1 . მის მაგივრად ახაზია, მისი უმცროსი ძე გაამეფეს იერუსალიმის მკვიდრებმა, რადგან ყველა უფროსი ვაჟი მოკლეს არაბებთან ერთად ბანაკში შემოსულმა ურდოებმა; გამეფდა ახაზია იორამის, იუდას მეფის ძე.
2 . ორმოცდაორი წლის იყო ახაზია თავისი გამეფებისას და ერთ წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისის სახელი იყო ღოთოლია, ყომრის ასული.
3 . ისიც ახაბის სახლის გზებით დადიოდა, რადგან დედამისი ურჩევდა ბოროტის ქმნას.
4 . ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც ახაბის სახლი, რადგან ისინი იყვნენ მისი მრჩეველნი მამამისის სიკვდილის შემდეგ, მის წარსაწყმედად.
5 . მათი რჩევით იყო, რომ წავიდა იორამთან, ახაბის ძესთან, ისრაელის მეფესთან, არამის მეფის, ხაზაელის წინააღმდეგ საომრად გილყადის რამოთში და დაჭრეს არამელებმა იორამი.
6 . იზრეყელში დაბრუნდა იგი ჭრილობების მოსაშუშებლად, რადგან რამაში, არამელთა მეფე ხაზაელის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღებული ჭრილობები აწუხებდა. ახაზია, იუდას მეფე იორამის ძე იზრეყელში ჩავიდა იორამ ახაბის ძის სანახავად, რადგან ავად იყო იგი.
7 . ღვთისგან იყო იორამთან მისვლით ახაზიას განადგურება, როცა იორამთან ერთად იეჰუ ნიმშის ძის წინააღმდეგ გავიდა, რომელიც ახაბის სახლეულის მოსასპობად სცხო უფალმა.
8 . როცა იეჰუ ახაბის სახლს სდევნიდა, მაშინ იპოვა იუდას მთავარნი და ახაზიას ძმათა ვაჟები, ახაზიაჰუს მსახურნი და გაჟლიტა ისინი.
9 . მოძებნეს ახაზია, რომელიც სამარიაში იმალებოდა, შეიპყრეს და იეჰუსთან მიიყვანეს. მოკლეს და დაკრძალეს იგი, რადგან ამბობდნენ: „იოშაფატის ძეა იგი, იოშაფატისა, რომელიც მთელი გულით ეძიებდა უფალს”. აღარავინ დარჩა ახაზიას სახლში, მეფობა რომ შესძლებოდა.
10 . როცა დაინახა ღოთოლიამ, ახაზიას დედამ, რომ მოკვდა მისი ძე, იუდას მეფის სახლის მთელი შთამომავლობა ამოწყვიტა.
11 . აიყვანა მეფის ასულმა იეჰოშაბათმა იოაშ ახაზიას ძე, გააპარა მეფის დასახოცად განწირული ძეებისგან და თავის ძიძასთან ერთად საძინებელში დამალა. დამალა იგი იეჰოშაბათმა, მეფე იორამის ასულმა, იეჰოიადაყ მღვდლის ცოლმა და ახაზიას დამ, გადაუმალა ღოთოლიას და არ მოაკვლევინა იგი.
12 . მათთან იყო ღვთის სახლში დამალული ექვს წელიწადს, ღოთოლია კი მეფობდა ქვეყანაზე.