ეკლესიასტე თავი 12

1 . გახსოვდეს შენი შემოქმედი შენი სიჭაბუკის დღეებში, ვიდრე დაგიდგება ავი დღეები და გეწევა წლები, რომლებზეც იტყვი: "აღარ მახარებს ისინი!”

2 . ვიდრე დაბნელდებოდეს მზე და სინათლე, მთვარე და ვარსკვლავები, ვიდრე ღრუბლები მობრუნდებიან წვიმის შემდეგ;

3 . იმ დღემდე, ვიდრე აკანკალდებიან სახლის მცველნი, მოიხრებიან ძლიერი კაცები და ფქვას შეწყვეტენ მეწისქვილენი, რადგან ცოტანი დარჩნენ, ვიდრე დააკლდებათ ნათელი სარკმელში მჭვრეტელთ;

4 . ვიდრე ჩაიკეტებოდეს ქუჩის კარები, მიჩუმდებოდეს წისქვილის ხმაური; ჩიტის ჟრიამულზე წამოდგებოდნენ და ვიდრე მიყუჩდებოდნენ მგალობელი ასულები;

5 . ვიდრე სიმაღლის შეგეშინდებოდეს და გზაზე შიში შეგიპყრობდეს; ვიდრე აყვავდებოდეს ნუში, კალია დამძიმდებოდეს და კაპარი დაცხრებოდეს, რადგან მიდის კაცი თავის მარადიულ სახლში, მომტირალნი კი უბანში იტრიალებენ,

6 . გახსოვდეს იგი, ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი და ოქროს ფიალა დაიმსხვრეოდეს, დოქი წყაროსთან გატყდებოდეს და ბორბალი ჭაში ჩაიმსხვრეოდეს.

7 . ვიდრე დაუბრუნდებოდეს მტვერი მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდებოდეს ღმერთთან, რომელმაც მისცა.

8 . "ამაოებათა ამაოება” - თქვა ეკლესიასტემ - "ყოველივე ამაოებაა!”

9 . იმის გარდა რომ ბრძენი იყო ეკლესიასტე, ხალხსაც ასწავლიდა ცოდნას და მრავალ იგავს იკვლევდა და თხზავდა.

10 . ეძებდა ეკლესიასტე შესაფერ სიტყვებს, რათა ზუსტად დაეწერა ჭეშმარიტების სიტყვები.

11 . ბრძენის სიტყვები შუბია და ჩაჭედილი ლურსმანი - იგავთა კრებული, ერთი მწყემსის მიერ არის ბოძებული.

12 . უფრო მეტიც, გაფრთხილებ შვილო, რომ ბევრი წიგნების წერას ბოლო არა აქვს და ბევრი სწავლა სხეულს ძალას აცლის.

13 . ისმინე ყოველივე ამის დასკვნა: გეშინოდეს ღვთისა და დაიცავი მისი მცნებანი, რადგან ეს არის უმთავრესი ყველა ადამიანისთვის;

14 . რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს - კარგი იქნება ეს, თუ ცუდი.