1 . შეუთვალა ხიზკიაჰუმ მთელ ისრაელსა და იუდას; წერილები მისწერა ეფრემსა და მენაშეს, რათა მისულიყვნენ უფლის სახლში, იერუსალიმში, უფლის, ისრაელის ღმერთის პასექის აღსასრულებლად.
2 . გადაწყვიტეს მეფემ, მისმა მთავრებმა და იერუსალიმის მთელმა კრებულმა, რომ მეორე თვეში აღესრულებინათ პასექი,
3 . რადგან დადგენილ დროს არ შეეძლოთ მისი აღსრულება, ვინაიდან ჯერ კიდევ საკმარისი რაოდენობით არ იყვნენ მღვდლები განწმედილნი და ვერ შეიკრიბა ხალხი იერუსალიმში.
4 . სამართლიანი ჩანდა ეს მეფისა და მთელი კრებულის თვალში.
5 . გამოაცხადეს მთელ ისრაელში, ბეერ-შებაყიდან დანამდე, რომ იერუსალიმში ამოსულიყვნენ პასექის აღსასრულებლად უფლის, ისრაელის ღმერთისთვის, რადგან ხანგრძლივი დროის მანძილზე არ აღესრულებინათ იგი დაწერილისამებრ.
6 . მოიარეს წარგზავნილებმა მთელი ისრაელი და იუდა მეფისა და მისი მთავრების დადგენილებით და აცხადებდნენ მეფის ბრძანებისამებრ: „ისრაელის ძენო! დაუბრუნდით უფალს, აბრაჰამის, ისაკისა და ისრაელის ღმერთს და ისიც დაგიბრუნდებათ თქვენ, აშურის მეფეთა ხელიდან გადარჩენილებს!
7 . ნუ იქნებით, როგორც თქვენი მამები და ძმები, რომელთაც უორგულეს უფალს, თავისი მამების ღმერთს და ამიტომ გასატიალებად გასწირა ისინი, როგორც ხედავთ.
8 . ახლა თქვენი მამებივით ქედს კი ნუ გაიმაგრებთ, არამედ დამორჩილდით უფალს და შედით მის საწმიდარში, რომელიც მან საუკუნოდ განწმიდა; ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, რათა აგარიდოთ თავისი მწველი რისხვა.
9 . თუ დაუბრუნდებით უფალს შებრალებულნი იქნებიან თქვენი ძმები და შვილები თავის დამატყვევებელთა წინაშე და დაუბრუნდებიან ამ ქვეყანას; ვინაიდან მოწყალე და შემბრალეა უფალი, ღმერთი თქვენი და თუ დაუბრუნდებით, სახეს არ მიაბრუნებს თქვენგან”.
10 . ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ მალემსრბოლნი - ეფრემისა და მენაშეს ქვეყანაში ზებულონამდე და ყველგან ამასხარავებდნენ და აბუჩად იგდებდნენ.
11 . მხოლოდ ზოგიერთებმა აშერის, მენაშესა და ზებულონის ტომთაგან დაიმდაბლეს თავები და მოვიდნენ იერუსალიმში.
12 . იუდაზეც იყო ღვთის ხელი, რათა მიეცა მათთვის ერთი გული, მეფისა და მთავრების ბრძანების აღსასრულებლად, უფლის სიტყვისამებრ.
13 . მრავალი ხალხი შეიკრიბა იერუსალიმში უფუარობის დღესასწაულის აღსასრულებლად, მეორე თვეს, დიდი იყო კრებული.
14 . ადგნენ და ამოძირკვეს სამსხვერპლონი, რომლებიც იერუსალიმში იყო; განიშორეს ყოველი სასაკმევლე და კედრონის ხევში გადაყარეს.
15 . დაკლეს საპასექო მსხვერპლები მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს. შერცხვათ მღვდლებსა და ლევიანებს, თავები განიწმინდეს და სრულადდასაწველები მოიტანეს უფლის სახლში.
16 . იდგნენ თავ-თავიანთ ადგილებზე, მოსეს, ღვთის კაცის რჯულის წესისამებრ. მღვდლები ლევიანთა ხელიდან აღებულ სისხლს აპკურებდნენ.
17 . ვინაიდან ბევრი იყო განსაწმენდი კრებულში, ამიტომ ლევიანები კლავდნენ საპასექო მსხვერპლებს ყველასთვის, ვინც სუფთა არ იყო, რათა განეწმიდათ ისინი უფლისთვის.
18 . ხალხის უმრავლესობა, მეტწილად ეფრემის, მენაშეს, ისაქარისა და ზებულონის ტომებიდან, არ განწმენდილა, მაგრამ მაინც ჭამეს პასექი, დაწერილის საწინააღმდეგოდ, რადგან ასე ილოცა მათთვის ხიზკიაჰუმ: „სახიერმა უფალმა აპატიოს
19 . ყველას, ვინც გული მოიმზადა ღმერთის, უფლის, თავისი მამების ღმერთის საძიებლად, თუმცა საწმიდრის წესით არ განწმენდილან”.
20 . ისმინა უფალმა ხიზკიაჰუსი და აპატია ხალხს.
21 . დიდი სიხარულით აღასრულებდნენ იერუსალიმში მყოფი ისრაელის ძენი უფუარობის დღესასწაულს შვიდი დღე. დიდი სიხარულით აქებდნენ უფალს ლევიანები და მღვდლები დღითი დღე ხმაურიანი საკრავებით და განადიდებდნენ მას.
22 . გულითადად ესაუბრებოდა ხიზკიაჰუ ყოველ ლევიანს, რომელიც სათანადოდ იცნობდა უფალს და ჭამდნენ დღესასწაულის შვიდ დღეს, სწირავდნენ სამშვიდობო მსხვერპლებს და ახსენებდნენ უფალს, თავიანთი მამების ღმერთს.
23 . გადაწყვიტა მთელმა კრებულმა, რომ კიდევ შვიდი დღე ეზეიმათ და ხარობდნენ მომდევნო შვიდ დღეს.
24 . რადგან შესწირა კრებულს ხიზკიაჰუმ, იუდას მეფემ, ათასი მოზვერი და შვიდი ათასი წვრილფეხა საქონელი. მთავრებმა კი ათასი მოზვერი და ათი ათასი წვრილფეხა საქონელი შესწირეს კრებულს. და მრავალი მღვდელი განიწმიდა.
25 . იუდას მთელი კრებული ხარობდა: მღვდლები, ლევიანნი, ისრაელიდან მოსულები. ისინიც, ვინც ისრაელიდან გადმოსახლდა და იუდაში დამკვიდრდა.
26 . დიდი მხიარულება სუფევდა იერუსალიმში, რადგან ისრაელის მეფის, სოლომონ დავითის ძის დღიდან აღარ ყოფილა ამგვარი რამ იერუსალიმში.
27 . წამოიმართნენ მღვდლები და ლევიანები და აკურთხეს ხალხი; შესმენილ იქნა მათი ხმა უფლის მიერ და მიაღწია მათმა ლოცვამ ზეცამდე, მის წმიდა სამყოფელამდე.