იობი თავი 27

1 . კვლავ განაგრძო იობმა თავისი სათქმელი:

2 . "ცოცხალია ღმერთი, რომელმაც მართლმსაჯულება წამართვა და ყოვლადძლიერი, რომელმაც სული გამიმწარა,

3 . ვიდრე ვსუნთქავ და ღმერთის სუნთქვაა ჩემს ნესტოებში,

4 . არ წარმოთქვამენ ჩემი ბაგენი უსამართლობას და არ იტყვის სიცრუეს ჩემი ენა!

5 . შორს იყოს ჩემგან, რომ გაგამართლოთ, სიკვდილამდე არ განვიშორებ ჩემს უმწიკვლობას!

6 . ჩემს სიმართლეს ვეჭიდები და არ მოვეშვები, დღემდე არ გავუმტყუნებივარ ჩემს გულს;

7 . იყოს ჩემი მტერი დამნაშავესავით და ჩემი მოწინააღმდეგე - უმართლოსავით!

8 . რადგან რა არის უღმერთოს იმედი, როცა მოჰკვეთს, როცა სულს ამოართმევს მას ღმერთი?

9 . განა შეისმენს ღმერთი მის ღაღადს, როცა გასაჭირი წამოადგება თავზე?

10 . განა გაიხარებს იგი ყოვლადძლიერში და ღმერთს მოუხმობს ყოველ ჟამს?

11 . მე თქვენ გასწავლით ღვთის ძალის შესახებ და ყოვლადძლიერის გზებს არ დავმალავ.

12 . აჰა, ყველას გაქვთ ნანახი და რაღად გინდათ ამაო ლაპარაკი?

13 . ეს არის უღმერთოთა ხვედრი ღმერთისგან და მოძალადეთა მემკვიდრეობა, რომელსაც მიიღებენ ყოვლადძლიერისგან!

14 . თუნდაც გამრავლდნენ მისი ძენი, მახვილისთვის იქნებიან და ვერ გაძღება პურით მისი შთამომავლობა;

15 . გადარჩენილნი ჭირით დასამარდებიან და მათი ქვრივები ვერ იგლოვებენ;

16 . თუნდაც მტვერივით დაიხვავოს ვერცხლი, და ტალახივით გაიმრავლოს სამოსელი,

17 . ის მოამზადებს და მართალი ჩაიცვამს, ვერცხლს კი უდანაშაულო დაანაწილებს;

18 . ჩრჩილივით იშენებს სახლს და ქოხს იკეთებს, დარაჯივით;

19 . წვება მდიდარი და არაფერი აქვს შესაძენი, თვალს გაახელს და აღარაფერია მისი ქონებიდან.

20 . ნიაღვარივით მიეწევა საშინელებანი; ღამით მოიპარავს მას ქარიშხალი;

21 . წარიტაცებს აღმოსავლეთის ქარი და წავა; გააქროლებს მისი ადგილიდან.

22 . მოისვრის მას და არ შეიბრალებს; ამაოდ ეცდება, გაექცეს მის ხელს;

23 . ტაშს შემოკრავენ მასზე და სტვენას დაუწყებენ მისი ადგილიდან.