ეკლესიასტე თავი 11

1 . გაატანე შენი პური წყალს და ჰპოვებ მას მრავალი დღის შემდეგ.

2 . გაანაწილე შენი წილი შვიდ ან რვა ნაწილად, ვინაიდან არ იცი, რა უბედურება შეიძლება მოხდეს ქვეყანაზე.

3 . თუ ივსებიან ღრუბლები, წვიმას ღვრიან დედამიწაზე; თუ დაეცემა ხე მიწაზე - სამხრეთით იქნება ეს თუ ჩრდილოეთით, სადაც ხე დაეცემა, იქვე იქნება ის.

4 . ქარის მომზირალი ვერ დათესავს და ღრუბლებზე დამკვირვებელი - ვერ მოიმკის.

5 . როგორც შენ არ უწყი როგორია სულის გზა და როგორ ისახება ძვლები ორსულის მუცელში, ისევე ვერ შეიცნობ ღმერთის საქმეს, რომელიც ყოველივეს შემოქმედია.

6 . დათესე დილით შენი თესლი და ნურც საღამოს მოასვენებ შენს ხელს, ვინაიდან არ იცი, რომელი მიაღწევს წარმატებას - ეს თუ ის, თუ ორივე ერთნაირად კარგი იქნება.

7 . ტკბილია სინათლე და საამურია თვალისათვის მზის ხილვა.

8 . მრავალი წელიც რომ ცოცხლობდეს ადამიანი და მუდამ ხარობდეს, დაე ახსოვდეს მას სიბნელის დღენი, რამეთუ მრავალნი იქნებიან. და ყოველივე, რაც მოვა, ამაოება იქნება.

9 . გაიხარე ჭაბუკო, შენს სიყმაწვილეში და გამხიარულებდეს შენი გული სიჭაბუკის დღეებში; იარე შენი გულის გზებისა და თვალთა წადილის მიხედვით, მაგრამ იცოდე, რომ ყოველივე ამის გამო სამსჯავროზე მიგიყვანს ღმერთი.

10 . მოიშორე მწუხარება შენი გულიდან და ტკივილი - შენი სხეულიდან, რადგან სწრაფად გარბის ბავშვობა და სიჭაბუკე.