1 . გუნდის ლოტბარს, მოძღვრება კორახის ძეთა. როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადულებისაკენ, ისე მოილტვის ჩემი სული შენსკენ, ღმერთო!
2 . ძლიერი და უკვდავი ღმერთის წყურვილი აქვს ჩემს სულს: როდის მოვალ და ვიხილავ სახეს ღმერთისას.
3 . ჩემი ცრემლები პურად მქონდა დღისით და ღამით, რაკი მეტყოდნენ ყოველდღიურად: სად არის ღმერთი შენი?
4 . ამის გახსენებაზე სული მეღვრება, რადგან ვიდოდი ხალხის გროვაში, მათთან ერთად მივდიოდი უფლის სახლამდე მოზეიმე გუნდის მხიარულებისა და მადლიერების ხმით.
5 . რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას მისი შველისთვის.
6 . ღმერთო ჩემო, დაღვრემილია სული ჩემი: ამიტომ გიხსენიებ იორდანისა და ხერმონის მიწიდან, მიცყარის მთიდან.
7 . უფსკრული უფსკრულს გასძახის შენი სადინარების ხმით; ყველა ტალღამ და ზვირთმა შენმა ჩემზე გადაიარა.
8 . დღისით გამოგზავნის უფალი თავის წყალობას და ღამით ვუგალობებ მას ჩემთან. ჩემი სიცოცხლის ღმერთისადმი ლოცვას აღვავლენ.
9 . ვუთხარი ღმერთს, ჩემს ქომაგს: რად დამივიწყე? რად მაიძულე, რომ ვიარო მტრისაგან შეჭირვებულმა.
10 . ჩემი ძვლების შემუსვრის დროს მლანძღავდნენ ჩემი მტრები, მეუბნებოდნენ ყოველდღე: სად არის ღმერთი შენი?
11 . რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას - ჩემს დამხსნელსა და ჩემს ღმერთს.
1 . სოლომონის შესახებ. ღმერთო! შენი სამართალი მიეცი მეფეს და შენი სიმართლე - მეფის ძეს.
2 . გაასამართლოს შენი ერი სიმართლით და შენი ღატაკნი - სამართლიანად.
3 . მოუტანონ მთებმა მშვიდობა ერს და ბორცვებმა - სიმართლე.
4 . გაასამართლოს ერის ღატაკნი, იხსნას შვილი ღარიბისა და დაჩაგროს მჩაგვრელი.
5 . შენი შიში ექნებათ, ვიდრე მზე და მთვარეა, თაობიდან თაობამდე.
6 . იგი ჩამოვა, როგორც წვიმა მოთიბულ მდელოზე. როგორც წვეთები, მიწას რომ რწყავენ.
7 . მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს.
8 . და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე.
9 . მის წინაშე ქედს მოიდრეკენ უდაბნოს მცხოვრებნი და მისი მტრები მტვერს ალოკავენ.
10 . თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; არაბეთისა და შებას მეფენი ძღვენს მოართმევენ.
11 . და ყველა მეფე თაყვანსა სცემს მას, ყველა ხალხი დაემორჩილება.
12 . რადგანაც იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე.
13 . შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის.
14 . ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში.
15 . იცოცხლებს და მისცემენ მას არაბეთის ოქროს და ილოცავენ მისთვის მუდამ, ყოველდღე აკურთხებენ მას.
16 . იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე. მისი ნაყოფი იბიბინებს, ვითარცა ტყე ლიბანისა; აბიბინდებიან ქალაქებში, როგორც ბალახი დედამიწაზე.
17 . მისი სახელი იქნება უკუნისამდე, ვიდრე მზე არსებობს, იბრწყინებს მისი სახელი, და იკურთხებიან მის მიერ, ყოველი ხალხი შენატრებს მას.
18 . კურთხეულ არს უფალი ღმერთი, ღმერთი ისრაელისა, მარტოდ მოქმედი სასწაულისა.
19 . და კურთხეულ არს სახელი მისი დიდებისა უკუნისამდე, და აივსება მისი დიდებით მთელი ქვეყნიერება. ამინ, ამინ!
20 . დამთავრდა ლოცვანი დავითისა, იესეს ძისა.
1 . და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან, რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.
2 . რადგან დევნა მტერმა ჩემი სული; მიწაზე დაანარცხა ჩემი სიცოცხლე, დამსვა ბნელეთში, დიდი ხნის მკვდრების მსგავსად.
3 . და შეწუხდა ჩემზე სული ჩემი, ჩემს შიგნით დანაღვლიანდა გული ჩემი.
4 . ვიხსენებ ადრინდელ დღეებს, ვფიქრობ ყოველ შენს ნამოქმედარზე, შენი ხელის ნასაქმარზე ვისაუბრებ.
5 . ვიწვდი ხელებს შენსკენ. ჩემს სულს, ვითარცა მიწას გამოფიტულს, მოსწყურდი შენ. სელა.
6 . სწრაფად მიპასუხე, უფალო, სული ჩემი გაილია. ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, თორემ დავემგვანები საფლავში ჩასულებს.
7 . მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, რადგანაც შენით ვიმედოვნებ. მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რაკიღა შენსკენ აღვაპყარ სული ჩემი.
8 . გადამარჩინე მტერთა ჩემთაგან, უფალო. შენთან ვაფარებ თავს.
9 . მასწავლე შესრულება შენი ნებისა, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარ. შენი კეთილი სული წამიძღვეს სიმართლის ქვეყანაში.
10 . შენი სახელის გულისათვის მაცოცხლე, უფალო. შენი სიმართლით გამოიყვანე გაჭირვებიდან ჩემი სული.
11 . და შენი წყალობით მოსპე ჩემი მტრები, და დაღუპე ყოველი მჩაგვრელი ჩემი სულისა, რადგან მე მორჩილი ვარ შენი.
1 . მოდით, დავუბრუნდეთ უფალს. მან დაგვაწყლულა და თავადვე განგვკურნავს, დაგვკრა და ჭრილობებსაც ის შეგვიხვევს.
2 . ორი დღის შემდეგ გაგვაცოცხლებს და მესამე დღეს აღგვადგენს, რათა ვიცოცხლოთ მის წინაშე.
3 . უფალს შევიმეცნებთ, ვისრაფებთ მის შემეცნებას; განთიადივითაა მისი მოსვლა; მოვა, როგორც ადრეული და საგვიანო წვიმა, დაარწყულებს მიწას.
4 . რა გიყო, ეფრემ? რა გიყო, იუდა? თქვენი ღვთისმოსაობა დილის ნისლივითაა, ალიონზე წარმავალი ცვარივით.
5 . ამის გამო ვცემდი მათ წინასწარმეტყველთა ხელით და ვანადგურებდი ჩემი პირის სიტყვებით; შენი განკითხვა სინათლეზე გამოვა.
6 . რადგან წყალობა მსურს და არა მსხვერპლი, ღვთის შემეცნება და არა სრულადდასაწველნი.
7 . მათ კი ადამივით დაარღვიეს აღთქმა და იქ მიღალატეს.
8 . ბოროტმოქმედთა ქალაქია გილყადი, სისხლით გაკვალული.
9 . ყაჩაღებივით არიან ჩასაფრებულნი მღვდლები და ხოცავენ შექემის გზაზე; სამარცხვინო დანაშაულს სჩადიან.
10 . ვიხილე სისაძაგლე ისრაელის სახლში, ეფრემის სიძვით შეიბილწა ისრაელი.
11 . შენც დაგიდგინე მკა, იუდავ, როცა მობრუნდება ტყვეობიდან ჩემი ხალხი.
1 . უფლისკენ, შენი ღმერთისკენ მობრუნდი, ისრაელ, რადგან შენი ურჯულოების გამო წაბორძიკდი.
2 . შეისმინეთ სიტყვები და მიუბრუნდით უფალს, უთხარით: მოგვაცილე ჩვენი ურჯულოება და მადლით მიგვიღე; რათა მოზვრებივით მოგიძღვნათ-თქო ჩვენი ბაგეთა ნაყოფი.
3 . აშური ვეღარ გვიხსნის. აღარც ცხენებზე შევსხდებით და აღარც ჩვენს ნახელავს ვუწოდებთ ჩვენს ღმერთს, რადგან შენში ჰპოვებს-თქო წყალობას ობოლი.
4 . განვკურნავ მათი განდგომისგან, შევიყვარებ მათ ჩემი ნებით, რადგან მოექცა მათგან ჩემი რისხვა.
5 . ნამივით ვიქნები ისრაელისთვის, გაიფურჩქნება შროშანივით და ლიბანივით გაიდგამს ფესვებს.
6 . ყლორტებს გამოიყრის და იქნება მშვენიერი ზეთისხილივით და სურნელოვანი ლიბანივით.
7 . დაბრუნდებიან მის ჩრდილში მსხდომნი, ხორბლის მარცვალივით გაცოცხლდებიან და ვაზივით აყვავდებიან. ლიბანის ღვინოსავით გაითქვამენ სახელს.
8 . იტყვის ეფრემი: რაღა მესაქმება კერპებთან? მე ვუპასუხებ და ვიზრუნებ მასზე. ამწვანებული კვიპაროსი ვარ, ჩემში იპოვით ნაყოფს.
9 . ვინც ბრძენია გაიაზრებს ამას, ვინც გონიერია - მიხვდება. ვინაიდან მართებულია გზები უფლისა - მართალნი ივლიან მათზე, მეამბოხენი კი დაეცემიან!
1 . მოდით ახლა, მდიდრებო, იტირეთ და ივალალეთ იმ უბედურებისთვის, თქვენზე რომ მოდის.
2 . თქვენი სიმდიდრე დალპა, თქვენი სამოსელი კი ჩრჩილმა შეჭამა.
3 . თქვენი ოქრო და ვერცხლი დაჟანგდა. მათი ჟანგი იქნება მოწმედ თქვენს წინააღმდეგ და ცეცხლივით შეჭამს თქვენს ხორცს. მოგროვებული გაქვთ განძი უკანასკნელი დღეებისთვის.
4 . აჰა, ღაღადებს მუშაკთა საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, და ცაბაოთ უფლის ყურამდე აღწევს მომკელთა ღაღადი.
5 . განცხრომას ეძლეოდით ამ ქვეყანაზე და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისთვის დაისუქეთ გულები.
6 . თქვენ დასდეთ მსჯავრი და მოკალით მართალი, ის კი არ შეგეწინააღმდეგათ.
7 . ამიტომ, ძმებო, სულგრძელნი იყავით უფლის მოსვლამდე. აჰა, მიწის მუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, მოთმინებით ელის საადრეო და საგვიანო წვიმის მოსვლას.
8 . თქვენც სულგრძელობა გამოიჩინეთ და გულები გაიმაგრეთ, რადგან მოახლოებულია უფლის მოსვლა.
9 . ნუ ჩივით ერთმანეთზე, ძმებო, რათა არ გასამართლდეთ. აჰა, მოსამართლე კარზეა მომდგარი.
10 . ჩემო ძმებო, ტანჯვისა და სულგრძელობის მაგალითად გყავდეთ წინასწარმეტყველები, რომლებიც უფლის სახელით ლაპარაკობდნენ.
11 . აჰა, ჩვენ შევნატრით მათ, რომლებმაც დაითმინეს. იობის მოთმინება გაგიგონიათ და უფლისმიერი ბოლო გინახავთ, რადგან შემბრალე და თანამგრძნობია უფალი.
12 . პირველ რიგში, ჩემო ძმებო, ნუ დაიფიცებთ ნურც ზეცას და ნურც დედამიწას, ნურც სხვა რაიმე საფიცარს. თქვენი ჰო - ჰო იყოს და არა - არა, რათა სამსჯავროში არ მოხვდეთ.
13 . იტანჯება რომელიმე თქვენგანი? ილოცოს. ხარობს? იგალობოს.
14 . არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი, ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ უფლის სახელით.
15 . და რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამ ცოდვა ჩაუდენია, მიეტევება.
16 . აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის გაძლიერებულ ლოცვას.
17 . ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა და არ უწვიმია ქვეყნად სამ წელსა და ექვს თვეს.
18 . კვლავ ილოცა და მისცა ცამ წვიმა, და მიწამაც აღმოაცენა თავისი ნაყოფი.
19 . ჩემო ძმებო, თუ ერთი თქვენგანი გადაუხვევს ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას,
20 . იცოდეთ, რომ ცოდვილის ცდომილების გზიდან მომქცევი სიკვდილისგან იხსნის მის სულს და მრავალ ცოდვას დაფარავს.