იონა თავი 4

1 . ძლიერ გაღიზიანდა იონა და გამწარდა.

2 . შეღაღადა უფალს და უთხრა: "გემუდარები, უფალო, განა ამას არ ვამბობდი ჯერ კიდევ ჩემს ქვეყანაში ყოფნისას? ამის გამო გავიქეცი თარშიშს, რადგან ვიცოდი, რომ შემწყნარებელი ღმერთი ხარ და მიმტევებელი, სულგრძელი და დიდმოწყალე, და თავს არიდებ დასჯას.

3 . ახლა კი, უფალო, გემუდარები, წაიღე ჩემი სიცოცხლე, რადგან სიკვდილი მიჯობს სიცოცხლეს!”

4 . და ჰკითხა უფალმა: "ნუთუ ასე გეწყინა შენ?”

5 . გამოვიდა იონა ქალაქიდან, დაჯდა ქალაქის აღმოსავლეთით; საჩრდილობელი გაიკეთა და დაჯდა მის ქვეშ; რომ ენახა, რა მოუვიდოდა ქალაქს.

6 . აღმოაცენა უფალმა ღმერთმა აყირო, აღმოცენდა იგი იონას თავს ზემოთ, რათა საჩრდილობლად ყოფილიყო და წყენა გაექარვებინა მისთვის. დიდად გაიხარა იონამ იმ აყიროს გამო.

7 . და მოუხმო უფალმა მატლს მეორე დილას, რათა გამოეჭამა მცენარე და დააჭკნო იგი.

8 . მზე რომ ამოვიდა, მოუხმო ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელ ქარს და დასიცხა მზემ იონა, ისე დასუსტდა, რომ სიკვდილს ნატრობდა; ამბობდა: სიკვდილი მიჯობს ასეთ სიცოცხლესო!

9 . ჰკითხა ღმერთმა იონას: "ნუთუ ასე გაბრაზდი იმ აყიროს გამო?” უპასუხა: "ძალიან გავბრაზდი, სიკვდილიც კი ვინატრე!”

10 . უთხრა უფალმა: "შენ აყირო გენანება, რომელზეც არ გიშრომია, არ გაგიზრდია. ერთ ღამეში გაიზარდა და ერთ ღამეშივე გახმა.

11 . მე კი არ უნდა მენანებოდეს ნინევე, დიდი ქალაქი, რომელშიც ასოცი ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც თავიანთი მარჯვენა ვერ გაურჩევიათ მარცხენისაგან და სადაც უამრავი საქონელია?"