ჩვენი ცხოვრება ამაოებაა

საკვანძო მუხლები:

იობი 7 : 16 ; ფსალმუნები 88 : 47 ; ეკლესიასტე 1 : 2 ; ეკლესიასტე 2 : 1 ; ეკლესიასტე 3 : 19 ; ეკლესიასტე 4 : 7 ; ეკლესიასტე 7 : 15 ; ეკლესიასტე 8 : 10 ; ეკლესიასტე 11 : 8 ;
1.2.39. ჩვენი ცხოვრება ამაოებაა 

იობ.7,16 ფს.88,47 ეკლ.1,2.[14]; 2,1.11.15.17.19.21.23.26; 3,19; 4,7.8.16; 7,15; 8,10; 11,8

ბიბლიის მუხლები

იობი 7
16. მომძულდა! არ ვიცოცხლებ სამარადისოდ. დამეხსენი, რადგან ფუჭია ჩემი სიცოცხლე.

ფსალმუნი 88
47. გაიხსენე, რა არის ჩემი წუთისოფელი; რისთვის შეჰქმენი ფუჭად ყოველი ძე ადამისა?

ეკლესიასტე 1
2. ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლესიასტემ, ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა.
14. განვიცადე ყოველი საქმე, რაც კი მომხდარა მზისქვეშეთში; და აჰა, ვცანი - ამაო არის ყველაფერი და ქარის დევნა. 

ეკლესიასტე 2
1. ვუთხარი ჩემს თავს: მოდი, გამოვცდი მხიარულებას და მივეცემი სიამეთა - და აჰა, ესეც ამაოება ყოფილა მხოლოდ.
11. მერმე, როდესაც გადავხედე ყოველივეს, რაც კი შექმნა ჩემმა მარჯვენამ, და ყოველ საქმეს, ჩემს ნამოქმედარს, მივხვდი, ამაო რომ ყოფილა ეს ყველაფერი, ქარისნაბერი, და რომ არ არის სარგებელი ამ მზისქვეშეთში.
15. გულს ვუთხარ მაშინ: მეც უგუნურის ბედი მეწევა; მაშ, რადღა ვიყავ მე სხვაზე ბრძენი? და გულსვე ვუთხარ: ამაოება ყოფილა ესეც.
17. და შევიძულე მე ეს ცხოვრება, რადგან მემწარა ყველაფერი, რაც მზის ქვეშ ხდება, რადგან ყოველი ამაოა, ქარების დევნა.
19. არავინ უწყის, ვის შეხვდება ჩემი ნაღვაწი, ბრძენს თუ უგუნურს, რაიც სიბრძნით მომიღვაწია ამ მზისქვეშეთში? აჰა, კიდევ ამაოება.
21. ნახავ კაცს, იღვწის, არ იშურებს სიბრძნეს და ცოდნას, მაგრამ ნაღვაწი სხვას ხვდება წილად, ვისაც არასდროს უღვაწნია ამ საქმისათვის. ამაოება არის ესეც და უდიდესი ბოროტება.
23. დღენი მისნი სატანჯველია, საზრუნავი მისი - წუხილი, ღამითაც არ ისვენებს, შფოთავს გული. აჰა, კვლავ ამაოება.
26. ვისაც ის ითნევს, მას მიანიჭებს სიბრძნეს ცოდნასა და სიხარულს; ხოლო ცოდვილს კი მოხვეჭისათვის საზრუნავს უჩენს, რათა ღვთის სათნოს დაუტოვოს ეს მონაგარი. ამაოება არის ესეც და ქარის დევნა.

ეკლესიასტე 3
19. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა.

ეკლესიასტე 4
7. კიდევ და კიდევ განვიცადე ამაოება ამ მზისქვეშეთში.
8. არსებობს კაცი მარტოხელა, არ ჰყავს არავინ, არც ძმა, არც შვილი, ხოლო მის შრომას ბოლო არ უჩანს და ვერ გაძღება მისი თვალი დოვლათის ხილვით. ვისთვისღა ვშრომობ და სიამეს რისთვის ვიკლებდი? ამაოება არის ესეც და ფუჭი საქმე.
16. არ უჩანს დასასრული ხალხს, ვინც მათ უწინარეს იყო, და არც შემდგომნი მოინატრებენ მათ. რადგან ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.

ეკლესიასტე 7
15. ბევრი რამ ვნახე ჩემს ამაო წუთისოფელში: მართალი იღუპება თავის სიმართლეში, ბოროტეული დღეგრძელობს თავის ბოროტებაში.

ეკლესიასტე 8
10. კიდევაც ვნახე ბოროტეულნი დამარხულნი, ადრე რომ მოდიოდნენ წმიდა ადგილას და ბრუნდებოდნენ; დავიწყებულ იქმნენ იმ ქალაქში, სადაც ამგვარად იქცეოდნენ. ესეც ამაოებაა.

ეკლესიასტე 11
8. თუნდაც მრავალი წელი იცოცხლოს კაცმა და იმხიარულოს, ახსოვდეს, რომ მრავლად იქნება შავი დღეები; ყველაფერი, რაც მოვა, ამაოა.