1 . როგორც კი გაიგო იაბინმა, ხაცორის მეფემ ეს ამბები, მიავლინა იობაბთან, მადონის მეფესთან და შიმრონისა და აქშაფის მეფეებთან;
2 . აგრეთვე იმ მეფეებთან, რომლებიც ჩრდილოეთით მთასა და ველზე, ქინერეთის სამხრეთით, დაბლობსა და დასავლეთისკენ, დორის მაღლობებზე მკვიდრობდნენ;
3 . აღმოსავლეთით და დასავლეთით დამკვიდრებულ ქანაანელებთან; ამორელებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან და მთიელ იებუსელებთან, ხიველებთან ხერმონის ძირში, მიცფას ქვეყანაში.
4 . და გამოვიდნენ ისინი მთელ თავის ხალხთან ერთად - მრავალრიცხოვანნი ქვიშასავით, რომელიც ზღვის სანაპიროზეა; უამრავი ცხენითა და ეტლით.
5 . შეიკრა ყველა ეს მეფე, მოვიდნენ და ერთად დაიბანაკეს მერომის წყლებთან ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად.
6 . უთხრა უფალმა იეშუას: "ნუ გეშინია მათი, რადგან ხვალ ამ დროს ისრაელიანებს ჩავუგდებ ხელში ყველას დასახოცად; მათ ბედაურებს მყესები გადაუჭერით, ეტლები კი ცეცხლში დაწვით;
7 . ანაზდეულად მივიდა იეშუა ყველა მებრძოლთან ერთად მერომის წყლებთან და თავს დაესხა მათ.
8 . ხელში ჩაუგდო უფალმა ისრაელს და ამოხოცეს ისინი, სდიეს დიდ ციდონამდე, მისრეფოთ-მაიმამდე და მიცფას ველამდე აღმოსავლეთით და ჟლეტდნენ მათ, ვიდრე აღარავინ დარჩა.
9 . ისე მოექცა მათ იეშუა, როგორც უფალმა უთხრა: ბედაურებს მყესები გადაუჭრა, ეტლები კი ცეცხლში დაწვა.
10 . მაშინ მობრუნდა იეშუა და დაიპყრო ხაცორი, მისი მეფე კი მახვილით განგმირა, რადგან უწინ ხაცორი მთავრობდა მთელ ამ სამეფოებზე.
11 . მახვილის პირით განგმირეს ყოველი სული, ვინც იქ იყო, არ დარჩენილა არცერთი; ხაცორი კი გადაწვეს.
12 . ყველა მეფე შეიპყრო იეშუამ, თითოეული თავისი ქალაქებიანად ჩაიგდო ხელში და მახვილის პირით გაანადგურა ისინი, როგორც უბრძანა მას მოსემ, უფლის მსახურმა.
13 . ყოველი ქალაქი, რომელიც მაღლობზე იდგა, არ გადაუწვავს ისრაელს, გარდა ხაცორისა, მარტო ის გადაწვა.
14 . ამ ქალაქების მთელი ნადავლი და პირუტყვი თავისთვის წამოასხეს ისრაელის ძეებმა; ადამიანები კი მახვილით განგმირეს, სანამ სრულად არ მოსპეს; არ დატოვეს არცერთი სული.
15 . როგორც ჰქონდა ნაბრძანები უფალს მოსესთვის, თავისი მსახურისთვის, ისე უბრძანა მოსემ იეშუას და ასე მოიქცა იეშუაც - შეუსრულებელი არ დაუტოვებია არცერთი სიტყვა, რაც ჰქონდა ნაბრძანები უფალს მოსესთვის.
16 . აიღო იეშუამ მთელი ეს მთიანეთი, მთელი სამხრეთის ქვეყანა და გოშენის მთელი მიწა დაბლობითა და ველებით და ისრაელის მთა და ბარი.
17 . ხალაკის მთიდან სეყირისკენ, ბაყალ-გადამდე, ლიბნის ველზე, ხერმონის მთის ძირთან; ყველა მათი მეფე შეიპყრო და ამოხოცა.
18 . მრავალი დღე ებრძოდა იეშუა ამ მეფეებს.
19 . არცერთი ქალაქი არ დაზავებულა ისრაელის ძეებთან გაბაონის მკვიდრი ხიველების გარდა: ბრძოლით აიღეს ყოველი მათგანი.
20 . რადგან უფალმა გაუქვავა გული, რათა ბრძოლაში შეხვედროდენ ისრაელს, რომ დაეხოცათ ისინი და არ ჰქონოდათ შეწყალება; ამოეჟლიტათ, როგორც უბრძანა მოსეს უფალმა.
21 . იმ დროსვე მივიდა იეშუა და ამოწყვიტა ყენაკელნი მთაში, ხებრონში, დებირში, ყანაბში, იუდასა და ისრაელის მთელ მთაზე; ქალაქებიანად ააოხრა ისინი იეშუამ.
22 . არავინ დარჩენილა ყენაკელთაგან ისრაელის ძეთა ქვეყანაში, მხოლოდ ღაზაში, გათში და აშდოდში დარჩნენ.
23 . ასე დაიპყრო იეშუამ მთელი ქვეყანა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და მისცა იგი სამკვიდრებლად ისრაელს, თავისი ტომებისთვის დასანაწილებლად; და დამშვიდდა ქვეყანა ომისგან.
1 . ჩავიდა სამსონი თიმნათში, ნახა იქ ერთი ფილისტიმელი ქალი და მოეწონა.
2 . აბრუნდა და უთხრა თავის მამას და დედას: "ერთი ფილისტიმელი ქალი ვნახე თიმნათში, ის მომიყვანეთ ცოლად”.
3 . უთხრეს მამამ და დედამ: "ნუთუ ქალი დაილია შენს სანათესაოში და მთელს შენს ხალხში, წინადაუცვეთელ ფილისტიმელთაგან რომ თხოულობ ცოლს?” უთხრა სამსონმა მამამისს: "ის მომიყვანე, რადგან მომეწონა”.
4 . არ იცოდა მისმა დედ-მამამ, რომ უფლისგან იყო ეს, ფილისტიმელებზე შურის საძიებელ საბაბს ეძებდა; ფილისტიმელები ბატონობდნენ ისრაელზე იმ დროს.
5 . და წავიდა სამსონი თავის მშობლებთან ერთად თიმნათში. თიმნათის ვენახებს რომ მიუახლოვდნენ, აჰა, ლომის ბოკვერი მოდის მათკენ ღრიალით.
6 . უფლის სული გადმოვიდა მასზე და თიკანივით შუაზე გახლიჩა ლომი, ისე რომ ხელში არაფერი სჭერია, მაგრამ მშობლებისთვის არ უთქვამს, რაც ჩაიდინა.
7 . ჩავიდა, ელაპარაკა ქალს და მოეწონა იგი სამსონს.
8 . რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ დაბრუნდა მის წასაყვანად; შეუხვია ლომის ჩონჩხის სანახავად და აჰა, ფუტკრის გუნდი და თაფლია ლომის ჩონჩხში.
9 . მტევანზე გადმოიფხიკა თაფლი, მიდიოდა და ჭამდა გზადაგზა. წამოეწია თავის დედ-მამას, მისცა თაფლი და მათაც ჭამეს. და არ უთქვამს, რომ ლომის ჩონჩხიდან იყო გამოღებული.
10 . ჩავიდა სასიძოს მამა ქალთან და იქვე გამართა სამსონმა ნადიმი, როგორც ამას ჭაბუკები აკეთებდნენ ხოლმე.
11 . როცა ნახეს იგი, გამოარჩიეს ოცდაათი მაყარი, რათა მასთან ყოფილიყვნენ.
12 . უთხრა მათ სამსონმა: "ერთ გამოცანას გეტყვით; თუ გამოიცნობთ ამ შვიდდღიანი ნადიმის დროს, ოცდაათ ხელ სელის სამოსსა და ოცდაათ ხელ საცვალს მოგცემთ.
13 . თუ ვერ გამოიცნობთ, მაშინ თქვენ მომეცით ოცდაათი ხელი სელის სამოსი და ოცდაათი ხელი საცვალი”. უთხრეს: "გვითხარი გამოცანა, მოგისმენთ”.
14 . უთხრა: "მჭამელისგან საჭმელი გამოვიდა და ძლიერისგან ტკბილი გამოვიდა”. სამი დღის განმავლობაში ვერ გამოიცნეს გამოცანა.
15 . მეოთხე დღეს უთხრეს სამსონის ცოლს: "დაიყოლიე შენი ქმარი, რომ გვითხრას გამოცანის ახსნა, თორემ შენც დაგწვავთ და მამაშენის სახლსაც. ნუთუ გასაძარცვად მოგვიპატიჟეთ?”
16 . ქვითინებდა სამსონის ცოლი მის წინაშე და ეუბნებოდა: "არ გიყვარვარ, არამედ გძულვარ - გამოცანა მიგიცია მაყრებისთვის, ახსნას კი არ მეუბნები”. უპასუხა: "ჩემი დედ-მამისთვის არ მითქვამს და შენ როგორ გეტყვი?”
17 . შვიდ დღეს შესტიროდა ქალი სამსონს, რამდენ ხანსაც ნადიმი გრძელდებოდა. მეშვიდე დღეს მობეზრდა და გაუმხილა პასუხი, მან კი თავისი ხალხის ძეებს უთხრა;
18 . და უთხრეს სამსონს ქალაქის კაცებმა, მეშვიდე დღეს, მზის ჩასვლამდე: "რა არის თაფლზე ტკბილი და ლომზე ძლიერი?” მიუგო: "ჩემი დეკეულით რომ არ გეხნათ, ვერ ამოხსნიდით ჩემს გამოცანას”.
19 . გადმოვიდა მასზე უფლის სული, ჩავიდა აშკელონში, დახოცა ოცდაათი იქაური კაცი, გახადა სამოსელი და მისცა გამოცანის გამომცნობთ. რისხვით აღენთო და წავიდა თავისი მამის სახლში,
20 . სამსონის ცოლი კი ერთ-ერთ მაყარს მისცეს ცოლად.
1 . წავიდა რეხაბყამი შექემს, რადგან იქ შეიკრიბა მთელი ისრაელი მის გასამეფებლად.
2 . ეს ამბავი იერობყამ ნებატის ძემ ჯერ კიდევ ეგვიპტეში ყოფნისას გაიგო, სადაც მეფე სოლომონს გაექცა და დარჩა.
3 . გაუგზავნეს მას კაცები და მოიხმეს იგი. მივიდა იერობყამი და ისრაელის მთელი კრებული და უთხრეს რეხაბყამს:
4 . "უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა, ახლა შენ შეგვიმსუბუქე მამაშენის მიერ დაკისრებული რთული სამსახური და მძიმე უღელი, რომ გემსახუროთ”.
5 . უპასუხა რეხაბყამმა: "წადით და სამი დღის შემდეგ კვლავ დაბრუნდით ჩემთან”. წავიდა ხალხი.
6 . ითათბირა მეფე რეხაბყამმა უხუცესებთან, რომლებიც მამამისს, სოლომონს ემსახურებოდნენ, ვიდრე ცოცხალი იყო; ჰკითხა მათ: "რას მირჩევთ, რა ვუპასუხო ამ ხალხს?”
7 . უთხრეს: "თუ ამ ხალხის მსახური გახდები დღეს, დაეთანხმები და კეთილ სიტყვებს ეტყვი, მაშინ სამუდამო მსახურებად გაგიხდებიან”.
8 . მაგრამ ზურგი აქცია უხუცესთა რჩევას, მას რომ ურჩიეს და მასთან ერთად გაზრდილ და მის წინაშე მდგომ ჭაბუკებს დაეკითხა;
9 . ჰკითხა: "რას მირჩევთ, რა ვუპასუხო იმ ხალხს, მამაჩემის მიერ დადებული უღლის შემსუბუქება რომ მთხოვეს?”
10 . უპასუხეს ჭაბუკებმა, რომლებიც მასთან ერთად აღიზარდნენ: "ასე უთხარი ხალხს, რომელმაც გითხრა, შეგვიმსუბუქეო მამაშენის მიერ ჩვენზე დამძიმებული უღელი: მამაჩემის წელზე უფრო მსხვილია-თქო ჩემი ნეკი.
11 . თუ მამაჩემის მიერ დადებული უღელი გემძიმებათ, მე უფრო მეტად დაგიმძიმებთ; მამაჩემი შოლტებით გსჯიდათ, მე კი მორიელებით დაგსჯით”.
12 . მივიდნენ იერობყამი და მთელი ხალხი რეხაბყამთან მესამე დღეს, როგორც უბრძანა მათ მეფემ: დაბრუნდითო ჩემთან მესამე დღეს!
13 . მკაცრად ელაპარაკა ხალხს მეფე; არად ჩააგდო უხუცესთა მიერ მისთვის მიცემული რჩევა.
14 . ჭაბუკთა ამალის რჩევისამებრ უთხრა: "მამაჩემმა ხომ მძიმე უღელი დაგაკისრათ, მე უფრო მეტად დაგიმძიმებთ; მამაჩემი შოლტებით გსჯიდათ, მე კი მორიელებით დაგსჯით”.
15 . არ შეისმინა მეფემ ხალხის თხოვნა, რადგან ასეთი იყო უფლის ნება, რათა აღსრულებულიყო მისი სიტყვა, რომელიც ახია შილონელის მეშვეობით გამოუცხადა იერობყამ ნებატის ძეს უფალმა.
16 . როცა იხილა სრულიად ისრაელმა, რომ არ შეისმინა მეფემ მისი სიტყვა, ასე შეეპასუხა მეფეს: "რა წილი გვაქვს დავითთან? არც მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძესთან! შენი კარვებისკენ გასწი, ისრაელო! ახლა შენს სახლს შენ თვითონ მიხედე, დავით! და თავის კარვებში გაბრუნდა ისრაელი.
17 . მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელის ძეებზეღა მეფობდა რეხაბყამი.
18 . გაგზავნა მეფე რეხაბყამმა ჰადორამი ხარკის ასაკრეფად, მაგრამ ქვებით ჩაქოლა იგი მთელმა ისრაელმა და მოკვდა. ისწრაფა მეფე რეხაბყამმა ეტლზე ასვლა და იერუსალიმს გაქცევა.
19 . ასე განუდგა ისრაელი დავითის სახლეულს.
20 . როცა გაიგო სრულიად ისრაელმა, რომ დაბრუნდა იერობყამი, წარგზავნეს, მოუხმეს და გაამეფეს მთელ ისრაელზე. აღარავინ ერთგულებდა დავითის სახლს, გარდა იუდას ტომისა.
21 . მივიდა რეხაბყამი იერუსალიმში, შეკრიბა იუდას მთელი სახლი და ბენიამინის ტომი: ას ოთხმოცი ათასი რჩეული მებრძოლი, ისრაელის სახლთან საბრძოლველად, რათა რეხაბყამ სოლომონის ძისთვის დაებრუნებინათ სამეფო.
22 . მაგრამ ღვთის სიტყვა გამოეცხადა შემაყიას, ღვთისკაცს:
23 . "უთხარი რეხაბყამს, სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, იუდას მთელ სახლს, ბენიამინსა და დანარჩენ ხალხს:
24 . ასე ამბობს უფალი: ნუ გახვალთ და ნუ იბრძოლებთ თქვენს ძმებთან, ისრაელის ძეებთან; თითოეული თავის სახლს დაუბრუნდეს, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს”. და ისმინეს უფლის სიტყვა და დაბრუნდნენ უკან უფლის სიტყვისამებრ.
25 . ააშენა იერობყამმა შექემი ეფრემის მთაში და იქ დამკვიდრდა; გამოვიდა იქიდან და ააშენა ფენუელი.
26 . გულში ამბობდა იერობყამი: "ისევ დაუბრუნდება სამეფო დავითის სახლს;
27 . თუ იერუსალიმში, უფლის ტაძარში ივლის ეს ხალხი მსხვერპლის შესაწირად, მაშინ ისევ თავისი ბატონის, რეხაბყამისკენ, იუდას მეფისკენ მიიქცევა ხალხის გული, მომკლავენ და დაბრუნდებიან რეხაბყამთან, იუდას მეფესთან”.
28 . ითათბირა მეფემ თავის მრჩევლებთან, ოქროს ორი ხბო გააკეთა და უთხრა თავის ხალხს: "გეყოფათ იერუსალიმში სიარული; აჰა, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც გამოგიყვანეს ეგვიპტიდან”.
29 . ერთი ბეთელში დადგეს, მეორე დანში.
30 . ცოდვად ექცა ეს ხალხს და დანამდე ადიოდა ხბოს თაყვანსაცემად.
31 . საკერპე ააშენა იერობყამმა მაღლობზე და მღვდლები დანიშნა ყველა ტომიდან, გარდა ლევის ძეებისა.
32 . დღესასწაული დაადგინა იერობყამმა მერვე თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ დღესასწაულის მსგავსად, იუდაში რომ იყო და სამსხვერპლოზეც ავიდა; ასევე მოიქცა ბეთელშიც, რათა ხბოებისთვის შეეწირა, რომლებიც გააკეთა. და მღვდლები დაუდგინა ბეთელში მაღლობებს, რომლებიც აღმართა.
33 . და ავიდა თავის გაკეთებულ სამსხვეპლოზე ბეთელში, მერვე თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ თვეს, რომელიც თვითონ დაუდგინა დღესასწაულად ისრაელის ძეებს და ავიდა სამსხვერპლოზე საკმევად.
1 . მის მაგივრად ახაზია, მისი უმცროსი ძე გაამეფეს იერუსალიმის მკვიდრებმა, რადგან ყველა უფროსი ვაჟი მოკლეს არაბებთან ერთად ბანაკში შემოსულმა ურდოებმა; გამეფდა ახაზია იორამის, იუდას მეფის ძე.
2 . ორმოცდაორი წლის იყო ახაზია თავისი გამეფებისას და ერთ წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისის სახელი იყო ღოთოლია, ყომრის ასული.
3 . ისიც ახაბის სახლის გზებით დადიოდა, რადგან დედამისი ურჩევდა ბოროტის ქმნას.
4 . ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც ახაბის სახლი, რადგან ისინი იყვნენ მისი მრჩეველნი მამამისის სიკვდილის შემდეგ, მის წარსაწყმედად.
5 . მათი რჩევით იყო, რომ წავიდა იორამთან, ახაბის ძესთან, ისრაელის მეფესთან, არამის მეფის, ხაზაელის წინააღმდეგ საომრად გილყადის რამოთში და დაჭრეს არამელებმა იორამი.
6 . იზრეყელში დაბრუნდა იგი ჭრილობების მოსაშუშებლად, რადგან რამაში, არამელთა მეფე ხაზაელის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღებული ჭრილობები აწუხებდა. ახაზია, იუდას მეფე იორამის ძე იზრეყელში ჩავიდა იორამ ახაბის ძის სანახავად, რადგან ავად იყო იგი.
7 . ღვთისგან იყო იორამთან მისვლით ახაზიას განადგურება, როცა იორამთან ერთად იეჰუ ნიმშის ძის წინააღმდეგ გავიდა, რომელიც ახაბის სახლეულის მოსასპობად სცხო უფალმა.
8 . როცა იეჰუ ახაბის სახლს სდევნიდა, მაშინ იპოვა იუდას მთავარნი და ახაზიას ძმათა ვაჟები, ახაზიაჰუს მსახურნი და გაჟლიტა ისინი.
9 . მოძებნეს ახაზია, რომელიც სამარიაში იმალებოდა, შეიპყრეს და იეჰუსთან მიიყვანეს. მოკლეს და დაკრძალეს იგი, რადგან ამბობდნენ: „იოშაფატის ძეა იგი, იოშაფატისა, რომელიც მთელი გულით ეძიებდა უფალს”. აღარავინ დარჩა ახაზიას სახლში, მეფობა რომ შესძლებოდა.
10 . როცა დაინახა ღოთოლიამ, ახაზიას დედამ, რომ მოკვდა მისი ძე, იუდას მეფის სახლის მთელი შთამომავლობა ამოწყვიტა.
11 . აიყვანა მეფის ასულმა იეჰოშაბათმა იოაშ ახაზიას ძე, გააპარა მეფის დასახოცად განწირული ძეებისგან და თავის ძიძასთან ერთად საძინებელში დამალა. დამალა იგი იეჰოშაბათმა, მეფე იორამის ასულმა, იეჰოიადაყ მღვდლის ცოლმა და ახაზიას დამ, გადაუმალა ღოთოლიას და არ მოაკვლევინა იგი.
12 . მათთან იყო ღვთის სახლში დამალული ექვს წელიწადს, ღოთოლია კი მეფობდა ქვეყანაზე.
1 . ოცდახუთი წლის იყო ამაცია, როცა გამეფდა და ოცდაცხრა წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო იეჰოყადანი იერუსალიმიდან.
2 . სწორად იქცეოდა უფლის თვალში, მაგრამ არა მთელი გულით.
3 . და როცა განიმტკიცა მეფობა, დახოცა თავისი მსახურები, რომლებმაც მოკლეს მეფე, მამამისი.
4 . მაგრამ მათი შვილები არ დაუხოცავს, როგორც მოსეს რჯულის წიგნში სწერია - ასე ბრძანა უფალმა: "ნუ მოკვდებიან მამები შვილების გამო და ნუ მოკვდებიან შვილები მამების გამო; არამედ თითოეული თავისი ცოდვისთვის მოკვდეს”.
5 . შეკრიბა ამაციამ იუდა და მამისსახლების, ათასისთავებისა და ასისთავების მიხედვით დააყენა მთელი იუდა და ბენიამინი. აღრიცხა ოც წელზე მეტი ხნისანი და გამოვიდა სამასი ათასი რჩეული კაცი, საომრად გამსვლელი და ფარ-შუბის დამჭერი.
6 . ას ტალანტ ვერცხლად დაიქირავა ისრაელისგან ასი ათასი მამაცი ვაჟკაცი.
7 . მივიდა მასთან ღვთისკაცი და უთხრა: „მეფევ! ნუ გაიყოლებ ისრაელის ჯარს, რადგან არ არის უფალი ისრაელთან, ეფრემის არც ერთ ძესთან.
8 . მხოლოდ შენ წადი, იმოქმედე და ძლიერი იყავი ბრძოლაში, თორემ დაგამხობს ღმერთი შენი მტრების წინაშე, რადგან ღმერთს შეწევნის ძალაც აქვს და დამხობისაც”.
9 . ჰკითხა ამაციამ ღვთისკაცს: „იმ ას ტალანტს რაღა ვუყო, ისრაელის ჯარს რომ მივეცი?” უპასუხა ღვთისკაცმა: „უფალს ამაზე მეტი შეუძლია მოგცეს”.
10 . გამოაცალკევა ამაციამ ჯარი, ეფრემიანთაგან რომ მოუვიდა, სახლებში დასაბრუნებლად. რისხვით აინთო ჯარი იუდაზე და განრისხებულები დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.
11 . გაბედულება მოიკრიბა ამაციამ, გაუძღვა თავის ხალხს მარილოვანი ველისკენ და ათი ათასი სეყირის ძე შემუსრა;
12 . ტყვედ წამოასხეს იუდას ძეებმა ცოცხლად დარჩენილი ათი ათასი, აიყვანეს კლდის თხემზე და გადმოყარეს კლდის თხემიდან; ყველანი ამოწყდნენ.
13 . ხოლო ის ჯარი, რომელიც უკან გააბრუნა ამაციამ, რომ საბრძოლველად არ გაჰყოლოდა, შეესია იუდას ქალაქებს სამარიიდან ბეთ-ხორონამდე, სამი ათასი კაცი მოსრა და დიდძალი ნადავლი დაიტაცა.
14 . როცა ამაცია ედომელების განადგურების შემდეგ უკან დაბრუნდა, წამოიღო სეყირის ძეთა ღმერთები და ღმერთებად დაიყენა, თაყვანს სცემდა და საკმეველს უკმევდა.
15 . აინთო უფლის რისხვა ამაციას წინააღმდეგ და წინასწარმეტყველი გაუგზავნა, რომელმაც უთხრა: „რად მოძებნე მაგ ხალხის ღმერთები, რომლებმაც ვერ იხსნეს თავიანთი ხალხი შენი ხელიდან?”
16 . ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როდესაც მეფემ უთხრა: „მეფის მრჩევლად დაგაყენეთ? შეწყვიტე, რისთვის უნდა მოაკვლევინო თავი!” შეჩერდა წინასწარმეტყველი; მერე უთხრა: „ვიცი, შენი განადგურება გადაწყვიტა ღმერთმა, რადგან ეს გააკეთე და არ შეისმინე ჩემი რჩევა”.
17 . ითათბირა ამაციამ, იუდას მეფემ და კაცი გაუგზავნა იოაშს, იოახაზ იეჰუს ძის ვაჟს, ისრაელის მეფეს; ასე შეუთვალა: "გამოდი, შევხვდეთ პირისპირ”.
18 . კაცი გამოგზავნა იოაშმა, ისრაელის მეფემ, ამაციასთან, იუდას მეფესთან, რომელმაც უთხრა: „ლიბანის კვრინჩხმა შეუთვალა ლიბანის კედარს: ცოლად მიეცი შენი ასული ჩემს ძეს. მაგრამ ჩაიარა ლიბანის გარეულმა მხეცმა და გათელა კვრინჩხი.
19 . ამბობ, აჰა, ხომ დავამარცხე ედომიო და გული მოგეცა საამპარტავნოდ. ახლა იჯექი შენს სახლში, შფოთს რატომ სტეხ? შენც დაეცემი და იუდაც შენთან ერთად”.
20 . არ შეისმინა ამაციამ, რადგან ღმერთისგან იყო, რომ მტერს უნდა ჩავარდნოდა ხელში, რაკი ედომელთა ღმერთებს მიენდო.
21 . გამოვიდა იოაში, ისრაელის მეფე და შეხვდნენ პირისპირ იუდეის ბეთ-შემეშში ის და ამაცია, იუდას მეფე.
22 . დამარცხდა იუდა ისრაელთან და ყველანი თავ-თავის კარვებისკენ გაიქცნენ.
23 . შეიპყრო ისრაელის მეფე იოაშმა ამაცია, იუდას მეფე, იოაშ ახაზიაჰუს ძის ვაჟი, ბეთ-შემეშში, მივიდა იერუსალიმში და დაანგრია მისი გალავანი, ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე, ოთხასი წყრთის სიგრძეზე.
24 . წაიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და ჭურჭლეული, რაც კი ღვთის სახლში ინახებოდა ყობედ-ედომთან, მეფის სახლის საგანძურის ჩათვლით. მძევლები აიყვანა და დაბრუნდა სამარიას.
25 . იცოცხლა ამაცია იოაშის ძემ, იუდას მეფემ, ისრაელის მეფის, იოაშ იოახაზის ძის სიკვდილის შემდეგ თხუთმეტი წელი.
26 . ამაციას დანარჩენი საქმენი, პირველნი და უკანასკნელნი, განა იუდას მეფეთა მატიანეში არაა აღწერილი?
27 . იმის შემდეგ, რაც ამაცია უფალს განუდგა, შეთქმულება მოუწყვეს იერუსალიმში და ლაქიშს გაიქცა, მაგრამ მიუგზავნეს კაცები ლაქიშში და მოკლეს.
28 . ცხენებით მოასვენეს და თავის მამებთან დაკრძალეს იგი იუდას ქალაქში.