ეკლესიასტე თავი 8

1 . ვინ არის ბრძენის მსგავსი? და ვინ იცის საგანთა ახსნა? სიბრძნე ადამიანს სახეს უნათებს და ცვლის მისი სახის სიმკაცრეს.

2 . გეუბნები: დაიცავი მეფის ბრძანება, ღმერთისადმი მიცემული ფიცის გამო,

3 . ნუ იჩქარებ მისგან გამოსვლას და ცუდ საქმეში ნუ ჩადგები, რადგან რასაც ისურვებს, იმას გააკეთებს”.

4 . ძალმოსილია მეფის სიტყვა და ვინ ეტყვის მას: რას აკეთებო?

5 . მისი ბრძანების დამცველს ბოროტება არ შეხვდება, ჟამიც იცის და სწორი ქცევაც ბრძენკაცის გულმა,

6 . ვინაიდან ყველა საქმეს თავისი ჟამი და წესი აქვს, თუმცა მრავალი სიავე ეწევა ადამიანს.

7 . რადგან არ იცის რა მოხდება; და ვინ ეტყვის მას შემდეგ რა იქნება?

8 . არავის ძალუძს სულის შეკავება, ვერავინ უფლობს სიკვდილის დღეზე, ვერავის დაითხოვენ ბრძოლის ველიდან და უკეთურს ვერ იხსნის მისი უკეთურება.

9 . ეს ყველაფერი ვიხილე და გულმოდგინედ დავაკვირდი ყველა იმ საქმეს, რაც მზისქვეშეთში ხდება; ჟამი, კაცი რომ კაცზე ბატონობდა თავისავე საზიანოდ.

10 . ვიხილე უკეთურნი, რომლებიც დაიმარხნენ, წმიდა ადგილზე რომ დადიოდნენ. დავიწყებას მიეცნენ ქალაქში, სადაც ამგვარად იქცეოდნენ; ესეც ამაოებაა.

11 . რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე - ამიტომ მიუწევს კაცს გული ბოროტებისკენ.

12 . თუმცა ასჯერ ჩაიდენს ცოდვილი ბოროტებას და მაინც დიდხანს ცოცხლობს, მე კი ვიცი, რომ გაიხარებენ ღვთისმოშიშნი, მის წინაშე რომ დგანან მოწიწებით.

13 . ბოროტეულთ კი სიკეთე არ ექნებათ და ჩრდილივით ხანმოკლე იქნება მათი დღეები, ვინაიდან არ მოიშიშეს ღმერთის წინაშე.

14 . აჰა, ამაოება, ქვეყნად რომ ხდება: არიან მართლები, ბოროტეულთა საქმეებისამებრ რომ ეზღვებათ და არიან ბოროტეულნი, მართალთა საქმეებისამებრ რომ ეზღვებათ. ვთქვი - ესეც ამაოებაა.

15 . და მოვიწონე მხიარულება, რადგან არ ყოფილა ადამიანისთვის სხვა სიკეთე მზისქვეშეთში, გარდა იმისა, რომ ჭამოს, სვას და იმხიარულოს: სიხარული იქნება ასეთი კაცის მეგზური მის საშრომში, მისი სიცოცხლის ყოველ დღეს, ღმერთმა რომ მისცა მზისქვეშეთში.

16 . და მოვიწონე მხიარულება, რადგან არ ყოფილა ადამიანისთვის სხვა სიკეთე მზისქვეშეთში, გარდა იმისა, რომ ჭამოს, სვას და იმხიარულოს: სიხარული იქნება ასეთი კაცის მეგზური მის საშრომში, მისი სიცოცხლის ყოველ დღეს, ღმერთმა რომ მისცა მზისქვეშეთში.

17 . ვიხილე ღმერთის ყოველი საქმე, მაგრამ ადამიანს არ ძალუძს ჩასწვდეს ყოველივეს, რაც მზისქვეშეთში ხდება: რამდენიც არ უნდა ეძიოს კაცმა ვერ ჩასწვდება. რომც თქვას ბრძენკაცმა - მე ვიციო! - მაინც ვერ შეძლებს ჩაწვდომას.