ოსია თავი 14

1 . უფლისკენ, შენი ღმერთისკენ მობრუნდი, ისრაელ, რადგან შენი ურჯულოების გამო წაბორძიკდი.

2 . შეისმინეთ სიტყვები და მიუბრუნდით უფალს, უთხარით: მოგვაცილე ჩვენი ურჯულოება და მადლით მიგვიღე; რათა მოზვრებივით მოგიძღვნათ-თქო ჩვენი ბაგეთა ნაყოფი.

3 . აშური ვეღარ გვიხსნის. აღარც ცხენებზე შევსხდებით და აღარც ჩვენს ნახელავს ვუწოდებთ ჩვენს ღმერთს, რადგან შენში ჰპოვებს-თქო წყალობას ობოლი.

4 . განვკურნავ მათი განდგომისგან, შევიყვარებ მათ ჩემი ნებით, რადგან მოექცა მათგან ჩემი რისხვა.

5 . ნამივით ვიქნები ისრაელისთვის, გაიფურჩქნება შროშანივით და ლიბანივით გაიდგამს ფესვებს.

6 . ყლორტებს გამოიყრის და იქნება მშვენიერი ზეთისხილივით და სურნელოვანი ლიბანივით.

7 . დაბრუნდებიან მის ჩრდილში მსხდომნი, ხორბლის მარცვალივით გაცოცხლდებიან და ვაზივით აყვავდებიან. ლიბანის ღვინოსავით გაითქვამენ სახელს.

8 . იტყვის ეფრემი: რაღა მესაქმება კერპებთან? მე ვუპასუხებ და ვიზრუნებ მასზე. ამწვანებული კვიპაროსი ვარ, ჩემში იპოვით ნაყოფს.

9 . ვინც ბრძენია გაიაზრებს ამას, ვინც გონიერია - მიხვდება. ვინაიდან მართებულია გზები უფლისა - მართალნი ივლიან მათზე, მეამბოხენი კი დაეცემიან!