მარკოზი თავი 13

1 . ტაძრიდან გამოსვლისას ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: "შეხედე, მოძღვარო, რა მშვენიერი ქვებია და რა მშვენიერი შენობები!”

2 . მიუგო იესომ: "ხედავ ამ დიდ შენობებს?! ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, ყველაფერი ჩამოიქცევა”.

3 . ზეთისხილის მთაზე რომ იჯდა, ტაძრის პირდაპირ, განმარტოებით ჰკითხეს მას პეტრემ, იაკობმა, იოანემ და ანდრიამ:

4 . "გვითხარი, როდის მოხდება ეს, ანდა რა იქნება იმის ნიშანი, როცა ყოველივე ეს უნდა აღსრულდეს?”

5 . და დაუწყო მათ იესომ ლაპარაკი: "გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ,

6 . რადგან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის, რომ ‘მე ვარ’ და მრავალს შეაცდენენ.

7 . თქვენ კი, როცა მოისმენთ ომების შესახებ და ომების ამბებს, ნუ შეძრწუნდებით, ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.

8 . ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ და შიმშილობანი. ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.

9 . თქვენ კი გაფრთხილდით, ვინაიდან გადაგცემენ სამსჯავროებზე, სინაგოგებში გცემენ, და გამგებელთა და მეფეთა წინაშე წარსდგებით ჩემ გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად.

10 . მაგრამ ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს.

11 . როცა წაგიყვანენ გადასაცემად, წინასწარ ნუ იდარდებთ, რა ილაპარაკოთ; არამედ, რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის ილაპარაკეთ, ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა.

12 . ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა - შვილს; აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.

13 . და ყველანი შეგიძულებენ ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.

14 . ხოლო როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს, იქ მდგომს, სადაც არ უნდა იყოს, წამკითხველმა გაიგოს, წინასწარმეტყველმა დანიელმა რომ თქვა, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს.

15 . ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა და ნურც შინ შევა სახლიდან რაიმეს გამოსატანად.

16 . ველზე მყოფიც ნუ დაბრუნდება უკან, თავისი სამოსლის ასაღებად.

17 . ხოლო ვაი ორსულებსა და მეძუძურებს იმ დღეებში!

18 . ილოცეთ, რომ ზამთარში არ მოხდეს ეს.

19 . ვინაიდან ისეთი გასაჭირი იქნება იმ დღეებში, რომლის მსგავსიც დღემდე არ ყოფილა დასაბამიდან ქვეყნიერებისა, რომელიც შექმნა ღმერთმა და აღარც ოდესმე იქნება.

20 . და უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღეები, არავინ გადარჩებოდა ხორციელთაგან. მაგრამ შეამოკლა ის დღეები რჩეულთათვის, რომლებიც ამოირჩია.

21 . მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არისო ქრისტე, ან: აჰა, იქო, ნუ ერწმუნებით.

22 . ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოიმოქმედებენ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.

23 . თქვენ კი გაფრთხილდით, რადგან წინასწარ გითხარით ყველაფერი.

24 . იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე შუქს აღარ გამოსცემს.

25 . იქნება ვარსკვლავთა ცვენა და შეირყევიან ციური ძალები.

26 . მაშინ იხილავენ ძე კაცისას, ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალითა და დიდებით.

27 . მაშინ წარგზავნის იგი თავის ანგელოზებს და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხთავ ქართაგან, დედამიწის კიდიდან ცის კიდემდე.

28 . "ლეღვის ხისგან ისწავლეთ მაგალითი: რტოები რომ დაურბილდება და გაიფოთლება, იცით, რომ მოახლოებულია ზაფხული.

29 . თქვენც ასევე, როცა იხილავთ, რომ ეს ყოველივე ხდება, იცოდეთ - კარსაა მომდგარი.

30 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ - არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ეს ყოველივე არ მოხდება.

31 . ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ.

32 . მაგრამ იმ დღესა და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.

33 . აჰა, იფხიზლეთ და ილოცეთ! ვინაიდან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი.

34 . ისევე, როგორც შორ გზაზე მიმავალმა კაცმა მიატოვოს თავისი სახლი, თავის მონებს მისცეს ხელმწიფება და ყველას თავისი საქმე მიუჩინოს და მეკარეს ფხიზლად ყოფნა უბრძანოს.

35 . ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი - საღამოთი თუ შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას.

36 . რათა მოულოდნელად არ მოვიდეს და მძინარეებს არ წაგასწროთ.

37 . რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები - იფხიზლეთ!”