1 . მივიდნენ კირიათ-იეყარიმელნი, აიღეს უფლის კიდობანი და მიიტანეს აბინადაბის სახლში, მაღლობზე და მისი შვილი, ელეაზარი განაწესეს უფლის კიდობნის მცველად.
2 . დიდმა დრომ - ოცმა წელიწადმა - განვლო კირიათ-იეყარიმში კიდობნის დამკვიდრებიდან; და მოენატრა უფალი ისრაელის მთელ სახლს.
3 . ასე ელაპარაკა სამუელი ისრაელის მთელ სახლს: "თუ მთელი გულით მობრუნდებით უფლისკენ, მოიშორებთ უცხო ღმერთებსა და ყაშთაროთებს, უფლისკენ მიმართავთ გულებს და მხოლოდ მას ემსახურებით, მაშინ ისიც გიხსნით ფილისტიმელთა ხელიდან”.
4 . განიშორეს ისრაელიანებმა ბაყალები და ყაშთაროთები და მხოლოდ უფალს ემსახურებოდნენ.
5 . თქვა სამუელმა: "შეკრიბეთ მთელი ისრაელი მიცფაში და თქვენთვის შევევედრები უფალს”.
6 . შეიკრიბნენ მიცფაში, ხაპავდნენ წყალს და ღვრიდნენ უფლის წინაშე; იმარხულეს იმ დღეს და თქვეს: "შევცოდეთ უფალს”. და განსჯიდა სამუელი ისრაელის ძეებს მიცფაში.
7 . გაიგეს ფილისტიმელებმა, მიცფაში შეკრებილანო ისრაელის ძენი და გამოვიდნენ მათი მთავრები ისრაელიანთა წინააღმდეგ. ესმათ ისრაელის ძეებს და დიდად შეშინდნენ.
8 . უთხრეს ისრაელიანებმა სამუელს: "ნუ შეწყვეტ უფლისადმი, ჩვენი ღმერთისადმი ღაღადს, იქნებ გვიხსნას ფილისტიმელთა ხელიდან”.
9 . აიყვანა სამუელმა ძუძუმწოვარი ბატკანი და მთლიანად აღავლინა იგი უფლისთვის სრულადდასაწველად; შეღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისთვის და ისმინა მისი უფალმა.
10 . როცა სრულადდასაწველს აღავლენდა სამუელი, ფილისტიმელნიც მიუახლოვდნენ ისრაელს საომრად; დიადი ქუხილით დაიქუხა უფალმა ფილისტიმელებზე იმ დღეს, შეაძრწუნა ისინი და დამარცხდნენ ისრაელიანთა წინაშე.
11 . გამოვიდნენ ისრაელიანნი მიცფადან, განდევნეს ფილისტიმელნი და მუსრავდნენ მათ ბეთ-ქარამდე.
12 . აიღო სამუელმა ერთი ლოდი, დადო მიცფასა და ჰაშენს შორის და უწოდა მას ებენ-ყეზერი (ქვა შეწევნისა). თქვა: "ამ ადგილამდე შეგვეწია უფალი”.
13 . დამარცხდნენ ფილისტიმელნი და მეტად აღარ შედიოდნენ ისრაელის საზღვრებში. და უფლის ხელი იყო ფილისტიმელთა წინააღმდეგ სამუელის სიცოცხლეში.
14 . და დაუბრუნდა ისრაელს ფილისტიმელთა მიერ წართმეული ქალაქები: ყეკრონიდან გათამდე; მშვიდობა იყო ისრაელსა და ამორს შორის.
15 . მთელი თავისი სიცოცხლე მსაჯულობდა სამუელი ისრაელზე.
16 . დადიოდა წლიდან წლამდე, გარს უვლიდა ბეთელს, გილგალსა და მიცფას და მთელ იმ ადგილებში მსაჯულობდა ისრაელზე.
17 . მერე რამაში ბრუნდებოდა, რადგან იქ იყო მისი სახლი. იქაც განსჯიდა ისრაელს და იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.
1 . შეუთვალა ხიზკიაჰუმ მთელ ისრაელსა და იუდას; წერილები მისწერა ეფრემსა და მენაშეს, რათა მისულიყვნენ უფლის სახლში, იერუსალიმში, უფლის, ისრაელის ღმერთის პასექის აღსასრულებლად.
2 . გადაწყვიტეს მეფემ, მისმა მთავრებმა და იერუსალიმის მთელმა კრებულმა, რომ მეორე თვეში აღესრულებინათ პასექი,
3 . რადგან დადგენილ დროს არ შეეძლოთ მისი აღსრულება, ვინაიდან ჯერ კიდევ საკმარისი რაოდენობით არ იყვნენ მღვდლები განწმედილნი და ვერ შეიკრიბა ხალხი იერუსალიმში.
4 . სამართლიანი ჩანდა ეს მეფისა და მთელი კრებულის თვალში.
5 . გამოაცხადეს მთელ ისრაელში, ბეერ-შებაყიდან დანამდე, რომ იერუსალიმში ამოსულიყვნენ პასექის აღსასრულებლად უფლის, ისრაელის ღმერთისთვის, რადგან ხანგრძლივი დროის მანძილზე არ აღესრულებინათ იგი დაწერილისამებრ.
6 . მოიარეს წარგზავნილებმა მთელი ისრაელი და იუდა მეფისა და მისი მთავრების დადგენილებით და აცხადებდნენ მეფის ბრძანებისამებრ: „ისრაელის ძენო! დაუბრუნდით უფალს, აბრაჰამის, ისაკისა და ისრაელის ღმერთს და ისიც დაგიბრუნდებათ თქვენ, აშურის მეფეთა ხელიდან გადარჩენილებს!
7 . ნუ იქნებით, როგორც თქვენი მამები და ძმები, რომელთაც უორგულეს უფალს, თავისი მამების ღმერთს და ამიტომ გასატიალებად გასწირა ისინი, როგორც ხედავთ.
8 . ახლა თქვენი მამებივით ქედს კი ნუ გაიმაგრებთ, არამედ დამორჩილდით უფალს და შედით მის საწმიდარში, რომელიც მან საუკუნოდ განწმიდა; ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, რათა აგარიდოთ თავისი მწველი რისხვა.
9 . თუ დაუბრუნდებით უფალს შებრალებულნი იქნებიან თქვენი ძმები და შვილები თავის დამატყვევებელთა წინაშე და დაუბრუნდებიან ამ ქვეყანას; ვინაიდან მოწყალე და შემბრალეა უფალი, ღმერთი თქვენი და თუ დაუბრუნდებით, სახეს არ მიაბრუნებს თქვენგან”.
10 . ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ მალემსრბოლნი - ეფრემისა და მენაშეს ქვეყანაში ზებულონამდე და ყველგან ამასხარავებდნენ და აბუჩად იგდებდნენ.
11 . მხოლოდ ზოგიერთებმა აშერის, მენაშესა და ზებულონის ტომთაგან დაიმდაბლეს თავები და მოვიდნენ იერუსალიმში.
12 . იუდაზეც იყო ღვთის ხელი, რათა მიეცა მათთვის ერთი გული, მეფისა და მთავრების ბრძანების აღსასრულებლად, უფლის სიტყვისამებრ.
13 . მრავალი ხალხი შეიკრიბა იერუსალიმში უფუარობის დღესასწაულის აღსასრულებლად, მეორე თვეს, დიდი იყო კრებული.
14 . ადგნენ და ამოძირკვეს სამსხვერპლონი, რომლებიც იერუსალიმში იყო; განიშორეს ყოველი სასაკმევლე და კედრონის ხევში გადაყარეს.
15 . დაკლეს საპასექო მსხვერპლები მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს. შერცხვათ მღვდლებსა და ლევიანებს, თავები განიწმინდეს და სრულადდასაწველები მოიტანეს უფლის სახლში.
16 . იდგნენ თავ-თავიანთ ადგილებზე, მოსეს, ღვთის კაცის რჯულის წესისამებრ. მღვდლები ლევიანთა ხელიდან აღებულ სისხლს აპკურებდნენ.
17 . ვინაიდან ბევრი იყო განსაწმენდი კრებულში, ამიტომ ლევიანები კლავდნენ საპასექო მსხვერპლებს ყველასთვის, ვინც სუფთა არ იყო, რათა განეწმიდათ ისინი უფლისთვის.
18 . ხალხის უმრავლესობა, მეტწილად ეფრემის, მენაშეს, ისაქარისა და ზებულონის ტომებიდან, არ განწმენდილა, მაგრამ მაინც ჭამეს პასექი, დაწერილის საწინააღმდეგოდ, რადგან ასე ილოცა მათთვის ხიზკიაჰუმ: „სახიერმა უფალმა აპატიოს
19 . ყველას, ვინც გული მოიმზადა ღმერთის, უფლის, თავისი მამების ღმერთის საძიებლად, თუმცა საწმიდრის წესით არ განწმენდილან”.
20 . ისმინა უფალმა ხიზკიაჰუსი და აპატია ხალხს.
21 . დიდი სიხარულით აღასრულებდნენ იერუსალიმში მყოფი ისრაელის ძენი უფუარობის დღესასწაულს შვიდი დღე. დიდი სიხარულით აქებდნენ უფალს ლევიანები და მღვდლები დღითი დღე ხმაურიანი საკრავებით და განადიდებდნენ მას.
22 . გულითადად ესაუბრებოდა ხიზკიაჰუ ყოველ ლევიანს, რომელიც სათანადოდ იცნობდა უფალს და ჭამდნენ დღესასწაულის შვიდ დღეს, სწირავდნენ სამშვიდობო მსხვერპლებს და ახსენებდნენ უფალს, თავიანთი მამების ღმერთს.
23 . გადაწყვიტა მთელმა კრებულმა, რომ კიდევ შვიდი დღე ეზეიმათ და ხარობდნენ მომდევნო შვიდ დღეს.
24 . რადგან შესწირა კრებულს ხიზკიაჰუმ, იუდას მეფემ, ათასი მოზვერი და შვიდი ათასი წვრილფეხა საქონელი. მთავრებმა კი ათასი მოზვერი და ათი ათასი წვრილფეხა საქონელი შესწირეს კრებულს. და მრავალი მღვდელი განიწმიდა.
25 . იუდას მთელი კრებული ხარობდა: მღვდლები, ლევიანნი, ისრაელიდან მოსულები. ისინიც, ვინც ისრაელიდან გადმოსახლდა და იუდაში დამკვიდრდა.
26 . დიდი მხიარულება სუფევდა იერუსალიმში, რადგან ისრაელის მეფის, სოლომონ დავითის ძის დღიდან აღარ ყოფილა ამგვარი რამ იერუსალიმში.
27 . წამოიმართნენ მღვდლები და ლევიანები და აკურთხეს ხალხი; შესმენილ იქნა მათი ხმა უფლის მიერ და მიაღწია მათმა ლოცვამ ზეცამდე, მის წმიდა სამყოფელამდე.
1 . 1. შეგვიწყალე ჩვენ, მეუფეო, ღმერთო ყოველთა, მოგვხედე და ყოველ ხალხზე მოავლინე შენი შიში. 2. აღმართე შენი ხელი უცხო ხალხებზე, რათა იხილონ შენი ძალა. 3. როგორც წმიდა გახდი ჩვენში მათ თვალწინ, ასევე განდიდდი მათ შორისაც ჩვენს თვალწინ. 4. მათაც შეგიცნონ შენ, ისევე, როგორც ჩვენ შევიცანით, რომ არ არის ღმერთი შენს გარდა, უფალო. 5. განაახლე ნიშები და კვლავ მოიმოქმედე სასწაულნი, განადიდე ხელი და მარჯვენა მკლავი. 6. აღმართე გულისწყრომა და რისხვა გადმოღვარე, გაანადგურე მოშუღარი და შემუსრე მტერი! 7. დააჩქარე დრო და გახსოვდეს ფიცი, და გამოაცხადონ შენი დიადი საქმეები! 8. მძვინვარე ცეცხლმა შთანთქას, ვინც კი გადარჩება, და შენი ხალხის ბოროტისმყოფელებმა დაღუპვა ჰპოვონ. 9. შემუსრე თავები მტრების წინამძღოლთა, რომ ამბობენ, არავინ არისო ჩვენს გარდა. 10. შეკრიბე ყველა ტომი იაკობისა და დაიმკვიდრე ისინი, როგორც დასაბამიდანვე იყო. 11. შეიწყალე, უფალო, ხალხი, შენი სახელით წოდებული, და ისრაელი, რომელიც პირმშოდ შერაცხე. 12. შეიწყალე ქალაქი შენი სიწმინდისა - იერუსალიმი, შენი დასავანებელი ალაგი. 13. აღავსე სიონი შენი სიქველის ქებით და შენი ხალხით - შენი დიდებით. 14. მიეცი დასტური დასაბამით შენს შექმნილთ, აღმართე წინასწარმეტყველება შენი სახელით. 15. მიეცი ჯილდო შენს მოიმედეთ და სარწმუნონო შეიქნან შენი წინასწარმეტყველნი! 16. შეისმინე, უფალო, შენს მსახურთა ვედრება თანახმად აარონის კურთხევისა შენს ხალხზე. 17. შეიცნოს ყველამ დედამიწაზე, რომ უფალი ხარ, ღმერთი საუკუნეთა. 18. ყოველ საჭმელს ინელებს კუჭი, მაგრამ არის საჭმელი საჭმელის მჯობი. 19. სასა გამოარჩევს ნანადირევის კერძს, ასევე გონიერი გული - ცრუ სიტყვებს. 20. ცბიერ გულს მწუხარება მოაქვს, მაგრამ მრავალნაცადი კაცი სამაგიეროს მიაგებს. 21. ქალი ყველა მამაკაცს მიიღებს, მაგრამ არის ასული ასულის მჯობი. 22. ქალის სილამაზე სახეს ამხიარულებს და მამაკაცისათვის ყველაზე მეტად სანატრელია. 23. თუ მას ენაც თბილი და ალერსიანი აქვს, მაშინ მის ქმარს ვერავინ შეედრება ადამის ძეთაგან. 24. ცოლის მომყვანი საუკეთესო ქონებას იძენს - შესაფერის დამხმარეს და შვების საყრდენს. 25. სადაც არ არის ზღუდე, იქ ქონება დაიტაცება, ხოლო სადაც ცოლი არ არის, იკვნესებს მოხეტიალე კაცი. 26. რადგან ვინ ენდობა იარაღასხმულ ავაზაკს, ქალაქიდან ქალაქში რომ დაძრწის? 27. ასევეა კაციც, რომელსაც არა აქვს ბუდე და, სადაც დაუღამდება, იქ ეძებს სადგურს.
1 . ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისათვის არის, რათა გადარჩნენ.
2 . ვინაიდან ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ გულმოდგინება ღვთისადმი, ოღონდ არა შეგნებულად.
3 . რადგან ვერ შეიცნეს ღვთის სიმართლე, საკუთარი სიმართლის დადგენას ცდილობდნენ და ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ.
4 . ვინაიდან ქრისტეა რჯულის დასასრული ყოველი მორწმუნის გასამართლებლად.
5 . რადგან მოსე რჯულის სამართლიანობაზე წერს, რომ მისი შემსრულებელი კაცი მისით იცოცხლებს.
6 . ხოლო რწმენისმიერი სამართლიანობა ასე ამბობს: "ნუ იტყვი შენს გულში: ვინ ავა ზეცაში?” ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად;
7 . ანდა: "ვინ ჩავა უფსკრულში?” ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად.
8 . მაგრამ რას ამბობს იგი? "ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეში და შენს გულში”, ესე იგი, რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ.
9 . იმიტომ, რომ თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები.
10 . ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად.
11 . რადგან ამბობს წერილი: "ყოველი მისი მორწმუნე არ შერცხვება”.
12 . და ამაში არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე; ის უხვია ყველასათვის, ვინც მოუხმობს მას.
13 . რადგან ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.
14 . მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს, როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?
15 . და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც წერია: "რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!”
16 . მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება. რადგან ამბობს ესაია: "უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?”
17 . ამრიგად, რწმენა - მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა - ქრისტეს სიტყვისაგან.
18 . მაგრამ ვამბობ: ნუთუ არ მოუსმენიათ? პირიქით, მთელ დედამიწას მოედო მათი ხმა და ქვეყნის კიდეებს - მათი სიტყვები.
19 . მაგრამ ვამბობ: ნუთუ არ იცოდა ისრაელმა? პირველად მოსე ამბობს: "მე გავაღვივებ თქვენში შურს არა-ხალხით, გაგარისხებთ უგუნური ხალხით”.
20 . ხოლო ესაია გაბედულად ამბობს: "მიპოვეს მათ, ვინც არ მეძებდა; გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა”.
21 . ხოლო ისრაელს ეუბნება: "მთელ დღეს ვიწვდიდი ჩემს ხელებს ურჩი და გაუგონარი ხალხისაკენ”.