1 . შეგროვდით და შეიკრიბეთ, უსირცხვილო ხალხო!
2 . სანამ მოეწევა ბრძანება და ბზესავით გადაივლის დღე, სანამ არ დაგტყდომიათ დღე უფლის რისხვისა.
3 . ეძიეთ უფალი, ყოველნო თავმდაბალნო ქვეყნიერებისა, რომლებიც აღასრულებდით მის სამართალს; ეძიეთ სიმართლე და ეძიეთ თავმდაბლობა, იქნებ დაემალოთ უფლის რისხვის დღეს.
4 . რადგან მიტოვებულ იქნება ღაზა და გაცამტვერდება აშკელონი, გაუკაცრიელდება აშდოდი შუადღისას და აღმოიფხვრება ყეკრონი.
5 . ვაი ზღვისპირეთის მცხოვრებთ, ქერეთელ ხალხს! უფლის სიტყვაა შენს წინააღმდეგ, ქანაანო, ფილისტიმელთა მიწავ. გაგანადგურებ და აღარ გეყოლება მცხოვრები.
6 . და იქნება ზღვისპირეთი საძოვრებად და მდელოებად სამწყსოსთვის და სადგომად ფარისთვის.
7 . იუდას სახლის ნარჩენისა გახდება ეს მხარე, სადაც აძოვებენ ისინი, საღამოს კი აშკელონის სახლებში წამოწვებიან, რადგან გაიხსენებს მათ უფალი, მათი ღმერთი და მოაბრუნებს ტყვეობიდან.
8 . მესმოდა ლანძღვა მოაბისა და გინება ყამონის ძეთა, ჩემს ხალხს რომ შეურაცხყოფდნენ და ტრაბახობდნენ მათ საზღვრებთან.
9 . ამიტომ, ცოცხალიმც ვარ! - ამბობს ცაბაოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა - სამარადისოდ სოდომს დაემსგავსება მოაბი და გომორას - ამონის ძენი. ჭინჭრიან ადგილს, მარილის ორმოსა და უკაცრიელ მიწას. ჩემი ხალხის ნატამალი გაძარცვავს მათ და დაეპატრონება მათ მიწას.
10 . ამას მიიღებენ ქედმაღლობის წილ, რადგან აგინებდნენ და ქედმაღლობდნენ ცაბაოთ უფლის ხალხზე.
11 . საშინელი იქნება მათთვის უფალი, ვინაიდან მოსპობს ქვეყნის ყველა ღმერთს და ყოველი კუნძული ხალხისა მას სცემს თაყვანს, თითოეული თავისი ადგილიდან.
12 . და თქვენც, ქუშელნო, ჩემი მახვილით განიგმირებით!
13 . გაიწვდენს ხელს ჩრდილოეთზე, გაანადგურებს აშურს, გააცამტვერებს ნინევეს და უდაბნოსავით გააოხრებს.
14 . ყოველგვარი მხეცების ხროვა დაიბუდებს მის შუაგულში; ვარხვი და ზღარბი ღამეს გაათევენ მის ბუღაურებზე, ფრინველთა ხმა გაისმება სარკმელებში, გატიალება იქნება ზღურბლზე, რადგან ჩამოსცვივა კედლებს კედარი.
15 . ეს მოელის მხიარულსა და უდარდელ ქალაქს, გულში რომ ამბობდა: მე ვარ და სხვა არავინ არისო! როგორ გაუდაბურდა და იქცა ცხოველთა სავანედ?! ყოველი გამვლელი მასზე გაიცინებს და ხელს ჩაიქნევს.