2თესალონიკელთა თავი 3

1 . და ბოლოს, ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის, რათა გავრცელდეს და განდიდდეს უფლის სიტყვა, როგორც თქვენ შორისაა,

2 . რათა გადავურჩეთ უწესო და ბოროტ ადამიანებს, ვინაიდან ყველას როდი აქვს რწმენა.

3 . მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისგან.

4 . ჩვენ კი დარწმუნებულნი ვართ უფალში თქვენ გამო, რომ ასრულებთ და კვლავაც შეასრულებთ, რაც გამცნეთ.

5 . დაე, უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულსა და ქრისტეს მოთმინებაში.

6 . ჩვენ კი გამცნებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც უწესოდ იქცევა და არა იმ გადმოცემისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეთ.

7 . რადგან თვითონაც იცით, როგორ უნდა გვბაძავდეთ, ვინაიდან უწესონი არ ვყოფილვართ თქვენ შორის.

8 . მუქთად არავის პური გვიჭამია, არამედ დღედაღამ შრომა-გარჯაში ვიყავით, რომ რომელიმე თქვენგანს ტვირთად არ დაგწოლოდით.

9 . არა იმიტომ, რომ ძალაუფლება არ გაგვაჩნია, არამედ რათა მისაბაძ ნიმუშად მოგვეცა ჩვენი თავი.

10 . როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, ამას გამცნებდით: "ვისაც შრომა არ სურს, ნურც შეჭამს”,

11 . რადგან გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს და ფუჭად ფაციფუცობს.

12 . ასეთებს ვამცნებთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მშვიდი შრომით ჭამონ პური.

13 . თქვენ კი, ძმებო, ნუ მოგწყინდებათ სიკეთის ქმნა.

14 . ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ჩვენი წერილის დარიგებას, შენიშნული გყავდეთ და ნუ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს.

15 . ოღონდ მტრად ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ.

16 . თავად მშვიდობის უფალმა მოგცეთ თქვენ მშვიდობა ყოველთვის და ყოველმხრივ. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.

17 . მოკითხვა პავლესაგან, ჩემი საკუთარი ხელით, რაც ყველა ჩემი წერილის ნიშანია: მე ასე ვწერ.

18 . ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან, ამინ!