2ნეშტთა თავი 36

1 . გამოიყვანა ქვეყნის ხალხმა იეჰოახაზი, იოშიას ძე და მამამისის ნაცვლად გაამეფა იერუსალიმში.

2 . ოცდასამი წლის იყო იეჰოახაზი გამეფებისას და სამ თვეს მეფობდა იერუსალიმში.

3 . ეგვიპტის მეფემ გადააყენა იერუსალიმის ტახტიდან და ხარკი დააკისრა ქვეყანას - ასი ტალანტი ვერცხლი და ერთი ტალანტი ოქრო.

4 . მისი ძმა, ელიაკიმი გაამეფა ეგვიპტის მეფემ იუდასა და იერუსალიმზე; სახელი იეჰოიაკიმად შეუცვალა. მისი ძმა, იეჰოახაზი კი ეგვიპტეში წაიყვანა ნექომ.

5 . ოცდახუთი წლისა იყო იეჰოიაკიმი თავისი გამეფებისას და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. ბოროტს სჩადიოდა უფლის, თავისი ღმერთის თვალში.

6 . გამოვიდა მის წინააღმდეგ ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე და შებორკა იგი, რათა ბაბილონში წაეყვანა.

7 . უფლის ტაძრის ჭურჭლის ნაწილიც ბაბილონში გადაიტანა და იქ, თავის ტაძარში მოათავსა.

8 . იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმენი და სისაძაგლენი, რაც ჩაიდინა და რაც თავის საწინააღმდეგოდ აღმოჩნდა, აჰა, ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნშია აღწერილი. მის ნაცვლად კი მისი ძე, იეჰოიაქინი გამეფდა.

9 . რვა წლის იყო იეჰოიაქინი გამეფებისას და სამ თვესა და ათ დღეს მეფობდა იერუსალიმში. ბოროტს სჩადიოდა უფლის, თავისი ღმერთის თვალში.

10 . წარგზავნა წლის შემობრუნებისას მეფე ნაბუქოდონოსორმა თავისი მსახურნი მის წამოსაყვანად და მიიყვანეს იგი ბაბილონში უფლის ტაძრის ძვირადღირებულ ჭურჭელთან ერთად. იუდასა და იერუსალიმზე კი ციდკია, მისი ძმა გაამეფა.

11 . ოცდაერთი წლისა იყო ციდკია თავისი გამეფებისას და თერთმეტ წელს მეფობდა იერუსალიმში.

12 . ბოროტს სჩადიოდა უფლის, თავისი ღმერთის თვალში. არ დაიმდაბლა თავი იერემიას წინაშე, რომელიც უფლის სიტყვას წინასწარმეტყველებდა.

13 . მეფე ნაბუქოდონოსორსაც განუდგა, რომელმაც ღვთის წინაშე დააფიცა. გაჯიუტდა და გული გაიქვავა, რათა არ დაბრუნებულიყო უფალთან, ისრაელის ღმერთთან.

14 . ასევე უფროსი მღვდლები და ხალხის ყველა მთავარიც ბევრს სცოდავდა წარმართთა ყოველი სისაძაგლისამებრ და შებილწეს უფლის სახლი, რომელიც გაწმიდა მან იერუსალიმში.

15 . გამუდმებით უგზავნიდა უფალი, მათი მამების ღმერთი, თავის მოციქულებს, რადგან ებრალებოდა თავისი ხალხი და თავისი სამყოფელი.

16 . და დასცინოდნენ ღვთის მოციქულებს, აბუჩად იგდებდნენ მის სიტყვებს და სასაცილოდ იგდებდნენ მის წინასწარმეტყველთ, ვიდრე არ ამაღლდა უფლის რისხვა თავის ხალხზე, ისე რომ კურნება აღარ დარჩა მათთვის.

17 . ქალდეველთა მეფე მოავლინა მათზე და მათივე საწმიდრის სახლში გაუჟლიტა მახვილით ყმაწვილები. არ შებრალებია არც ჭაბუკი, არც ქალწული, არც ასაკოვანი, არც მხცოვანი; ყველანი მის ხელს გადასცა ღმერთმა.

18 . ღვთის ტაძრის მთელი ჭურჭელი, დიდი და მცირე და უფლის სახლის, მეფისა და მისი მთავრების საუნჯენი, ყველაფერი ბაბილონში წაიღო.

19 . ღვთის სახლი გადაწვეს და იერუსალიმის გალავანი დაანგრიეს; ყველა გამაგრებული სასახლე ცეცხლით დაწვეს და ყოველივე ძვირადღირებული მოსპეს.

20 . მახვილს გადარჩენილნი ბაბილონისკენ გარეკა და იყვნენ ისინი მისთვის და მისი ძეებისთვის მსახურებად, სპარსეთის მეფობის დამყარებამდე.

21 . რათა აღსრულებულიყო იერემიას პირით ნათქვამი უფლის სიტყვა: „ვიდრე არ დაკმაყოფილდება მიწა თავისი შაბათებით, გაუკაცრიელების მთელი დღეების განმავლობაში, სამოცდაათი წლის შესრულებამდე”.

22 . კიროსის, სპარსეთის მეფის პირველ წელს, რათა აღსრულებულიყო იერემიას პირით ნათქვამი უფლის სიტყვა, აღძრა უფალმა კიროსის, სპარსეთის მეფის სული და ხმაც გაავრცელა და წერილობითაც განაცხადა მთელ თავის სამეფოში:

23 . ასე ამბობსო კიროსი, სპარსეთის მეფე: „დედამიწის ყველა სამეფო მომცა უფალმა, ზეციერმა ღმერთმა და მიბრძანა, რომ სახლი ავუშენო იუდეის იერუსალიმში; თუ ვინმე არის თქვენ შორის მისი ხალხიდან, უფალი, მისი ღმერთი იყოს მასთან, შეუძლია წავიდეს!