.
22 . მაგრამ ეს კაცები მხოლოდ ამ პირობით დაგვთანხმდებიან ჩვენთან დამკვიდრებაზე და ერთ ხალხად გადაქცევაზე, თუ ჩვენში ყოველი მამაკაცი წინადაიცვეთს, როგორც თავად არიან წინადაცვეთილნი.
23 . მათი სამწყსო, მთელი მათი ქონება და მთელი მათი პირუტყვი განა ჩვენი არ გახდება? ოღონდ დავეთანხმოთ და ჩვენთან დამკვიდრდებიან”.
24 . დაუჯერა ხამორს და შექემს, მის ძეს, ქალაქის კარიბჭიდან ყოველმა გამომავალმა და წინადაიცვითა ქალაქის კარიბჭიდან გამომავალმა ყოველმა მამაკაცმა.
25 . მესამე დღეს, როცა ჭრილობა სტკიოდათ, იაკობის ორმა ძემ, სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, აიღეს მახვილი ხელში, თამამად შევიდნენ ქალაქში და ამოხოცეს ყოველი მამაკაცი.
26 . და მახვილით მოკლეს ხამორი და შექემი, მისი ძე, წაიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წავიდნენ.
27 . მივიდნენ იაკობის ძენი მოკლულებთან და გაძარცვეს ქალაქი, რადგან წაბილწეს მათი და, დინა.
28 . წამოასხეს მათი საქონელი და სახედრები, ყველაფერი, რაც ქალაქში და მინდვრად იყო,
29 . მთელი მათი სიმდიდრე; და დაატყვევეს მათი ბავშვები და ცოლები; ხელთ იგდეს ყოველივე, რაც სახლებში ჰქონდათ.
30 . უთხრა იაკობმა სიმონსა და ლევის: "დამღუპეთ, რადგან შეაძულეთ ჩემი თავი ქანაანელებსა და ფერიზელებს, ამ ქვეყნის მცხოვრებლებს. ხალხი ცოტა მყავს, ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდებიან და მომსპობენ; მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც”.
31 . მაგრამ მათ უპასუხეს: "განა ჩვენს დას ისე უნდა მოქცეოდნენ, როგორც მეძავს?”
1 . როცა გაიგო იაკობმა, რომ ხორბალი იყო ეგვიპტეში, უთხრა თავის ძეებს: "რას უყურებთ?”
2 . თქვა: "გავიგე, რომ არის ხორბალი ეგვიპტეში. წადით და იყიდეთ ხორბალი, რომ შიმშილით არ დავიხოცოთ!”
3 . და ჩავიდნენ იოსების ძმები ეგვიპტეში ხორბლის საყიდლად.
4 . ბენიამინი, იოსების ძმა, არ გაუგზავნია იაკობს ძმებთან ერთად, რადგან ამბობდა: "ფათერაკი არ შეემთხვასო”.
5 . და მივიდნენ ისრაელის ძენი სხვა მიმსვლელებთან ერთად ხორბლის საყიდლად, რადგან შიმშილი იყო ქანაანის ქვეყანაში.
6 . ქვეყნის განმგებელი იყო იოსები; ის ასყიდებდა ხორბალს ქვეყნის ყველა ხალხს. და მივიდნენ იოსების ძმები და მიწამდე სცეს თაყვანი.
7 . დაინახა თუ არა, იცნო იოსებმა თავისი ძმები, მაგრამ თავი არ გაამხილა და მკაცრად ელაპარაკა. ჰკითხა: "საიდან მოხვედით?” უპასუხეს: "ქანაანის ქვეყნიდან, საზრდოს საყიდლად”.
8 . იცნო იოსებმა თავისი ძმები, მათ კი ვერ იცნეს იგი.
9 . და გაახსენდა იოსებს სიზმრები, მათ შესახებ რომ დაესიზმრა. უთხრა: "ჯაშუშები ხართ, ამ ქვეყნის დაუცველი ადგილების სანახავად მოხვედით”.
10 . უთხრეს: "არა, ბატონო, საზრდოს საყიდლად მოვედით შენი მსახურნი!
11 . ყველანი ერთი კაცის ძენი ვართ; პატიოსანი ხალხი ვართ შენი მსახურნი, ჯაშუშები არა ვართ!”
12 . თქვა იოსებმა: "არა, ამ ქვეყნის დაუცველი ადგილების სანახავად მოხვედით!”
13 . უთხრეს: "თორმეტი ძმანი ვართ შენი მსახურნი; ერთი კაცის ძენი, ქანაანის ქვეყნიდან; უმცროსი მამასთან დარჩა, ერთი კი აღარ გვყავს”.
14 . თქვა იოსებმა: "ასეა, როგორც გითხარით, ჯაშუშები ხართ!
15 . ამით გამოიცდებით: ფარაონს ვფიცავ, მანამდე ვერ გახვალთ აქედან, სანამ თქვენი უმცროსი ძმა არ მოვა აქ.
16 . გაგზავნეთ ერთი თქვენგანი და მოიყვანოს თქვენი ძმა; თქვენ კი დაკავებულნი იქნებით. მაშინ გავიგებ, თუ სიმართლე მითხარით. თუ არა და, ფარაონს ვფიცავ, ჯაშუშები ყოფილხართ”.
17 . და სამ დღეს საპყრობილეში ჰყავდა ისინი.
18 . უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: "ასე მოიქეცით და იცოცხლებთ, რადგან ღვთისმოშიში კაცი ვარ!
19 . გულწრფელნი თუ ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა საპყრობილეში, დანარჩენები კი წადით და ხორბალი წაუღეთ თქვენს მშიერ სახლეულს.
20 . მოიყვანეთ ჩემთან თქვენი უმცროსი ძმა, ამით დადასტურდება თქვენი სიტყვები და არ მოკვდებით”. ასეც მოიქცნენ.
21 . უთხრეს ერთმანეთს: "ნამდვილად დამნაშავენი ვართ ჩვენს ძმასთან, რადგან ვხედავდით მის ტანჯვას, როცა გვევედრებოდა, ჩვენ კი არ შევისმინეთ! ამიტომ დაგვატყდა ეს გასაჭირი”.
22 . თქვა რეუბენმა: "ხომ გეუბნებოდით, არ შეგეცოდათ ბიჭის წინააღმდეგ და არ დამიჯერეთ. აჰა, მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი”.
23 . არ ეგონათ, რომ ესმოდა იოსებს, რადგან თარჯიმანი იდგა მათ შორის.
24 . შეტრიალდა იოსები და აქვითინდა. მერე მოუბრუნდა და დაელაპარაკა. სიმონი კი მათ თვალწინ დააპატიმრა.
25 . ბრძანა იოსებმა, ხორბლით აევსოთ მათი ტომრები, ფულიც უკან ჩაედოთ მათსავე ტომრებში და საგზალიც მიეცათ მათთვის. და შეასრულეს ბრძანება.
26 . აჰკიდეს ხორბალი სახედრებს და გაემგზავრნენ.
27 . ღამის გასათევში ერთ-ერთმა მათგანმა პირი მოხსნა ტომარას, რათა საკვები დაეყარა სახედრისათვის და თავისი ვერცხლი დაინახა: ტომრის პირზე იდო.
28 . უთხრა ძმებს: "დაუბრუნებიათ ჩემი ფული, აჰა, ჩემს ტომარაშია!” გული შეუკრთათ და თრთოლვით უთხრეს ერთმანეთს: "ეს რა გვიყო ღმერთმა?”
29 . და მივიდნენ იაკობთან, თავიანთ მამასთან, ქანაანის ქვეყანაში და, უამბეს ყველაფერი, რაც შეემთხვათ. უთხრეს:
30 . "მკაცრად გველაპარაკა იმ ქვეყნის ბატონი და ჯაშუშებად მიგვიჩნია.
31 . ვუთხარით: "პატიოსანი კაცები ვართ, არ ვართ ჯაშუშები,
32 . თორმეტი ძმანი ვართ, ერთი მამის შვილები, ერთი ჩვენთან აღარაა, უმცროსი კი მამასთანაა ქანაანის ქვეყანაში”.
33 . გვითხრა იმ კაცმა, ქვეყნის ბატონმა: "ამით გავიგებ, პატიოსნები ხართ თუ არა: ერთი ძმა ჩემთან დატოვეთ, დანარჩენებმა კი წაიღეთ ხორბალი თქვენი მშიერი სახლეულისათვის და წადით.
34 . მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა და მაშინ დავიჯერებ, რომ ჯაშუშები კი არა, პატიოსანი ხალხი ხართ. დაგიბრუნებთ თქვენს ძმას და ივაჭრებთ ამ ქვეყანაში”.
35 . თავ-თავისი ტომრები რომ გადმოცალეს, აჰა, თითოეულმა თავისი ფულის ქისა იპოვა ტომარაში. დაინახეს მათ და მათმა მამამ თავისი ფულის ქისები და შეეშინდათ.
36 . უთხრა იაკობმა, მათმა მამამ: "შვილმკვდარად მაქციეთ: იოსები აღარ არის, სიმონი აღარ არის და ბენიამინიც მიგყავთ; ყველაფერი მე დამატყდა თავს!”
37 . უპასუხა რეუბენმა მამამისს: "ორივე ძე მომიკალი, უკან თუ არ მოგიყვანო; მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ”.
38 . მაგრამ უთხრა მას მამამისმა: "არ წამოვა თქვენთან ერთად ჩემი ძე, რადგან მკვდარია მისი ძმა და ესღა დამრჩა. და თუ ხიფათი შეემთხვევა გზაზე, სადაც მიდიხართ, გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში”.
1 . უთხრა მოსემ ისრაელის ტომთა მეთაურებს: "ეს ბრძანა უფალმა:
2 . კაცმა რომ უფალს აღთქმა მისცეს ან შეჰფიცოს, ან რაიმე აღუკვეთოს თავის თავს, სიტყვა არ უნდა გატეხოს; ყოველივე, რაც მისი ბაგეებიდან გამოვიდა, უნდა შეასრულოს.
3 . თუ ქალი მისცემს უფალს აღთქმას და რაიმეს აღიკვეთს მამამისის სახლში ყმაწვილქალობისას,
4 . გაიგებს მამამისიც მის აღთქმულსა და საკუთარი თავისთვის აღკვეთილს და არაფერს ეტყვის, უნდა შეასრულოს ყოველი აღთქმა და აღკვეთილი, რაც აღიკვეთა;
5 . მაგრამ თუ დაუშლის მამამისი, როცა გაიგებს, მაშინ ყოველი მისი აღთქმა და აღკვეთა არ შესრულდეს და აპატიებს მას უფალი, რადგან დაუშალა მამამისმა.
6 . თუ გათხოვდება და აღთქმა ან წამოცდენილი სიტყვაა მასზე, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს,
7 . გაიგებს მისი ქმარი და როცა გაიგებს, არაფერს ეტყვის, უნდა შეასრულოს ყოველი აღთქმა და აღკვეთა, რაც აღიკვეთა.
8 . ხოლო თუ დაუშლის ქმარი, როცა გაიგებს, მაშინ გააუქმოს აღთქმა ან წამოცდენილი სიტყვა, რომელიც მასზეა, რითაც რაიმე აღიკვეთა და აპატიებს უფალი.
9 . ქვრივისა და განქორწინებულის აღთქმა და ყოველივე, რაც აღუკვეთა თავის თავს, უნდა შესრულდეს.
10 . თუ თავისი ქმრის სახლში დადებს აღთქმას ან ფიცით აღუკვეთს რაიმეს თავის თავს,
11 . გაიგებს მისი ქმარი, არაფერს ეტყვის და არ დაუშლის, მაშინ შეასრულოს ყოველი აღთქმა და აღკვეთა საკუთარი თავისთვის;
12 . ხოლო თუ გააუქმებს მათ ქმარი, როცა გაიგებს, მაშინ არ შესრულდება მისი ბაგეებით გამოთქმული აღთქმა და ფიცი; გააუქმა ისინი ქმარმა და აპატიებს უფალი.
13 . ყოველ აღთქმას და აღკვეთის ყოველ ფიცს, რომელიც გულს უდრეკს ქალს, ქმარი დაამტკიცებს ან ქმარი გააუქმებს.
14 . თუ გაუჩუმდება ქმარი დღიდან დღემდე, ამით ადასტურებს ყოველ მის აღთქმას ან ყოველ მის აღკვეთას, რაც მასზეა; დაადასტურა ისინი, რადგან არაფერი თქვა, როცა გაიგო.
15 . თუ მოგვიანებით გააუქმებს ქმარი, თუმცა მანამდე ჰქონდა გაგონილი, მაშინ მასზე იქნება ქალის ცოდვა.
16 . ეს არის წესები, რომლებიც უბრძანა მოსეს უფალმა, ცოლქმარს შორის, მამასა და მის ასულს შორის, მისი ყმაწვილქალობისას მამამისის სახლში.
1 . უბრძანეს მოსემ და ისრაელის უხუცესებმა ერს და უთხრეს: "დაიცავი ყოველი მცნება, რასაც გიბრძანებ დღეს.
2 . იმ დღეს, როცა გადახვალ იორდანეს გაღმა მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, აღმართე დიდი ქვები და შელესე კირით;
3 . და დააწერე ზედ ამ რჯულის ყოველი სიტყვა, როცა იორდანეს გადახვალ, რათა შეხვიდე იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება, როგორც თქვა უფალმა, შენი მამების ღმერთმა.
4 . როცა გადალახავ იორდანეს, აღმართე ეს ქვები, როგორც გიბრძანებ დღეს, ღებალის მთაზე და შელესე კირით.
5 . აუგე იქ სამსხვერპლო უფალს, შენს ღმერთს, ქვის სამსხვერპლო, რკინა არ შეახო მას.
6 . მთელ-მთელი ქვებისგან აუგე უფალს, შენს ღმერთს სამსხვერპლო და მასზე აღავლინე აღსავლენი მსხვერპლი, უფლისთვის, შენი ღმერთისთვის.
7 . შესწირე სამშვიდობო მსხვერპლები, ჭამე იქ და გაიხარე უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
8 . და დააწერე ქვებზე ამ რჯულის ყოველი სიტყვა ძალიან მკაფიოდ”.
9 . ასე უთხრეს მოსემ და ლევიანმა მღვდლებმა მთელს ისრაელს: "დადუმდი და ისმინე, ისრაელ! ამ დღეს გახდი შენ უფლის, შენი ღმერთის ერი.
10 . ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა, შეასრულე მისი მცნებანი და მისი წესები, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს”.
11 . ასე უბრძანა მოსემ იმ დღეს ერს:
12 . "ესენი დადგებიან გერიზიმის მთაზე ხალხის საკურთხებლად, როცა გადალახავ იორდანეს: სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, იოსები და ბენიამინი.
13 . ხოლო ესენი დადგებიან ღებალის მთაზე დასაწყევლად: რეუბენი, გადი, აშერი, ზებულონი, დანი და ნაფთალი.
14 . ლევიანები ილაპარაკებენ და ეტყვიან მთელ ისრაელს ხმამაღლა:
15 . წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ კერპს, სისაძაგლეს უფლისთვის, ხელოსნის ხელით ნაკეთებს, და ფარულად დადგამს! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
16 . წყეულიმც იყოს დედ-მამის შეურაცხმყოფელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
17 . წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის საზღვრის გადამწევი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
18 . წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზის ამრევი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
19 . წყეულიმც იყოს მწირისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
20 . წყეულიმც იყოს მამის ცოლთან დამწოლი, რადგან კალთა გადაუწია მამას! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
21 . წყეულიმც იყოს რომელიმე პირუტყვთან დამწოლი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
22 . წყეულიმც იყოს თავის დასთან, თავისი მამის ასულთან ან თავისი დედის ასულთან დამწოლი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
23 . წყეულიმც იყოს სიდედრთან დამწოლი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
24 . წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
25 . წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად და უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
26 . წყეულიმც იყოს, ვინც არ დაიცავს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
1 . მაშინ მოუხმო იეშუამ რეუბენელებს, გადელებს და მენაშეს ნახევარ ტომს.
2 . უთხრა მათ: "ყველაფერი შეასრულეთ, რაც მოსემ, უფლის მსახურმა გიბრძანათ და ჩემი ხმაც ისმინეთ ყველაფერში, რასაც გიბრძანებდით.
3 . არ მიგიტოვებიათ თქვენი ძმები მრავალი დღის მანძილზე ამ დღემდე და იცავდით უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს.
4 . ახლა კი დაასვენა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვენი ძმები, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის; ახლა გაბრუნდით და წადით თქვენ-თქვენს კარვებში, თქვენს სამკვიდრო მიწაზე, რომელიც მოგცათ მოსემ, უფლის მსახურმა, იორდანეს მეორე მხარეს.
5 . ოღონდ გულმოდგინედ შეასრულეთ მცნება და რჯული, რომელიც გიბრძანათ მოსემ, უფლის მსახურმა, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და იაროთ მის გზებზე, დაიცვათ მისი მცნებები, ჩაეჭიდოთ და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი არსებით”.
6 . აკურთხა ისინი იეშუამ და გაუშვა; და გაბრუნდნენ თავ-თავისი კარვებისკენ.
7 . მენაშეს ტომის ნახევარს, ბაშანში მისცა მოსემ სამკვიდრო, ხოლო მის მეორე ნახევარს მათი ძმების გვერდით, იორდანეს მეორე მხარეს, დასავლეთით მისცა სამკვიდრო იეშუამ. ისინიც აკურთხა იეშუამ, როცა გაუშვა თავთავისი კარვებისკენ.
8 . უთხრა: "დიდი ქონებით ბრუნდებით თქვენს კარვებში, დიდძალი საქონლით, ოქრო-ვერცხლით, სპილენძით, რკინით და დიდძალი სამოსლით; გაუნაწილეთ მტრისგან დატაცებული ნადავლი თქვენს ძმებს.
9 . დაბრუნდნენ რეუბენიანები, გადელები და მენაშეს ნახევარი ტომი ისრაელიანთაგან, სილოამიდან, ქანაანის ქვეყანაში რომ არის და წავიდნენ გილყადში, მათ სამკვიდრო ქვეყანაში, რომელიც მოსეს მეშვეობით დაიმკვიდრეს, უფლის ბრძანებისამებრ.
10 . როცა მიუახლოვდნენ იორდანეს, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია, სამსხვერპლო ააგეს რეუბენისა და გადის ძეებმა და მენაშეს ნახევარმა ტომმა - შესახედად დიდი სამსხვერპლო.
11 . გაიგეს ისრაელის ძეებმა და თქვეს: "აჰა, რეუბენისა და გადის ძეებმა და მენაშეს ნახევარმა ტომმა სამსხვერპლო ააგეს ქანაანის ქვეყანაში, იორდანეს მიდამოებში, ისრაელიანთა მხარეს”.
12 . გაიგეს ისრაელიანებმა, შეიკრიბა ისრაელის მთელი თემი სილოამში მათ წინააღმდეგ გასალაშქრებლად.
13 . და გაუგზავნეს ისრაელის ძეებმა რეუბენის ძეებს, გადის ძეებს და მენაშეს ნახევარ ტომს გილყადის ქვეყანაში ფინხასი, ელეაზარ მღვდლის ძე
14 . და მასთან ერთად ათი მთავარი, თითო მთავარი თითო საგვარეულოდან, ისრაელის ყველა ტომიდან. საგვარეულოს თითოეული მთავარი ათასეულის მეთაური იყო.
15 . მივიდნენ ისინი რეუბენის ძეებთან, გადის ძეებთან და მენაშეს ძეთა ნახევარ ტომთან გილყადის ქვეყანაში და უთხრეს:
16 . "ასე ამბობს უფლის მთელი თემი: რატომ უღალატეთ ისრაელის ღმერთს, რატომ აქციეთ ზურგი, რატომ აიშენეთ სამსხვერპლო და აუმხედრდით ამ დღეს უფალს?
17 . ნუთუ საკმარისი არ იყო ჩვენთვის ფეღორის დანაშაული, რისგანაც დღემდე ვერ განვწმენდილვართ და რის გამოც მოსრა უფლის თემი სენმა?
18 . ზურგი აქციეთ დღეს უფალს და აღარ მიჰყვებით. დღეს უფალს აუმხედრდით, ხვალ კი ისრაელის მთელ თემს დაატყდება რისხვა!
19 . თუ უწმიდურად თვლით თქვენს სამკვიდრო ქვეყანას, გადადით უფლის სამკვიდრო ქვეყანაში, სადაც დაივანა უფლის სავანემ და დამკვიდრდებით ჩვენს შორის. ნუ აუმხედრდებით უფალს და ნურც ჩვენ აგვიმხედრდებით ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოს გარდა სხვა სამსხვერპლოს აშენებით.
20 . განა ისრაელის მთელს თემს არ დაატეხა რისხვა ყაქან ზერახის ძემ, დარისხებულის დანაშაულის გამო?! და მარტო ის არ მომკვდარა თავისი დანაშაულისთვის”.
21 . მიუგეს რეუბენის ძეებმა, გადის ძეებმა და მენაშეს ნახევარმა ტომმა და უთხრეს ისრაელის ათასისთავებს:
22 . "დიადი ღმერთია უფალი, ერთადერთი ღმერთია უფალი, მან უწყის და ისრაელმაც იცოდეს! თუ უფლის წინააღმდეგ ასამხედრებლად ან საღალატოდ მოვიქეცით ასე, დღესვე დაგვრისხოს უფალმა!
23 . თუ უფლისთვის ზურგის შესაქცევად აგვეშენებინოს სამსხვერპლო, ან სრულადდასაწველი, პურეული ძღვენი ან სამშვიდობო მსხვერპლები შევწიროთ მასზე, მაშინ თავად უფალმა მოგვკითხოს!
24 . მაგრამ ჭეშმარიტად შიშის გამო მოვიქეცით ასე, რომ ხვალ თქვენმა შვილებმა არ უთხრან ჩვენს შვილებს: რა საერთო გაქვთ თქვენ უფალთან, ისრაელის ღმერთთან?
25 . საზღვრად იორდანე დადო უფალმა ჩვენსა და თქვენ შორის, რეუბენელებო და გადელებო; არა გაქვთ წილი უფალში; და აუკრძალავენ თქვენი ძეები ჩვენს ძეებს უფლისადმი მოშიშებას.
26 . ვთქვით: ავაშენოთ სამსხვერპლო არა სრულადდასაწველისთვის და არა მსხვერპლებისთვის;
27 . არამედ დასტურად იქნება იგი ჩვენსა და თქვენ შორის და ჩვენს შემდგომ თაობებს შორის, რათა ჩვენც ვემსახუროთ უფალს ჩვენი სრულადდასაწველებით, მსხვერპლებით და სამშვიდობო შესაწირებით; რომ არ უთხრან ხვალ თქვენმა ძეებმა ჩვენს ძეებს: არა გაქვთო წილი უფალში.
28 . ვთქვით: როცა ჩვენ და ჩვენს შემდგომ თაობებს ასე გვეტყვიან, მაშინ ვუპასუხებთ - ‘აჰა, უფლის სამსხვერპლოს მსგავსი, რომელიც სრულადდასაწველისა და მსხვერპლებისთვის კი არ ააგეს ჩვენმა მამებმა, არამედ მოწმობისთვის ჩვენსა და თქვენ შორის.’
29 . შორს იყოს ჩვენგან ასეთი საქმე! როგორ ავმხედრდებოდით უფლის წინააღმდეგ, ზურგს როგორ ვაქცევდით უფალს და როგორ ავაშენებდით სამსხვერპლოს სრულადდასაწველის, პურეული ძღვენისა და შესაწირისთვის უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოს გარდა, რომელიც მისი სავანის წინაა?”
30 . და მოისმინეს ფინხას მღვდელმა, თემის მთავრებმა და მათთან მყოფმა ისრაელის ათასეულთა მეთაურებმა რეუბენის, გადისა და მენაშეს ძეთა ნათქვამი სიტყვები და მოიწონეს.
31 . უთხრა ფინხას ელეაზარის ძემ, მღვდელმა, რეუბენის ძეებს, გადის ძეებსა და მენაშეს ძეებს: "დღეს შევიტყვეთ, რომ ჩვენს შორისაა უფალი, რომ არ გიღალატიათ უფლისთვის და იხსენით ისრაელის ძენი უფლის ხელიდან”.
32 . დაბრუნდნენ ფინხას ელეაზარის ძე, მღვდელი და მთავრები გილყადის ქვეყნიდან ქანაანის ქვეყანაში ისრაელის ძეებთან და მოუტანეს ამბავი.
33 . მოიწონეს ეს საქმე ისრაელის ძეებმა და აკურთხეს ისრაელის ღმერთი. აღარ უფიქრიათ გალაშქრება და იმ ქვეყნის დარბევა, სადაც მკვიდრობდნენ რეუბენიანები და გადელები.
34 . და უწოდეს რეუბენის ძეებმა და გადის ძეებმა სამხვერპლოს ყედი - "მოწმეა იგი ჩვენს შორის, რომ უფალია ღმერთი”.
1 . ავიდა ბოყაზი ქალაქის კარიბჭესთან და იქ ჩამოჯდა. აჰა, უნდა ჩაიაროს იმ ახლო ნათესავმა, ვისზეც ლაპარაკობდა ბოყაზი; და უთხრა მას: "მოდი - სახელით მოუხმო - აქ ჩამოჯექი,” ისიც მივიდა და ჩამოჯდა.
2 . მოიყვანა ბოყაზმა ათი კაცი ქალაქის უხუცესთაგან და უთხრა მათ: "დასხედით აქ”. ისინიც დასხდნენ.
3 . უთხრა ნათესავს: "მოაბის ველიდან დაბრუნებული ნაყომი, მინდვრის ნაკვეთს ჰყიდის, რომელიც ჩვენს ძმას - ელიმელექს ეკუთვნოდა.
4 . ვიფიქრე, შემეტყობინებინა შენთვის ეს ამბავი და მეთქვა: იყიდე ეს ნაკვეთი აქ მსხდომთა და ჩემი ხალხის უხუცესთა წინაშე. თუ გამოისყიდი, გამოისყიდე და თუ არ გამოისყიდი, მითხარი, რადგან არავის არა აქვს უფლება ის ნაკვეთი შენზე წინ გამოისყიდოს, შენ შემდეგ კი მე ვარ”. უთხრა მას ნათესავმა: "თანახმა ვარ, გამოვისყიდი”.
5 . თქვა ბოყაზმა: "როცა ნაყომის ხელიდან მინდორს იყიდი, გარდაცვლილი კაცის ცოლი, მოაბელი რუთიც უნდა გამოისყიდო, რომ სახელი აღუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში”.
6 . თქვა იმ ნათესავმა: "ვერ გამოვისყიდი, ვაითუ დავაქციო ჩემი სამკვიდრო, შენს თავზე აიღე გამოსყიდვის უფლება, მე ვერ გამოვისყიდი”.
7 . იმ დღეებში ასეთი წესი იყო ისრაელში: ყიდვის, გაცვლის ან რაიმე საქმის დადასტურების დროს, ერთი მათგანი გაიძრობდა ფეხსამოსს და მეორეს მისცემდა. ეს იყო მოწმობის ნიშანი ისრაელში.
8 . უთხრა იმ ნათესავმა ბოყაზს: "შენ იყიდე”. და გაიძრო ფეხსამოსი.
9 . უთხრა ბოყაზმა უხუცესებს და მთელ ხალხს: "მოწმენი ხართ დღეს, რომ მე ვყიდულობ ნაყომის ხელიდან ელიმელექის, ქილიონისა და მახლონის მთელ საბადებელს.
10 . ხოლო მოაბელ რუთს, მახლონის ცოლს, ცოლად გამოვისყიდი, რომ სახელი აღვუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში, რათა არ გაქრეს გარდაცვლილის სახელი თავის მოძმეთა შორის და მისი სამკვიდრებლის კარიბჭესთან. ამის მოწმენი ხართ თქვენ დღეს!
11 . უთხრეს ქალაქის კარიბჭესთან მყოფმა ხალხმა და უხუცესობამ: "მოწმენი ვართ! უფლის მიერ იყოს შენს სახლში შემომავალი ქალი, როგორც რახელი და როგორც ლეა, რომლებმაც ააშენეს ისრაელის სახლი; შეგძინოს სიმდიდრე ეფრათში და სახელი გაგითქვას ბეთლემში!
12 . იყოს შენი სახლი, ფერეცის სახლივით, რომელიც თამარმა უშვა იუდას, იმ თესლიდან, უფალი რომ მოგცემს ამ ყმაწვილქალისგან”.
13 . წაიყვანა ბოყაზმა რუთი და გახდა იგი მისი ცოლი; შევიდა მასთან და მისცა მას უფალმა ორსულობა და შვა ძე.
14 . დედაკაცებმა უთხრეს ნაყომის: "კურთხეულია უფალი, რომელმაც არ დაგტოვა უმემკვიდრეოდ! სახელოვანი იყოს იგი ისრაელში!
15 . სიცოცხლეს განგიახლებს და მარჩენლად გეყოლება სიბერეში, რადგან შენმა საყვარელმა რძალმა, რომელიც შვიდ ვაჟიშვილს გირჩევნია, გიშვა იგი”.
16 . აიყვანა ნაყომიმ ბავშვი, კალთაზე დაიწვინა და გახდა მისი გამდელი.
17 . სახელი მეზობელმა ქალებმა დაარქვეს, თქვეს: "ძე შეეძინა ნაყომის”. და დაარქვეს სახელად ყობედი. ის იყო მამა იესესი, დავითის მამისა.
18 . აი, ფერეცის შთამომავლობა: ფერეცმა შვა ხეცრონი,
19 . ხეცრონმა შვა რამი, რამმა შვა ყამინადაბი,
20 . ყამინადაბმა შვა ნახშონი, ნახშონმა შვა სალმონი,
21 . სალმონმა შვა ბოყაზი, ბოყაზმა შვა ყობედი,
22 . ყობედმა შვა იესე და იესემ შვა დავითი.
1 . იყო კაცი ბენიამინის ტომში, სახელად კიში, აბიელის ძე, ცერორის, ბეხორათის, ბენიამინელი აფიას შთამომავალი - პატივდებული და მამაცი კაცი.
2 . ჰყავდა ძე, სახელად საული, ახალგაზრდა და მშვენიერი კაცი; ისრაელის ძეთაგან მასზე უკეთესი არვინ იყო: ერთი თავით მაღალი იყო ხალხზე.
3 . ერთხელ ხრდალი ვირები დაეკარგა კიშს, საულის მამას და უთხრა საულს, თავის ძეს: "გაიყოლე ერთი მსახურთაგანი და წადი ვირების მოსაძებნად”.
4 . გადაიარა ეფრემის მთა, მოიარა შალიშას მიწა, მაგრამ ვერ იპოვეს; გაიარეს შაყალიმის ქვეყანა და ვერც იქ მიაგნეს; მოიარეს ბენიამინის მიწა და ვერ იპოვეს.
5 . მივიდნენ ცუფის მხარეში და უთხრა საულმა მსახურ ბიჭს, თან რომ ახლდა: "მოდი დავბრუნდეთ, რადგან დაივიწყებდა მამაჩემი ვირებს და ჩვენზე უფრო იდარდებს”.
6 . მიუგო მსახურმა: "აჰა, ღვთის კაცია ამ ქალაქში. პატივდებული კაცია: რასაც იტყვის, ყოველივე სრულდება. მოდი, მივიდეთ მასთან, იქნებ გვითხრას, რა გზას დავადგეთ”.
7 . უთხრა საულმა თავის მსახურს: "კარგი, წავიდეთ, მაგრამ რა მივართვათ იმ კაცს? პური გამოგველია ხურჯინში და არც სხვა საჩუქარი გვაქვს, რომ ღვთის კაცს მივუტანოთ; გვაქვს რამე?”
8 . ისევ მიუგო მსახურმა: "აჰა, მეოთხედი შეკელი ვერცხლი მაქვს ხელთ, მივცემ ღვთის კაცს და გვაუწყებს ჩვენს გზას”.
9 . ძველად ისრაელში, როცა კაცი ღმერთთან კითხვით მიდიოდა, ასე ამბობდა: "მოდი, წავიდეთ მხილველთან”, რადგან ახლანდელ წინასწარმეტყველს მაშინ მხილველს უწოდებდნენ.
10 . უთხრა საულმა თავის მსახურს: "კეთილი, წავიდეთ”. და წავიდნენ იმ ქალაქისკენ, სადაც ეგულებოდათ ღვთის კაცი.
11 . ქალაქის აღმართს რომ შეუყვნენ, წყლის ამოსახაპად გამოსული ყმაწვილქალები შემოხვდათ. ჰკითხეს: "არის აქ სადმე მხილველი?”
12 . მიუგეს ყმაწვილქალებმა: "აქვეა ახლოში, ოღონდ იჩქარეთ, დღეს ამოვიდა ქალაქში, რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს ხალხს მაღლობზე.
13 . და როგორც კი შეხვალთ ქალაქში, მაშინვე მოიკითხეთ იგი, სანამ მაღლობზე არ ასულა საჭმელად; მის მისვლამდე არ შეჭამს ხალხი, რადგან მან უნდა აკურთხოს მსხვერპლი და მერე შეუდგებიან ჭამას წვეულნი. აჰა, ადით მაღლობზე და იპოვით”.
14 . ავიდნენ ქალაქში; კარიბჭეში რომ შედიოდნენ, აჰა, მაღლობისკენ მიმავალი სამუელი წამოვიდა მათ შესაგებებლად.
15 . ერთი დღით ადრე გაუმხილა უფალმა სამუელს საულის მოსვლა და უთხრა:
16 . "ხვალ ამ დროს მოგივლენ კაცს ბენიამინის მიწიდან და სცხე იგი ჩემი ხალხის, ისრაელის მთავრად; ის დაიხსნის ჩემს ერს ფილისტიმელთა ხელიდან, რადგან მოვხედე ჩემს ხალხს, როცა ჩემამდე მოაღწია მისმა ღაღადმა”.
17 . დაინახა სამუელმა საული და უფალმაც დაუმოწმა: "აი, ის კაცი, რომელზეც გითხარი; ის იმეფებს ჩემს ხალხზე”.
18 . ჭიშკართან მიუახლოვდა საული სამუელს და უთხრა: "მითხარი, სად არის მხილველის სახლი?”
19 . მიუგო სამუელმა საულს და უთხრა: "მე ვარ მხილველი; წამიძეხი მაღლობზე. დღეს ჩემთან ერთად შეჭამთ, ხვალ განთიადისას კი გაგიშვებ და ყველაფერს გაგიცხადებ, რაც გულში გაქვს.
20 . ვირებზე კი, რომლებიც სამი დღეა, რაც დაკარგე, ნუ ინაღვლებ, რადგან უკვე ნაპოვნია ისინი. ვის ეკუთვნის ისრაელის მთელი საუნჯე, თუ არა შენ და მამაშენის მთელ სახლს?”
21 . მიუგო საულმა: "არა, მე ბენიამინელი ვარ, ისრაელის ყველაზე მცირერიცხოვანი ტომიდან; ჩემი საგვარეულო კი უმცირესია ბენიამინის საგვარეულოთა შორის. რისთვის მეუბნები ამას?”
22 . წაიყვანა სამუელმა საული და მისი მსახური. შეიყვანა დარბაზში და დასვა ოცდაათი წვეულის სათავეში.
23 . უთხრა სამუელმა მზარეულს: "მომეცი ის ხორცის ნაჭერი, რომელიც მოგეცი და რომელზეც გითხარი, გადაინახე-მეთქი”.
24 . აიღო მზარეულმა ბეჭი და წინ დაუდო საულს. თქვა სამუელმა: "აი, რაც მორჩა, დაიდე წინ და ჭამე, რადგან იმ დროიდან გინახავდი, რაც ხალხი მოვიპატიჟე”. და იმ დღეს სამუელთან პურობდა საული.
25 . როცა მაღლობიდან ქალაქში ჩამოვიდნენ, ერდოზე ელაპარაკა საულს სამუელი.
26 . ადრიანად ადგნენ მეორე დღეს. განთიადისას ამ სიტყვებით იხმო სამუელმა საული ერდოზე: "ადექი, გაგაცილებ”. ადგა საული და ორივენი გარეთ გავიდნენ, ის და სამუელი.
27 . ქალაქის ბოლოს რომ მიუახლოვდნენ, უთხრა სამუელმა საულს: "უბრძანე შენს მსახურს, წინ წავიდეს, შენ კი შეჩერდი, ღვთის სიტყვა უნდა გამოგიცხადო”. და წინ გაუშვეს მსახური.
1 . მოხუცდა მეფე დავითი, ხანში შევიდა; აფარებდნენ სამოსლებს, მაგრამ ვერ თბებოდა.
2 . უთხრეს მისმა მსახურებმა: "მოვძებნით ჩვენი ბატონი მეფისთვის ახალგაზრდა, ქალწულ ქალს, რომელიც მეფის წინაშე იდგება, მოუვლის და გვერდში დაუწვება. მაშინ გათბება მეფე, ბატონი ჩვენი”.
3 . ეძებეს ლამაზი ყმაწვილი ქალი მთელ ისრაელში და იპოვეს აბიშაგ შუნამელი; და მიჰგვარეს მეფეს.
4 . ძალიან ლამაზი იყო ეს ყმაწვილი ქალი, უვლიდა მეფეს და ემსახურებოდა; მაგრამ არ შეუცვნია იგი მეფეს.
5 . თავი აიმაღლა ადონიამ, ხაგითის ძემ; ამბობდა: "მე ვიქნები მეფე!” გაიჩინა ეტლები, მხედრები და ორმოცდაათი მორბენალი კაცი.
6 . არ საყვედურობდა მამამისი, არც შეჰკითხვია, ასე რატომ იქცევიო. ლამაზი კაცი იყო ადონია, აბესალომის შემდეგ შეეძინა იგი დედამისს.
7 . მოითათბირა იოაბ ცერუიას ძესა და აბითარ მღვდელთან; ისინი ეხმარებოდნენ ადონიას.
8 . ცადოკ მღვდელი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ნათან წინასწარმეტყველი, შიმყი, რეყი და დავითის მამაცი მებრძოლები არ ემხრობოდნენ ადონიას.
9 . მსხვერპლად მიიტანა ადონიამ ცხვრები, ხარები და ნასუქალი პირუტყვი ზოხელეთის ქვასთან, ყენ-როგელის მახლობლად რომაა და მოიწვია თავისი ყველა ძმა, მეფისწულები, იუდას კაცები და მეფის მსახურები;
10 . ხოლო ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია, დავითის მამაცი მებრძოლები და სოლომონი, თავისი ძმა, არ მიიწვია.
11 . უთხრა ნათანმა ბათ-შებაყს, სოლომონის დედას: "გაიგე, რომ გამეფდა ადონია ხაგითის ძე? ჩვენმა ბატონმა დავითმა კი არაფერი იცის.
12 . ახლა, მოდი, რჩევას მოგცემ, უშველე საკუთარ თავსა და სოლომონს, შენს შვილს.
13 . წადი, შედი მეფე დავითთან და უთხარი: განა შენ არ იყავი მეფევ, ჩემო ბატონო, რომ შემომფიცე შენს მხევალს, სოლომონი, შენი ძე გამეფდებაო ჩემ შემდეგ, ის დაჯდებაო ჩემს ტახტზე! მაშ რატომ გამეფდა-თქო ადონია?
14 . აჰა, ჯერ კიდევ მეფესთან ლაპარაკში იქნები, რომ მეც შემოვალ და დავადასტურებ შენს ნათქვამს”.
15 . შევიდა ბათ-შებაყი მეფესთან საწოლ ოთახში; ძალიან მოხუცებული იყო მეფე, აბიშაგ შუნამელი ემსახურებოდა მას.
16 . თავი დახარა ბათ-შებაყმა და მიწამდე სცა მეფეს თაყვანი; ჰკითხა მეფემ: "რა გინდა?”
17 . უთხრა ბათ-შებაყმა: "ბატონო, ხომ შეჰფიცე უფლით, შენი ღმერთით, შენს მხევალს: სოლომონი, შენი ძე გამეფდებაო ჩემ შემდეგ, ის დაჯდებაო ჩემს ტახტზე!
18 . აჰა, ადონია გამეფდა ახლა, შენ კი მეფევ, ჩემო ბატონო, არაფერი იცი ამის შესახებ.
19 . მრავლად შესწირა ხარები, ნასუქალი პირუტყვი და ცხვარი, მიიწვია ყველა მეფისწული, აბიათარ მღვდელი და მხედართმთავარი იოაბი, ხოლო შენი მსახური სოლომონი არ მიუწვევია.
20 . შენ ხარ მეფე, შენკენაა მოპყრობილი მთელი ისრაელის თვალი, რომ ბრძანო, ვინ დაჯდება მეფის, ჩემი ბატონის, ტახტზე შენ შემდეგ.
21 . სხვაგვარად, როცა განისვენებს მეფე, ჩემი ბატონი მამა-პაპასთან, დამნაშავენი აღმოვჩნდებით მე და ჩემი ძე სოლომონი”.
22 . ჯერ კიდევ ელაპარაკებოდა მეფეს, რომ ნათან წინასწარმეტყველიც მოვიდა.
23 . მოახსენეს მეფეს: "ნათან წინასწარმეტყველი მოვიდაო”. წარსდგა იგი მეფის წინაშე და სცა თაყვანი მიწამდე.
24 . უთხრა ნათანმა: "მეფევ, ჩემო ბატონო, განა ასე გაქვს ნაბრძანები, ადონია გამეფდებაო ჩემ შემდეგ და ის დაჯდებაო ჩემს ტახტზე?
25 . რადგან ჩამოვიდა დღეს, მრავლად შესწირა ხარები, ნასუქალი პირუტყვი და ცხვარი, მოიწვია ყველა მეფისწული, მხედართმთავრები და აბიათარ მღვდელი; ახლა ჭამენ და სვამენ მის წინაშე და ამბობენ: იცოცხლოსო მეფე ადონიამ!
26 . არ მიგვიწვია მე, შენი მსახური, ცადოკ მღვდელი, ბენაია იეჰოიადაყის ძე და სოლომონი, შენი მსახური.
27 . თუ მეფემ, ჩემმა ბატონმა, ბრძანა ეს საქმე, რატომ არ გამაგებინე შენს მსახურს, ვინ დაჯდება მეფის, ჩემი ბატონის ტახტზე მის შემდეგ?”
28 . თქვა მეფე დავითმა: "ბათ-შებაყს დამიძახეთ!” შევიდა იგი მეფესთან და წარსდგა მის წინაშე.
29 . დაიფიცა მეფემ და თქვა: "ცოცხალია უფალი, რომელმაც გამომისყიდა ყველა გაჭირვებისგან,
30 . რომ, როგორც შემოგფიცე უფლით, ისრაელის ღმერთით, და გითხარი: სოლომონი, შენი ძე გამეფდება ჩემ შემდეგ და ის დაჯდება-მეთქი ჩემს ტახტზე, ჭეშმარიტად ასე გავაკეთებ დღეს”.
31 . სახით მიწამდე დაიხარა ბათშებაყი, თაყვანი სცა მეფეს და თქვა: "უკუნისამდე იცოცხლოს მეფე დავითმა, ჩემმა ბატონმა!”
32 . თქვა მეფე დავითმა: "დამიძახეთ ცადოკ მღვდელს, ნათან წინასწარმეტყველს და ბენაია იეჰოიადაყის ძეს”. და წარსდგნენ მეფის წინაშე.
33 . უთხრა მათ მეფემ: "დაიმგზავრეთ თქვენი ბატონის მსახურები, ჩემს ჯორზე შესვით ჩემი ძე, სოლომონი და გიხონში ჩაიყვანეთ.
34 . იქ სცხონ იგი ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა ისრაელის მეფედ; მერე ჩაჰბერეთ საყვირს და გამოაცხადეთ: იცოცხლოს მეფე სოლომონმა!
35 . მერე ამოჰყევით, მოვიდეს, დაჯდეს ჩემს ტახტზე და იმეფოს ჩემ ნაცვლად; ის დავადგინე მე, ისრაელისა და იუდას მთავრად!”
36 . უპასუხა ბენაია იეჰოიადაყის ძემ მეფეს: "ამინ! ასე თქვას უფალმაც, მეფის, ჩემი ბატონის ღმერთმა!
37 . როგორც მეფესთან, ჩემს ბატონთან იყო უფალი, ისევე იყოს სოლომონთანაც და ჩემი ბატონის, დავითის ტახტზე მეტად განადიდოს მისი ტახტი”.
38 . გამოვიდნენ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ქერეთელნი და ფერეთელნი, შესვეს სოლომონი მეფე დავითის ჯორზე და გიხონისკენ წაიყვანეს.
39 . აიღო ცადოკ მღვდელმა კარვიდან ზეთის რქა და სცხო სოლომონს. ჩაჰბერა საყვირს და დაიძახა მთელმა ხალხმა: "იცოცხლოს მეფე სოლომონმა!”
40 . უკან გაჰყვა მთელი ხალხი სოლომონს, სტვირებს უკრავდნენ და ხარობდნენ დიდი სიხარულით. მიწა ირყეოდა მათი ყიჟინისგან.
41 . პურობას ამთავრებდნენ, რომ შემოესმათ ადონიასა და მის სტუმრებს ყიჟინა. გაიგონა იოაბმა ბუკის ხმა და იკითხა: "რატომ ხმაურობს ქალაქი?”
42 . ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდა იონათანი, აბიათარ მღვდლის ძე; უთხრა ადონიამ: "მოდი, მამაცი კაცი ხარ და კარგი ამბავი მოგაქვს”.
43 . მიუგო იონათანმა ადონიას: "არა, სოლომონი გაამეფა ჩვენმა ბატონმა, მეფე დავითმა,
44 . და გაგზავნა მეფემ მასთან ერთად ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი და ბენაია იეჰოიადაყის ძე, ასევე ქერეთელნი და ფერეთელნი და სამეფო ჯორზე შესვეს იგი.
45 . მეფედ სცხეს გიხონში ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა, გამხიარულებულნი გამოვიდნენ იქიდან და ახმაურდა ქალაქი. ეს ხმა იყო, თქვენ რომ გაიგონეთ.
46 . სამეფო ტახტზე ზის უკვე სოლომონი.
47 . მეფის მსახურებიც მივიდნენ მეფე დავითთან, ჩვენს ბატონთან და აკურთხეს ამ სიტყვებით: შენს სახელზე მეტად აღამაღლოს ღმერთმა სოლომონის სახელი და შენს ტახტზე მეტად განადიდოს მისი ტახტი! და მოიდრიკა მეფე საწოლზე.
48 . თქვა: კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც მომცა დღეს ტახტის მემკვიდრე და ჩემი თვალები ხედავს ამას!”
49 . შიშის ზარი დაეცათ ადონიას სტუმრებს, ადგნენ და თავ-თავისი გზით წავიდნენ.
50 . შეეშინდა ადონიას სოლომონისა, ადგა, წავიდა და სამსხვერპლოს რქებს მოეჭიდა.
51 . შეატყობინეს სოლომონს: "აჰა, ეშინია ადონიას მეფე სოლომონისა და სამსხვერპლოს რქებს არის ჩაჭიდებული; ამბობს: შემომფიცოს დღეს მეფე სოლომონმა, რომ მახვილით არ მოკლავს თავის მსახურს”.
52 . თქვა სოლომონმა: "თუ ღირსეულად მოიქცევა, მისი თმის ერთი ღერიც არ დავარდება მიწაზე, ხოლო თუ ბოროტება განიზრახა, მოკვდება!”
53 . გაგზავნა მეფე სოლომონმა და ჩამოიყვანეს იგი სამსხვერპლოდან. მივიდა და განერთხა ადონია მეფის წინაშე. უთხრა სოლომონმა: "წადი შენს სახლში”.
1 . მრავალი დღის შემდეგ, მესამე წელს ეუწყა უფლის სიტყვა ელიას: "წადი, გამოეცხადე ახაბს და მივცემ წვიმას მიწის პირს”.
2 . წავიდა ელია, რათა ახაბს ჩვენებოდა. დიდი შიმშილი იყო სამარიაში.
3 . და მოუხმო ახაბმა ობადიაჰუს, სასახლის მოურავს; ძალზე ღვთისმოშიში იყო ობადიაჰუ.
4 . როცა იეზებელი უფლის წინასწარმეტყველებს ხოცავდა, წაიყვანა ობადიაჰუმ ასი წინასწარმეტყველი, ორმოცდაათ-ორმოცდაათი გადამალა მღვიმეში და პურითა და წყლით არჩენდა მათ.
5 . უთხრა ახაბმა ობადიაჰუს: "მოიარე ქვეყნად ყოველი წყარო და ნაკადული: ეგებ ვპოვოთ ბალახი, რომ ცხენები და ჯორები გამოვკვებოთ და არ დაგვეხოცოს საქონელი”.
6 . გაინაწილეს მიწები გამოსაკვლევად: ერთი გზით ახაბი წავიდა მარტო, მეორე გზით კი - ობადიაჰუ.
7 . გზაზე იდგა ობადიაჰუ და აჰა, ელია შემოხვდა. იცნო, პირქვე დაეცა და ჰკითხა: "ეს შენ ხარ ელია, ჩემო ბატონო?”
8 . უპასუხა: "მე ვარ. წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არის-თქო ელია”.
9 . უთხრა ობადიაჰუმ: "განა რა შეგცოდე, რომ ახაბის ხელს აძლევ მოსაკლავად შენ მსახურს?
10 . როგორც უფალი, შენი ღმერთია ცოცხალი, ისე არ არსებობს ერი და სამეფო, სადაც არ წარეგზავნოს ჩემს ბატონს შენს მოსაძებნად. როცა ეუბნებოდნენ, ვერსად ვნახეთო, ფიცით აფიცებდა იმ ხალხსა და სამეფოს, რომ ვერ გიპოვნეს.
11 . ახლა კი მეუბნები, წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არისო ელია.
12 . შენგან რომ წავალ, არ ვიცი, საით გაგიტაცებს უფლის სული; მივალ ახაბთან საუწყებლად და რომ ვეღარ გიპოვნის, მომკლავს; შენი მსახური კი ღვთისმოშიშია სიჭაბუკიდან.
13 . განა არ ეუწყა ჩემს ბატონს, რა მოვიმოქმედე, როცა უფლის წინასწარმეტყველებს ჟლეტდა იეზებელი?! უფლის ასი წინასწარმეტყველი გადავმალე, ორმოცდაათ-ორმოცდაათი კაცი მღვიმეში და ვარჩენდი პურითა და წყლით.
14 . ახლა კი მეუბნები, წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არისო ელია. ის კი მომკლავს”.
15 . უპასუხა ელიამ: "როგორც ცაბაოთ უფალია ცოცხალი, ვის წინაშეც ვდგავარ, ისე დღესვე უცილობლად გამოვეცხადები მას!”
16 . წავიდა ობადიაჰუ და შეატყობინა ახაბს, და ისიც გაემართა ელიასთან შესახვედრად.
17 . დაინახა ახაბმა ელია და უთხრა: "ნუთუ შენა ხარ, ისრაელის შემაჭირვებელო?”
18 . მიუგო: "მე კი არ შევაჭირვე ისრაელი, შენ და მამაშენის სახლმა, რადგან მიატოვეთ უფლის მცნებანი და ბაყალთა ნაკვალევს გაჰყევით.
19 . ახლა წარგზავნე და ქარმელის მთაზე შემიკრიბე მთელი ისრაელი და ბაყალის ოთხას ორმოცდაათი წინასწარმეტყველი, იეზებელის სუფრაზე რომ ჭამენ და აშერას ოთხასი წინასწარმეტყველი.
20 . წარგზავნა ახაბმა ისრაელის ყოველ ძესთან და ქარმელის მთაზე შეკრიბა წინასწარმეტყველნი.
21 . მივიდა ამ ხალხთან ელია და უთხრა: "როდემდე უნდა მერყეობდეთ ორ აზრს შორის? თუ უფალია ღმერთი, მის კვალს გაჰყევით! მაგრამ, თუ ბაყალია - მაშინ მის კვალს გაჰყევით!” ხმა არ ამოიღო ხალხმა.
22 . უთხრა ხალხს ელიამ: "მარტო მეღა დავრჩი უფლის წინასწარმეტყველი, ბაყალის წინასწარმეტყველნი კი ოთხას ორმოცდაათი კაცია.
23 . მოგვცენ ორი მოზვერი; ამოირჩიონ თავისთვის ერთი მოზვერი, დაჭრან და დადონ შეშაზე, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთონ. მე მეორე მოზვერს გავამზადებ, შეშაზე დავდებ, თუმცა ცეცხლს არ შევუნთებ.
24 . ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, მეც ვახსენებ უფლის სახელს. ის ღმერთი, რომელიც ცეცხლით გვიპასუხებს, ნამდვილად ღმერთია!” მიუგო მთელმა ხალხმა: "კეთილი სიტყვაა!”
25 . უთხრა ელიამ ბაყალის წინასწარმეტყველთ: "ამოირჩიეთ მოზვერი და ჯერ თქვენ მოამზადეთ, რადგან ბევრნი ხართ; ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთოთ”.
26 . აიყვანეს მოზვერი, რომელიც მისცა, მოამზადეს და დილიდან შუადღემდე მოუხმობდნენ ბაყალის სახელს: "ბაყალ, გვიპასუხე!” მაგრამ არც ხმა ყოფილა და არც რაიმე პასუხის მსგავსი. და ხტოდნენ სამსხვერპლოს ირგვლივ, რომელიც გააკეთეს.
27 . შუადღისას დაცინვა დაუწყო მათ ელიამ; ეუბნებოდა: "ხმამაღლა იყვირეთ, რადგან ღმერთია იგი; იქნებ ჩაფიქრდა ან საჭიროების გამო გვერდზე გადგა, ან მოგზაურობს, ეგებ სძინავს და გაღვიძება სჭირდება”.
28 . გაჰყვიროდნენ ხმამაღლა. ჩვეულებისამებრ თავებს ისერავდნენ მახვილებითა და შუბებით, სანამ არ გადმოინთხა მათი სისხლი.
29 . შუადღე გადაიხარა, ისინი კი ისევ ამაოდ ცდილობდნენ მწუხრის მსხვერპლშეწირვამდე; არც ხმა ყოფილა, არც პასუხი და არც ჩქამი.
30 . უთხრა ელიამ ყველა იქ მყოფს: "ახლოს მოდით”. ყველანი მიუახლოვდნენ და აღადგინა უფლის დამხობილი სამსხვერპლო.
31 . თორმეტი ქვა აიღო ელიამ, იაკობის თორმეტი ძის შტოების მიხედვით, იაკობისა, რომელსაც უთხრა უფალმა: ისრაელი იქნებაო სახელი შენი.
32 . ააშენა ამ ქვებით სამსხვერპლო უფლის სახელზე, ირგვლივ კი ორი საწყაული თესლის ტევადობის თხრილი შემოავლო.
33 . დააწყო შეშა, შუაზე გაკვეთა მოზვერი და დადო შეშაზე.
34 . უთხრა: "აავსეთ წყლით ოთხი კოკა და დაასხით დასაწველსა და შეშას!” კვლავ უთხრა: "გაიმეორეთ!” გაიმეორეს. კვლავ უთხრა: "მესამედაც დაასხით!” მესამედაც დაასხეს.
35 . სამსხვერპლოს გარშემო ჩამოედინა წყალი და თხრილიც აივსო წყლით.
36 . შემოდგა ელია წინასწარმეტყველი მწუხრის მსხვერპლშეწირვისას და თქვა: "უფალო, ღმერთო აბრაჰამისა, ისაკისა და ისრაელისა! დაე შეიტყონ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელისა და მე, შენმა მსახურმა, შენი სიტყვით ვქმენი ყველა ეს საქმე;
37 . მიპასუხე უფალო, მიპასუხე! რათა შეიტყოს ხალხმა, რომ შენა ხარ უფალი ღმერთი და შენ კვლავ აბრუნებ მათ გულებს შენდამი!”
38 . ჩამოვარდა უფლის ცეცხლი. შთანთქა სრულადდასაწველი და შეშა, ქვები და მტვერი და თხრილში ჩასხმული წყალიც ამოლოკა.
39 . დაინახა მთელმა ხალხმა, პირქვე დაეცა და შესძახა: "უფალი - ისაა ღმერთი, უფალი - ისაა ღმერთი!”
40 . უთხრა მათ ელიამ: "შეიპყრეთ ბაყალის წინასწარმეტყველნი, არავინ გაიქცეს”. და შეიპყრეს. კიშონის ხევში ჩაიყვანა ისინი ელიამ და იქ დახოცა.
41 . უთხრა ახაბს ელიამ: "წადი, ჭამე და სვი, რადგან წვიმის შხაპუნის ხმა ისმის”.
42 . წავიდა ახაბი საჭმელ-სასმელად, ელია კი ქარმელის მთაზე ავიდა, მიწაზე დაწვა და სახე მუხლებს შორის მოიქცია.
43 . უთხრა მსახურს: წადი, გაიხედე ზღვის მხარეს”. ავიდა, გაიხედა და თქვა: "არაფერი ჩანს”. მან შვიდჯერ უთხრა: "კიდევ წადი”.
44 . მეშვიდე ჯერზე რომ მობრუნდა, თქვა: "აჰა, ზღვიდან ამომავალი ღრუბელი მოსჩანს, მცირე, როგორც კაცის მუჭი”. უთხრა ელიამ: "წადი, უთხარი ახაბს: ეტლი მოიმზადე და აუჩქარე, წვიმამ არ მოგისწროს-თქო”.
45 . ამასობაში ცა მოიქუფრა, ღრუბლისა და ქარისაგან და წამოვიდა თავსხმა წვიმა. შეჯდა ეტლზე ახაბი და იზრეყელს გაემგზავრა.
46 . უფლის ხელი იყო ელიაზე, სარტყელი შემოირტყა წელზე და სირბილით გადაასწრო ახაბს იზრეყელამდე.
1 . მაშინ თქვა სოლომონმა: „თქვა უფალმა, რომ სქელ ღრუბელში დაივანებდა.
2 . სახლი ავაშენე, სავანე შენთვის და ადგილი შენი მარადიული სამყოფელისთვის!”
3 . სახე მოიბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის მთელი კრებული. ფეხზე იდგა ისრაელის მთელი კრებული;
4 . თქვა: „კურთხეულ იყოს უფალი, ისრაელის ღმერთი, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს და თავისივე ხელით აღასრულა ნათქვამი:
5 . იმ დღიდან, რაც ჩემი ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე, არ ამომირჩევია ქალაქი ისრაელის არცერთი ტომიდან სახლის ასაშენებლად და ჩემი სახელის იქ დასამკვიდრებლად და არც კაცი - ისრაელის, ჩემი ხალხის წინამძღოლად;
6 . მაგრამ იერუსალიმი ამოვირჩიე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად და დავითი - ისრაელის, ჩემი ხალხის წინამძღოლად!
7 . აჰა, გულში ჰქონდა დავითს, მამაჩემს, სახლის აშენება, უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.
8 . უთხრა უფალმა დავითს, მამაჩემს: გულში რომ გქონდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე;
9 . ოღონდ შენ არ ამიშენებ სახლს, არამედ შენი ძე, შენი წელიდან გამოსული ააშენებს სახლს ჩემს სახელზე!
10 . და აღასრულა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა, რადგან მე აღმადგინა დავითის, მამაჩემის ნაცვლად და დავჯექი ისრაელის ტახტზე, როგორც აღგვითქვა უფალმა და ავაშენე სახლი უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.
11 . დავდგი იქ კიდობანი, უფლის აღთქმასთან ერთად, რომელიც მან ისრაელის ძეებს დაუდო!”
12 . უფლის სამსხვერპლოს წინ დადგა სოლომონი ისრაელის მთელი კრებულის თანდასწრებით და აღაპყრო ხელები.
13 . სოლომონის მიერ გაკეთებული სპილენძის კვარცხლბეკი, სიგრძითა და სიგანით ხუთი წყრთა, სიმაღლით კი სამი წყრთა იყო და შუა ეზოში იდგა; დადგა მასზე, დაიჩოქა ისრაელის მთელი კრებულის წინ და ზეცისკენ აღაპყრო ხელები.
14 . თქვა: „უფალო, ისრაელის ღმერთო! არავინაა შენი მსგავსი, ღმერთი, ცასა და მიწაზე, რადგან შენ უნახავ აღთქმასა და წყალობას შენს მსახურთ, რომლებიც მთელი გულით დადიან შენ წინაშე.
15 . შენ შეუნახე დავითს, მამაჩემს - შენს მსახურს, რაც შენი პირით გქონდა ნათქვამი და შენმა ხელმა აღასრულა ამ დღეს.
16 . ახლა, უფალო, ღმერთო ისრაელისა, აღუსრულე დავითს, მამაჩემს - შენს მსახურს, რაც ნათქვამი გაქვს მისთვის: არ მოისპობაო შენგან კაცი ჩემს წინაშე, ისრაელის ტახტზე მჯდომი, ოღონდ დაიცვან შენმა ძეებმა თავიანთი გზები, რათა იარონ ჩემი რჯულის გზით, როგორც შენ დადიოდი ჩემს წინაშე.
17 . ახლა კი, უფალო, ღმერთო ისრაელისა, დაადასტურე შენი სიტყვა, რომელიც დავითისთვის - შენი მსახურისთვის გაქვს ნათქვამი.
18 . ნუთუ ნამდვილად დამკვიდრდება ღმერთი კაცთა შორის დედამიწაზე? აჰა, ცანი და ზეცა ვერ გიტევს შენ, მით უმეტეს ეს სახლი, რომელიც ავაშენე, როგორღა დაგიტევს?
19 . მოხედე შენი მსახურის ლოცვასა და ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, და ისმინე ღაღადი, რომლითაც ლოცულობს მსახური შენი შენ წინაშე.
20 . რათა დღე და ღამ მიპყრობილი იყოს შენი თვალები ამ სახლზე, იმ ადგილისკენ, რომელზეც გაქვს ნათქვამი, რომ იქ დაამკვიდრებდი შენს სახელს, იმ ლოცვის მოსასმენად, რომლითაც ილოცებს შენი მსახური ამ ადგილზე.
21 . უსმინე შენი მსახურისა და შენი ხალხის, ისრაელის ვედრებას, როდესაც ილოცებენ ამ ადგილზე, ისმინე ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან; და როცა მოისმენ - შეგვიწყალე.
22 . თუ მოყვასთაგან შესცოდოს ერთმა მეორეს და წყევლა აღევლინება ჩადენილის გამო ამ სახლში, შენი სამსხვერპლოს წინაშე,
23 . ისმინე ზეციდან, აღასრულე სამართალი და განიკითხე შენი მსახურნი, რათა თავისი ქმედებისამებრ მიაგო ბოროტს, მართალი კი გაამართლო და მისი სიმართლის მიხედვით მიუზღო.
24 . თუ შენი ხალხი, ისრაელი, მტერთან დამარცხდება, რადგან შეგცოდა, მერე კი მობრუნდება და შეაქებს შენს სახელს, ილოცებს და წყალობას გთხოვს აქ, ამ სახლში,
25 . მაშინ მოუსმინე ზეციდან, აპატიე შენს ხალხს, ისრაელს, ცოდვა და დააბრუნე ისინი იმ ქვეყანაში, რომელიც მათთვის და მათი მამებისთვის გაქვს მიცემული.
26 . როცა დაიხშობა ზეცა და აღარ იწვიმებს, რადგან გცოდავდნენ ისინი, მერე კი ილოცებენ ამ ადგილისკენ მობრუნებულნი, აღიარებენ შენს სახელსა და თავიანთ ცოდვებს მიატოვებენ, რადგან სჯიდი მათ,
27 . მაშინ ისმინე ზეციდან, აპატიე შენს მსახურებსა და შენს ხალხს, ისრაელს ცოდვა, რათა დააყენო კეთილ გზაზე, რომლითაც უნდა იარონ და გამოუგზავნე წვიმა შენს ქვეყანას, რომელიც შენს ხალხს მიეცი სამკვიდრებლად,
28 . თუ შიმშილი იქნება ქვეყანაში ან შავი ჭირი, ხორშაკი ან სიყვითლე, კალია ან მწერი, რომ ავიწროებდეს მას მტერი ქვეყნის კარიბჭესთან, რაიმე წყლული იქნება თუ სნეულება,
29 . ყოველი ლოცვა და ვედრება, რომლითაც მოგმართავს ერთი კაცი ან მთელი შენი ხალხი ისრაელი, რადგან თითოეულმა იცის თავისი ტვირთი და სატკივარი და გამოიწვდიან ხელებს ამ სახლისკენ,
30 . მაშინ ისმინე ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან და აპატიე. ყოველ კაცს თავისი გზებისამებრ მიაგე, მისივე გულისამებრ, რადგან მხოლოდ შენ უწყი ადამიანის ძეთა გულები,
31 . რათა ეშინოდეთ და დადიოდნენ შენი გზებით მთელი ცხოვრება, იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენს მამებს მიეცი.
32 . იმ უცხოტომელსაც მოუსმინე, რომელიც შენი ხალხისგან, ისრაელისგან არაა, მაგრამ მოვა შორეული ქვეყნიდან შენი დიადი სახელის, ძლიერი ხელისა და გაწვდილი მკლავის გამო, მოვა და ილოცებს ამ სახლთან,
33 . შეისმინე ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან და აღუსრულე ყოველივე, რისთვისაც მოგიხმობს უცხოტომელი, რათა შეიცნოს დედამიწის ყველა ხალხმა შენი სახელი და ეშინოდეთ შენი, როგორც შენს ხალხს, ისრაელს, და იცოდნენ, რომ შენი სახელი ეწოდა ამ სახლს, რომელიც მე ავაშენე.
34 . როდესაც შენი ხალხი იმ გზით გავა მტერთან საბრძოლველად, რომლითაც შენ გაგზავნი და ლოცვით მოგმართავს მობრუნებული ამ ქალაქისკენ და სახლისკენ, რომელიც შენი სახელისთვის ამოირჩიე და მე ავაშენე,
35 . მაშინ ისმინე ზეციდან მათი ლოცვა და ვედრება და სამართალი გაუჩინე.
36 . როცა შეგცოდებენ, რადგან არაა ადამიანი, რომელიც არ შესცოდავს, განრისხდები, მტერს ჩაუგდებ მათ და შორეულ ან ახლო ქვეყანაში ტყვედ წაიყვანენ,
37 . როცა გონს მოეგებიან ტყვეობის ქვეყანაში, იმ მიწიდან, სადაც ტყვედ იქნებიან, მობრუნდებიან და შემოგღაღადებენ: შევცოდეთ, უმართლობა და ბოროტება ჩავიდინეთო!
38 . როცა მოიქცევიან მთელი გულითა და გონებით ტყვეობის ქვეყანაში, სადაც წაყვანილ იქნენ, ილოცებენ თავიანთ მიწისკენ, იმ მიწისკენ მობრუნებულნი, მათ მამებს რომ მიეცი, შენი ამორჩეული ქალაქისკენ და სახლისკენ, რომელიც შენს სახელზე ავაშენე,
39 . მაშინ ისმინე ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან მათი ლოცვა და ვედრება, სამართალი გაუჩინე და აპატიე შენს ხალხს, რომელმაც შეგცოდა.
40 . ახლა კი, ჩემო ღმერთო, თვალი გეჭიროს და ყურად იღე ამ ადგილზე აღვლენილი ლოცვა.
41 . აღსდექ ახლა, უფალო ღმერთო, შენს სავანეზე, შენი ძლიერების კიდობანზე. შენი მღვდლები, უფალო ღმერთო, ხსნით შეიმოსონ და შენი მოიმედენი სიკეთით ხარობდნენ.
42 . უფალო ღმერთო! ზურგს ნუ შეაქცევ შენი ცხებულის სახეს, გაიხსენე შენი წყალობა, რომელიც აღუთქვი შენს მსახურს, დავითს.
1 . როცა ლოცულობდა ეზრა და ტირილით ინანიებდა ღვთის სახლის წინ გართხმული, შემოიკრიბა მის ირგვლივ ისრაელიანთა დიდძალი კრებული - კაცები, ქალები, ბავშვები, რადგან მწარედ ტიროდა ხალხიც.
2 . მიუგო შეხანიამ, იეხიელის ძემ, ყელამის ძეთაგან და უთხრა ეზრას: „ვუღალატეთ ჩვენს ღმერთს და შევირთეთ უცხოელი ცოლები ამ ქვეყნის ხალხთაგან; მიუხედავად ამისა, არის იმედი ისრაელისთვის!
3 . აღთქმა დავდოთ ჩვენს ღმერთთან, რომ ჩვენი უფლისა და ჩვენი ღმერთის მცნებების მოშიშთა რჩევის მიხედვით გავუშვებთ ცოლებს და მათგან შეძენილ შვილებს. და რჯულის მიხედვით აღსრულდეს
4 . ადექი, რადგან შენზეა ეს საქმე და ჩვენც შენთან ვართ; გამხნევდი და აღასრულე!”
5 . ადგა ეზრა და დააფიცა მთავარი მღვდლები, ლევიანები და მთელი ისრაელი, რომ მოიქცეოდნენ ფიცის თანახმად. მათაც დაიფიცეს.
6 . ადგა ეზრა ღვთის სახლიდან და წავიდა იოხანანის, ელიაშიბის ძის ოთახისკენ; მაგრამ პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია, რადგან გლოვობდა გადასახლებული ხალხის ორგულობის გამო.
7 . და გამოუცხადეს იუდასა და იერუსალიმში ყველა გადასახლებაში ნამყოფთ, რომ თავი მოეყარათ იერუსალიმში.
8 . და ყველას, ვინც სამ დღეში არ მოვიდოდა, მთელი ქონება ჩამოერთმეოდა მთავართა და უხუცესთა გადაწყვეტილებით და მოკვეთილი იქნებოდა გადასახლებაში ნამყოფთა კრებულიდან.
9 . სამ დღეში შეიკრიბა იერუსალიმში ბენიამინისა და იუდას ყველა კაცი; ეს იყო მეცხრე თვეს, თვის მეოცე დღეს. იჯდა მთელი ხალხი ღვთის სახლის მოედანზე, კანკალებდა ამ საქმისა და თავსხმა წვიმის გამო.
10 . ადგა ეზრა მღვდელი და უთხრა მათ: „შესცოდეთ, რადგან უცხოელი ცოლები შეირთეთ და ამით დანაშაული გაუმრავლეთ ისრაელს.
11 . ახლა აღიარეთ ცოდვა უფლის, თქვენი მამების ღმერთის წინაშე და აღასრულეთ მისი ნება: გამოეყავით ამ ქვეყნის ხალხებს და უცხოელ ცოლებს!”
12 . უპასუხა მთელმა კრებულმა და ხმამაღლა უთხრა: „როგორც თქვი, ისე მოვიქცევით!
13 . ოღონდ ხალხი ბევრია, წვიმების დროა და გარეთ დგომა არ შეგვიძლია; თანაც ეს ერთი ან ორი დღის საქმე არ არის, რადგან ბევრს შეგვიცოდავს ამ საქმეში.
14 . დადგნენ ჩვენი მთავრები მთელი კრებულის ნაცვლად, ხოლო ის, ვისაც ჩვენს ქალაქში უცხოელი ცოლი ჰყავს, მოვიდეს დანიშნულ დროს თავისი ქალაქის უხუცესებთან და მსაჯულებთან ერთად, ვიდრე არ მიიქცევა ჩვენგან ჩვენი ღმერთის რისხვა ამ საქმის გამო”.
15 . მხოლოდ იონათანი, ყასელის ძე და იახზეია, თიკვას ძე გამოვიდნენ ამის წინააღმდეგ; მეშულამი და ლევიანი შაბეთაი უჭერდნენ მათ მხარს.
16 . ასეც მოიქცნენ გადასახლებაში ნამყოფები. გამოარჩია ეზრა მღვდელმა კაცები, მეთაურები, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით, ყველანი სახელდებით გამორჩეულნი; და დასხდნენ ისინი მეათე თვის პირველ დღეს ამ საქმის გამოსაძიებლად.
17 . პირველი თვის პირველი დღისთვის დაასრულეს ყველა იმ მამაკაცთა საქმე, რომელთაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ.
18 . მღვდლების ძეებში, რომელთაც უცხოელი ცოლები ესვათ, აღმოჩნდნენ: იეშუა იოცადაკის ძის ძენი და მისი ძმები: მაყასეია, ელეაზარი, იარიბი და გედალია.
19 . მათ ხელი მისცეს, რომ გაუშვებდნენ ცოლებს და შესწირავდნენ ვერძს თავიანთი ცოდვის გამოსასყიდად.
20 . იმერის ძეთაგან: ხანანი და ზებადია;
21 . ხარიმის ძეთაგან: მაყასეია, ელია, შემაყია, იეხიელი, ყუზია;
22 . ფაშხურის ძეთაგან: ელიოყენაი, მაყასეია, ისმაელი, ნეთანელი, იოზაბადი და ელყასა;
23 . ლევიანთაგან: იოზაბადი, შიმყი, კელაია, იგივე კელიტა, ფეთახია, იუდა და ელეაზარი.
24 . მგალობელთაგან: ელიაშიბი. კარის მცველთაგან: შალუმი, ტელემი და ური.
25 . ისრაელიდან - ფარყოშის ძეთაგან: რამია, იეზია, მალქია, მიამინი, ელეაზარი, მალქია, ბენაია;
26 . ყელამის ძეთაგან: მათანია, ზაქარია, იეხიელი, ყაბდი, იერემოთი, ელია;
27 . ზათუს ძეთაგან: ელიოყენაი, ელიაშიბი, მათანია, იერიმოთი, ზაბადი, ყაზიზა;
28 . ბებაის ძეთაგან: იეჰოხანანი, ხანანია, ზაბაია, ყათლაი;
29 . ბანის ძეთაგან: მეშულამი, მალუქი, ყადაია, იაშუბი, შეალი, იერამოთი;
30 . ფათახ-მოაბის ძეთაგან: ყადნა, ქელალი, ბენაია, მაყასეია, მათანია, ბეცალელი, ბინუი და მანაშე;
31 . ხარიმის ძეთაგან: ელეაზარი, იშია, მალქია, შემაყია, შიმყონი;
32 . ბენიამინი, მალუქი, შემარია;
33 . ხაშუმის ძეთაგან: მათენაი, მათათა, ზაბადი, ელიფელეტი, იერემაი, მენაშე, შიმყი;
34 . ბანის ძეთაგან: მაყადაი, ყამრამი, უელი,
35 . ბენაია, ბედეია, ქელუჰუ,
36 . ვანია, მერემოთი, ელიაშიბი,
37 . მათანია, მათენაი და იაყასაი;
38 . ბანი, ბინუი, შიმყი,
39 . შელემია, ნათანი, ყადაია,
40 . მაქნადბაი, შაშაი, შარაი,
41 . ყაზარიელი, შელემიაჰუ, შემარია,
42 . შალუმი, ამარია, იოსები.
43 . ნებოს ძეთაგან: იეყიელი, მათითია, ზაბადი, ზებინა, იადაი, იოელი და ბენაია.
44 . ყველა ამათ უცხოელი ცოლები ჰყავდათ შერთული; და ზოგიერთს შვილებიც ჰყავდა მათგან.
1 . ამ ამბების შემდეგ, როცა დაცხრა მეფე ახაშვეროშის რისხვა, გაიხსენა მან ვაშთი, მისი საქციელი და მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი.
2 . და თქვეს მეფის გარემოცვამ, მისმა მსახურებმა: "მოუძებნონ მეფეს ყმაწვილი ლამაზი ქალწულები.
3 . დანიშნოს მეფემ ზედამხედველები თავისი სამეფოს ყველა სამთავროში, რათა შეკრიბონ ყველა ლამაზი და ყმაწვილი ქალწული შუშანში, სატახტო ქალაქში, ქალთა სახლში და ჩააბარონ ჰეგეს, მეფის საჭურისს, ქალთა მცველს და დაურიგოს მათთვის საჭირო ნელსაცხებლები.
4 . ქალწულმა, რომელიც თვალში მოუვა მეფეს, იდედოფლოს ვაშთის ნაცვლად!” მოეწონა ეს სიტყვა მეფეს და ასეც მოიქცა.
5 . იყო ერთი ებრაელი კაცი სატახტო ქალაქ შუშანში, სახელად მორდექაი, ძე იაირისა, ძისა შიმყისა, ძისა კიშისა, ბენიამინელი,
6 . რომელიც გადასახლებულ იქნა იერუსალიმიდან იუდას მეფე იექონიასთან და იმ ტყვეებთან ერთად, რომლებიც გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ.
7 . მან უპატრონა თავისი ბიძის ასულ ჰადასას, იმავე ესთერს, რადგან არც მამა ჰყავდა მას და არც დედა. ტანადი და მშვენიერი იყო ეს ყმაწვილქალი. დედ-მამა რომ დაეხოცა, მორდექაიმ იშვილა.
8 . როცა მეფის ბრძანებითა და განკარგულებით მრავალ ყმაწვილქალს მოუყარეს თავი სატახტო ქალაქ შუშანში და ჩააბარეს ჰეგეს, მაშინ ესთერიც წაიყვანეს მეფის სახლში და ჩააბარეს ქალთა მცველს.
9 . მოეწონა მას ყმაწვილქალი და მადლი ჰპოვა ჰეგეს თვალში. სასწრაფოდ მიაცემინა მისთვის განკუთვნილი ნელსაცხებელი და მისი წილი საზრდო; მეფის სახლიდან შვიდი საუკეთესო მხევალი მიუჩინა და ქალთა სახლის საუკეთესო სადგომში გადაიყვანა, თავის მხევლებთან ერთად.
10 . არ გაუმჟღავნებია ესთერს თავისი ხალხი და წარმომავლობა, რადგან ასე დაარიგა მორდექაიმ.
11 . ყოველდღე მიმოდიოდა მორდექაი ქალთა სახლის ეზოს წინ, რომ ესთერის მდგომარეობა და ამბავი გაეგო.
12 . თორმეტი თვის შემდეგ მოუწევდა ყმაწვილქალს მეფე ახაშვეროშთან შესვლის რიგი, როგორც ქალებისთვის იყო დაწესებული, რადგან მანამდე ექვსი თვე მურის ზეთით ზელდნენ და ექვსი თვე _ სურნელებებით და ქალთა ნელსაცხებლებით.
13 . ამის შემდეგ შედიოდა ყმაწვილქალი მეფესთან და რაც არ უნდა მოეთხოვა ქალთა სახლიდან მეფის სახლში მიმავალს, გაატანდნენ ხოლმე.
14 . საღამო ხანს შედიოდა და დილით ბრუნდებოდა ქალთა მეორე სახლში, შაყაშგაზის, მეფის საჭურისის და ხარჭათა მცველის ხელქვეით; ვეღარ შევიდოდა მეფესთან, თუ თვითონ მეფე არ მოისურვებდა მას და სახელდებით არ დაუძახებდა.
15 . როდესაც ესთერს, მორდექაის ბიძის, აბიხაილის ასულს, რომელიც მორდექაის ჰყავდა ნაშვილები, მეფესთან შესვლის რიგმა მოუწია, არაფერი მოუთხოვია, გარდა იმისა, რაც მეფის საჭურისმა, ქალთა მცველმა ჰეგემ ურჩია. და მადლი ჰპოვა ესთერმა ყველა მისი მხილველის თვალში.
16 . მიჰგვარეს ესთერი მეფე ახაშვეროშს მის სამეფო სახლში მეათე თვეს, ანუ ტებეთის თვეში, მისი მეფობის მეშვიდე წელს.
17 . ყველა ქალზე მეტად შეიყვარა მეფემ ესთერი და ყველა ქალწულზე მეტი მადლი და სიკეთე ჰპოვა მეფის თვალში. დაადგა თავზე სამეფო გვირგვინი მეფემ და ვაშთის ნაცვლად გაადედოფლა.
18 . გამართა მეფემ დიდი ნადიმი, ესთერის ნადიმი, ყველა თავისი მთავრისა და მსახურისთვის, გადასახადები შეუმსუბუქა სამთავროებს და საჩუქრები გასცა მეფური გულუხვობით.
19 . როცა მეორედ შეკრიბეს ქალწულები, მეფის კარიბჭესთან იჯდა მორდექაი,
20 . ჯერ კიდევ არ ამჟღავნებდა ესთერი თავის წარმომავლობასა და ხალხს, როგორც მორდექაის ჰქონდა ნათქვამი. ისევე ასრულებდა მორდექაის სიტყვას, როგორც მაშინ, როცა მისი მზრუნველობის ქვეშ იყო.
21 . იმ დღეებში, როდესაც მეფის კარიბჭესთან იჯდა მორდექაი, გაბრაზდნენ ბიგთანი და თერეში, მეფის ორი საჭურისი, მისი კარის მცველები და მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა ჩაიდეს გულში.
22 . შეიტყო ეს ამბავი მორდექაიმ და აცნობა დედოფალ ესთერს, ხოლო ესთერმა მეფეს მოახსენა მორდექაის სახელით.
23 . გამოიძიეს ეს საქმე, დადასტურდა და ორივენი ხეზე ჩამოკიდეს. და ჩაიწერა ეს მეფის წინაშე, მატიანის წიგნში.
1 . მიუგო იობმა და თქვა:
2 . "ოჰ, რომ აწონილიყო ჩემი წუხილი და ჩემი ტანჯვა ერთიანად დადებულიყო სასწორზე,
3 . ზღვის ქვიშაზე უფრო მძიმე იქნებოდა იგი, ამიტომაა ნაჩქარევი ჩემი სიტყვები.
4 . რადგან ყოვლადძლიერის ისრები მაქვს ჩარჭობილი და მათ გესლს სვამს ჩემი სული. ღვთის საშინელებანი დაეწყვნენ ჩემს წინააღმდეგ.
5 . თუ იყროყინებს გარეული ვირი საბალახოზე? თუ იბღავლებს ხარი თივის ზვინის წინ?
6 . თუ ჭამენ უგემურს, უმარილოდ და თუ აქვს გემო კვერცხის ცილას?
7 . გული არ მიმდის მათზე, მწუხარებისაა ჩემი პური.
8 . ოჰ, რომ ახდებოდეს ჩემი სათხოვარი, და სანატრელს მომაგებდეს ღმერთი!
9 . ნეტავ ინებოს და დამლეწოს უფალმა, გამოიწოდოს ხელი და გამკვეთოს.
10 . ეს იქნებოდა ჩემი ნუგეში და ულმობელ სატკივარში გავიხარებდი, რადგან არ უარმიყვია წმიდის სიტყვები.
11 . რადგან რა არის ჩემი ძალა, რომ მისი იმედი ვიქონიო? რა არის ჩემი ბოლო, რომ სიცოცხლე ვინატრო?
12 . განა ქვის სიმტკიცეა ჩემი სიმტკიცე? განა სპილენძისაა ჩემი ხორცი?
13 . აღარც რაიმე ძალა შემრჩა ჩემში და ყოველგვარი შეწევნაც გამშორდა.
14 . სასოწარკვეთილს თავისი მოყვასისგან აქვს თანაგრძნობა, თუნდაც მიტოვებული ჰქონდეს ყოვლადძლიერის შიში.
15 . გაუჩინარდნენ ჩემი მეგობრები დამშრალი წყაროებივით და მათი კალაპოტებივით,
16 . ყინულისგან რომ ამღვრეულან და თოვლი რომ ჩამდნარა მათში.
17 . დათბება და გაქრებიან, დააცხუნებს და ადგილზევე გაუჩინარდებიან;
18 . იცვლიან კალაპოტებს, არარაობაში მიედინებიან და იღუპებიან.
19 . მათ დაჰყურებდნენ თემას ქარავნები, მათი იმედი ჰქონდათ შებას მოგზაურებს.
20 . გაწბილდნენ, რადგან იმედი ჰქონდათ, მივიდნენ იქ და შერცხვნენ.
21 . ახლა თქვენც მათი მსგავსნი გახდით, იხილეთ საშინელება და შეგეშინდათ.
22 . განა გითხარით, რამე მომიტანეთ-მეთქი, ან თქვენი ქონებიდან ქრთამი გაეცით-თქო ჩემთვის?
23 . ან დამიხსენით-მეთქი მტრის ხელიდან? ან გამომისყიდეთ-თქო მჩაგვრელთა ხელიდან?
24 . მასწავლეთ და დავდუმდები, რაში შევცდი, გამაგებინეთ.
25 . რა მტკივნეულია წრფელი სიტყვა, მაგრამ რას ადასტურებს თქვენი ლაპარაკი?
26 . ჩემი სიტყვების განსჯა გწადიათ, მაგრამ ქარს ეკუთვნის სასოწარკვეთილი ადამიანის ნათქვამი!
27 . ობოლზეც კი იყრიდით წილს და ორმოს გაუთხრიდით საკუთარ მეგობარს.
28 . ახლა ინებეთ და შემომხედეთ, ნახეთ, თუ ვიცრუო თქვენს წინაშე.
29 . მობრუნდით, გევედრებით, და ნუ იქნება უსამართლობა. მობრუნდით, ჯერ კიდევ აქ არის ჩემი სიმართლე.
30 . განა არის ჩემს ენაზე უმართლობა? ნუთუ ვერ არჩევს მზაკვრულად შეთხზულს სასა ჩემი?
1 . "ახლა ისმინე, იაკობ, ჩემო მსახურო და ისრაელ, ჩემო რჩეულო.
2 . ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის მუცელში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა: ნუ გეშინია, ჩემო მსახურო, იაკობ, და შენ, იეშურუნ, ჩემო რჩეულო.
3 . რადგან წყალს გადმოვღვრი მწყურვალ ქვეყანაზე და ნაკადებს - გამომშრალ მიწაზე: ჩემს სულს გადმოვღვრი შენს თესლზე და ჩემს კურთხევას - შენს შთამომავლობაზე.
4 . აღმოცენდებიან ისინი ბალახებს შორის, როგორც ტირიფები წყლის ნაკადებთან.
5 . ერთი იტყვის: უფლისა ვარ! მეორე იაკობის სახელით იწოდება, სხვა თავისივე ხელით დაიწერს: "უფალს ვეკუთვნი” და ისრაელის სახელი დაერქმევა.
6 . ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეფე და გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.
7 . ან ვინ არის ჩემი მსგავსი? თქვას და გამოაცხადოს თანმიმდევრულად, რა მოხდა მას შემდეგ, უძველესი ხალხი რომ დავაფუძნე; ან დამდეგი და მომავალი აუწყონ.
8 . ნუ კანკალებთ და ნუ გეშინიათ. განა ძველთაგან არ გაუწყეთ და არ გამოგიცხადეთ? თქვენა ხართ ჩემი მოწმენი. განა არის ჩემს გარდა ღმერთი? განა არის ჩემს გარდა კლდე? არავინ ვიცი”.
9 . არარაობაა კერპთა ყველა გამომსახველი, მათ საუნჯეს არავითარი სარგებელი არ მოაქვს, თავადვე რწმუნდებიან ამაში. ვერაფერს ხედავენ და ვერც ხვდებიან, ამიტომაც გაწბილდებიან.
10 . ვინ გამოსახა ღმერთი და კერპი ვინ ჩამოასხა, რომელსაც სარგებლობა არ მოაქვს?
11 . აჰა, შერცხვებიან მათი თანამდგომნი, რადგან ხელოსნებიც უბრალო ადამიანები არიან; შეიკრიბონ ყველანი, წამოდგნენ, შეძრწუნდნენ და შერცხვნენ ერთიანად.
12 . მჭედელი რკინისგან ჭედავს და ნაკვერჩხლებზე ამუშავებს, უროთი აძლევს ფორმას, თავისი ძლიერი მკლავით მუშაობს, მერე შივდება და ძალა ეცლება, წყალს არ სვამს და იქანცება.
13 . გაჭიმავს საზომს დურგალი და საჭრეთლით შემოხაზავს, წალდით ამუშავებს, ფარგლით შემოხაზავს და შექმნის მისგან კაცის მსგავსებას, ადამიანის მშვენებასავით, რათა სახლში დადგას.
14 . მოჭრის კედრებს; შეარჩევს ცაცხვს და მუხას, ტყის ხეთა შორის მოამაღლებს მათ, დარგავს ფიჭვს და წვიმა გაზრდის,
15 . შემდეგ კი დასაწვავად აქცევს, აიღებს მათგან და თბება; ღუმელს ახურებს, პურს აცხობს და მისგანვე აკეთებს ღმერთს და თაყვანს სცემს, კერპს აკეთებს და მის წინაშე ემხობა.
16 . ნაწილს ცეცხლში წვავს, ნაწილით ხორცს ხარშავს, შეწვავს და ძღება შემწვარით, თბება კიდეც და ამბობს: "ოჰ, გავთბი, ცეცხლი დავინახეო!”
17 . ხის მონარჩენისგან კი ღმერთი, გამოთლილი კერპი გაიკეთა, მის წინაშე ემხობა და თაყვანს სცემს, მის წინაშე ლოცულობს და ეუბნება: "მიხსენი, რადგან ღმერთი ხარ ჩემი!”
18 . არ იციან და არ გაეგებათ, რადგან თვალები აქვთ ამოლესილი, რომ ვერ დაინახონ და გულები - რომ ვერ მიხვდნენ.
19 . ვერავინ ხვდება, არც ცოდნა აქვთ და არც გონიერება, რომ თქვან: "ნაწილი ცეცხლში დავწვი, ნაკვერჩხლებზე პური გამოვაცხვე, ხორცი შევწვი და შევჭამე; მის მონარჩენს კი სიბილწედ ვაქცევ, ხის ნაჭერს როგორ ვეთაყვანები?”
20 . ფერფლით იკვებება, მოტყუებულმა გულმა გზას ააცდინა; თავს ვერ გადაირჩენს და ვერ იტყვის: "განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაში?”
21 . გახსოვდეს ეს, იაკობ და ისრაელ, რადგან ჩემი მსახური ხარ. მე გამოგსახე, ჩემი მსახური ხარ, ისრაელ, არ დაგივიწყებ!
22 . ღრუბელივით წარვხოცე შენი დანაშაული და ნისლივით - შენი ცოდვები; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე.
23 . სიხარულით შემოსძახეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა ეს; იყიჟინეთ, ქვეყნის დაბლობებო; სიხარულით დასჭექეთ, მთებო, ტყევ და ყველა ხევ მასში, რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი და თავისი დიდება გამოაჩინა ისრაელში.
24 . ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი გამომსახველი დედის მუცელში: "მე ვარ უფალი, ყოველივეს შემოქმედი, მე თვითონ გადავჭიმე ცანი და მარტომ განვავრცე მიწა”.
25 . იგი აცამტვერებს ამაოთა ნიშნებს და აუგუნურებს მკითხავებს, უკუაქცევს ბრძენთ და სიბრიყვედ აქცევს მათ ცოდნას;
26 . ადასტურებს თავის მსახურთა სიტყვას და თავის მოციქულთა თათბირს აღასრულებს; ეუბნება იერუსალიმს: "დასახლდები!” იუდას ქალაქებს: "აშენდებით და მის ნანგრევებს მე აღვადგენ!”
27 . ეტყვის ზღვის უფსკრულს: "ამოშრი და მე დავაშრობ შენს მდინარეებს”.
28 . კიროსზე ამბობს: "ჩემი მწყემსია და ჩემს ყველა სურვილს შეასრულებს!” იერუსალიმს ეუბნება: "აშენდები!” და ტაძარს: "ჩაიყრება შენი საძირკველი!”
1 . და იყო, იმავე წელს, იუდას მეფის ციდკიას მეფობის დასაწყისში, მეოთხე წლის მეხუთე თვეს, ხანანია აზურის ძემ, გაბაონელმა წინასწარმეტყველმა, უფლის სახლში მღვდლებისა და მთელი ხალხის თანდასწრებით მითხრა:
2 . "ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: მე დავამსხვრევ ბაბილონის მეფის უღელს!
3 . და ორ წელიწადში დავაბრუნებ ამ ადგილზე უფლის სახლის მთელ ჭურჭელს, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა წაიღო ამ ადგილიდან და ბაბილონში მიიტანა.
4 . იუდას მეფე იექონია იეჰოიაკიმის ძესა და ბაბილონში გაძევებულ იუდას ყველა გადასახლებულს მე დავაბრუნებ ამ ადგილზე, ამბობს უფალი, რადგან მე დავამსხვრევ ბაბილონის მეფის უღელს!”
5 . ელაპარაკა იერემია წინასწარმეტყველი ხანანია წინასწარმეტყველს მღვდელთა და უფლის სახლში მდგარი მთელი ხალხის წინაშე;
6 . თქვა იერემია წინასწარმეტყველმა: "ამინ! დაე, ასე ქმნას უფალმა! დაე, უფალმა დაადასტუროს შენი სიტყვები, რაც უფლის სახლის ჭურჭლისა და გადასახლებულთა ბაბილონიდან ამ ადგილას დაბრუნებაზე იწინასწარმეტყველე!
7 . ოღონდ მოისმინე ეს სიტყვა, რომელსაც შენს გასაგონად და მთელი ხალხის გასაგონად ვიტყვი.
8 . წინასწარმეტყველები, რომლებიც უძველესი დროიდან, ჩემამდე და შენამდე იყვნენ, ბევრ ქვეყანასა და დიდ სამეფოებს უწინასწარმეტყველებდნენ ომს, უბედურებასა და შავ ჭირს;
9 . წინასწარმეტყველს, რომელიც მშვიდობას წინასწარმეტყველებდა, მხოლოდ მისი წინასწარმეტყველური სიტყვის ასრულების შემდეგ სცნობდნენ წინასწარმეტყველად, რომელიც ჭეშმარიტად უფალმა გამოგზავნა”.
10 . მაშინ ხანანია წინასწარმეტყველმა უღელი ჩამოხსნა ქედიდან იერემია წინასწარმეტყველს და დაამსხვრია.
11 . თქვა ხანანიამ მთელი ხალხის გასაგონად: "ასე ამბობს უფალი: ასევე დავამსხვრევ ორ წელიწადში ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის მიერ ყველა ერის ქედზე დადებულ უღელს!” წავიდა იერემია წინასწარმეტყველი თავის გზაზე.
12 . იყო უფლის სიტყვა იერემიასადმი მას შემდეგ, რაც ხანანია წინასწარმეტყველმა იერემია წინასწარმეტყველის ქედზე დადებული უღელი დაამსხვრია:
13 . "წადი და ელაპარაკე ხანანიას, ასე ამბობს-თქო უფალი: ხომ დაამსხვრიე ხის უღელი, ახლა რკინის უღელი გააკეთე მის ნაცვლად,
14 . რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: რკინის უღელს დავადგამ ქედზე ყველა ამ ერს, რათა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს ემსახურონ და მოემსახურებიან კიდეც; ველის მხეცებიც მას მივეცი”.
15 . უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს: "ახლა, მისმინე ხანანია! უფალს არ გამოუგზავნიხარ, ტყუილად აიმედებ ამ ხალხს.
16 . ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, მალე წარგავლენ მიწის პირიდან, ამ წელს მოკვდები იმის გამო, რომ უფლის წინააღმდეგ განდგომას ლაპარაკობ”.
17 . მოკვდა ხანანია წინასწარმეტყველი იმავე წლის მეშვიდე თვეს.
1 . საჭიროდ ჩათვალა დარიოსმა, რომ ას ოცი სატრაპი დაეყენებინა თავის სამეფოზე, მთელ სახელმწიფოში რომ ყოფილიყვნენ.
2 . მათ ზემდგომ კი სამი მთავარი დანიშნა, მათ შორის დანიელი პირველი იყო. სატრაპებს ანგარიში უნდა ჩაებარებინათ მათთვის, რათა მეფე არ დაზარალებულიყო.
3 . მთელ მთავრებსა და სატრაპებში გამოირჩეოდა დანიელი, ვინაიდან აღმატებული სული იყო მასში და მეფე მთელ სამეფოზე ფიქრობდა მის დაყენებას.
4 . ამიტომ საბაბს დაუწყეს ძებნა მთავრებმა და სატრაპებმა, რათა დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში დაედოთ ბრალი; მაგრამ ვერავითარი საბაბისა და დანაშაულის პოვნა ვერ შესძლეს, რადგან ერთგული იყო იგი და არავითარი შეცდომა და დანაშაული არ აღმოჩნდა მასში.
5 . მაშინ თქვეს იმ კაცებმა: "ვერავითარ მიზეზს ვერ ვუპოვით დანიელს, თუ ისევ მისი ღმერთის რჯულში არ მოვუნახეთ რაიმე”.
6 . შეიკრიბნენ მთავარნი და სატრაპნი მეფესთან და უთხრეს: "მეფე დარიოს, იცოცხლე საუკუნოდ!
7 . მოითათბირა ყველა მთავარმა, სამეფოს გამგებელმა და სატრაპმა, მრჩეველმა და მმართველმა, რათა გამოიცეს სამეფო წესი და მტკიცე ბრძანება, რომ თუკი ოცდაათი დღის განმავლობაში ვინმე რომელიმე ღმერთს ან კაცს, შენ გარდა, მეფევ, რაიმე თხოვნით მიმართავდა, ლომების ხაროში იქნას ჩაგდებული.
8 . ახლა კი, მეფევ, დაადასტურე ეს ბრძანება და დაბეჭდე წერილი, რომ არ შეიცვალოს, როგორც მიდიელთა და სპარსთა კანონი, რომელიც არ გაუქმდება!”
9 . და ხელი მოაწერა მეფე დარიოსმა აკრძალვის წერილს, ყოველივე ამის შემდეგ.
10 . როცა შეიტყო დანიელმა რომ ასეთი წერილი დაიბეჭდა, ავიდა თავის სახლში, რომელსაც ღია სარკმლები ჰქონდა იერუსალიმისკენ, ზედა ოთახში, სადაც დღეში სამჯერ იყრიდა მუხლს, ლოცულობდა და მადლობას სწირავდა თავის ღმერთს, როგორც ამას ადრეც აკეთებდა.
11 . შეიკრიბნენ ის კაცები და თავს წაადგნენ დანიელს, რომელიც ლოცულობდა და წყალობას ითხოვდა თავისი ღმერთის წინაშე.
12 . მერე მიეახლნენ და ელაპარაკნენ მეფეს სამეფო ბრძანებაზე: "განა შენ არ გაეცი ბრძანება, რომ ყოველი, ვინც ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან ადამიანს შენ გარდა, მეფევ, რაიმეს შესთხოვდა, ლომების ხაროში იქნებოდა ჩაგდებული?” თქვა მეფემ: "ჭეშმარიტია ეგ ბრძანება, როგორც მიდიელთა და სპარსთა კანონი, რომელიც არ დაირღვევა!”
13 . მაშინ მიუგეს მათ და ილაპარაკეს მეფის წინაშე: "დანიელი, რომელიც გადმოსახლებული იუდევლების ძეა, არც შენ გაქცევს ყურადღებას, მეფევ, და არც იმ ბრძანებას, რომელიც გამოეცი; დღეში სამჯერ შესთხოვს ღმერთს თავის სათხოვარს!”
14 . ეს ამბავი რომ მოისმინა, შეწუხდა მეფე; გულში დანიელის გადარჩენა ჩაიდო და მზის ჩასვლამდე ცდილობდა მის დახსნას.
15 . მაგრამ მიადგნენ ეს კაცები მეფეს და ჯიუტად ეუბნებოდნენ: "მეფევ! მიდიელთა და სპარსთა წესია, რომ მეფის მიერ გამოცემული არცერთი ბრძანება და კანონი არ უნდა შეიცვალოს!”
16 . მაშინ ბრძანა მეფემ, მოიყვანეს დანიელი და ლომების ხაროში ჩააგდეს. და უთხრა მეფემ დანიელს: "შენი ღმერთი, რომელსაც ერთგულად ემსახურები, ის გიხსნის შენ!”
17 . მოიტანეს დიდი ქვა, პირზე დააფარეს ხაროს და მეფისა და დიდებულთა ბეჭდებით დაბეჭდეს, რათა რაიმე არ შეცვლილიყო დანიელის მიმართ.
18 . წავიდა მეფე თავის სასახლეში და მარხვით გაათია ღამე, არც გართობა მოინდომა და ვერც დაიძინა.
19 . გათენებისთანავე, განთიადზე ადგა მეფე და სასწრაფოდ წავიდა ლომების ხაროსკენ.
20 . მიუახლოვდა თუ არა ხაროს, შეწუხებული ხმით ჩასძახა დანიელს: "დანიელ, ცოცხალი ღმერთის მსახურო, შესძლო შენმა ღმერთმა, ერთგულად რომ ემსახურები, ლომებისგან შენი დახსნა?”
21 . მიუგო დანიელმა: "უკუნისამდე იცოცხლე, მეფევ!
22 . თავისი ანგელოზი წარმოგზავნა ჩემმა ღმერთმა, რომელმაც პირები დაუხშო ლომებს; არაფერი უვნიათ ჩემთვის, ვინაიდან სუფთა აღმოვჩნდი მის წინაშე და არც შენ წინაშე ჩამიდენია დანაშაული!”
23 . ფრიად გაიხარა მეფემ და ბრძანა ხაროდან ამოეყვანათ დანიელი. ამოიყვანეს დანიელი ხაროდან და არავითარი ზიანი არ აღმოაჩნდა, რადგან თავის ღმერთს ენდობოდა.
24 . მაშინ ბრძანა მეფემ და მიიყვანეს ის კაცები, დანიელს რომ სდებდნენ ბრალს; და ჩაყარეს ლომების ორმოში თვითონ, მათი ძენი და მათი ცოლები; ჯერ ორმოს ფსკერამდეც არ მიეღწიათ, რომ ეცნენ ლომები და ძვლები დაულეწეს.
25 . მაშინ მეფე დარიოსმა ყველა ხალხს, ერსა და ყოველ ენაზე მოლაპარაკეს მისწერა, ვინც კი ცხოვრობდა ქვეყანაზე: "დაე, მშვიდობა გაგიმრავლდეთ!
26 . ამიერიდან ვბრძანებ, რომ ჩემი სამეფოს ყველა სამთავროში თრთოდნენ და ეშინოდეთ დანიელის ღმერთისა, რადგან ის არის ცოცხალი და მარადმყოფელი ღმერთი; სამეფო მისი არ დაინგრევა და ხელმწიფება მისი უსასრულოა.
27 . ის იხსნის და გადაარჩენს; მოიმოქმედებს ნიშნებსა და სასწაულებს ცასა და მიწაზე. მან დაიხსნა დანიელი ლომების ხახიდან”.
28 . წარმატებული იყო დანიელი როგორც დარიოსის, ისე სპარსელი კიროსის მეფობისას.
1 . დარიოს ახაშვეროშის ძის, მოდგმით მიდიელის, მეფობის პირველ წელს, ქალდეველთა სამეფოზე რომ გამეფდა,
2 . მისი მეფობის პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებიდან გავიგე რიცხვი იმ წლებისა, რომელზეც უფლის სიტყვა იყო წინასწარმეტყველ იერემიას მიმართ, იერუსალიმის სამოცდაათწლიანი გაუკაცრიელების შესახებ.
3 . პირი ვიბრუნე უფალი ღმერთისკენ და ლოცვითა და ვედრებით შევევედრე მარხვაში, ჯვალოსა და ნაცარში.
4 . ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის წინაშე, ვაღიარე და ვუთხარი: "ოჰ, უფალო, დიდებულო და მრისხანე ღმერთო, აღთქმასა და წყალობას რომ უნახავ შენს მოყვარულებსა და შენი მცნებების დამცველთ!
5 . აჰა, შევცოდეთ, ურჯულოებას ვიქმოდით, ბოროტს ჩავდიოდით და ვჯიუტობდით, გადავუხვიეთ შენს მცნებებსა და დადგენილებებს.
6 . ყურს არ ვუგდებდით შენს მსახურ წინასწარმეტყველთ, შენი სახელით რომ ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებსა და ქვეყნის მთელ ხალხს.
7 . სიმართლე შენ გეკუთვნის, უფალო, ჩვენ კი დღეს სირცხვილი გვაქვს სახეზე, იუდას კაცებს, იერუსალიმის მკვიდრებს, მთელ ისრაელს, ახლო თუ შორეულ ქვეყნებში მყოფებს, სადაც განდევნე მათი ორგულობის გამო, შენ მიმართ რომ გამოიჩინეს.
8 . უფალო, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებს სირცხვილი აქვთ სახეზე, რადგან შევცოდეთ შენს წინააღმდეგ.
9 . უფალო, ღმერთო, მოწყალე ხარ და შენთანაა პატიება, ჩვენ კი განგიდექით.
10 . ყური არ დავუგდეთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, რათა გვევლო მისი რჯულის მიხედვით, თავის მსახურ წინასწარმეტყველთა ხელით რომ დაგვიდო წინ.
11 . დიახ, მთელმა ისრაელმა დაარღვია შენი რჯული და გადაუხვია მისგან, შენი ხმა რომ არ გაეგონა. ამიტომაც გვიწია იმ წყევლამ და ფიცმა, მოსეს, ღვთისმსახურის რჯულში რომ სწერია, რადგან მის წინააღმდეგ შევცოდეთ.
12 . დაადასტურა თავისი სიტყვა, რომელიც თქვა ჩვენზე და ჩვენს მსაჯულებზე, სამართალს რომ გვიჩენდნენ, და დიდი უბედურება დაგვატეხა თავს. არაფერი მომხდარა იმის მსგავსი მთელ ცისქვეშეთში, იერუსალიმში რომ მოხდა.
13 . როგორც მოსეს რჯულში სწერია, ყველა ეს უბედურება დაგვატყდა თავს, მაგრამ მაინც არ ვეძიებდით ჩვენი უფლის, ღმერთის წყალობას, რომ მოვქცეულიყავით ჩვენი ურჯულოებიდან და შეგვეგნო შენი ჭეშმარიტება.
14 . ამიტომაც დაგვატეხა თავს უფალმა ეს უბედურება, რადგან მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, თავის ყველა საქმეში, რომელიც მან მოიმოქმედა; მაგრამ ჩვენ მაინც არ ვუგდებდით ყურს მის ხმას.
15 . ახლა კი, უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმაც შენი ძლიერი ხელით გამოიყვანე შენი ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან და სახელი გაითქვი, დღეს რომ გაქვს! შევცოდეთ და ბოროტად მოვიქეცით.
16 . უფალო, მთელი შენი სიმართლით განარიდე შენი რისხვა და გულისწყრომა შენს ქალაქ იერუსალიმს და შენს წმიდა მთას, რადგან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამების ურჯულოების გამო არიან იერუსალიმი და შენი ხალხი შერცხვენილნი ყველა ჩვენს გარშემო მყოფთაგან.
17 . ახლა კი, ჩვენო ღმერთო, ისმინე შენი მსახურის ლოცვა-ვედრება; და შენი გულისთვის კეთილგანწყობით მოხედე შენს გაპარტახებულ საწმიდარს, უფალო.
18 . ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, თვალები გაახილე და ნახე ჩვენი აოხრება და ქალაქი, რომელსაც შენი სახელი ჰქვია; რადგან ჩვენი დამსახურების გამო კი არ მოგვაქვს შენ წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი უდიდესი მოწყალების გამო.
19 . უფალო, ისმინე! უფალო, მოგვიტევე! უფალო, შეისმინე და იმოქმედე! არ დააგვიანო, შენს გამო, ღმერთო ჩემო, რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქსა და შენს ერს”.
20 . ჯერ კიდევ ვლაპარაკობდი, ვლოცულობდი და ვაღიარებდი ჩემი და ჩემი ხალხის, ისრაელის ცოდვებს და ვევედრებოდი უფალს, ჩემს ღმერთს, ჩემი ღმერთის წმიდა მთის გამო,
21 . ჯერ კიდევ ვლოცულობდი, რომ კაცი გაბრიელი, რომელიც ადრე ხილვაში ვიხილე, მომიახლოვდა დაღლილ-დაქანცულს, საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს.
22 . შემაგონა, მელაპარაკა და მითხრა: "დანიელ! ახლა გამოვედი, რომ მოგცე წვდომა და გონიერება.
23 . შენი ვედრების დასაწყისში გამოვიდა სიტყვა და მოვედი, რომ გაცნობო იგი, რადგან დიდად პატივდებული კაცი ხარ; ჩაუკვირდი ამ სიტყვას და ჩაწვდი ხილვას.
24 . სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შენი ხალხისა და შენი წმიდა ქალაქის დანაშაულის აღსაკვეთად და ცოდვისთვის ბოლოს მოსაღებად, რათა გამოსყიდულ იქნას ურჯულოება და დამყარდეს საუკუნო სიმართლე, რათა დაიბეჭდოს ხილვა, წინასწარმეტყველება და ცხებულ იქნას წმიდათა წმიდა.
25 . ოღონდ იცოდე და ჩაწვდი: იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან, ცხებული მმართველის მოსვლამდე, იქნება შვიდი შვიდეული. და სამოცდაორ შვიდეულში ხელახლა აშენდება იერუსალიმი, თავისი მოედნითა და თხრილით, ძნელბედობის ჟამსაც კი.
26 . სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული და მას არაფერი დარჩება. ქალაქსა და საწმიდარს მომავალი მთავრის ხალხი დაანგრევს და მისი აღსასრული წარღვნასავით მოვა; აღსასრულის დადგომამდე იქნება ომი. გაპარტახებანი გადაწყვეტილია.
27 . იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, ხოლო შვიდეულის ნახევარში შეაჩერებს მსხვერპლსა და ძღვენს; სიბილწე და უკიდურესი გატიალება იქნება იმ ადგილზე, სანამ დადგენილი განადგურება არ ეწევა ამაოხრებელს.
1 . ვაი მე, რომ ნარჩენი ხილის შემგროვებელს და ყურძნის მომცვრელს დავემსგავსე! მაგრამ ერთი მტევანიც აღარ დარჩა საჭმელად, პირველმოწეული ლეღვიც კი სანატრელი გამიხდა.
2 . მოისპო ღვთისნიერი ქვეყანაზე, აღარავინ დარჩა წრფელი კაცთა შორის. ყველანი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან, ერთმანეთზე ნადირობენ ბადით ხელში.
3 . გაწაფულია მათი ხელები ბოროტის ქმნაში; მთავარი და მოსამართლე ქრთამს ითხოვენ; დიდებული ხარბი გულით ლაპარაკობს და სამართალს ამრუდებს.
4 . საუკეთესო მათ შორის ნარ-ეკალსა ჰგავს, უწრფელესი კი ძეძვზე უარესია; დადგა შენი გუშაგის დღე, დღე შენი მონახულებისა. დაგიდგა შფოთვის ჟამი.
5 . ნუ ენდობი ახლობელს, ნუ დაეყრდნობი მეგობარს, შენს მკერდზე მწოლისგანაც კი დაიცავი შენი ბაგეთა კარი.
6 . რადგან შვილი არცხვენს მამას, ასული თავისი დედის წინააღმდეგ აღსდგა, რძალი - დედამთილის წინააღმდეგ. კაცის მტრები მისი ოჯახის წევრები არიან.
7 . მე კი უფალს შევცქერი, ჩემი ხსნის ღმერთის მოლოდინში ვარ; მომისმენს ჩემი ღმერთი.
8 . ნუ ხარობ ჩემზე, მტერო! რომც დავეცე, წამოვდგები, ბნელშიც რომ დავჯდე, უფალია ჩემი ნათელი!
9 . უფლის გულისწყრომას დავითმენ, რადგან შევცოდე მის წინაშე, ვიდრე ჩემს საქმეს არ განიკითხავს და არ გადამიწყვეტს თავის სამართალს; სინათლეში გამომიყვანს და ვიხილავ მის სიმართლეს.
10 . იხილავს ამას ჩემი მტერი და შერცხვება, რომ მეუბნებოდა: სად არის უფალი, შენი ღმერთიო? იხილავენ ჩემი თვალები ჩემს მტერს, ქუჩის ტალახივით რომ გაითელება.
11 . შენი კედლების აშენების დღე შენი საზღვრების გავრცელების დღე იქნება.
12 . იმ დღეს იქნება, რომ შენამდეც მოვლენ აშურიდან და ეგვიპტის ქალაქებიდან; ეგვიპტიდან მდინარე ევფრატამდე, ზღვიდან ზღვამდე და მთიდან მთამდე.
13 . გაუდაბურდება ქვეყანა მის მკვიდრთა გამო, მათ საქმეთა ნაყოფის გამო.
14 . დამწყემსე შენი ხალხი შენი კვერთხით, შენი სამკვიდრო ფარა, მარტოდმარტო რომ ცხოვრობს ტყეში, ქარმელის შუაგულში! იბალახოს ბაშანში და გილყადში, როგორც უწინდელ დღეებში.
15 . გიჩვენებ სასწაულებს, როგორც იმ დღეებში გიჩვენე, როცა გამოხვედი ეგვიპტის ქვეყნიდან.
16 . ერები იხილავენ და შერცხვებათ თავიანთი ძლიერებისა, ხელს აიფარებენ პირზე და ყურები დაუყრუვდებათ.
17 . გველივით მტვერს ალოკავენ, მიწაზე მძრომი ქვეწარმავალივით; კანკალით გამოძვრებიან თავიანთი ციხე-სიმაგრეებიდან, შიშით მოვლენ უფალთან, ჩვენს ღმერთთან და შენს წინაშე შეძრწუნდებიან.
18 . ვინ არის შენი მსგავსი ღმერთი, დანაშაულს რომ პატიობს და აღარ უხსენებს ცოდვას თავისი სამკვიდროს ნატამალს? სამუდამოდ არ მრისხანებს იგი, რადგან სიკეთის მოყვარულია.
19 . კვლავ შეგვიბრალებს და ფეხქვეშ გათელავს ჩვენს დანაშაულს; ზღვის სიღრმეებში მოისვრი ყველა მათ ცოდვას.
20 . მისცემ იაკობს ჭეშმარიტებას და აბრაჰამს - სიკეთეს, ძველთაგანვე რომ შეჰფიცე ჩვენს მამებს.
1 . იმ ჟამს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: "ვინ უფრო დიდია ცათა სამეფოში?”
2 . იესომ დაუძახა ბავშვს და მათ შორის ჩააყენა.
3 . თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ისე არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში.
4 . ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სამეფოში.
5 . ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მღებულობს.
6 . ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა ჰკიდებოდა კისერზე და ზღვის სიღრმეში ჩაძირულიყო.
7 . ვაი წუთისოფელს ცდუნებათა გამო, რადგან ცდუნებები იქნება, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც ცდუნება წამოვა.
8 . თუ შენი ხელი ან შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს უხელო ან უფეხო შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში.
9 . თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე. ცალი თვალით შესვლა გერჩივნოს სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე ცეცხლოვან გეენაში.
10 . ფრთხილად, აბუჩად არ აიგდოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში გამუდმებით უყურებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.
11 . ვინაიდან ძე კაცისა დაღუპულთა გადასარჩენად მოვიდა.
12 . როგორ ფიქრობთ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნას, განა მთაში არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად?
13 . თუ მოხდება და იპოვის, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს მასზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ.
14 . ასევე არ უნდა თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანნი.
15 . თუ შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით; თუ გაიგონებს, შეგიძენია შენი ძმა.
16 . ხოლო თუ არ გაიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით განმტკიცდეს ყოველი სიტყვა.
17 . თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი ან მებაჟე.
18 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება. ხოლო რასაც გახსნით დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც.
19 . ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება დედამიწაზე ნებისმიერ რამეზე და ითხოვენ, მიეცემათ მათ ჩემი მამისგან, რომელიც ზეცაშია.
20 . ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის”
21 . მაშინ მივიდა მასთან პეტრე და ჰკითხა: "უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ რომ შესცოდავს? შვიდჯერ?”
22 . უთხრა მას იესომ: "არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.
23 . ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც ანგარიშის გასწორება ისურვა თავის მონებთან.
24 . ანგარიშსწორება რომ დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა.
25 . და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბრძანა ბატონმა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც ებადა, რომ ვალი დაეფარა.
26 . მაშინ პირქვე დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავი ჩემ მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.
27 . შეებრალა ბატონს ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.
28 . ამ მონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა; დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო.
29 . პირქვე დაემხო ამხანაგი, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.
30 . მაგრამ მან არ ინება, არამედ წავიდა და ჩააგდებინა იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა.
31 . მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და ყოველივე აუწყეს.
32 . მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე.
33 . განა არ გმართებდა, ისევე შეგეწყალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიწყალე?
34 . განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ ვალს არ გადაუხდიდა.
35 . ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს”.
1 . ერთხელ, რომელიღაც ადგილას იყო და ლოცულობდა; როცა დაასრულა, ერთმა მოწაფეთაგანმა მიმართა: "უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ასწავლიდა თავის მოწაფეებს”.
2 . უთხრა მათ: "როცა ლოცულობთ, თქვით - მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს მეფობა შენი და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეთცა ქვეყანასა ზედა.
3 . პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს.
4 . და მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ყველა ჩვენს მოვალეს; და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან”.
5 . უთხრა მათ: "რომელიმე თქვენგანს მეგობარი რომ ჰყავდეს, მიადგეს შუაღამისას და უთხრას: მეგობარო, მასესხე სამი პური,
6 . რადგან ნამგზავრი მეგობარი მესტუმრა და არაფერი გამაჩნიაო, რომ შევთავაზო!
7 . მან კი შიგნიდან გამოსძახოს: ნუ მაწუხებ, კარი დაკეტილია, ბავშვებიც ჩემთან მიწვანან ლოგინში, არ შემიძლიაო წამოდგომა და პურის მოცემა;
8 . გეუბნებით: მეგობრობის გამოც რომ არ ადგეს პურის მისაცემად, მომაბეზრებლობის გამო მაინც ადგება და იმდენ პურს მისცემს, რამდენიც სჭირდება.
9 . მე გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ.
10 . ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს; ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც აკაკუნებს, გაეღება.
11 . რომელი თქვენგანი იქნება ისეთი მამა, რომ შვილმა თევზი სთხოვოს და მან თევზის ნაცვლად გველი მისცეს? ანდა პური სთხოვოს და ქვა მისცეს?
12 . ანდა კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს?
13 . ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა იცით თქვენი შვილებისთვის კეთილ მისაცემთა მიცემა, მითუმეტეს ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს”.
14 . და განდევნა ეშმაკი მუნჯისგან. როგორც კი ეშმაკი გავიდა, ალაპარაკდა მუნჯი; და გაოცდა ხალხი.
15 . ზოგიერთი ამბობდა: ბელზებულით, ეშმაკთა მთავრით დევნისო ეშმაკებს.
16 . ზოგი კი, გამოსაცდელად, ციდან ნიშანს მოითხოვდა მისგან.
17 . იცოდა რა მათი ზრახვები, უთხრა მათ: "ყოველი სამეფო, რომელიც თავისავე წინააღმდეგაა დაყოფილი, გაპარტახდება და თავისავე წინააღმდეგ გაყოფილი სახლი დაეცემა.
18 . თუ თავისავე წინააღმდეგ დაიყოფა სატანა, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? რადგან ამბობთ, რომ ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს.
19 . თუ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი შვილები ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები.
20 . ხოლო თუ მე ღვთის თითით ვდევნი ეშმაკებს, მაშ, მოსულა თქვენთან ღმერთის სამეფო!
21 . როცა ძლიერი კაცი შეიარაღებული იცავს თავის კარმიდამოს, მაშინ მის ქონებას არაფერი დაემუქრება.
22 . მაგრამ, თუ მასზე ძლიერი დაესხმება თავს და დაამარცხებს, წაართმევს იარაღს, რომელზეც იყო მინდობილი და გაანაწილებს ნადავლს.
23 . ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა; ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის აბნევს.
24 . როცა ადამიანიდან არაწმიდა სული გამოვა, დადის უწყლო ადგილებში, მოსვენების საძებნელად, მაგრამ ვერ პოულობს; მაშინ იტყვის: დავბრუნდებიო ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი.
25 . მივა და იპოვის მას დაგვილსა და მოწესრიგებულს.
26 . მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დასახლდებიან იქ. და იმ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება”.
27 . სანამ ამას ლაპარაკობდა, ერთმა დედაკაცმა ხმა აიმაღლა ხალხიდან და თქვა: "ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა და ძუძუნი, რომლებსაც სწოვდი”.
28 . მან კი თქვა: "ნეტარი ის არის, ვინც ისმენს და იცავს ღვთის სიტყვას”.
29 . ვინაიდან ხალხი გროვდებოდა, იწყო ლაპარაკი: "ეს თაობა ბოროტი თაობაა; ნიშანს ითხოვს, ნიშანი კი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა.
30 . ვინაიდან, როგორც იონა იყო ნიშანი ნინეველთათვის, ისე იქნება ამ თაობისთვის ძე კაცისა.
31 . სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ თაობის ადამიანებთან ერთად და მსჯავრს დასდებს მათ, რადგან ის დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად; და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.
32 . ნინეველი კაცები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, რადგან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით; და აჰა, აქ არის იონაზე დიდი”.
33 . არავინ ანთებს ლამპარს, რომ დაფარულ ადგილას ან ჭურჭლის ქვეშ დადგას, არამედ სალამპრეზე, რათა სინათლეს ხედავდნენ შემოსულნი.
34 . სხეულის ლამპარი თვალია; როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია; მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია.
35 . გამოიკვლიე, სინათლე, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის?!
36 . თუ მთელი შენი სხეული ნათელია და ბნელი არაფერია მასში, მაშინ ის მთლიანად განათებული იქნება, თითქოს ლამპარი გინათებდეს თავისი ელვარებით”.
37 . ამას რომ ლაპარაკობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ესადილა; ისიც შევიდა და სუფრას მიუჯდა.
38 . გაუკვირდა ფარისეველს, როცა ნახა, რომ სადილის წინ არ დაიბანა.
39 . უთხრა მას უფალმა: "ახლა თქვენ, ფარისეველნი, გარედან ასუფთავებთ სასმისსა და ლანგარს, თქვენი შინაგანი კი მტაცებლობითა და ბოროტებითაა სავსე.
40 . უგუნურნო, განა შინაგანიც გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა?
41 . ჰოდა გაეცით მოწყალებად, რაც ჭურჭლის შიგნითაა, და აჰა, სუფთა გექნებათ ყველაფერი.
42 . მაგრამ ვაი თქვენ, ფარისეველნო, პიტნის, ტეგანისა და ყოველნაირი მწვანილეულის მეათედს რომ იხდით და გვერდს უქცევთ ღმერთის სამართალსა და სიყვარულს! ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ!
43 . ვაი თქვენ, ფარისეველნო, სინაგოგებში წინა ადგილებზე ჯდომა და მოედნებზე მოსალმებანი რომ გიყვართ!
44 . ვაი თქვენ, რადგან უხილავი სამარხებივით ხართ, რომლებზეც ადამიანები დადიან და არ კი იციან!”
45 . ამაზე რჯულის ერთ-ერთმა მცოდნემ უთხრა: "მოძღვარო, ამას რომ ამბობ, ამით ჩვენც გვლანძღავ”.
46 . მან კი უთხრა: "ვაი თქვენც, რჯულისმცოდნენო, ვინაიდან მძიმე ტვირთს ჰკიდებთ ადამიანებს, თვითონ კი იმ ტვირთს თითსაც არ აკარებთ!
47 . ვაი თქვენ, წინასწარმეტყველთა სამარხებს რომ აშენებთ, თუმცა თქვენმა მამებმა დახოცეს ისინი!
48 . ამით ადასტურებთ თქვენი მამების საქმეებს და ეთანხმებით მათ, რადგან მათ დახოცეს წინასწარმეტყველნი, თქვენ კი სამარხებს უშენებთ.
49 . ამიტომაც თქვა ღმერთის სიბრძნემ: მივუვლენ მათ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, და ზოგს დახოცავენ მათგან, ზოგს კი განდევნიან.
50 . რათა ამ თაობას მოჰკითხოს ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, რაც წუთისოფლის დაფუძნებიდან დაღვრილა -
51 . აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარიას სისხლამდე, რომელიც სამსხვერპლოსა და ტაძარს შორის იქნა მოკლული. გეუბნებით, ამ თაობას მოჰკითხავენ.
52 . ვაი თქვენ, რჯულის მცოდნენო, ვინაიდან წარიტაცეთ ცოდნის გასაღები! არც თქვენ შესულხართ და შემსვლელებიც შეაფერხეთ”.
53 . როცა იქიდან გამოდიოდა, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გაშმაგებით შეუტიეს და მრავალი კითხვით აიძულებდნენ ელაპარაკა,
54 . რათა ისეთი რამ ეთქმევინებინათ, რომ მერე ბრალი დაედოთ მისთვის.
1 . იყო ერთი კაცი ფარისეველთაგან, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი.
2 . იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: "რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ღვთისგან მოსული მოძღვარი ხარ, რადგან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის”.
3 . მიუგო იესომ და უთხრა მას: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც მაღლიდან არ იშვება, ვერ იხილავს ღმერთის სამეფოს”.
4 . ეუბნება მას ნიკოდემოსი: "როგორღა შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შეძლებს დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას?”
5 . მიუგო იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღმერთის სამეფოში.
6 . ხორცისგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი - სული.
7 . ნუ გიკვირს, რომ გეუბნები, მაღლიდან უნდა იშვათ-მეთქი.
8 . ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი”.
9 . მიუგო ნიკოდემოსმა და უთხრა: "როგორ შეიძლება ეს მოხდეს?”
10 . მიუგო იესომ: "ისრაელის მოძღვარი ხარ და ეს არ იცი?
11 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ვიცით, და ვამოწმებთ იმას, რაც ვიხილეთ, მაგრამ თქვენ არ ღებულობთ ჩვენს მოწმობას!
12 . თუ მიწიერზე გითხარით და არ გწამთ, როგორ იწამებთ, ზეციერზე რომ გითხრათ?
13 . არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ზეცაშია.
14 . და როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა,
15 . რათა ყველას, ვინც მას ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს.
16 . ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
17 . რადგან იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქვეყნად, რომ განეკითხა წუთისოფელი; არამედ მის მიერ გადარჩენილიყო იგი.
18 . ვისაც სწამს იგი, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე მსჯავრდადებულია, რადგან არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდშობილი ძის სახელი.
19 . მსჯავრი კი ის არის, რომ სინათლე მოვიდა წუთისოფელში და სინათლეზე მეტად ბნელი შეიყვარეს ადამიანებმა, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი.
20 . რადგან ყველას, ვინც სჩადის დანაშაულს, სძულს სინათლე და არ ისწრაფვის სინათლისკენ, რათა მხილებული არ იქნეს მისი საქმენი.
21 . ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი სინათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმიანობა, ვინაიდან ღმერთშია ქმნილი”.
22 . ამის შემდეგ, იესო თავის მოწაფეებთან ერთად იუდას ქვეყანაში მივიდა; დარჩა იქ მათთან ერთად და ნათლავდა.
23 . იოანეც ნათლავდა ენონში, სალიმის მახლობლად, რადგან ბევრი წყალი იყო იქ; მოდიოდნენ და ინათლებოდნენ,
24 . ვინაიდან, იოანე ჯერ კიდევ არ იყო საპყრობილეში ჩაგდებული.
25 . მაშინ იოანეს მოწაფეებსა და იუდევლებს შორის დავა მოხდა განწმენდის გამო.
26 . მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: "რაბი, ის, ვინც შენთან იყო იორდანეს გაღმა, და რომლის შესახებაც შენ ამოწმებდი, აჰა, ნათლავს და ყველანი მასთან მიდიან”.
27 . თქვა იოანემ: "ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ზეციდან არა აქვს მიცემული.
28 . თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი, მე არა ვარ-მეთქი ქრისტე, არამედ მოვლენილი ვარ მის წინაშე.
29 . ვისაც პატარძალი ჰყავს, ნეფეც ისაა; ხოლო ნეფის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს ნეფის ხმაზე. ჩემი ეს სიხარული უკვე აღსრულდა.
30 . ის უნდა განდიდდეს, მე კი უნდა ვმცირდებოდე.
31 . მაღლიდან მომავალი ყოველივეზე მაღლაა, ხოლო ვინც მიწიდან არის, მიწიერია, და მიწის შესახებ ლაპარაკობს; ციდან მომავალი კი ყოველივეზე მაღლაა.
32 . რაც მან იხილა და მოისმინა, იმას მოწმობს და მის მოწმობას არავინ ღებულობს.
33 . ვინც მიიღო მისი მოწმობა, დაადასტურა, რომ ღმერთი ჭეშმარიტია.
34 . რადგან ის, ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმერთის სიტყვებს ლაპარაკობს. ვინაიდან ღმერთი ზომით არ იძლევა სულს.
35 . მამას უყვარს ძე და ყველაფერი მას მისცა ხელთ.
36 . ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ძის ურჩი სიცოცხლეს ვერ იხილავს; ღმერთის რისხვა რჩება მასზე”.
1 . მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გააშოლტვინა.
2 . ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, თან ძოწეული მოასხეს.
3 . მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ: "გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!” და სახეში სცემდნენ.
4 . პილატე ხელახლა გამოვიდა გარეთ და უთხრა მათ: "აჰა, თქვენთან გამომყავს იგი, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში”.
5 . მაშინ გარეთ გამოვიდა იესო, ეკლის გვირგვინით და ძოწეულით შემოსილი; პილატემ უთხრა მათ: "აჰა, ადამიანი!”
6 . იესო რომ დაინახეს მღვდელმთავრებმა და მსახურებმა, აყვირდნენ: "ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!” უთხრა მათ პილატემ: "თავად წაიყვანეთ და ჯვარს აცვით, რადგან მე, ბრალს ვერ ვპოულობ მასში”.
7 . მიუგეს იუდევლებმა: "ჩვენ გვაქვს რჯული და ჩვენი რჯულის მიხედვით ის უნდა მოკვდეს, რადგან თავს ღმერთის ძეს უწოდებს”.
8 . ამ სიტყვის გაგონებამ უფრო შეაშინა პილატე.
9 . კვლავ შევიდა პრეტორიუმში და ჰკითხა იესოს: "საიდან ხარ?” მაგრამ იესომ არ უპასუხა.
10 . უთხრა პილატემ: "მე არ მელაპარაკები? განა არ იცი, რომ მაქვს ხელმწიფება შენი ჯვარცმისა და ხელმწიფება შენი გათავისუფლებისა?”
11 . მიუგო იესომ: არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, ზეციდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ მას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა, უფრო დიდი ცოდვა აქვს”.
12 . ამის შემდეგ, პილატე შეეცადა გაეთავისუფლებინა იგი, მაგრამ იუდევლები აყვირდნენ და ამბობდნენ: "თუ ამას გაათავისუფლებ, კეისრის მეგობარი არ იქნები, რადგან, ყოველი, ვინც მეფეს უწოდებს თავს, კეისარს ეწინააღმდეგება”.
13 . ეს სიტყვები რომ მოისმინა, პილატემ გარეთ გაიყვანა იესო; თვითონ მსაჯულის ტახტზე დაჯდა, იმ ადგილზე, ქვაფენილს რომ უწოდებდნენ, ებრაულად - გაბეთას.
14 . პასექის პარასკევი იდგა, ასე მეექვსე საათი იქნებოდა; უთხრა იუდევლებს: "აჰა, თქვენი მეფე!”
15 . მათ კი იყვირეს: "მოაშორე, მოაშორე, ჯვარს აცვი!” იკითხა პილატემ: "თქვენი მეფე ვაცვა ჯვარს?” მღვდელმთავრებმა უპასუხეს: "კეისრის გარდა არა გვყავს მეფე!”
16 . მაშინ გადასცა იგი ჯვარზე საცმელად და წაიყვანეს იესო.
17 . იტვირთა თავისი ჯვარი და გავიდა იმ ადგილისკენ, თხემი რომ ერქვა, ებრაულად კი გოლგოთა.
18 . სადაც ჯვარს აცვეს იგი; მასთან ერთად, აქეთ-იქით, ორი სხვა, შუაში კი - იესო.
19 . წარწერაც დაწერა პილატემ და ჯვარზე მიამაგრა. და იყო დაწერილი: "იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე".
20 . ბევრმა იუდეველმა წაიკითხა დაწერილი, რადგან ქალაქთან ახლოს იყო იესოს ჯვარცმის ადგილი, ხოლო წარწერა ებრაულად, რომაულად და ბერძნულად იყო.
21 . ეუბნებოდნენ პილატეს იუდეველი მღვდელმთავრები: "ნუ დაწერ იუდეველთა მეფეს, არამედ, რასაც ის ამბობდა: მე ვარ იუდეველთა მეფე!”
22 . მიუგო პილატემ: "რაც დავწერე, დავწერე”.
23 . როცა ჯარისკაცებმა ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსელი და ოთხ ნაწილად გაყვეს; ყოველ ჯარისკაცს თავისი წილი და კვართი; ხოლო კვართი შეკერილი არ ყოფილა, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი იყო.
24 . თქვეს ერთმანეთში: "ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე. ვნახოთ, ვის შეხვდება”. რათა აღსრულებულიყო წერილი: "გაინაწილეს ჩემი ტანსაცმელი და წილი ჰყარეს ჩემს სამოსელზე”. ამიტომ მოიქცნენ ასე ჯარისკაცები.
25 . იესოს ჯვართან იდგნენ დედამისი, დედამისის და, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი.
26 . დაინახა იესომ იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა; უთხრა დედას: "დედაკაცო, აჰა, შენი ძე!”
27 . შემდეგ მოწაფეს უთხრა: "აჰა, დედაშენი!” და მოწაფემ იმ დროიდანვე თავისთან წაიყვანა იგი.
28 . ამის შემდეგ, იცოდა რა იესომ, რომ უკვე ყველაფერი დასრულდა წერილის აღსასრულებლად, თქვა: "მწყურია!”
29 . იქვე ძმრით სავსე ჭურჭელი იდგა; ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი წამოაცვეს უსუპს და პირთან მიუტანეს.
30 . ძმარი რომ იგემა, თქვა იესომ: "აღსრულდა!” თავი დახარა და სული განუტევა.
31 . რაკი პარასკევი იყო, შაბათს გვამები ჯვარზე რომ არ დარჩენილიყო, ის შაბათი კი დიდი დღე იყო, სთხოვეს იუდევლებმა პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ.
32 . მოვიდნენ ჯარისკაცები და მასთან ერთად ჯვარცმულებს წვივები დაუმტვრიეს, ერთსაც და მეორესაც.
33 . იესოსთან რომ მივიდნენ და ნახეს, უკვე მომკვდარიყო, წვივები აღარ დაუმტვრიეს,
34 . მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბით განუგმირა მას ფერდი და მყისვე გადმოსკდა სისხლი და წყალი.
35 . მხილველმა დაადასტურა ეს; მისი მოწმობა ჭეშმარიტია; მან იცის, რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენც ირწმუნოთ.
36 . რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: "და ძვალი მისი არ შეიმუსრება”.
37 . და კიდევ, სხვა წერილი ამბობს: "შეხედავენ მას, რომელიც განგმირეს”.
38 . ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა, რომელიც იუდეველთა შიშის გამო ფარულად ემოწაფებოდა იესოს, პილატეს იესოს გვამის ჩამოხსნა სთხოვა. პილატემ დართო ნება. მაშინ მოვიდა და ჩამოხსნა მისი გვამი.
39 . მოვიდა ნიკოდემოსიც, ღამით რომ მივიდა იესოსთან, და ას ლიტრამდე სმირნისა და ალოეს ნაზავი მოიტანა.
40 . აიღეს და ნელსაცხებელთან ერთად, ტილოში შეახვიეს იესოს გვამი, როგორც იუდევლებში დამარხვისას არის მიღებული.
41 . იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს იგი, ბაღი იყო, ბაღში კი - ახალი სამარხი, რომელშიც ჯერ არავინ დაესვენებინათ.
42 . ამიტომ იქ დაასვენეს იესო, იუდეველთა პარასკევის გამო, რადგან ახლოს იყო სამარხი.
1 . ამის შემდეგ, ათენიდან წამოსული, კორინთოში მივიდა.
2 . ნახა იქ ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმოშობით პონტოელი, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო იტალიიდან თავის ცოლთან, პრისკილასთან ერთად, რადგან კლავდიუსის ბრძანებით, ყველა იუდეველს უნდა დაეტოვებინა რომი; და მივიდა მათთან.
3 . და რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, მათთან დარჩა და მუშაობდა, ვინაიდან მათი ხელობაც მეკარვეობა იყო.
4 . ყოველ შაბათს ლაპარაკობდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდევლებსა და ბერძნებს.
5 . ხოლო, როცა სილა და ტიმოთე მაკედონიიდან ჩამოვიდნენ, პავლემ მთლიანად ქადაგებას მიუძღვნა თავი, და უმოწმებდა იუდევლებს, რომ იესოა ქრისტე.
6 . მაგრამ იმის გამო, რომ ეწინააღმდეგებოდნენ და გმობდნენ ისინი, ტანისამოსი დაიბერტყა და უთხრა მათ: "თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ; ამიერიდან წარმართებთან მივდივარ”.
7 . წავიდა იქიდან და ერთი ღვთისმოშიშის, სახელად იუსტუსის, სახლში მივიდა, რომელიც სინაგოგის გვერდით იდგა.
8 . ხოლო კრისპოსმა, სინაგოგის მთავარმა მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი; ასევე მრავალმა კორინთოელმა, სიტყვა მოისმინა, ირწმუნა და მოინათლა.
9 . უთხრა ღამით უფალმა ჩვენებაში პავლეს: "ნუ შეგეშინდება, არამედ ილაპარაკე და ნუ დადუმდები.
10 . ვინაიდან მე ვარ შენთან და თავს ვერავინ დაგესხმება, რადგან ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში”.
11 . წელიწადნახევარს დარჩა იქ და ასწავლიდა მათ ღვთის სიტყვას.
12 . იმ დროს, როცა გალიონი იყო აქაიას პროკონსულად, იუდევლები ერთსულოვნად აღუდგნენ წინ პავლეს და სამსჯავროში მიიყვანეს.
13 . თქვეს: "ეს კაცი არწმუნებს ხალხს, რომ რჯულის საწინააღმდეგოდ ეთაყვანონ ღმერთს”.
14 . როცა ხმის ამოღება დააპირა პავლემ, უთხრა გალიონმა იუდევლებს: "იუდევლებო! ეს რომ რაიმე დანაშაული ან ბოროტმოქმედება ყოფილიყო, მართლაც უნდა მომესმინა თქვენთვის;
15 . მაგრამ, როცა სარჩელი თქვენს წერილებს, სახელებსა და რჯულს ეხება, თქვენ თვითონ მიხედეთ; მე არ მსურს ამის მსაჯული ვიყო”.
16 . და გამოყარა ისინი სამსჯავროდან.
17 . მაშინ შეიპყრეს სინაგოგის მთავარი სოსთენი და სამსჯავროს წინ სცემეს; გალიონს კი არაფერი ანაღვლებდა ამათგან.
18 . პავლე კიდევ კარგა ხანს დარჩა იქ; მერე გამოეთხოვა ძმებს და პრისკილასა და აკვილასთან ერთად სირიისკენ გასცურა. კენქრეში გადაიპარსა თავი, რადგან აღთქმა ჰქონდა დადებული.
19 . ეფესოს რომ მიაღწია, ისინი იქ დატოვა, თვითონ სინაგოგაში შევიდა და ესაუბრა იუდევლებს.
20 . სთხოვეს, მეტ ხანს დარჩენილიყო მათთან, მაგრამ არ დათანხმდა.
21 . გამოეთხოვა მათ და თქვა: "მომავალი დღესასწაული აუცილებლად იერუსალიმში უნდა გავატარო; თუ ღმერთმა ინება, თქვენთან ისევ დავბრუნდები”. და გასცურა ეფესოდან.
22 . კესარიაში ჩასვლის შემდეგ იერუსალიმში ავიდა, მოიკითხა ეკლესია და მერე ანტიოქიაში წავიდა.
23 . ერთხანს იქ დაჰყო, იქიდან წამოსულმა რიგრიგობით მოიარა ჯერ გალატელთა, შემდეგ კი ფრიგიის ქვეყანა, და განამტკიცებდა მოწაფეებს.
24 . ჩავიდა ეფესოში ერთი იუდეველი, სახელად აპოლო, წარმოშობით ალექსანდრიელი, კაცი მჭევრმეტყველი და ძლიერი წერილებში.
25 . განსწავლული იყო იგი უფლის გზებში, მხურვალე სულით ლაპარაკობდა და ზუსტად ასწავლიდა იესოს შესახებ, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლისცემა იცოდა.
26 . მან გაბედულად იწყო ლაპარაკი სინაგოგაში. როცა მოუსმინეს აკვილამ და პრისკილამ, თან წაიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა.
27 . ხოლო აქაიაში წასვლა რომ განიზრახა, ძმებმა გაამხნევეს იგი და მისწერეს მოწაფეებს მასპინძლობა გაეწიათ მისთვის. ისიც მივიდა და ბევრს ეხმარებოდა მათ, ვინც ირწმუნა მადლის მეშვეობით.
28 . რადგან მოურიდებლად საჯაროდ ამხელდა იუდევლებს და წერილების მიხედვით ამტკიცებდა, რომ იესოა ქრისტე.
1 . ხუთი დღის შემდეგ მოვიდა მღვდელმთავარი ანანია. თან მოიყოლა უხუცესები და ვინმე მჭევრმეტყველი ტერტულუსი, რომლებმაც გამგებელთან უჩივლეს პავლეს.
2 . როდესაც უხმეს, ტერტულუსმა მისთვის ბრალის დადება დაიწყო და თქვა:
3 . "აღმატებულო ფელიქს, ყველგან და ყოველთვის მადლიერებით ვაღიარებთ, რომ შენი წყალობით სრული მშვიდობა გვაქვს და შენს მზრუნველობას ვუმადლით ამ ხალხის კეთილდღეობას.
4 . მაგრამ, ზედმეტად რომ არ შეგაწუხოთ, გთხოვთ, მოკლედ მოგვისმინო შენთვის ჩვეული მოთმინებით.
5 . ჩვენ ეს კაცი მავნებლად, მთელ მსოფლიოში მცხოვრებ იუდეველთა შორის შფოთის ამტეხად და ნაზარეველთა სექტის წინამძღოლად ვცანით,
6 . რომელმაც ტაძრის შებღალვაც კი სცადა; ჩვენც შევიპყარით იგი და გვინდოდა ჩვენი რჯულის მიხედვით გაგვესამართლებინა,
7 . მაგრამ მოვიდა ათასისთავი ლისია და დიდი ძალმომრეობით გამოგვტაცა ხელიდან,
8 . და მის ბრალმდებლებსაც გვიბრძანა შენთან მოსვლა, რომ შენ თავად შეგძლებოდა გაგეგო, რაში ვდებთ ბრალს”.
9 . იუდევლებმაც დაადასტურეს; თქვეს, ასეაო.
10 . გამგებელმა რომ ანიშნა, ილაპარაკეო, მიუგო პავლემ: "ვიცი, რომ მრავალი წელია ამ ხალხის სამართლიანი მსაჯული ხარ, ამიტომ თამამად დავიცავ თავს.
11 . თვითონვე შეგიძლია შეიტყო, რომ თორმეტ დღეზე მეტი არ არის, რაც იერუსალიმში ავედი თაყვანის საცემად.
12 . არც ტაძარში ვუნახივარ ვინმეს, რომ ვინმესთან მედავოს ან ხალხი ამეშფოთებინოს, არც სინაგოგაში და არც ქალაქში.
13 . შენს წინაშე ვერც იმას დაამტკიცებენ, რაშიც ახლა მდებენ ბრალს.
14 . იმას კი ვაღიარებ შენთან, რომ იმ გზით, ესენი მწვალებლობას რომ უწოდებენ, მე ნამდვილად ვემსახურები მამების ღმერთს, და მწამს ყოველივე, რაც ეთანხმება რჯულს და რაც წინასწარმეტყველებმა დაწერეს.
15 . და მაქვს ღმერთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თავად ესენიც მოელიან.
16 . ამიტომ ვცდილობ ყოველთვის, ყველაფერში უმწიკვლო სინდისით ვიყო ღვთისა და კაცთა წინაშე.
17 . მრავალი წლის შემდეგ მოვედი ჩემი ერისთვის მოწყალებისა და შესაწირის მოსატანად.
18 . ამგვარად, განწმედილი, ხალხისა და შფოთის გარეშე მნახეს ტაძარში აზიელმა იუდევლებმა;
19 . ისინი უნდა გამოცხადებულიყვნენ შენს წინაშე და დაედოთ ბრალი, თუკი რაიმე ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ.
20 . ანდა, თვითონ ამათ თქვან, რა ბრალი ნახეს ჩემში, როცა სინედრიონის წინაშე ვიდექი.
21 . გარდა იმ ერთი სიტყვისა, მათ შორის მდგომმა რომ წამოვიძახე: მკვდრეთით აღდგომის იმედისათვის განვიკითხები-მეთქი თქვენ წინაშე დღეს?”
22 . რაკი კარგად იცნობდა ამ გზას, ფელიქსმა ვადა გადაუდო მათ და უთხრა: ათასისთავი ლისია რომ მოვა, მაშინ განვიხილავო თქვენს საქმეს.
23 . ასისთავს უბრძანა, დაეცვა პავლე, მაგრამ ისე, რომ არ შეეწუხებინათ და არც მისი ახლობლებისთვის აეკრძალა ვინმეს მის საჭიროებებზე ზრუნვა.
24 . რამდენიმე დღის შემდეგ ფელიქსი მოვიდა, თან თავისი იუდეველი მეუღლე დრუსილა ახლდა. მოუხმო პავლეს და ქრისტე იესოში რწმენის შესახებ გამოკითხა.
25 . პავლემ სამართლიანობაზე, თავშეკავებასა და მომავალ განკითხვაზე ილაპარაკა, ამიტომ ფელიქსი შეშინდა და უთხრა: "ახლა წადი და როცა მოვიცლი, დაგიძახებ”.
26 . თანაც, იმედი ჰქონდა, რომ პავლე თავისუფლების სანაცვლოდ ფულს შესთავაზებდა. ამიტომ ხშირად უხმობდა და ესაუბრებოდა მას.
27 . ორი წელი რომ შეუსრულდა, ფელიქსს შემცვლელი მოუვიდა, პორციუს ფესტუსი; ფელიქსს იუდევლების მომადლიერება უნდოდა და პავლე პატიმრობაში დატოვა.
1 . გადარჩენილებმა მერეღა შევიტყეთ, რომ კუნძულს მელიტა ერქვა.
2 . იქაურებმა უჩვეულო კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს, წვიმასა და სიცივეში ცეცხლი დაგვინთეს და ყველას გაგვიმასპინძლდნენ.
3 . პავლემ ბლომად ფიჩხი მოაგროვა და ცეცხლს შეუკეთა. სიცხის გამო გველი გამოძვრა და ხელზე შემოეხვია მას.
4 . ადგილობრივებმა, მის ხელზე შემოხვეული გველი რომ დაინახეს ერთმანეთს გადაულაპარაკეს: "ეს კაცი ნამდვილად კაცისმკვლელია, ზღვას კი გადაურჩა, მაგრამ სამართალი სიცოცხლის ნებას არ აძლევსო”.
5 . მაგრამ მან ხელი დაიქნია და გველი ცეცხლში ჩააგდო, ისე, რომ არაფერი ვნებია.
6 . ისინი კი ელოდნენ, დასივდება ან უცბად დაეცემაო მკვდარი. მაგრამ რაკი დიდი ხანი გავიდა და დაინახეს, რომ არაფერი ევნო, აზრი შეიცვალეს და ამბობდნენ, ღმერთი ყოფილაო.
7 . იმ ადგილას კუნძულის მთავარს, სახელად პოპლიოსს, მამული ჰქონდა. მან მიგვიღო და სამ დღეს მეგობრულად გვიმასპინძლა.
8 . პოპლიოსის მამა, ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით გატანჯული, ლოგინად იყო ჩავარდნილი; შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაასხა და განკურნა.
9 . ამ ამბის შემდეგ, ვისაც კი რაიმე სენი სჭირდა ამ კუნძულზე, მოდიოდა და იკურნებოდა.
10 . მათ, თავის მხრივ, დიდი პატივი გვცეს და წამოსვლისას საგზლით მოგვამარაგეს.
11 . სამი თვის შემდეგ, დიოსკურიის ნიშნის მატარებელი ალექსანდრიული ხომალდით გავემგზავრეთ, რომელსაც კუნძულზე გამოეზამთრა.
12 . სირაკუზაში ჩავედით და სამი დღე დავყავით იქ.
13 . იქიდან წამოვედით და რეგიუმს მივადექით. ერთი დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაქროლა და მეორე დღეს პუტეოლისს მივაღწიეთ,
14 . სადაც ძმები ვნახეთ და მათი თხოვნით, შვიდ დღეს დავრჩით იქ, ხოლო შემდეგ რომში ჩავედით.
15 . იქაურმა ძმებმა გაიგეს ჩვენი ამბავი და ჩვენს შესახვედრად აპიუსის მოედანსა და სამ ფუნდუკამდე გამოვიდნენ. ისინი რომ დაინახა, პავლემ ღმერთს მადლობა შესწირა და გამხნევდა.
16 . როცა რომში მივედით, პავლეს უფლება მისცეს, თავისთვის ცალკე ეცხოვრა, მის მცველ ჯარისკაცთან ერთად.
17 . სამი დღის შემდეგ პავლემ წარჩინებული იუდევლები მოიწვია. რომ შეგროვდნენ, უთხრა: "კაცნო, ძმანო, მე არაფერი ჩამიდენია ხალხისა და მამათა წესების წინააღმდეგ, მაგრამ მაინც დამაპატიმრეს იერუსალიმში და რომაელთა ხელთ გადამცეს.
18 . მათ დამკითხეს და ჩემი გათავისუფლება მოინდომეს, ვინაიდან არავითარი სასიკვდილო ბრალი არ მიმიძღვის;
19 . მაგრამ რაკი იუდეველნი წინ აღმიდგნენ, იძულებული გავხდი კეისრის სამსჯავრო მომეთხოვა, თუმცა იმიტომ არა, რომ ჩემი ხალხისთვის დამედო ბრალი.
20 . ამ მიზეზით მოგიწვიეთ, რომ მენახეთ და მელაპარაკა თქვენთან, რადგან ისრაელის სასოებისთვის ვარ ამ ჯაჭვებით შეკრული”.
21 . მათ კი უთხრეს: "ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეიდან და არც აქ ჩამოსულ რომელიმე ძმას უთქვამს შენზე რაიმე ბოროტი.
22 . მაგრამ გვსურს შენგან იმის მოსმენა, რას ფიქრობ, რადგან ვიცით, რომ ამ სექტას ყველგან ეწინააღმდეგებიან”.
23 . დღე დაუნიშნეს და ბევრი მივიდა მის სადგომში; პავლე დილიდან საღამომდე არწმუნებდა მათ და უმოწმებდა ღმერთის სამეფოზე და მოსეს რჯულიდან და წინასწარმეტყველთაგან იესოს შესახებ უდასტურებდა.
24 . ერთნი ერწმუნენ მის ნალაპარაკებს, სხვებმა კი არ ირწმუნეს.
25 . რომ ვერ შეთანხმდნენ და წასვლა დააპირეს, პავლემ უთხრა მათ: "კარგად უთხრა სულიწმიდამ თქვენს მამებს ესაია წინასწარმეტყველის პირით:
26 . მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.
27 . რადგან გაუხეშდა ამ ხალხის გული, ყური დაუმძიმდათ და თვალი დაებინდათ, რომ თვალით ვერ იხილონ, ყურით ვერ ისმინონ, გულით ვერ გაიგონ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.
28 . ამრიგად, იცოდეთ, რომ ღვთის ხსნა მოევლინა წარმართებს, და მოისმენენ კიდეც ისინი”.
29 . ეს რომ თქვა, წავიდნენ იუდეველნი და დიდი მსჯელობა გამართეს ერთმანეთში.
30 . ხოლო პავლე მთელი ორი წელი ცხოვრობდა თავის ნაქირავებში და ღებულობდა მასთან მიმსვლელებს;
31 . ღმერთის სამეფოს ქადაგებდა და გაბედულად და დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეზე.
1 . ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე.
2 . ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს თავის მოყვასს სასიკეთოდ, ასაშენებლად.
3 . ვინაიდან ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის, არამედ როგორც წერია: "შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა მე”.
4 . რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი.
5 . მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა კი მოგცეთ თქვენ ერთსულოვნება ერთმანეთში ქრისტე იესოს მიერ,
6 . რათა ერთსულოვნად, ერთი პირით ადიდოთ ღმერთი, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა.
7 . ამიტომ მიიღეთ ერთმანეთი ისევე, როგორც ქრისტემ მიგიღოთ, ღვთის სადიდებლად.
8 . ხოლო მე ვამბობ, რომ ქრისტე, ღმერთის ჭეშმარიტებისათვის გახდა წინადაცვეთილთა მსახური, რათა დაედასტურებინა მამებისადმი აღთქმული,
9 . ასევე წარმართებისთვისაც, რათა განედიდებინა ღმერთი მისი წყალობისათვის, როგორც წერია: "ამისათვის გაქებ შენ წარმართთა შორის და ვუგალობებ შენს სახელს”.
10 . და კვლავ ამბობს: "იხარებდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად”.
11 . და კიდევ: "აქებდეთ უფალს წარმართებო და, ხალხებო, ადიდებდეთ მას”.
12 . ესაიაც ამბობს: "მოვა იესეს ფესვი, რომელიც აღდგება წარმართებზე საუფლოდ და მისი იმედი ექნებათ წარმართებს”.
13 . ხოლო იმედის ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ იმედში.
14 . და თვითონ მეც, ძმანო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თვითონაც სავსენი ხართ სიკეთით და ყოველგვარი ცოდნით და ძალგიძთ ერთმანეთის დარიგება.
15 . მეც მეტი გაბედულებით გწერდით აქა-იქ, როგორც თქვენდამი შეხსენებას ღვთის მიერ ჩემთვის მოცემული მადლით,
16 . რომ ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღვთის სახარების მღვდელმსახური, რათა მისაღები გახდეს წარმართთა შესაწირი, სულიწმიდის მიერ განწმედილი.
17 . ამიტომ ძალმიძს დავიქადო ქრისტე იესოში ღმერთის წინაშე.
18 . რადგან ვერ გავბედავდი, რომ მელაპარაკა ისეთი რამ, რაც არ გაუკეთებია ქრისტეს ჩემი მეშვეობით წარმართთა დასამორჩილებლად სიტყვით და საქმით,
19 . ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღვთის სულის ძალით, ისე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილურიკიამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება.
20 . თანაც, ვცდილობდი არ მეხარებინა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა,
21 . არამედ როგორც წერია: "ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ - დაინახავენ, და ვისაც არ მოუსმენია - მიხვდება”.
22 . ამის გამოც იყო, რომ მრავალგზის შემიფერხდა თქვენთან მოსვლა.
23 . ხოლო ახლა, რაკიღა ამ მხარეებში აღარა მაქვს სამოქმედო ადგილი და თანაც მრავალი წელია მსურს თქვენთან მოსვლა,
24 . ამიტომ, როგორც კი დავაპირებ ესპანეთში გამგზავრებას, გამოგივლით, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ გნახავთ გავლისას, და თქვენ გამაცილებთ იქ, და ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით.
25 . ხოლო ახლა იერუსალიმში მივდივარ წმიდათა სამსახურად.
26 . ვინაიდან მაკედონიამ და აქაიამ მოწყალების გაღება ინებეს ღარიბი წმიდანებისათვის, რომლებიც იერუსალიმში არიან.
27 . ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე. ვინაიდან, თუ წარმართები ეზიარნენ მათ სულიერში, ხორციელად უნდა მოემსახურონ მათ.
28 . ამრიგად, როცა დავამთავრებ ამას და ბეჭედს დავასვამ მათ ნაყოფს, თქვენთან გამოვლით წავალ ესპანეთისკენ.
29 . ხოლო ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას მოვალ ქრისტეს სრული კურთხევით.
30 . შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლით, იესო ქრისტეთი და სულის სიყვარულით, რომ ჩემთან ერთად იბეჯითოთ, ჩემთვის ღმერთისადმი ლოცვებში.
31 . რათა თავი დავაღწიო ურჩებს იუდეაში და ჩემი სამსახური, რომელსაც იერუსალიმს გავუწევ, სასიამოვნო იყოს წმიდათათვის.
32 . რათა სიხარულით მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით და დავისვენო.
33 . მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ!
1 . და აჰა, გაუწყებთ ძმებო, ღვთის მადლის შესახებ, რომელიც მაკედონიის ეკლესიებს მიეცა;
2 . რადგან, მიუხედავად დიდი შეჭირვებით გამოცდისა, მათი სიხარულის სიუხვე და მათი სიღატაკის სიღრმე უხვად გამოიხატა მათი ხელგაშლილობის სიმდიდრეში.
3 . ვინაიდან ვადასტურებ, რომ თავიანთი ძალის შესაბამისად და უფრო მეტადაც იყვნენ გულუხვნი.
4 . დაჟინებით გვთხოვდნენ, რომ წმიდანთა მომსახურებაში მოზიარეობის უფლება მიგვეცა.
5 . და გაიღეს არა მარტო ის, რისი მოლოდინიც გვქონდა, არამედ მათ საკუთარი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენც, ღვთის ნებით;
6 . ამიტომ ტიტეს ვთხოვეთ, რომ, როგორც დაიწყო, ასევე დაემთავრებინა თქვენთან ეს კეთილი საქმე.
7 . ჰოდა, როგორი სიუხვეც გაქვთ ყველაფერში - რწმენასა და სიტყვაში, შემეცნებასა და ყოველგვარ სწრაფვაში, და თქვენდამი ჩვენს სიყვარულში, - ასევე იუხვეთ ამ მადლშიც.
8 . ამას ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ იმისთვის, რომ სხვათა გულმოდგინებით თქვენი სიყვარულის სიწრფელეც გამოვცადო.
9 . ვინაიდან იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ თქვენთვის გაღატაკდა იგი, თუმცა მდიდარი იყო, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი გაღატაკებით.
10 . ჩემს აზრს გეტყვით ამაზე: რადგან სასარგებლო იქნება არამხოლოდ აღასრულოთ ის, რაც შარშან პირველებმა წამოიწყეთ, არამედ ხალისიც იქონიოთ.
11 . ახლა კი საქმე დაასრულეთ, რათა, რისი გაკეთებაც ხალისით გეწადათ, შეასრულოთ კიდეც, თქვენი შესაძლებლობისამებრ.
12 . ვინაიდან, როცა წადილი არის, შენაწირი მიიღება იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს.
13 . ვინაიდან, იმისთვის კი არ იძლევით, რომ სხვებს შვება ჰქონდეთ და თქვენ გაჭირვება, არამედ თანაბრობისთვის.
14 . ამჟამად თქვენი ნამეტი შეავსებს მათ ნაკლულობას, რათა მათმა ნამეტმაც შეავსოს თქვენი ნაკლულობა, რომ იყოს თანაბრობა.
15 . როგორც სწერია: ბევრის ამკრეფს ზედმეტი არ მოსვლია და ცოტას ამკრეფს არ დაჰკლებია.
16 . და მადლობა ღმერთს, რომელიც ასეთსავე სიბეჯითეს აძლევს თქვენ მიმართ ტიტეს გულს;
17 . ვინაიდან მართლაც გულიანად დათანხმდა ჩვენს თხოვნას და საკუთარი სურვილითაც გამოემართა თქვენთან.
18 . მასთან ერთად გამოვგზავნეთ ძმა, რომელსაც ყველა ეკლესიაში აქებენ სახარების ქადაგებისთვის.
19 . გარდა ამისა, ეკლესიების მიერ ხელდასხმულიცაა ჩვენს თანამგზავრად ამ სამადლო საქმეში, რასაც ვემსახურებით ჩვენ, თვით უფლის სადიდებლად და ჩვენი წადილის შესაბამისად.
20 . ვფრთხილობთ ამაში, რომ ვინმესგან არ დავდანაშაულდეთ ამ უხვი შესაწირის განკარგვის საქმეში.
21 . და რაკი კეთილს ვიზრახავთ, არამხოლოდ უფლის წინაშე, არამედ ადამიანთა წინაშეც,
22 . თან წამოვაყოლეთ ჩვენი ძმა, ვისი გულმოდგინებაც მრავალჯერ გამოვცადეთ ბევრ რამეში, და ახლა უფრო მოწადინებულია, რადგან დარწმუნებულია თქვენში.
23 . რაც შეეხება ტიტეს, ის ჩემი თანაზიარი და თანამშრომელია თქვენდამი მსახურებაში. ჩვენი ძმები კი, ეკლესიათაგან წარგზავნილნი არიან და ქრისტეს დიდება.
24 . ჰოდა, უჩვენეთ მათ თქვენი სიყვარული და დაადასტურეთ ჩვენი ქადილი თქვენს შესახებ ეკლესიების წინაშე.
1 . ეს მესამედ მოვდივარ თქვენთან. ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა.
2 . თქვენთან ჩემი მეორედ ყოფნის დროსაც ვთქვი და ახლაც, თუმცა მანდ არ ვარ, წინასწარ ვეუბნები მათ, ვინც ადრე შესცოდა და ყველა დანარჩენსაც, რომ თუ კვლავ მოვალ, არავის დავინდობ.
3 . რაკიღა იმის მტკიცებას ეძებთ, ლაპარაკობს თუ არა ჩემში ქრისტე, რომელიც უძლური არ არის თქვენ მიმართ, არამედ ძლიერია თქვენ შორის.
4 . რადგან, თუმცა უძლურებაში იყო ჯვარცმული, ცოცხალია ღვთის ძლიერებით; და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ღვთის ძლიერებით, მასთან ერთად ვიცოცხლებთ თქვენთვის.
5 . საკუთარი თავი შეამოწმეთ, ხართ თუ არა რწმენაში. საკუთარი თავი გამოსცადეთ. ნუთუ არ იცნობთ საკუთარ თავს, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა, გამოუცდელნი ხართ.
6 . მაგრამ იმედი მაქვს, ის მაინც იცით, რომ ჩვენ არა ვართ გამოუცდელნი.
7 . ვლოცულობთ ღვთისადმი, რომ არავითარი ბოროტება არ ჩაიდინოთ, არა იმისთვის, რომ ჩვენ გამოვჩნდეთ გამოცდილნი, არამედ იმიტომ, რომ კეთილს აკეთებდეთ, ჩვენ კი თუნდაც გამოუცდელნი ვჩანდეთ.
8 . ვინაიდან ძალა გვაქვს ჭეშმარიტების სასარგებლოდ და არა ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ.
9 . რადგან ვხარობთ, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი - ძლიერნი; სწორედ ამისთვის ვლოცულობთ, რომ სრულყოფას ესწრაფვოდეთ.
10 . ამ მიზეზით გწერთ ამას შორიდან, რათა მანდ მოსვლისას მკაცრად არ მოვიქცე, იმ ძალაუფლების მიხედვით, რომელიც უფალმა მომცა ასაშენებლად და არა დასანგრევად.
11 . და ბოლოს, ძმებო, იხარეთ და სრულყოფას მისდიეთ, ინუგეშეთ და იყავით ერთსულოვანნი, იცხოვრეთ მშვიდობაში; და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.
12 . მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით.
13 . მოკითხვას გითვლით ყველა წმიდანი.
14 . უფალ იესო ქრისტეს მადლი, ღვთის სიყვარული და სულიწმიდის ზიარება ყველა თქვენგანს, ამინ!
1 . ამიტომ, მივატოვოთ ქრისტეს სიტყვის საწყისები და ვესწრაფოთ სრულყოფას; ნუღარ ჩავუყრით საძირკველს მკვდარი საქმეების მონანიებასა და ღვთის რწმენას,
2 . ნათლობის, ხელდასხმის, მკვდართა აღდგომისა და მარადიული განკითხვის მოძღვრებას.
3 . და ამასაც გავაკეთებთ, თუ ღმერთი ინებებს.
4 . ვინაიდან შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც მიიღეს ზეციური ნიჭი და სულიწმიდის მოზიარენი გახდნენ,
5 . იგემეს ღვთის სიტყვის სიკეთე და მომავალი საუკუნის ძალები,
6 . და მერე დაეცნენ, ამის შემდეგ კვლავ განახლდნენ მოსანანიებლად, რადგან ისინი ისევ ჯვარს აცვამენ ძე ღვთისას და ლანძღავენ.
7 . ვინაიდან მიწა, რომელიც იწოვს მასზე მრავალგზის მოსულ წვიმას და იძლევა მწვანილს, სასარგებლოა მათთვის, ვისთვისაც მუშავდება - იგი ღვთისგან ღებულობს კურთხევას.
8 . ხოლო რომელიც იძლევა ეკალსა და კუროსთავს, უვარგისია და ლამის დაწყევლილი; მისი ბოლო დაწვაა.
9 . მაგრამ, გვჯერა საყვარელნო, რომ უკეთესნი ხართ და ფლობთ გადარჩენას, თუმცა ამგვარად ვლაპარაკობთ.
10 . ვინაიდან ღმერთი უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რაც გასწიეთ მისი სახელისთვის, ემსახურებოდით რა წმიდებს და კვლავაც ემსახურებით.
11 . თუმცა გვწადია, რომ ყოველი თქვენგანი ბოლომდე ასეთივე ერთგულებას იჩენდეს იმედის აღსრულებამდე.
12 . რათა არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, ვინც რწმენითა და სულგრძელობით იმკვიდრებს აღთქმებს.
13 . ვინაიდან, როცა ღმერთი აღთქმას დებდა აბრაჰამთან, რაკი არ შეეძლო თავისზე დიდი დაეფიცა, საკუთარი თავი დაიფიცა;
14 . უთხრა: "ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ შენ და გამრავლებით გაგამრავლებ შენ”.
15 . და ასე სულგრძელობით დაიმკვიდრა აღთქმა.
16 . ადამიანები ყველაზე დიდს იფიცებენ და ფიცი ადასტურებს მათი ყოველგვარი დავის დასასრულს.
17 . ამიტომ, როცა ღმერთმა მოინდომა აღთქმის მემკვიდრეთათვის თავისი ნების ურყევობა ეჩვენებინა, ფიცს მიმართა,
18 . რათა ორ ურყევ რამეში, რაშიც შეუძლებელია მოგვატყუოს ღმერთმა, მტკიცე ნუგეშისცემა გვქონდეს ჩვენ, ვინც შევეფარეთ, რათა ჩავჭიდებოდით ჩვენ წინ მდებარე იმედს,
19 . რომელიც ჩვენთვის სანდო და მტკიცე ღუზასავითაა და შედის ფარდის მიღმა,
20 . სადაც შევიდა იესო ჩვენს წინამორბედად და გახდა საუკუნო მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით.
1 . ხოლო რწმენა არის მტკიცედ დარწმუნება იმაში, რისი იმედიც გვაქვს, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.
2 . რწმენაში მიიღეს უხუცესებმა დამოწმება.
3 . რწმენით ვგებულობთ, რომ საუკუნენი ღმერთის სიტყვით არის მოწყობილი, რადგან უხილავისგან წარმოიშვა.
4 . რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მისი ძღვენის შესახებ, და კვლავ მისითვე ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგაც.
5 . რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ენახა; ვეღარავინ ნახა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, რადგან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა.
6 . ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუზღავს მის მაძიებელს;
7 . რწმენით მიიღო ნოემ გაფრთხილება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული და ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად; ამით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის მიხედვით.
8 . რწმენით დაემორჩილა აბრაჰამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, მემკვიდრეობად რომ უნდა მიეღო; და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა.
9 . რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს, და კარვებში ცხოვრობდა ისაკთან და იაკობთან - იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად;
10 . ვინაიდან ელოდა ქალაქს საძირკვლიანს, რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელი ღმერთია.
11 . სარამაც, უნაყოფო რომ იყო, რწმენით მიიღო ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგადასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.
12 . ამიტომ ერთისგან, ისიც ლამის მკვდრისგან, იშვა მრავალი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და აურაცხელი ქვიშა ზღვის ნაპირზე.
13 . რწმენაში დაიხოცა ყველა მათგანი, ისე რომ ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ, ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე.
14 . ვინაიდან ისინი ასეთი ლაპარაკით ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ.
15 . ხოლო თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო.
16 . მაგრამ მათ სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური; ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია, რომ თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან თვითონ მოუმზადა მათ ქალაქი.
17 . რწმენით მიიყვანა აბრაჰამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა; და რაკი აღთქმა ჰქონდა, მხოლოდშობილსაც სწირავდა.
18 . რომელზეც ითქვა: "ისაკში გეყოლება შენ შთამომავლობა”.
19 . ვინაიდან სჯეროდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს; ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიბრუნა იგი, როგორც მკვდართაგან აღმდგარი.
20 . რწმენით აკურთხა ისაკმა იაკობი და ესავი მომავლისთვის.
21 . რწმენით აკურთხა იაკობმა სათითაოდ იოსების ძეები და თავის კვერთხს დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს.
22 . რწმენით მოიხსენია აღსასრულისას იოსებმა ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების თაობაზე.
23 . რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის მანძილზე, რადგან ხედავდნენ, რომ მშვენიერი იყო ბავშვი; არ შეუშინდნენ ფარაონის ბრძანებას.
24 . რწმენით თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძეობაზე.
25 . და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა, დროებით განცხრომას ცოდვაში;
26 . ქრისტესათვის ლანძღვა მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან საზღაურს უყურებდა.
27 . რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
28 . რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
29 . რწმენით გადავიდნენ მეწამულ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე; ეგვიპტელებმაც სცადეს, მაგრამ დაინთქნენ.
30 . რწმენით დაეცა იერიხოს გალავნები შვიდდღიანი გარშემოვლის შემდეგ.
31 . რწმენამ არ დაღუპა ურჩებთან ერთად მეძავი რახაბი, რომელმაც მშვიდობით მიიღო მზვერავები.
32 . კიდევ რა გითხრათ? დრო არ მეყოფა, რომ გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იფთახზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე ვილაპარაკო,
33 . რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს.
34 . შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს,
35 . ცოლები გაცოცხლებულებს ღებულობდნენ თავიანთ მკვდრებს; სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ.
36 . ზოგმა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები დაითმინა.
37 . მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ; მახვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, განიცდიდნენ ნაკლოვანებას, შევიწროებას, ტანჯვას.
38 . ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი ქვეყნიერება, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, დედამიწის მღვიმეებსა და ხევებში.
39 . და ყველა მათგანმა რწმენის მეშვეობით მიიღო მოწმობა, მაგრამ ვერ მიიღო აღთქმული,
40 . იმის გამო, რომ ღმერთმა წინასწარ გაითვალისწინა ჩვენთვის მეტი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ არ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
1 . ისრაელის მეფის იოაშ იოახაზის ძის გამეფების მეორე წელს იუდაში გამეფდა ამაციაჰუ, იოაშის ძე, იუდას მეფე.
2 . ოცდახუთი წლის იყო, როცა გამეფდა და ოცდაცხრა წელს მეფობდა იერუსალიმში. იერუსალიმელი იეჰოყადანი იყო დედამისი.
3 . სწორად იქცეოდა უფლის თვალში, მაგრამ არა მამამის დავითივით, არამედ ისიც მამამისის, იოაშის მსგავსად იქცეოდა.
4 . ოღონდ მაღლობები არ გაუუქმებია და ხალხი ჯერ კიდევ იქ სწირავდა და აკმევდა.
5 . განუმტკიცდა ამაციაჰუს ხელში მეფობა და დახოცა თავისი მსახურნი, რომლებმაც მამამისი, მეფე მოკლეს.
6 . მკვლელთა შვილები კი არ დაუხოცავს, როგორც მოსეს რჯულის წიგნში სწერია, რადგან ასე ბრძანა უფალმა: "ნუ მოკვდებიან მამები შვილთა გამო და ნუ მოკვდებიან შვილები მამათა გამო; არამედ თითოეული თავისი ცოდვისთვის დაისაჯოს სიკვდილით”.
7 . ათი ათასი ედომელი გაჟლიტა მარილოვან ველზე, ომით დაიპყრო სელა და იოკთეყელი უწოდა, როგორც დღემდე უწოდებენ.
8 . ამის მერე მოციქულები გაუგზავნა ამაციაჰუმ იოაშს, იოახაზის ძეს, იეჰუს ძეს, ისრაელის მეფეს და შეუთვალა: "გამოდი, პირისპირ შევხვდეთ”.
9 . შეუთვალა იოაშმა, ისრაელის მეფემ ამაციაჰუს, იუდას მეფეს: "სთხოვა ლიბანის ძეძვმა ლიბანის კედარს: ცოლად მიეცი შენი ასული ჩემს ძეს, მაგრამ გაიარა ლიბანის ველურმა ცხოველმა და გასრისა ძეძვი.
10 . აჰა, დაგიმარცხებია ედომი და გაამაყდი? განდიდებულხარ, მაგრამ დაჯექი შენს სახლში. რაღად ეძიებ შფოთს, შენც დაეცემი და იუდაც შენთან ერთად”.
11 . არ შეისმინა მისი ამაციაჰუმ; მაშინ გამოვიდა იოაში, ისრაელის მეფე და შეხვდნენ პირისპირ იუდეის ბეთ-შემეშში ის და ამაციაჰუ, იუდას მეფე.
12 . დამარცხდა იუდა ისრაელთან; ყველანი თავ-თავისი სახლებისკენ გაიქცნენ.
13 . იოაშმა, ისრაელის მეფემ შეიპყრო ამაციაჰუ, იუდას მეფე, იოაშ ახაზიას ძის ძე ბეთ-შემეშში, მივიდა იერუსალიმს და ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე დაანგრია მისი გალავანი, ოთხასი წყრთა.
14 . აიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და ჭურჭლეული, რაც კი უფლის ტაძარსა და მეფის სახლის საგანძურში ნახა, ტყვეები წაიყვანა და სამარიაში გაბრუნდა.
15 . იოაშის დანარჩენი საქმენი, რაც აღასრულა, მიღწევები და ამაციაჰუსთან, იუდას მეფესთან ბრძოლის ამბები, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
16 . განისვენა იოაშმა თავის მამებთან და სამარიაში, ისრაელის მეფეებთან დაიკრძალა. მის ნაცვლად მისი ძე იერობყამი გამეფდა.
17 . ამაციაჰუ იოაშის ძემ, იუდას მეფემ, თხუთმეტი წელი იცოცხლა, ისრაელის მეფის, იოაშ იოახაზის ძის სიკვდილის შემდეგ.
18 . ამაციაჰუს დანარჩენი საქმენი განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
19 . შეთქმულება მოუწყვეს მას იერუსალიმში; ლაქიშს გაიქცა. ბოლომდე სდიეს და იქ მოკლეს.
20 . ცხენებით მოასვენეს და დაკრძალეს იერუსალიმში, თავის მამებთან, დავითის ქალაქში.
21 . ადგა იუდას მთელი ხალხი და თექვსმეტი წლის აზარია გაამეფა მამამისის, ამაციაჰუს ნაცვლად.
22 . ეილათი ააშენა და დაუბრუნა იუდას. მერე თავის მამებთან განისვენა.
23 . იუდას მეფის, ამაციაჰუ იოაშის ძის, გამეფებიდან მეთხუთმეტე წელს გამეფდა სამარიაში იერობყამი, ისრაელის მეფის, იოაშის ძე და იმეფა ორმოცდაერთი წელიწადი.
24 . ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, არ განუშორებია იერობყამის, ნაბატის ძის ყველა ის ცოდვა, რომლითაც ისრაელი ცდუნდა.
25 . ხამათის მისადგომებიდან ყარაბას ზღვამდე აღუდგინა ისრაელს საზღვრები, როგორც უფალს, ისრაელის ღმერთს, თავისი მსახურის, გათ-ხეფერელი წინასწარმეტყველის, იონა ამითაის ძის პირით ჰქონდა ნათქვამი.
26 . რადგან იხილა უფალმა ისრაელის მწარე უბედურება, აღარც ტყვე იყო და აღარც თავისუფალი; არავინ იყო შემწე ისრაელისა.
27 . არ უნდოდა უფალს ისრაელის სახელის გაქრობა ცისქვეშეთიდან და იხსნა ისინი იერობყამის, იოაშის ძის ხელით.
28 . იერობყამის დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც მოიმოქმედა, მისი მიღწევები, როგორ იბრძოდა და როგორ დაუბრუნა ისრაელს დამასკო და ხამათი, რომლებიც იუდას ეკუთვნოდა, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
29 . მიიძინა იერობყამმა თავის მამებთან, ისრაელის მეფეებთან; მის ნაცვლად მისი ძე ზაქარია გამეფდა.
1 . მეთორმეტე თვის, ადარის მეცამეტე დღეს, როცა მეფის ბრძანების აღსრულების დრო მოახლოვდა, იმ დღეს, როცა ებრაელთა მტრები მათ დამორჩილებას იმედოვნებდნენ, საქმე ისე შემობრუნდა, რომ თვით ებრაელებმა დაიმორჩილეს თავიანთი მოძულენი.
2 . და შეიკრიბნენ ებრაელნი თავიანთ ქალაქებში, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში, რათა ხელი აღემართათ მათთვის ავის მაძიებლებზე და წინ ვერავინ აღუდგა მათ, რადგან მათმა შიშმა შეიპყრო მთელი ხალხი.
3 . მხარეთა ყველა მთავარი, სატრაპი, გამგებელი და მეფის საქმის აღმსრულებელი ებრაელთ ედგნენ მხარში, რადგან მორდექაის შიში დაეცათ.
4 . დიახ, დიდი იყო მორდექაი მეფის სახლში, მისი ამბავი ყველა სამთავროს მოედო და სულ უფრო იზრდებოდა ამ კაცის, მორდექაის სიდიადე.
5 . მახვილით დასცეს ებრაელებმა თავიანთი მტრები, კლავდნენ და ანადგურებდნენ თავიანთ მოძულეთ, როგორც უნდოდათ.
6 . ხუთასი კაცი დახოცეს და მოსპეს ებრაელებმა შუშანის ციხე-ქალაქში.
7 . ფარშანდათა, დალფონი, ასფათა,
8 . ფორათა, ადალია, არიდათა,
9 . ფარმაშთა, არისაი, არიდაი და ვაიეზათა -
10 . ჰამან ჰამედათას ძის, იუდეველთა მტრის ათი ძე მოკლეს, ნადავლისთვის კი ხელი არ დაუდიათ.
11 . იმ დღესვე აუწყეს მეფეს შუშანის ციხე-ქალაქში მოკლულთა რიცხვი.
12 . უთხრა მეფემ დედოფალ ესთერს: "ხუთასი კაცი და ჰამანის ათი ვაჟი დახოცეს და გაანადგურეს ებრაელებმა შუშანის ციხე-ქალაქში; დანარჩენ სამთავროებში რაღას იზამდნენ! აბა, კიდევ რა თხოვნა გაქვს? აგისრულდება! რა არის შენი სათხოვარი? აღსრულებულ იქნება!”
13 . მიუგო ესთერმა: "თუ ინებებს მეფე, ხვალაც მიეცეთ უფლება ებრაელებს, რომლებიც შუშანში იმყოფებიან, დღევანდელი ბრძანებისამებრ იმოქმედონ და ძელებზე ჩამოკიდონ ჰამანის ათი ძე”.
14 . და ბრძანა მეფემ, რომ ასე გაკეთებულიყო! გაიცა ბრძანება შუშანში და ძელებზე ჩამოკიდეს ჰამანის ათი ვაჟი.
15 . ადარის თვის მეთოთხმეტე დღესაც შეიკრიბნენ შუშანში მყოფი ებრაელნი და დახოცეს შუშანში სამასი კაცი, ქონებას კი ხელი არ ახლეს.
16 . დანარჩენი ებრაელები კი მეფის სამთავროებში შეიკრიბნენ, რათა თავი დაეცვათ და მტრებისაგან მოესვენათ. და დახოცეს სამოცდათხუთმეტი ათასი, მაგრამ მათ ქონებას ხელი არ ახლეს.
17 . ადარის თვის მეცამეტე დღეს მოხდა ეს. მეთოთხმეტე დღეს კი მოისვენეს და ჭამა-სმისა და მხიარულების დღედ აქციეს.
18 . შეიკრიბნენ შუშანში მყოფი ებრაელნი, როგორც მეცამეტე, ისე მეთოთხმეტე დღესაც; მეთხუთმეტე დღეს კი მშვიდობა იყო და ნადიმობდნენ და მხიარულობდნენ.
19 . ამიტომ არის, რომ უგალავნო ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრები ებრაელნი ადარის თვის მეთოთხმეტე დღეს ზეიმობენ, ნადიმობენ, დღესასწაულობენ და საჩუქრებს უგზავნიან ერთმანეთს.
20 . აღწერა მორდექაიმ ეს ამბები და წერილები დაუგზავნა მეფე ახაშვეროშის სამთავროების ყველა ებრაელს, ახლო მაცხოვრებლებსა და შორს მაცხოვრებლებს,
21 . რათა დაედგინათ თავისთვის და ყოველწლიურად ეზეიმათ ადარის თვის მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე დღე,
22 . დღეები, როცა თავიანთი მტრებისგან მოისვენეს ებრაელებმა და მწუხარება - სიხარულად, გლოვა კი დღესასწაულად ექცათ; რათა ნადიმისა და მხიარულების დღეებად ექციათ ისინი, ერთმანეთისთვის საჩუქრების გაგზავნის და ღარიბების მოკითხვის დღეებად.
23 . და მიიღეს ებრაელებმა ის, რასაც თავადაც აკეთებდნენ და რაც მისწერა მათ მორდექაიმ,
24 . რადგან ჰამანი, აგაგელი ჰამედათას ძე, ყველა ებრაელის მოძულე, ფიქრობდა ებრაელთა მოსპობას და "ფური” ჰყარა მათ აღმოსაფხვრელად და დასაღუპად.
25 . მაგრამ როცა წარსდგა ესთერი მეფის წინაშე, მან მაშინვე ბრძანა წერილობით, რომ ჰამანის ბოროტი განზრახვა, რაც იუდაელებზე ჰქონდა ჩაფიქრებული მასვე დაბრუნებოდა და ძელზე ჩამოეკიდათ იგი და მისი ძენი!”
26 . ამიტომ უწოდეს ამ დღეს "ფურიმი”, წილისყრის გამო და თანახმად ამ წერილის სიტყვებისა და ყოველივე იმისა, რაც თვითონ იხილეს და შეემთხვათ.
27 . და დაიდგინეს ებრაელებმა თავისთვის, თავისი მოდგმისა და ყველა მათთან მიკედლებულისთვის, რომ გარდაუვლად ედღესასწაულათ ეს ორი დღე მითითებისამებრ და დადგენილ დროს, ყოველწლიურად.
28 . რათა გაეხსენებინათ ამ დღეს და ეზეიმათ თაობიდან თაობაში, ოჯახიდან ოჯახში, სამთავროდან სამთავროში და ქალაქიდან ქალაქში; ხოლო ფურიმის ეს დღეები არ დავიწყებულიყო მათ შთამომავლობაში.
29 . მთელი ძალაუფლებით დაწერეს დედოფალმა ესთერმა, აბიხაილის ასულმა და ებრაელმა მორდექაიმ დასტური, რათა აღესრულებინათ ფურიმის ეს მეორე წერილი.
30 . გაგზავნეს წერილები მშვიდობისა და ჭეშმარიტების სიტყვებით, ყველა ებრაელთან, ახაშვეროშის სამეფოს ას ოცდაშვიდივე სამთავროში,
31 . რათა აღესრულებინათ ფურიმის ეს დღეები თავის დროზე, როგორც ამას მორდექაი და დედოფალი ესთერი აღასრულებდნენ და როგორც დაიდგინეს თავისთვის და თავისი შთამომავლობისთვის, მარხვებისა და ლოცვების დღეებში.
32 . ასე განამტკიცა ესთერის ბრძანებამ სიტყვები ფურიმის შესახებ და ჩაწერილ იქნა წიგნში.
1 . ჰოი, უგუნურო გალატელებო! ვინ მოგაჯადოვათ, რომ არ დამორჩილებოდით ჭეშმარიტებას? თქვენ, ვის თვალწინაც აღიწერა ჯვარცმული იესო ქრისტე!
2 . მხოლოდ ეს მსურს ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეებით მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით?
3 . ნუთუ იმდენად უგუნურები ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ახლა ხორცით ამთავრებთ?
4 . ამაოდ იტანჯეთ ამდენი? თუ ასეა - ამაოდ!
5 . ვინც სულ მოგცათ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით აკეთებს ამას თუ რწმენის შესმენით?
6 . როგორც აბრაჰამმა ირწმუნა ღმერთი, და ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას.
7 . ამიტომ, იცოდეთ, რომ ისინი, ვინც რწმენისგან არიან, აბრაჰამის შვილები არიან.
8 . წერილმა, რომელმაც თავიდანვე განჭვრიტა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებდა წარმართებს, წინასწარ ახარა აბრაჰამს: "და იკურთხება შენში ყველა ერი”.
9 . ამიტომ ისინი, ვინც რწმენისგან არიან, ერთგულ აბრაჰამთან ერთად იკურთხებიან.
10 . ვინაიდან ყველანი, ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ იმყოფებიან, რადგან დაწერილია: "წყეულია ყოველი, ვინც არ ასრულებს ყოველივეს, რაც რჯულის წიგნშია დაწერილი, რათა ყველაფერი შეასრულოს”.
11 . ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, რადგან მართალი იცოცხლებს რწმენით.
12 . ხოლო რჯული რწმენისგან არ არის, მაგრამ ვინც მას შეასრულებს, მისით იცოცხლებს.
13 . ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისგან და ჩვენს ნაცვლად გახდა წყეული, ვინაიდან დაწერილია: "წყეულია ყველა, ვინც ძელზეა დაკიდებული”.
14 . იმისთვის, რომ აბრაჰამის კურთხევა ქრისტე იესოს მიერ იყოს წარმართებზე, რათა რწმენის მეშვეობით მივიღოთ სულის აღთქმა.
15 . ძმებო! ადამიანურად ვამბობ: ადამიანის მიერ დამტკიცებულ ანდერძსაც კი ვერავინ გააუქმებს და ვერც ვერაფერს დაუმატებს.
16 . ხოლო ეს აღთქმანი აბრაჰამსა და მის თესლს ეთქვა. არ თქმულა: "შენს თესლთ” - როგორც მრავალზე ითქმის, არამედ როგორც ერთზე: "შენს თესლს”, რომელიც არის ქრისტე.
17 . ამას კი ვამბობ: ღვთის მიერ წინათ დამტკიცებულ აღთქმას ოთხას ოცდაათი წლის შემდეგ მოსული რჯული ვერ დაარღვევს ისე, რომ გაუქმდეს აღთქმული.
18 . ვინაიდან, თუკი რჯულითაა მემკვიდრეობა, მაშინ აღარაა აღთქმით; აბრაჰამს კი აღთქმით მომადლა ღმერთმა.
19 . აბა, რჯული რაღაა? დანაშაულთა გამო მიეცა რჯული, ვიდრე მოვიდოდა თესლი, რომლისადმიცაა აღთქმა, და ანგელოზების მეშვეობით გადაეცა იგი შუამავლის ხელით.
20 . ერთის შუამავალი არ არსებობს, ხოლო ღმერთი ერთია.
21 . აბა, ეწინააღმდეგება რჯული ღვთის აღთქმებს? არასგზით! ვინაიდან, თუ ისეთ რჯულს მივიღებდით, რომელსაც სიცოცხლის მონიჭება შეეძლებოდა, მაშინ ნამდვილად იქნებოდა სიმართლე რჯულის მიერ.
22 . მაგრამ წერილმა ყველა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია, რათა მორწმუნეებს აღთქმული იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდათ.
23 . რწმენის მოსვლამდე კი მომწყვდეულები ვიყავით რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ, ვიდრე რწმენა გამოჩნდებოდა.
24 . ამრიგად, რჯული იყო ჩვენი წარმმართველი ქრისტესკენ, რათა გავმართლებულიყავით რწმენით.
25 . მაგრამ ახლა, როცა რწმენა მოვიდა, წარმმართველის ხელქვეით აღარ ვიმყოფებით.
26 . რადგან თქვენ ყველანი ღვთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით.
27 . ვინაიდან, ყველანი ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეში შეიმოსენით კიდეც.
28 . და აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.
29 . და თუ ქრისტესნი ხართ, მაშ, აბრაჰამის თესლი ხართ და მემკვიდრენი აღთქმის მიხედვით.
1 . ყოველი, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღმერთისგან არის შობილი, და ყველას, ვისაც მშობელი უყვარს, მისგან შობილიც უყვარს.
2 . იმით გავიგებთ, რომ გვიყვარს ღვთის შვილნი, თუ გვიყვარს ღმერთი და ვიცავთ მის მცნებებს;
3 . რადგან ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს; ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია.
4 . რადგან ყველა, ვინც ღმერთისგან არის შობილი, სძლევს წუთისოფელს; და ეს არის ძლევა, და წუთისოფლის მძლეველი - ჩვენი რწმენა.
5 . ვინ არის წუთისოფლის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა?
6 . ეს არის იესო ქრისტე, რომელიც წყლითა და სისხლით მოვიდა; არა მარტო წყლით, არამედ წყლითა და სისხლით; და სული მოწმობს, ვინაიდან სულია ჭეშმარიტება.
7 . რადგან სამნი მოწმობენ ცაში - მამა, სიტყვა და სულიწმიდა, და ეს სამი ერთია.
8 . და სამნი მოწმობენ დედამიწაზე: სული, წყალი და სისხლი, და ეს სამი ერთშია.
9 . თუ კაცთა მოწმობას ვღებულობთ, ღვთის მოწმობა უმეტესია, ვინაიდან ეს არის ღმერთის მოწმობა, რომელიც დაამოწმა თავის ძეზე.
10 . ღმერთის ძის მორწმუნეს თავის თავშივე აქვს მოწმობა; ვისაც ღმერთი არ სწამს, ცრუდ სახავს მას, ვინაიდან არ სწამს მოწმობა, რომლითაც ღმერთმა დაამოწმა თავის ძეზე.
11 . ეს არის მოწმობა, რომ ღმერთმა მოგვცა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია.
12 . ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს; ვისაც არ ჰყავს ძე ღვთისა, სიცოცხლე არ აქვს.
13 . ეს მოგწერეთ თქვენ, ღმერთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ საუკუნო სიცოცხლე გაქვთ.
14 . და აჰა, რა გაბედულება გვაქვს მის მიმართ, რომ როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს.
15 . და როცა ვიცით, რომ გვისმენს იგი, რასაც კი ვთხოვთ, ვიცით, რომ გვაქვს, რაც ვითხოვეთ მისგან.
16 . თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს არა მომაკვდინებელი ცოდვით, ილოცოს და ღმერთი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს. არის მომაკვდინებელი ცოდვა, მასზე არ ვამბობ ილოცოს-მეთქი.
17 . ყოველგვარი უკეთურება ცოდვაა, მაგრამ არის არამომაკვდინებელი ცოდვა.
18 . ვიცით, რომ ყოველი, ვინც ღმერთისგან იშვა, არ სცოდავს; რადგან ღმერთისგან შობილი იცავს თავის თავს და ბოროტი არ ეკარება მას.
19 . ვიცით, რომ ღმერთისგან ვართ და მთელი ქვეყნიერება ბოროტებაში წევს.
20 . ვიცით ისიც, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონიერება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ ღმერთის ჭეშმარიტ ძეში, იესო ქრისტეში. ის არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.
21 . შვილებო! დაიცავით თავი კერპთაგან. ამინ!
1 . პირველ აღთქმასაც ჰქონდა ღვთისმსახურების წესდებები და მიწიერი წმიდა,
2 . ვინაიდან პირველი კარავი ისე იყო მოწყობილი, რომ შიგნით იყო სასანთლე, ტაბლა და საწინაშეო პური; ამას წმიდა ადგილი ეწოდებოდა.
3 . მეორე კარავი კი ფარდის მიღმა იყო, რომელსაც წმიდათა წმიდა ერქვა.
4 . მას ჰქონდა ოქროს სასაკმევლე, ასევე ყოველი მხრიდან ოქროთი მოჭედილი აღთქმის კიდობანი, რომელშიც იყო მანნით სავსე ოქროს ქოთანი, აჰარონის აყვავებული კვერთხი და აღთქმის ფიქალები.
5 . ხოლო მათ ზემოთ - დიდების ქერუბნი, რომლებიც შეწყალების ადგილს ჩრდილავდნენ; ამაზე ახლა დაწვრილებით ნუ ვილაპარაკებთ.
6 . ასეთნაირად მოწყობილ პირველ კარავში მუდამ შედიან მღვდლები მსახურებათა შესასრულებლად.
7 . ხოლო მეორეში მარტო მღვდელმთავარი - წელიწადში ერთხელ, ოღონდ არა სისხლის გარეშე, რომელსაც სწირავს თავისთვის და ხალხის მიერ უმეცრებაში ჩადენილი ცოდვებისთვის.
8 . ამით სულიწმიდა გვიჩვენებს, რომ ვიდრე დგას პირველი კარავი, ჯერ კიდევ არაა გახსნილი გზა წმიდათა წმიდაში.
9 . ეს აწმყო დროის ნიმუშია, როცა სწირავენ ძღვენსა და მსხვერპლს, რასაც არ შეუძლია შემწირველის სინდისის სრულქმნა,
10 . რადგან ეს არის საჭმელ-სასმელი, სხვადასხვა განბანა და ხორციელი წესების შესრულება, დადგენილი მხოლოდ გამოსწორების ჟამამდე.
11 . ხოლო ქრისტე, კეთილი მომავლის მღვდელმთავარი, მოვიდა დიდი და უფრო სრულყოფილი, ხელთუქმნელი კარვით, ესე იგი, არა ამნაირად შექმნილით,
12 . არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდათა წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა.
13 . ვინაიდან თუ ვაცთა და კუროთა სისხლი და დეკეულის ფერფლის პკურება წმიდას ჰყოფს გაუწმიდურებულთ, რათა განიწმიდოს სხეული,
14 . მით უმეტეს ქრისტეს სისხლი, რომელმაც მარადიული სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისგან ცოცხალი ღმერთის სამსახურისთვის.
15 . ამიტომ არის ის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც პირველი აღთქმის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოსასყიდად მოხდა, მათ, ვინც მოწოდებულნი არიან მარადიული მემკვიდრეობისთვის, მიიღონ აღთქმული.
16 . ვინაიდან, სადაც ანდერძია, იქ აუცილებელია მეანდერძის სიკვდილი.
17 . რადგან ანდერძს ძალა აქვს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ; ვიდრე მეანდერძე ცოცხალია, ანდერძს ძალა არა აქვს.
18 . ამიტომ არც პირველი აღთქმა იყო დამტკიცებული სისხლის გარეშე.
19 . ვინაიდან მოსემ, როდესაც წარმოთქვა მთელი ხალხის წინაშე ყველა მცნება რჯულისა, აიღო ზვარაკთა და ვაცთა სისხლი წყალთან, მეწამულ მატყლთან და უსუპთან ერთად და აპკურა როგორც წიგნს, ისე მთელ ხალხს.
20 . და თქვა: "ესაა სისხლი აღთქმისა, რომელიც ღმერთმა აღგითქვათ თქვენ”.
21 . მან კარავსა და მთელ სამსახურებელ ჭურჭელსაც მოაპკურა სისხლი.
22 . ასე რომ, რჯულის მიხედვით თითქმის ყველაფერი სისხლით იწმიდება, და სისხლის დაღვრის გარეშე არ ხდება მიტევება.
23 . მაშასადამე, ხატებანი იმისა, რაც ზეცაშია, უნდა განწმედილიყვნენ ამით, თვით ზეციერნი კი ამაზე უმჯობესი მსხვერპლებით.
24 . ვინაიდან ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმიდათა წმიდაში, ჭეშმარიტის ანარეკლში, არამედ თვით ცაში, რათა ახლა ჩვენთვის წარდგეს ღვთის წინაშე.
25 . და არა იმისთვის, რომ მრავალგზის შეეწიროს, როგორც შედის მღვდელმთავარი ყოველწლიურად წმიდაში სხვისი სისხლით;
26 . მაშინ მას წუთისოფლის დასაბამიდან მრავალგზის მოუხდებოდა ტანჯვა, ის კი ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით აღეკვეთა ცოდვა,
27 . და როგორც ადამიანთათვის არის დადგენილი ერთხელ სიკვდილი და მერე გასამართლება,
28 . ასევე ქრისტეც, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ ეტვირთა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვილთათვის, არამედ მის მომლოდინეთა გადასარჩენად.