1 . თავდაპირველად შექმნა ღმერთმა ცანი და მიწა.
2 . მიწა იყო უსახო და უდაბური, და ბნელი იწვა უფსკრულებზე, და სული ღვთისა მიმოქროდა წყლებზე.
3 . და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი.
4 . და დაინახა ღმერთმა, რომ კარგია ნათელი და გაჰყარა ღმერთმა ნათელი ბნელისაგან.
5 . უწოდა ღმერთმა ნათელს დღე, ხოლო ბნელს - ღამე. იყო საღამო და იყო დილა - დღე ერთი.
6 . თქვა ღმერთმა: "იყოს მყარი წყალთა შორის, რათა გაყოს წყალი წყლისგან”.
7 . შექმნა ღმერთმა მყარი და გაყო მყარს ქვემო წყალი მყარს ზემო წყლისგან. და იქმნა ასე.
8 . უწოდა ღმერთმა მყარს ცა. იყო საღამო და იყო დილა - მეორე დღე.
9 . თქვა ღმერთმა: "ერთად შეგროვდეს წყლები ცის ქვეშ და გამოჩნდეს ხმელეთი”. და იქმნა ასე.
10 . უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა, ხოლო შეგროვილ წყალს - ზღვა. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
11 . შემდეგ თქვა ღმერთმა: "აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი - მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი”. და იქმნა ასე.
12 . აღმოაცენა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი და ხე ნაყოფიერი, მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
13 . იყო საღამო და იყო დილა - მესამე დღე.
14 . თქვა ღმერთმა: "იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად და იყვნენ ისინი ნიშნებად, წელიწადის დროთა, დღეთა და წელთა აღსანიშნად.
15 . იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე, რათა მისცენ სინათლე მიწას”. და იქმნა ასე.
16 . შექმნა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი: დიდი - დღის მმართველად, ხოლო მცირე - მმართველად ღამისა; და ვარსკვლავები.
17 . დაადგინა ისინი ღმერთმა ცის მყარზე მიწის გასანათებლად,
18 . რათა განეგოთ დღე და ღამე და ერთმანეთისგან გაეყოთ ნათელი და ბნელი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
19 . იყო საღამო და იყო დილა - მეოთხე დღე.
20 . თქვა ღმერთმა: "წარმოშვას წყლებმა ცოცხალი არსებანი და იფრინონ ფრინველებმა მიწის ზემოთ ცის მყარზე”. და იქმნა ასე.
21 . შექმნა ღმერთმა ზღვის ურჩხულნი და ყოველი სულდგმული, წყალში მცურავი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ფრთოსანი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
22 . აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვის წყლები და გამრავლდეს ფრთოსანი მიწაზე”.
23 . იყო საღამო და იყო დილა - მეხუთე დღე.
24 . თქვა ღმერთმა: "წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებანი თავისი ჯიშებისამებრ - პირუტყვი, ქვეწარმავალი და მიწის მხეცები”. და იქმნა ასე.
25 . შექმნა ღმერთმა მიწის მხეცები თავისი ჯიშებისამებრ, პირუტყვი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ქვეწარმავალი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
26 . თქვა ღმერთმა: "შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად; დაე იბატონოს ზღვაში თევზზე, ცაში ფრინველზე, პირუტყვზე, მთელ დედამიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც დაძვრება მიწაზე”.
27 . შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
28 . აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ქვეყანა და იუფლეთ მასზე; იბატონეთ ზღვაში თევზებზე, ცაში ფრინველებზე, და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რაც კი მიწაზე იძვრის.
29 . თქვა ღმერთმა: "აჰა, მოგეცით საჭმელად ყოველი ბალახი თესლის მთესველი და ნაყოფიერი ხე, რაც დედამიწის ზურგზეა”.
30 . მიწის ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და ყველა ქვეწარმავალს დედამიწაზე, რასაც სიცოცხლის სუნთქვა აქვს, მცენარეები მივეცი საჭმელად”. და იქმნა ასე.
31 . იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგი იყო ფრიად. იყო საღამო და იყო დილა - მეექვსე დღე.
1 . მისმინეთ კუნძულებო და დადუმდით ჩემს წინაშე, ძალა განიახლეთ ერებო; მერე კი მომიახლოვდით და თქვით: ერთად წარვსდგეთ განსასჯელად.
2 . ვინ აღაზევა აღმოსავლეთიდან იგი, ვინც სიმართლეს მოუხმო თავის კვალზე, ერები დაუმკვიდრა მას და მეფენი დაუმორჩილა? მტვრად აქცევს თავისი მახვილით, გაფანტულ ჩალად - თავისი მშვილდით.
3 . დაედევნება მათ და უსაფრთხოდ გაივლის გზაზე, რომელზეც ფეხი არ დაუდგამს მანამდე.
4 . ვინ ჰქმნა და აღასრულა ეს? ვინც თავიდანვე უხმობს თაობებს! მე, იაჰვე, ვარ პირველი, და უკანასკნელ თაობასთანაც მე ვარ!
5 . დაინახეს კუნძულებმა და შეძრწუნდნენ, თრთიან ქვეყნის კიდეები, მოახლოვდნენ და მოდგნენ.
6 . თითოეული თავის მოყვასს ეხმარება და ეუბნება თავის ძმას - გამაგრდი!
7 . ხურო ოქრომჭედელს ამხნევებს, შემდუღებელი - მჭედელს; ნაწიბურზე ეუბნება: კარგიაო! და ლურსმნებით ამაგრებს, რომ არ ირყეოდეს.
8 . შენ კი, ისრაელ, მსახურო ჩემო, და, იაკობ, რჩეულო ჩემო, თესლო ჩემი საყვარელი აბრაჰამისა,
9 . რომელიც დედამიწის კიდეებიდან მყავს გამოყვანილი, მოგიხმე მისი კუთხეებიდან და გითხარი: "ჩემი მსახური ხარ!” მე აგირჩიე და არ განმიგდიხარ.
10 . ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.
11 . აჰა, შერცხვება და გაწბილდება ყველა შენზე განრისხებული; გაქრებიან და დაიღუპებიან შენი მოწინააღმდეგენი.
12 . მოძებნი და ვერ იპოვნი შენთან მოდავეთ, გაუჩინარდებიან და აღარ იარსებებენ შენს წინააღმდეგ მებრძოლნი.
13 . რადგან მე, უფალი - შენი ღმერთი, შენი მარჯვენის დამკავებელი გეუბნები: "ნუ გეშინია, მე შეგეწევი!
14 . ნუ გეშინია, მატლო იაკობ, ისრაელის კაცებო, მე შეგეწევით! სიტყვა უფლისა, შენი გამომსყიდველისა, რომელიც არის ისრაელის წმიდა!
15 . აჰა, დაგადგინე დაკბილულ, ორლესულ სალეწად; შენ გალეწავ და დააქუცმაცებ მთებს, ბორცვებს კი ზედ მიაქცევ.
16 . გაანიავებ მათ, აიტაცებს ქარი და გაფანტავს ქარიშხალი, შენ კი გაიხარებ უფალში, ისრაელის წმიდაში და აღმატებულად განმადიდებ.
17 . ჩაგრულნი და გაჭირვებულნი წყალს ეძებენ და არ არის; წყურვილისგან უშრებათ ენა. მე, უფალი, ვუპასუხებ და ისრაელის ღმერთი, არ მივატოვებ.
18 . კლდეებიდან გადმოვადენ მდინარეებს და შუაგულ მინდვრებში წყაროებს გავაჩენ, უდაბნოს წყალსატევად ვაქცევ და გვალვიან მიწას - წყაროებით ავავსებ.
19 . უდაბნოში კედარს დავრგავ, აკაციას, მვირსინს და ზეთისხილს; ერთად ვახარებ უდაბნოში - კვიპაროსს, ნეკერჩხალსა და წიფელს.
20 . რათა დაინახონ, შეიტყონ, გული დაუდონ და შეიგნონ, რომ უფლის ხელმა გააკეთა და ისრაელის წმიდამ მოიმოქმედა ეს”.
21 . "წარმოადგინეთ თქვენი საჩივრები!” - ამბობს უფალი; "მოიყვანეთ თქვენი მტკიცებულებანი!” -ამბობს მეფე იაკობისა.
22 . მოვიდნენ და გაგვიცხადონ რა მოხდება. მანამდე გვითხრან რა იქნება, სანამ მოხდება! ჩავწვდებით და გავიგებთ, როგორ დასრულდება; ან მომავალზე გვაუწყონ.
23 . გვითხარით, რა მოხდება და გვეცოდინება, რომ ღმერთები ხართ. ჰო, მოიმოქმედეთ კეთილი ან ბოროტი, რათა შევხედოთ და ერთად დავაკვირდეთ.
24 . აჰა, არარაობა ხართ და თქვენი საქმეც არარაობაა; საზიზღრობაა თქვენი ამომრჩეველი.
25 . აღვძარი ერთი ჩრდილოეთიდან და მოვიდა; აღმოსავლეთიდან მოუწოდებს ჩემს სახელს და მოვა, რომ გასრისოს მთავარნი, როგორც ტალახი, და აზილოს ისინი, როგორც მექოთნე ზელს თიხას.
26 . ვინ განაცხადა თავიდან, რომ ვიცოდეთ? წინასწარ, რომ ვთქვათ: მართალია? მაგრამ არვის უთქვამს, არვის უამბნია, არვის გაუგია თქვენი ნათქვამი.
27 . მე პირველმა ვაუწყე სიონს: "აჰა, იხილე ისინი!” მახარობელი გავუგზავნე იერუსალიმს!
28 . გავიხედე და არავინ იყო; არავინაა მათ შორის მრჩეველი, რომ ვკითხო და გამცეს პასუხი.
29 . აჰა, ყველა ყალბია, უსარგებლოა მათი საქმეები, ქარია და სიცარიელე მათი ჩამოსხმული გამოსახულებანი.
1 . ტაძრიდან გამოსვლისას ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: "შეხედე, მოძღვარო, რა მშვენიერი ქვებია და რა მშვენიერი შენობები!”
2 . მიუგო იესომ: "ხედავ ამ დიდ შენობებს?! ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, ყველაფერი ჩამოიქცევა”.
3 . ზეთისხილის მთაზე რომ იჯდა, ტაძრის პირდაპირ, განმარტოებით ჰკითხეს მას პეტრემ, იაკობმა, იოანემ და ანდრიამ:
4 . "გვითხარი, როდის მოხდება ეს, ანდა რა იქნება იმის ნიშანი, როცა ყოველივე ეს უნდა აღსრულდეს?”
5 . და დაუწყო მათ იესომ ლაპარაკი: "გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ,
6 . რადგან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის, რომ ‘მე ვარ’ და მრავალს შეაცდენენ.
7 . თქვენ კი, როცა მოისმენთ ომების შესახებ და ომების ამბებს, ნუ შეძრწუნდებით, ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
8 . ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ და შიმშილობანი. ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.
9 . თქვენ კი გაფრთხილდით, ვინაიდან გადაგცემენ სამსჯავროებზე, სინაგოგებში გცემენ, და გამგებელთა და მეფეთა წინაშე წარსდგებით ჩემ გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად.
10 . მაგრამ ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს.
11 . როცა წაგიყვანენ გადასაცემად, წინასწარ ნუ იდარდებთ, რა ილაპარაკოთ; არამედ, რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის ილაპარაკეთ, ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა.
12 . ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა - შვილს; აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
13 . და ყველანი შეგიძულებენ ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.
14 . ხოლო როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს, იქ მდგომს, სადაც არ უნდა იყოს, წამკითხველმა გაიგოს, წინასწარმეტყველმა დანიელმა რომ თქვა, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს.
15 . ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა და ნურც შინ შევა სახლიდან რაიმეს გამოსატანად.
16 . ველზე მყოფიც ნუ დაბრუნდება უკან, თავისი სამოსლის ასაღებად.
17 . ხოლო ვაი ორსულებსა და მეძუძურებს იმ დღეებში!
18 . ილოცეთ, რომ ზამთარში არ მოხდეს ეს.
19 . ვინაიდან ისეთი გასაჭირი იქნება იმ დღეებში, რომლის მსგავსიც დღემდე არ ყოფილა დასაბამიდან ქვეყნიერებისა, რომელიც შექმნა ღმერთმა და აღარც ოდესმე იქნება.
20 . და უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღეები, არავინ გადარჩებოდა ხორციელთაგან. მაგრამ შეამოკლა ის დღეები რჩეულთათვის, რომლებიც ამოირჩია.
21 . მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არისო ქრისტე, ან: აჰა, იქო, ნუ ერწმუნებით.
22 . ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოიმოქმედებენ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.
23 . თქვენ კი გაფრთხილდით, რადგან წინასწარ გითხარით ყველაფერი.
24 . იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე შუქს აღარ გამოსცემს.
25 . იქნება ვარსკვლავთა ცვენა და შეირყევიან ციური ძალები.
26 . მაშინ იხილავენ ძე კაცისას, ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალითა და დიდებით.
27 . მაშინ წარგზავნის იგი თავის ანგელოზებს და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხთავ ქართაგან, დედამიწის კიდიდან ცის კიდემდე.
28 . "ლეღვის ხისგან ისწავლეთ მაგალითი: რტოები რომ დაურბილდება და გაიფოთლება, იცით, რომ მოახლოებულია ზაფხული.
29 . თქვენც ასევე, როცა იხილავთ, რომ ეს ყოველივე ხდება, იცოდეთ - კარსაა მომდგარი.
30 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ - არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ეს ყოველივე არ მოხდება.
31 . ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ.
32 . მაგრამ იმ დღესა და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
33 . აჰა, იფხიზლეთ და ილოცეთ! ვინაიდან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი.
34 . ისევე, როგორც შორ გზაზე მიმავალმა კაცმა მიატოვოს თავისი სახლი, თავის მონებს მისცეს ხელმწიფება და ყველას თავისი საქმე მიუჩინოს და მეკარეს ფხიზლად ყოფნა უბრძანოს.
35 . ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი - საღამოთი თუ შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას.
36 . რათა მოულოდნელად არ მოვიდეს და მძინარეებს არ წაგასწროთ.
37 . რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები - იფხიზლეთ!”
1 . უკვე მეორე წერილს გწერთ საყვარელნო და ორივეში წრფელ აზროვნებას ვაღვიძებ თქვენში შეხსენებით,
2 . რათა გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ ადრევე თქმული სიტყვები და ჩვენი უფლისა და მაცხოვრის მცნებანი, გადმოცემული თქვენი მოციქულების მიერ.
3 . პირველ რიგში, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან.
4 . და იტყვიან: სად არის მისი მოსვლის აღთქმა? რადგან მას შემდეგ, მამები რომ მიიცვალნენ, ყველაფერი უცვლელად რჩება, როგორც დასაბამიდან იყო.
5 . ისინი განზრახ ივიწყებენ, რომ თავდაპირველად ცანი და დედამიწა შეიქმნა წყლისგან და წყლით ღვთის სიტყვის მეშვეობით;
6 . და, რომ მაშინდელი ქვეყნიერება წარღვნის წყლით მოისპო.
7 . ამავე სიტყვით არიან შემონახულნი ცეცხლისთვის ახლანდელი ცანი და მიწა, უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისთვის.
8 . არც ის უნდა დაიფაროს თქვენგან, საყვარელნო, რომ უფლისთვის ერთი დღე არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე.
9 . არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად ეჩვენებათ; არამედ სულგრძელია თქვენდამი, რადგან ის კი არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ის, რომ ყველამ მოინანიოს.
10 . ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა, და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული საწყისები დაიშლებიან, დედამიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, დაიწვებიან.
11 . თუკი ყველაფერი ასე დაირღვევა, თქვენ როგორიღა სიწმიდე გმართებთ ქცევასა და ღვთისმოსაობაში?
12 . რაკიღა მოელით და ესწრაფით ღვთის მოსვლის დღეს, როცა ალმოდებული ცანი დაირღვევიან და გადაბუგული საწყისები დადნებიან.
13 . ხოლო ჩვენ, მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცათ და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე.
14 . ამიტომ, საყვარელნო, რაკი ამას მოელით, იბეჯითეთ, რომ მშვიდობით წარსდგეთ მის წინაშე შეუბღალავნი და უბიწონი,
15 . და ჩვენი უფლის სულგრძელობა ხსნად მიიჩნიეთ, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ პავლემაც მოგწერათ მისთვის მინიჭებული სიბრძნით;
16 . ამის შესახებ ლაპარაკობს იგი ყველა წერილში, რომლებშიც ზოგი რამ ისე ძნელად გასაგებია, რომ უმეცარნი და არამყარნი, სხვა წერილების მსგავსად, საკუთარი თავის დასაღუპად ამახინჯებენ.
17 . თქვენ კი, საყვარელნო, რაკი წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე,
18 . პირიქით, აღიზარდენით ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლსა და შემეცნებაში. მას ეკუთვნის დიდება ახლა და უკუნისამდე. ამინ!
1 . იმაზე, რაც იყო დასაბამიდან, რაც მოგვისმენია და ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც ჩავკვირვებივართ და ჩვენს ხელებს მოუსინჯავს, სიცოცხლის სიტყვაზე.
2 . რადგან სიცოცხლე გამოჩნდა, და ჩვენ ვიხილეთ, ვმოწმობთ და გაუწყებთ თქვენ ამ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც მამასთან იყო და ჩვენ გამოგვეცხადა;
3 . რაც გვინახავს და მოგვისმენია, გაუწყებთ, რომ თქვენც გქონდეთ მოზიარეობა ჩვენთან, ხოლო ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან.
4 . ამას გწერთ იმისთვის, რომ სრული იყოს თქვენი სიხარული.
5 . აჰა, უწყება, რომელიც მისგან მოვისმინეთ და თქვენ გაუწყებთ: ღმერთი არის სინათლე და არავითარი სიბნელე არ არის მასში.
6 . თუ ვამბობთ, რომ მოზიარეობა გვაქვს მასთან, მაგრამ სიბნელეში დავდივართ, მაშინ ვტყუით და არ ვიქცევით ჭეშმარიტების მიხედვით.
7 . ხოლო თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან.
8 . თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.
9 . თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.
10 . თუ ვამბობთ, არ შეგვიცოდავსო, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.
1 . პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოწოდებული მოციქული, გამორჩეული ღვთის სახარებისთვის,
2 . წინასწარ რომ ჰქონდა აღთქმული თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილებში
3 . თავის ძეზე, დავითის თესლისგან რომ იშვა სხეულებრივად,
4 . სიწმიდის სულის მეშვეობით მკვდრეთით აღმდგარი, ძალაში რომ იქნა დადგენილი ღვთის ძედ - იესო ქრისტე, ჩვენი უფალი,
5 . რომლის მეშვეობითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ რწმენას ყველა ხალხი,
6 . რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ მოწოდებულნი,
7 . ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარლებს, მოწოდებულ წმიდანებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან.
8 . უპირველესად ჩემს ღმერთს ვმადლობ იესო ქრისტეს მეშვეობით ყველა თქვენგანისათვის, რადგან თქვენი რწმენა მთელს მსოფლიოში ეუწყება.
9 . მემოწმება ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ.
10 . მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ ოდესმე მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით,
11 . ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გაგიზიაროთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად,
12 . რაც თქვენთან ერთად მანუგეშებს საერთო რწმენის მეშვეობით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც.
13 . მინდა იცოდეთ ძმებო, რომ მრავალჯერ განმიზრახავს თქვენთან მოსვლა, რათა თქვენშიც მქონოდა რაიმე ნაყოფი, როგორც დანარჩენ წარმართებში, თუმცა აქამდე ვბრკოლდებოდი.
14 . ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ.
15 . ამიტომ ვესწრაფი, რომ გახაროთ თქვენც, რომში მყოფთ.
16 . ვინაიდან, მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა.
17 . ვინაიდან, მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: "მართალი იცოცხლებს რწმენით”.
18 . ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უმართლობაზე, უმართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას.
19 . იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც შეიძლება იცოდნენ ღმერთზე, რადგან ღმერთმა განუცხადა მათ.
20 . ვინაიდან, ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა - მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა - ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი.
21 . რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.
22 . თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ.
23 . და უხრწნადი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში.
24 . ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმების უწმიდურებას, რათა თვითონვე შეებილწათ თავიანთი სხეულები ერთმანეთში.
25 . რომელთაც ღმერთის ჭეშმარიტება სიცრუით შეცვალეს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ!
26 . ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი შეცვალეს ბუნებრივი ურთიერთობის წესი ბუნების საწინააღმდეგოთი.
27 . ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი ურთიერთობის წესი და ავხორცობით გახურდნენ ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის.
28 . და რაკი არ ეცადნენ, რომ გონებით ჩაწვდომოდნენ ღმერთს, ღმერთმა უკუღმართ გონებას გადასცა ისინი, რათა დაუწესებელი ეკეთებინათ.
29 . აღვსილნი არიან ყოველგვარი უმართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით.
30 . ცილისმწამებელნი, ღმერთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი,
31 . უგუნურნი, ვერაგნი, არასანდონი, არამოყვარულნი და ულმობელნი.
32 . იციან მათ ღმერთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ; მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც უწონებენ.
1 . "სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, ვისაც ღვთის შვიდი სული და შვიდი ვარსკვლავი აქვს: ვიცი შენი საქმენი, რომ ცოცხალის სახელი გაქვს, შენ კი მკვდარი ხარ.
2 . გამოფხიზლდი და განამტკიცე ის, რაც დაგრჩა და სიკვდილის პირასაა: ვინაიდან ვერ ვხედავ, რომ შენი საქმენი აღსრულებული იყოს ჩემი ღმერთის წინაშე.
3 . გაიხსენე, რაც მიიღე და მოისმინე, და დაიცავი და მოინანიე. თუ არ იფხიზლებ, მოვალ, როგორც ქურდი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ.
4 . თუმცა გყავს სარდეში რამდენიმე კაცი, სამოსი რომ არ წაუბილწავთ; ისინი ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში, რადგან ღირსნი არიან.
5 . გამარჯვებული ჩაიცვამს თეთრ სამოსელს, მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან, და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე”.
6 . ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
7 . "ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, წმიდა, ჭეშმარიტი, დავითის გასაღების მქონე, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს:
8 . ვიცი შენი საქმენი; აჰა, მოგეცი შენს წინაშე ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს; მცირე ძალა გაქვს, მაგრამ შეინახე ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი.
9 . აჰა, გადმოგცემ სატანის სინაგოგიდან მათ, ვინც იუდეველს უწოდებს თავის თავს და არ არის, არამედ ცრუობს. აჰა, ისე მოვაწყობ, რომ მოვიდნენ და თაყვანი გცენ შენს ფერხთა წინაშე, და გაიგებენ, რომ მე შეგიყვარე.
10 . რაკი დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისგან, რომელიც მოვა მთელს ქვეყანაზე, რომ გამოსცადოს დედამიწის მკვიდრნი.
11 . აჰა, მალე მოვალ; გეჭიროს, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი.
12 . გამარჯვებულს სვეტად დავადგენ ჩემი ღმერთის ტაძარში, და გარეთ აღარ გავა; დავაწერ ჩემი ღმერთის სახელს და ჩემი ღმერთის ქალაქის, ახალი იერუსალიმის სახელს, რომელიც ციდან ჩამოდის ჩემი ღმერთისგან, და ჩემს ახალ სახელს”.
13 . ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
14 . "ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო ამინი, ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე, ღმერთის ქმნილების დასაბამი:
15 . ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ, არც ცხელი; ო, ნეტა ან ცივი იყო ან ცხელი!
16 . მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან.
17 . რადგან ამბობ: მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი.
18 . გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი სამოსელი, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი, და თვალის მალამო, რათა იცხო თვალებზე, რომ დაინახო.
19 . ვინც მიყვარს, მათ ვამხელ და ვწვრთნი. აბა, იყავი მოშურნე და მოინანიე.
20 . აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან.
21 . გამარჯვებული ჩემთან ერთად დაჯდება ჩემს ტახტზე, ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე”.
22 . ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
1 . 1. უვარგის შვილთა სიმრავლეს ნუ ისურვებ, და ნურც ურჯულო ვაჟებით ხარობ. 2. მათი გამრავლება ნუ გაგახარებს, რადგან არა აქვთ შიში უფლისა. 3. არ ირწმუნო მათი სიცოცხლე და ნუ დაენდობი მათ სიმრავლეს, რადგან ზოგჯერ ერთი სჯობს ათასს და უშვილოდ გადაგება - ურჯულო შვილთა ყოლას. 4. რადგან ერთი გონიერისაგან ქალაქი აშენდება, ურჯულოთა ტომი კი მოოხრდება. 5. მრავალი ამგვარი რამ იხილეს ჩემმა თვალებმა და ამაზე უარესი მოუსმენიათ ჩემს ყურებს. 6. ცოდვილთა საკრებულოში ცეცხლი გაჩაღდება, ურჩ ხალხში კი რისხვა აინთება. 7. არ შეიწყალა ძველი ბუმბერაზები, რომელნიც თავიანთი ძალის იმედად განუდგნენ მას. 8. არ დაინდო ლოთის სახლეულიც, რომელიც მოიძულა მისი ამპარტავნობისთვის. 9. არ შეიწყალა წარწყმედილი ხალხი, რომელიც მედიდურობდა თავისი ცოდვებით. 10. ისევე, როგორც ექვსასი ათასი კაცი, გულქვაობამ რომ შეკრიბა ერთად. 11. თუნდაც ერთი იყოს ქედფიცხელი, მაინც საკვირველი იქნება დაუსჯელი რომ დარჩეს, რადგან წყალობაცა და რისხვაც უფალთანაა, და შეწყალებაც ხელეწიფება და რისხვის გადმოღვრაც. 12. რამდენადაც დიდია მისი წყალობა, იმდენად დიდია მხილება მისგან და კაცს მისი საქმეების მიხედვით განსჯის. 13. ვერ გაექცევა მას ცოდვილი ნაძარცვით და მოთმინება კეთილმორწმუნეთა ამაო როდია. 14. ადგილს მიუჩენს ყოველ მოწყალებას და თითოეული თავის საქმეთა მიხედვით მიიღებს. 17. ნუ იტყვი, დავემალები უფალს და სიმაღლიდან ვინ გამიხსენებსო? ვერც კი შემამჩნევსო ხალხის სიმრავლეში, რადგან რა არის ჩემი სული ზღვარდაუდებელ სამყაროში? 18. აჰა, ზეცა და ზეცა ზეცისა, უფსკრული და მიწა, ირყევიან მისი მზერის ქვეშ; 19. მთანიცა და საფუძველიც დედამიწისა ერთნაირად ირყევა ძრწოლით, როცა მათ მოხედავს. 20. ეს ვერ გაუგია გულს და მის გზებს ვინ მოიაზრებს? 21. როგორც ქარი, რომელსაც ადამიანი ვერ ხედავს, ასევე მისი საქმეების უმრავლესობაც დაფარულია. 22. ვინ მოგვითხროს საქმენი მისი სამართლიანობისა? ან ვინ დაელოდება მათ? რადგან შორსაა აღთქმა. 23. ამგვარად განსჯის გულით ღატაკი და უგუნური და ცდუნებული კაციც ამგვარად ფიქრობს. 24. ყური დამიგდე მე, შვილო, და ისწავლე სიბრძნე და ჩემი სიტყვები გულით შეისმინე. 25. აწონილად გამოვაჩენ სწავლას და ზედმიწევნით გავაცხადებ ცოდნას. 26. დასაბამითვეა მისი საქმეები და როცა შექმნა ისინი, დაჰყო ნაწილებად. 27. საუკუნოდ მოაწესრიგა თავისი საქმენი და მათი ხელმწიფება თაობათა მიმართ. არც სწყურიათ და არც იღლებიან, არც სწყვეტენ თავის მოქმედებას. 28. არ ავიწროებენ ერთმანეთს და არასოდეს ეურჩებიან უფლის სიტყვას. 29. შემდგომ ამისა უფალმა მიწას გადმოხედა და აღავსო იგი თავისი სიკეთით. 30. ყოველი ცხოველის სულმა დაფარა მისი პირი და მისკენ მიიქცევა ყოველივე.
1 . 1. მითხრა: დედამიწის დასაბამიდან, ვიდრე აღიმართებოდა სამყაროს კარიბჭენი, ვიდრე ერთიანად იქროლებდნენ ქარები, 2. ვიდრე გაისმებოდა ქუხილის ხმები, ვიდრე აკაშკაშდებოდა ელვა, ვიდრე გამყარდებოდა სამოთხის საფუძველნი, 3. ვიდრე გამოჩნდებოდა ყვავილთა მშვენება, ვიდრე შეწყდებოდა ძალთა ძვრანი, ვიდრე თავს მოიყრიდა ანგელოზთა უთვალავი ლაშქარი, 4. ვიდრე აიზიდებოდა ჰაერის სიმაღლე, ვიდრე სახელი დაერქმეოდა ცამყართა საზომებს, ვიდრე გაჩაღდებოდა სიონში კერები, 5. ვიდრე აღირაცხებოდა არსებული წლები, ვიდრე გაუცხოვდებოდა იმათი გამონაგონნი, ვინც ახლა სცოდავს, ვიდრე დაიბეჭდებოდნენ რწმენის დამცველნი, 6. მაშინ ჩავიფიქრე და შეიქმნენ ჩემს მიერ, არა სხვის მიერ და ბოლოც ჩემს მიერ, არა სხვის მიერ. 7. ვიკითხე და ვთქვი: რა იქნება დროთა გამიჯვნა? ან როდის დადგება წინანდელის ბოლო და მომდევნოს დასაწყისი? 8. მითხრა: აბრაამიდან ისაკამდე, როცა იშვნენ მისგან იაკობი და ესავი, დასაბამითვე იაკობის ხელს ეჭირა ესავის ქუსლი. 9. ამიტომ ამ წუთისოფლის ბოლოა ესავი, ხოლო იაკობი - მომდევნოს დასაბამი. 10. რადგან ადამიანის დასაბამი მისი ხელია, ადამიანის ბოლო კი მისი ქუსლი. სხვას ნურაფერს ეძიებ, ეზრა. 11. ვუპასუხე და ვთქვი: მბრძანებელო უფალო, თუკი მადლი ვპოვე შენს თვალში, 12. გევედრები, უჩვენო შენს მორჩილს იმ შენი ნიშნების ბოლო, რომელთა ნაწილიც გუშინ ღამით განმიცხადე. 13. მიპასუხა და მითხრა: დადექი ფეხზე და ისმინე გრგვინვით აღსავსე ხმა, 14. და იქნება ძვრასავით, ჩემგან შეირყევა ადგილი, სადაც დგახარ. 15. ვიდრე ხმა ლაპარაკობს, ნუ გეშინია, რადგან დასასრულზეა სიტყვა და მიწის საფუძველი იგულისხმება. 16. რადგან ამათ შესახებ არის ლაპარაკი, მიწაც შეირყევა და შეიძვრის; რადგან იცის, რომ უნდა შეიცვალოს მათი ბოლო. 17. როცა ეს გავიგონე, ფეხზე დავდექი და მომესმა: ხმა ლაპარაკობს და წყალდიდობასავით ისმის მისი ხმაური. 18. თქვა: აჰა, მოდის დღეები და როცა დავიწყებ მოახლოებას, რომ მოვიხილო მიწის მკვიდრნი, 19. როცა მიავკითხავ მათ, ვისაც უსამართლობით ბოროტება მოაქვს, როცა ზღვარს გადავა სიონის სიმდაბლე. 20. როგორც კი აღიბეჭდება წუთისოფელი, განსვლად გამზადებული, ამ ნიშნებს მოგივლენთ: გადაიშლება წიგნები ცამყარის წინაშე და ყველანი ერთად იხილავენ ამას. 21. ერთი წლის ჩვილები თავიანთი ხმით ამეტყველდებიან და ფეხმძიმენი გააჩენენ უდღეურ შვილებს სამ და ოთხ თვეზე, ცოცხლები დარჩებიან და გაიზრდებიან. 22. დათესილი ადგილები უეცრად დაუთესავად გამოჩნდება და სავსე საცავები უეცრად ცარიელები აღმოჩნდებიან. 23. ხმამაღლა ახმიანდება საყვირი და, ვინც კი გაიგონებს, ყველა შეძრწუნდება. 24. ისე მოხდება იმხანად, რომ მტრებივით წაეკიდებიან ერთმანეთს მეგობრები და შეძრწუნდება ამის გამო მიწა; და წყაროთა ნაკადულები დადგება და სამ საათსაც არ იდენს წყალი. 25. ყველა, ვინც გადაურჩება ამ ამბებს, რაც გიწინასწარმეტყველე, თავად იხსნის თავს და იხილავს ხსნას ჩემგნით და თქვენი წუთისოფლის აღსასრულს. 26. იხილავენ გადარჩენილნი, რომელთაც შობითგან არ უგემიათ სიკვდილი, შეიცვლება მიწის მკვიდრთა გული და გუნება მათი გარდაიქმნება. 27. წარიხოცება ბოროტება და აღიგვება სიცრუე. 28. რწმენა კი აყვავდება და დაიძლევა ხრწნილება, გამოცხადდება ჭეშმარიტება, რომელიც უნაყოფოდ იყო ამდენი ხანი. 29. როცა მელაპარაკებოდა, აჰა, ვიგრძენი, რომ თანდათან რყევა დაიწყო მიწამ, სადაც ვიდექი. 30. მითხრა: მოვედი, რათა გიჩვენო ამაღამდელი ჟამი. 31. ხოლო თუ კვლავ ილოცებ და კვლავ შვიდ დღეს იმარხულებ, კვლავ გაუწყებ იმაზე მეტს, რაც გაუწყე იმ დღეს, როცა მოგისმინე. 32. შეწყნარებულ იქნა შენი ხმა უზენაესის წინაშე. იხილა ძლიერმა შენი სიწრფელე და განჭვრიტა შენი სათნოება, სიყმაწვილიდანვე რომ გჩვეოდა. 33. ამიტომ მომავლინა, რათა მეჩვენებინა შენთვის ეს ყველაფერი და მეთქვა: ირწმუნე და ნურაფრის გეშინია, 34. ნუ აჩქარდები პირველ ჟამთა ფუჭ საფიქრალზე, ნურც უკანასკნელ ჟამთა შეცნირას ნუ ესწრაფი. 35. ამის შემდეგ იყო, რომ კვლავ ტირილში და მარხვაში გავატარე შვიდი დღე, რათა შემესრულებინა სამი შვიდეული, როგორც მმართებდა. 36. მერვე ღამეს იყო, რომ კვლავ ამიფორიაქდა გული მკერდში და დავიწყე ლაპარაკი უზენაესის წინაშე. 37. რადგან სულზე ცეცხლი მეკიდა და ვიტანჯებოდი. 38. ვთქვი: უფალო, როცა ამეტყველდი შესაქმის დასაბამიდან, პირველ დღეს წარმოთქვი: იყოს ცა და მიწა, და აღასრულა საქმე შენმა სიტყვამ, 39. იყო მაშინ სული და ირგვლივ წყვდიადი და დუმილი იდგა, ადამიანის ხმის ბგერა ჯერ არ იყო შენგნით, 40. მაშინ შენ ბრძანე, გამოტევებულიყო შენი საგანძურიდან ნათელი შენთა საქმეთა გამოსაჩენად. 41. მეორე დღეს შექმენი ცამყარის სული და უბრძანე მას, გაეყარა და დაენაწილებინა წყლები, რათა ნაწილი მათი ზემოთ ასულიყო, ნაწილი კი ქვევით დარჩენილიყო. 42. მესამე დღეს უბრძანე წყლებს შეგროვილიყვნენ დედამიწის მეშვიდედ ნაწილში, ექვსი ნაწილი კი დააშრე და შემოინახე რომ აქედან აღსრულებულიყო შენს წინაშე ღვთისგან დათესილი და ზრუნვილი მსახურება. 43. გამოვიდა შენი სიტყვა და უმალ საქმედ იქცა. 44. უეცრად გაჩნდა უთვალავი და ყოველგვარი გემოს ნაყოფი, ფერუცვლელი და უცხო სურნელების ყვავილები. მესამე დღეს შეიქმნა ეს ყოველივე. 45. მეოთხე დღეს ბრძანე, შექმნილიყო მზის ბრწყინვალება, მთვარის ნათელი და ვარსკვლავთა წყობა. 46. უბრძანე მათ, ემსახურათ ადამიანისთვის, რომელიც მომავალში უნდა გამოსახულიყო. 47. მეხუთე დღეს უბრძანე მეშვიდე ნაწილს, სადაც წყლები იყო დაგროვებული, წარმოექმნა ცხოველები, ფრინველვბი და თევზები, და იქმნა ასე. 48. და წყალიც, უტყვი და უსულო, ღვთის ნების მორჩილი, ქმნიდა ცხოველებს, რათა ამით გაეცხადებინათ შენი სასწაულები ხალხებისთვის. 49. მაშინ შენ შემოინახე ორი არსება - ერთს სახელად უწოდე ჰენოქი, ხოლო მეორეს უწოდე სახელად ლევიათანი. 50. გამოაცალკევე ისინი ერთურთისგან, რადგან ვერ შეძლებდა მეშვიდე ნაწილი, სადაც წყლები იყო შეგროვილი, მათ დატევას. 51. მიეცი ჰენოქს ერთი ნაწილი, რომელიც მესამე დღეს გაშრა, რათა ეცხოვრა იქ, სადაც ათასი მთაა. 52. ლევიათანს კი მიეცი მეშვიდე ნაწილი, წყლიანი, და შემოინახე იგი შთასანთქმელად მისთვის, ვისაც ინებებ და როცა ინებებ. 53. მეექვსე დღეს კი უბრძანე მიწას, შეექმნა შენს წინაშე საქონელი, ნადირი და ქვეწარმავალნი. 54. ამათ შემდეგ კი - ადამი, რომელიც დაადგინე ყოველი შენი ქმნილების წინამძღოლად და მისგან გამოვდივართ ჩვენ ყველანი - ხალხი, რომელიც შენ აირჩიე. 55. ეს ყველაფერი ვთქვი შენს წინაშე, უფალო, რადგან ჩვენთვის შექმენი ეს წუთისოფელი. 56. ხოლო დანარჩენ ხალხებს, ადამისგან წარმოშობილთ, უთხარი, რომ არარანი არიან ისინი, და ნერწყვის მსგავსნი არიან, ჭურჭლიდან გადმოცვენილ წვეთებს მიამსგავსე მათი სიმრავლე. 57. ახლა კი, უფალო, სწორედ ეს ხალხები, არარაობად რომ არიან შერაცხილნი, იწყებენ ჩვენზე მომძლავრებას და ჩვენს შთანთქმას. 58. ჩვენ კი, შენი ერი, პირმშოს, მხოლოდშობილს, შენს მოშურნეს რომ გვიწოდებ, ჩავარდნილნი ვართ მათ ხელში. 59. და თუ ჩვენთვის არის შექმნილი ეს წუთისოფელი, რატომ არ ვფლობთ მემკვიდრეობას ამ წუთისოფელთან ერთად? როდემდის იქნება ასე?
1 . დასაწყისში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.
2 . ის იყო დასაწყისში ღმერთთან.
3 . ყოველივე მისი მეშვეობით შეიქმნა; და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.
4 . მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.
5 . სინათლე ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.
6 . იყო კაცი, ღვთისგან მოვლინებული. სახელი მისი იოანე.
7 . იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ და ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით.
8 . ის არ ყოფილა სინათლე, არამედ მოვიდა რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ.
9 . იყო სინათლე ჭეშმარიტი, რომელიც წუთისოფლად მომსვლელ ყველა ადამიანს უნათებს.
10 . იყო წუთისოფელში, წუთისოფელი მის მიერ შეიქმნა და წუთისოფელმა ვერ იცნო იგი.
11 . თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი.
12 . მაგრამ, ვინც მიიღო და ირწმუნა მისი სახელი, მათ მისცა ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.
13 . ისინი იშვნენ არა სისხლისგან, არა ხორცის ნდომისგან, არა მამაკაცის ნდომისგან, არამედ ღვთისგან.
14 . და სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისგან მხოლოდშობილის დიდება.
15 . იოანე მოწმობს მის შესახებ, ღაღადებს და ამბობს: "ეს იყო ის, რომლის შესახებაც ვამბობდი: ჩემ შემდეგ მომავალი, ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო.
16 . მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ.
17 . ვინაიდან რჯული მოსეს მეშვეობით მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა”.
18 . ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, მან გაგვიცხადა.
19 . ეს იყო მოწმობა იოანესი, როცა იერუსალიმელმა იუდევლებმა მღვდელნი და ლევიანნი მიუგზავნეს, რათა ეკითხათ მისთვის: "ვინ ხარ შენ?”
20 . მან აღიარა და არ უარყო; აღიარა: "მე არა ვარ ქრისტე”.
21 . ჰკითხეს: "მაშ, ვინ? ელია ხარ?” მან თქვა: "არა ვარ”. "წინასწარმეტყველი ხარ?” უპასუხა: "არა”.
22 . მაშინ უთხრეს მას: "ვინა ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ; რას იტყვი შენზე?”
23 . მან თქვა: "მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოში; მოუსწორეთ გზა უფალს, როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა”.
24 . წარმოგზავნილები ფარისეველთაგან იყვნენ.
25 . მათ ჰკითხეს: "მაშ, რაღატომ ნათლავ, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია, არც წინასწარმეტყველი?”
26 . მიუგო იოანემ პასუხად: "მე ვნათლავ წყლით, მაგრამ თქვენ შორის დგას ის, ვისაც არ იცნობთ!
27 . ის ჩემ შემდეგ მოდის და მე მისი სანდლის თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარ”.
28 . ეს მოხდა ბეთანიაში, იორდანეს გაღმა, სადაც ნათლავდა იოანე.
29 . მეორე დღეს მისკენ მომავალი იესო რომ დაინახა, თქვა: "აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვებს.
30 . ეს არის, რომელზეც ვთქვი: ჩემ შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო.
31 . მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყლით სანათლად, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს”.
32 . ამოწმებდა იოანე და ამბობდა: "ვიხილე ციდან გადმომავალი სული, როგორც მტრედი და დაივანა მასზე.
33 . მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყლით სანათლად, მან მითხრა: ვისზეც დაინახო სული, გადმომავალი და მასზე დავანებული, ის არის, ვინც მონათლავს სულიწმიდით.
34 . მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა”.
35 . მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი.
36 . დაინახა მომავალი იესო და თქვა: "აჰა, კრავი ღვთისა”.
37 . გაიგონა მისი ნათქვამი ორმა მოწაფემ და გაჰყვა იესოს.
38 . იესო მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან და ჰკითხა მათ: "რა გინდათ?” ხოლო მათ უპასუხეს: "რაბი, სად ცხოვრობ?”
39 . უთხრა მათ: "წამოდით და ნახეთ”. წავიდნენ და ნახეს, სადაც ცხოვრობდა. ის დღე მასთან დაჰყვეს. იქნებოდა ასე მეათე საათი.
40 . ერთი ამ ორთაგან, რომელმაც იოანესგან მოისმინა და გაჰყვა მას, იყო ანდრია, ძმა სიმონ-პეტრესი.
41 . მან უპირველეს ყოვლისა თავისი ძმა სიმონი მოძებნა და უთხრა: "ჩვენ ვიპოვეთ მესია”. - რაც ითარგმნება როგორც ქრისტე.
42 . მიიყვანა იგი იესოსთან. შეხედა მას იესომ და უთხრა: "შენ ხარ სიმონი, იოანეს ძე. ამიერიდან გერქმევა კეფა”, - რაც ითარგმნება როგორც კლდე.
43 . მეორე დღეს გალილეაში წასვლა მოისურვა; იპოვა ფილიპე და უთხრა იესომ: "გამომყევი”.
44 . ფილიპე ბეთსაიდადან იყო, ანდრიასა და პეტრეს ქალაქიდან.
45 . ფილიპემ იპოვა ნათანაელი და უთხრა: "ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც წერს მოსე რჯულში და აგრეთვე წინასწარმეტყველნი - იესო, იოსების ძე, ნაზარეთიდან”.
46 . მიუგო ნათანაელმა: "განა შეიძლება ნაზარეთიდან რაიმე სიკეთე იყოს?” უთხრა ფილიპემ: "წამო და ნახე”.
47 . იესომ მისკენ მიმავალი ნათანაელი რომ დაინახა, თქვა: "აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიანი, ვისშიც არ არის მზაკვრობა”.
48 . ჰკითხა ნათანაელმა: "საიდან მიცნობ?” მიუგო იესომ: "ვიდრე ფილიპე დაგიძახებდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე”.
49 . მიუგო მას ნათანაელმა: "რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა!”
50 . უთხრა იესომ: "იმის გამო გწამს, რომ გითხარი, ლეღვის ქვეშ დაგინახე-მეთქი? ამაზე მეტს იხილავ!”
51 . უთხრა მას: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს, აღმავალთ და ჩამომავალთ კაცის ძეზე!”
1 . გაუწყებთ თქვენ ძმებო, სახარებას, რომელიც მე გიქადაგეთ, რომელიც მიიღეთ და რომელზეც დგახართ.
2 . რომლითაც ხსნას ღებულობთ, თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გიქადაგეთ, თუ არა - ფუჭად გირწმუნიათ.
3 . რადგან, პირველ რიგში, გადმოგეცით ის, რაც თვითონ მივიღე, რომ ქრისტე წერილების თანახმად მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის,
4 . დაიკრძალა და, წერილებისავე თანახმად, აღდგა მესამე დღეს.
5 . გამოეცხადა კეფას და შემდეგ - თორმეტს;
6 . მერე ერთდროულად გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას, რომელთა უმრავლესობა დღემდეა ცოცხალი, ზოგმა კი განისვენა;
7 . შემდეგ გამოეცხადა იაკობს და მერე - ყველა მოციქულს;
8 . ყველაზე ბოლოს მეც გამომეცხადა, როგორც უდღეურს.
9 . ვინაიდან უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და მოციქულად წოდების ღირსიც არა ვარ, რადგან ვდევნიდი ღმერთის ეკლესიას.
10 . მაგრამ ღმერთის მადლით ვარ, რაცა ვარ; და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეტი ვიშრომე; თუმცა არა მე, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც ჩემთანაა.
11 . და აი, მე ვარ თუ ისინი, ასე ვქადაგებთ და თქვენც ასე ირწმუნეთ.
12 . ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღსდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არისო მკვდრეთით აღდგომა?
13 . თუ არ არის მკვდრეთით აღდგომა, ქრისტეც არ აღმდგარა.
14 . ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგება ფუჭი ყოფილა და ფუჭი ყოფილა თქვენი რწმენაც.
15 . ღმერთის ცრუმოწმენიც გამოვდექით, რადგან ვამოწმებდით, რომ ღმერთმა აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია და მაშასადამე, არც მკვდრები აღდგებიან;
16 . რადგან, თუ მკვდრები არ აღდგებიან, ქრისტეც არ აღმდგარა.
17 . ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, თქვენი რწმენა ფუჭი ყოფილა და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ.
18 . მაშინ ისინიც დაღუპულან, რომლებმაც ქრისტეში განისვენეს.
19 . და თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავები ვყოფილვართ.
20 . მაგრამ მკვდრეთით აღსდგა ქრისტე, განსვენებულთაგან პირველნაყოფი.
21 . რადგან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ - მკვდრეთით აღდგომა.
22 . რადგან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.
23 . თითოეული თავისი წესით: თავდაპირველად პირმშო - ქრისტე, ხოლო შემდეგ - ქრისტესნი, მისი მოსვლისას.
24 . მერე დადგება აღსასრული, როცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას - მას შემდეგ, როცა გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას.
25 . ვინაიდან მან უნდა იმეფოს, სანამ ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის ყველა მტერს.
26 . ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია.
27 . იმიტომ, რომ ყოველივე მის ფეხქვეშ დაამხო და დაუმორჩილა. ხოლო როცა ვამბობ, ყოველივე მას დაუმორჩილა-მეთქი, ცხადია, იმის გარდა, ვინც მას დაუმორჩილა ყოველივე.
28 . და როცა ყოველივეს დაუმორჩილებს მას, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში.
29 . თორემ რას აკეთებენ მკვდართათვის მონათლულნი? თუ მკვდრები საერთოდ არ აღდგებიან, რაღატომ ინათლებიან მკვდართათვის?
30 . და ჩვენც ყოველჟამს რატომ ვართ საფრთხეში?
31 . ვამოწმებ იმ სიქადულით, რომელიც მაქვს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში, რომ ყოველდღე ვკვდები ძმებო.
32 . თუ ადამიანურად ვებრძოდი ავ მხეცებს ეფესოში, რა სარგებელი მაქვს, თუ მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!
33 . ნუ მოტყუვდებით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვეულებებს.
34 . ფხიზელი გონება იქონიეთ, როგორც გმართებთ კიდეც და ნუ სცოდავთ, რადგან თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, რომ ზოგიერთები არ იცნობენ ღმერთს.
35 . მაგრამ იკითხავს ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები და რომელ სხეულში მოვლენ?
36 . უგუნურო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა.
37 . და როცა თესავ, იმ სხეულს კი არ თესავ, რომელიც აღმოცენდება, არამედ შიშველ მარცვალს - სულერთია ხორბლისა იქნება თუ რომელიმე სხვა.
38 . ხოლო ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორც ნებავს; თითოეულ თესლს - თავის სხეულს.
39 . ყოველი სხეული ერთნაირი როდია, არამედ ადამიანის სხეული სხვანაირია, ცხოველის სხეული - სხვანაირი, ფრინველის სხეული - სხვანაირი, თევზისა - სხვანაირი.
40 . არის ციური სხეული და არის მიწიერი სხეული; ციურის დიდება სხვაა და მიწიერისა - სხვა.
41 . სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისგან დიდებით.
42 . ასევეა მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელობით.
43 . ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით; ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებით;
44 . ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მშვინვიერი სხეული და არის სულიერი სხეული.
45 . ასეც წერია: პირველი კაცი, ადამი გახდა ცოცხალ მშვინვად, ხოლო უკანასკნელი ადამი - მაცოცხლებელ სულად.
46 . მაგრამ პირველად სულიერი კი არ არის, არამედ მშვინვიერი, შემდეგ - სულიერი.
47 . პირველი კაცი მიწის მტვრისგანაა; ხოლო მეორე კაცი - ზეცისგან.
48 . და როგორიცაა მტვრისგან შექმნილი, ასეთივენი არიან მიწიერნი; და როგორიცაა ზეციერი, ასეთივენი არიან ზეციერნი.
49 . და როგორც მტვრისგან შექმნილის ხატებას ვატარებდით, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატებასაც.
50 . ამას კი გეტყვით, ძმებო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღმერთის სამეფოს დამკვიდრება, ხრწნილება ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელობას.
51 . აი, საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით;
52 . ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი საყვირისას; ახმიანდება საყვირი და უხრწნელად აღდგებიან მკვდრები, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.
53 . ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს.
54 . ხოლო, როცა ეს ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი - უკვდავებით, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: "სიკვდილი შთაინთქა გამარჯვებით”.
55 . სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?
56 . სიკვდილის ნესტარია ცოდვა, ხოლო ცოდვის ძალა რჯულია.
57 . მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს გამარჯვებას ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.
58 . ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არ არის თქვენი შრომა უფალში.