1 . როდესაც სანბალატმა, ტობიამ, არაბმა გაშმუმ და ჩვენმა დანარჩენმა მტრებმა გაიგეს, რომ ავაშენეთ კედელი და ბზარი არ დაგვიტოვებია მასში, თუმცა იმ ჟამად კარიბჭეებში კარები არ მქონდა ჩაყენებული,
2 . კაცი მომიგზავნეს სანბალატმა და გაშმუმ და შემომითვალეს: "წამო, ონოს დაბლობის რომელიმე სოფელში შევიკრიბოთ”. განზრახული ჰქონდათ, რომ ბოროტება შეემთხვიათ ჩემთვის.
3 . მაცნეები გავუგზავნე და შევუთვალე: "დიდ საქმეს ვაკეთებ და არ შემიძლია ჩამოსვლა; რატომ უნდა შეჩერდეს საქმე, როცა მივატოვებ და ჩამოვალ თქვენთან?”
4 . ოთხჯერ გამომიგზავნეს ამ სიტყვით მაცნე და მეც იგივე პასუხი დავუბრუნე.
5 . ამავე სიტყვით მეხუთედ გამომიგზავნა სანბალატმა თავისი მსახური, რომელსაც ხელში გახსნილი წერილი ეჭირა.
6 . წერილში ეწერა: "ერებში ხმა დადის და გაშმუც ამბობს, რომ შენ და ებრაელებს ამბოხება გაქვთ განზრახული და კედელსაც ამიტომ აშენებ. ამავე ხმების თანახმად, მათზე გამეფება გაქვს განზრახული.
7 . წინასწარმეტყველებიც დაგიდგენია, რათა იერუსალიმში განაცხადონ შენზე და თქვან: არის მეფე იუდაში! ახლა მეფესაც აცნობებენ ამ სიტყვებს; ამიტომ მოდი და მოვილაპარაკოთ”.
8 . გავუგზავნე მაცნე და შევუთვალე: "ასეთი რამ, რასაც ამბობ, არ თქმულა, რადგან შენი გონებით თხზავ მაგას!”
9 . ყველანი გვაშინებდნენ და ამბობდნენ: "ხელები დაუსუსტდებათ და საქმეს ვერ დაასრულებენო”. ღმერთო, ახლა უფრო განმიმტკიცე ხელები!
10 . ამის შემდეგ შემაყიას, დელაიას ძის, მეჰეტაბელის ძის სახლში შევედი, რომელიც სახლში იყო ჩაკეტილი და მითხრა: "ღვთის სახლში წავიდეთ, ტაძარში და ჩავკეტოთ ტაძრის კარი, რადგან შენს მოსაკლავად მოდიან; ამაღამ მოვლენ შენს მოსაკლავად”.
11 . ვუთხარი: "განა ჩემნაირი კაცი უნდა გაიქცეს? ანდა ისეთი, როგორიც მე ვარ, სიცოცხლის გადასარჩენად ტაძარში უნდა შევიდეს? არ შევალ-მეთქი!”
12 . მივხვდი, რომ ღმერთის გამოგზავნილი არ იყო. ჩემს წინააღმდეგ იმიტომ იწინასწარმეტყველა, რომ ტობიასა და სანბალატს დაექირავებინათ.
13 . დაიქირავეს იმისთვის, რომ შემშინებოდა და ჩემი საქციელით ცოდვა ჩამედინა; ამით ისინი სახელს გამიტეხდნენ და ჩემს დასაგმობად გამოიყენებდნენ.
14 . ღმერთო ჩემო, გაიხსენე ტობია და სანბალატი ამ საქმეებისამებრ; აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი და დანარჩენი წინასწარმეტყველებიც, რომლებსაც ჩემი დაშინება სურდათ.
15 . დასრულდა ქალაქის კედელი ელულის ოცდახუთში - ორმოცდათორმეტ დღეში.
16 . როცა ეს ყველაფერი ჩვენმა მტრებმა გაიგეს და ჩვენს ირგვლივ მცხოვრებმა ერებმა დაინახეს, ძალიან დამცირდნენ საკუთარ თვალში და მიხვდნენ, რომ ჩვენმა ღმერთმა აღასრულა ეს საქმე.
17 . იმ დღეებში, იუდას დიდებულების მრავალი წერილი მისდიოდა ტობიას, ტობიას წერილები კი მათ მისდიოდათ,
18 . რადგან იუდაში მრავალი იყო მასთან ფიცით შეკრული, რაკი იგი შექანია არახის ძის სიძე იყო, ხოლო მის ძეს, იოხანანს, ცოლად მეშულამ ბერექიაჰუს ძის ასული ჰყავდა.
19 . ჩემს წინაშე მის კეთილ საქმეებზე ლაპარაკობდნენ, ჩემი სიტყვები კი მასთან მიჰქონდათ, ხოლო ტობია წერილებს მიგზავნიდა, რომ დავეშინებინე.