3 ეზრა 8
- 1
მიპასუხა და თქვა: უზენაესმა ეს წუთისოფელი მრავალთა გულისთვის შექმნა, მომავალი კი - მცირედთა გულისთვის.
- 2
ერთ იგავს გეტყვი, ეზრა: თუ შეეკითხები მიწას, გეტყვის, რომ უამრავი თიხაა მიწაში ჭურჭლის საკეთებლად, მაგრამ მცირედზე მცირეა მტვერი, საიდანაც ოქრო გამოდის. ასეთია ჩვენი წუთისოფლის საქმეც.
- 3
ბევრია შექმნილი, მაგრამ მცირედნი გადარჩებიან.
- 4
ვუპასუხე და ვთქვი: შეისრუტე, სულო, აზრი და შთანთქე, რაც საცოდნელია.
- 5
მორჩილი უნდა იყო წინასწარმეტყველების მსურველი. სხვა ასპარეზი არ არის მოცემული შენთვის, გარდა ერთი ცხოვრებისა.
- 6
მიეცი, უფალო, ნება შენს მორჩილთ, რომ ილოცონ შენ წინაშე, ჩაგვიდევი გულში თესლი და გაგვიღივე რომ გამოიღოს ნაყოფი, რომლის წყალობითაც უნდა იცოცხლოს ყოველმა მოკვდავმა, ვინც ადამიანის ხატს ატარებს.
- 7
შენ ხომ ერთადერთი ხარ და ჩვენც შენს ხელთა ერთი ქმნილება ვართ, როგორც ნათქვამი გაქვს.
- 8
დედის საშოში ისახება სხეული და შენ ანიჭებ მას ნაკვთებს; ინახება ცეცხლსა და წყალში შენი შექმნილი და ცხრა თვეს უძლებს შენივე გამოსახული საშო შენს ქმნილებას, რომელიც მასში შეიქმნა.
- 9
თავად ის, რაც ინახავს, და ისიც, რაც ინახება, ორივენი შენახული იქნება; ხოლო შენახულს ოდესმე ხელახლა მიიღებს საშო, ყველაფერს, რაც მასში აღორძინდა.
- 10
შენ ბრძანე, რომ თავად სხეულის ნაკვთთაგან, ანუ ძუძუთაგან, მოგვეცეს, რძე ძუძუთა ნაყოფი.
- 11
რათა იკვებებოდეს ერთხანს, რაც გამოსახულია, შემდეგ კი შენს გულმოწყალებას მიანდობ მას.
- 12
შენ აღზარდე იგი შენი სამართლით, მოძღვრავდი მას შენი რჯულით და არცხვენდი შენი სიბრძნით.
- 13
შენ მოაკვდინებ მას, რადგან შენი ქმნილებაა, და შენ გააცოცხლებ მას, რადგან შენია.
- 14
თუკი დაღუპავ ამდენი შრომით გამოსახულს, ადვილი იქნებოდა შენი ბრძანებითვე გადარჩენილიყო შენი ქმნილება.
- 15
ახლა კი ვიტყვი, უფალო, მთელ კაცთა მოდგმაზე, რომელიც შენ უკეთ უწყი, შენს ხალხზე, რომლის გამო ვიტანჯები.
- 16
შენს წილხვედრილზე, რომელსაც ვგლოვობ, ისრაელზე, რომლის გამო შეჭირვებული ვარ, იაკობზე, რომლის გამო ვიტანჯები;
- 17
ამიტომ ვიწყებ ლოცვას შენს წინაშე ჩემთვის და მათთვის, რადგან ვხედავ ცოდვებს ჩვენსას, ვინც მიწაზე ვსახლობთ.
- 18
მაგრამ გავიგე სიჩქარე მსაჯულისა, რომელიც მოდის.
- 19
ამიტომ ისმინე ჩემი ხმა და გაიგე ჩემი სიტყვა, და ვილაპარაკებ შენს წინაშე.
- 20
ეზრას სიტყვათა დასაწყისი, ვიდრე წაიყვანდნენ. ვთქვი: უფალო, რომელიც მკვიდრობ საუკუნოდ, რომლის თვალები მაღლისკენაა მიმართული,
- 21
რომლის ტახტიც ფასდაუდებელია და დიდება მიუწვდომელი, ვისაც ანგელოზთა ლაშქარი ახლავს ზარდამცემი,
- 22
და ქარისა და ცეცხლის სახით ემსახურება, რომლის სიტყვა ჭეშმარიტია და ნათქვამი გარდაუვალი,
- 23
რომლის ბრძანება მტკიცეა და განკარგულება საშინელი, რომლის მზერა უფსკრულებს აშრობს და რისხვა მთებს ადნობს, და რომლის ჭეშმარიტება დამოწმებულია.
- 24
ისმინე ლოცვა შენი მორჩილისა და ყურადიღე ვედრება შენი ქმნილებისა.
- 25
ვიდრე ცოცხალი ვარ, ვილაპარაკებ, და ვიდრე გაგების უნარი შემრჩენია, გიპასუხებ.
- 26
ნუ შეხედავ შენი ხალხის შეცოდებებს, არამედ იმათ მოხედე, ვინც ჭეშმარიტებით გემსახურებოდა.
- 27
ნუ უყურებ ხალხთა უღვთო საქციელს, არამედ იმათ უყურე, ვინც ტანჯვა-წამებით იცავდნენ შენს აღთქმებს.
- 28
ნუ ფიქრობ მათზე, ვინც უკუღმართად იქცეოდა შენს თვალწინ, არამედ ისინი გახსოვდეს, ვინც ნებით აღიარეს შენი შიში.
- 29
ნუ მოისურვებ იმათ დაღუპვას, ვისაც პირუტყვის ზნე სჭირდათ; არამედ მოხედე იმათ, ვინც შენი დიდებული რჯული შეისწავლა.
- 30
ნუ აღგაშფოთებს ისინი, ვინც მხეცებზე უარესად ჩანან, არამედ ისინი შეიყვარე, ვისაც მუდამ სწამს შენი სამართალი და შენი დიდება.
- 31
რადგან ჩვენცა და ჩვენი მამა-პაპაც ამგვარი სენით ვართ დაუძლურებულნი; შენ კი ჩვენ ცოდვილთა გამო გულმოწყალედ იწოდები.
- 32
თუ შენ მოისურვე ჩვენი შეწყალება, ვისაც სამართლიანი საქმეები არ ჩაგვიდენია, მაშინ გულმოწყალედ მოიხსენები.
- 33
რადგან მართალნი, რომელთაც მრავალი საქმე აქვთ ჩადენილი, საკუთარ საქმეთათვის მიიღებენ საზღაურს.
- 34
მაგრამ რა არის კაცი, რომ აღშფოთდე მასზე? ან ხრწნადი მოდგმა, რომ ესოდენ გამწარდე მისგან?
- 35
სინამდვილეში არავინაა შობილთაგან ისეთი, ვინც უკეთურად არ მოქცეულიყოს, მორწმუნეთაგან ისეთი, ვისაც არ შეეცოდოს.
- 36
ამით გაცხადდება შენი სამართალი და შენი სიკეთე, უფალო, თუ მოწყალე იქნები მათ მიმართ, რომელთაც არა აქვთ კეთილ საქმეთა მარაგი.
- 37
მიპასუხა და თქვა: სწორად ამბობ ზოგ რამეს და შენი სიტყვები გამართლდება კიდეც.
- 38
რადგან ნამდვილად არ ვიფიქრებ იმათ ნასახზე, რომელთაც შესცოდეს სიკვდილამდე, სამსჯავრომდე, დაღუპვამდე;
- 39
არამედ გავიხარებ მართალთა შექმნით და გავიხსენებ მათ მწირობასაც, მათ ხსნას და საზღაურს.
- 40
როგორც ვთქვი, ისე იქნება.
- 41
როგორც მიწისმუშაკი თესავს თესლს მრავლად მიწაზე და აშენებს უამრავ ნარგავებს, მაგრამ რაც დათესილია, ყველა როდი გადარჩება, და რაც დარგულია, ყველა როდი მოიკიდებს ფესვს; ასევე ისინი, ვინც ამ წუთისოფელში არიან დათესილნი, ყველანი როდი გადარჩებიან.
- 42
ვუპასუხე და ვთქვი: თუ ვპოვე მადლი, ვილაპარაკებ.
- 43
როგორც მიწისმუშაკის დათესილი თესლი იღუპება, თუ არ აღმოცენდა, ან თუ დროულად არ მიიღო წვიმა, ან თუ ბევრი წვიმისაგან დალპა,
- 44
ასევეა ადამიანიც, რომელიც შენი ხელით არის გამოსახული და შენს ხატად იწოდება, რადგან შენი მსგავსია იგი, ვისთვისაც შექმენი ყოველივე და მიწისმუშაკის თესლს მიამსგავსე.
- 45
ნუ განრისხდები ჩვენზე, არამედ დაინდე შენი ხალხი და შეიწყალე შენი მემკვიდრეობა; რადგან შენი ქმნილებების შემწყალე ხარ.
- 46
მიპასუხა და თქვა: ყველაფერი, რაც აწმყოშია, აწმყოთათვის არის, და რაც მყოფადშია, მყოფადთათვის არის.
- 47
რადგან ბევრი რამ გაკლია იმისათვის, რომ ჩემზე მეტად შეიყვარო ჩემი ქმნილება; მე ხშირად მოვსულვარ ახლოს შენთან, უსამართლოებთან კი - არასდროს.
- 48
მაგრამ ამითაც საოცარი ხარ უზენაესის წინაშე,
- 49
რადგან დაიმდაბლე თავი, როგორც შეგეფერება, და არ მოითხოვე, მართალთა შორის მეტად განდიდებულიყავი.
- 50
რადგან ბევრი მწუხარება შეხვდებათ წუთისოფლის მკვიდრთ უკანასკნელ დროს იმის გამო, რომ მეტისმეტად ამპარტავნულად დადიოდნენ.
- 51
შენ კი შენს თავზე იფიქრე და შენს მსგავსთათვის ეძებე დიდება.
- 52
თქვენთვის ღიაა სამოთხის კარი, დარგულია სიცოცხლის ხე, გამზადებულია მომავალი ჟამი, გამზადებულია სიუხვე, აგებულია ქალაქი, მონიჭებულია შვება, სრულქმნილია სიკეთე და სრულქმნილია სიბრძნე.
- 53
ბოროტების ძირი დაბეჭდილია თქვენთვის, სენი და მატლი დაფარულია თქვენგან და ხრწნილება ქვესკნელში გადაიხვეწა დასავიწყებლად.
- 54
გაივლის სატანჯველი და ბოლოს გამოჩნდება უკვდავების საუნჯე.
- 55
ამიტომ ნუღარაფერს მკითხავ იმათ სიმრავლეზე, ვინც იღუპებიან,
- 56
რადგან მათაც მიიღეს თავისუფლება, მაგრამ მოიძულეს უზენაესი, არად ჩააგდეს მისი რჯული და მისი გზები მიატოვეს.
- 57
აქამდე ფეხით თელავენ მის მართალ ხალხს
- 58
და ამბობენ გულში: არ არსებობსო ღმერთი, თუმცა იცოდნენ, რომ მოკვდებოდნენ.
- 59
როგორც თქვენ მოგელით ის, რაც წინასწარ ითქვა, ასევე გამზადებულია მათთვის წყურვილი და წამება. უზენაესს არ სურს ადამიანის განადგურება,
- 60
მაგრამ თავად მისმა ქმნილებებმა წაბილწეს თავიანთი შემოქმედის სახელი, უმადურად მოექცნენ მას, ვინც სცოცხლე განამზადა მათთვის.
- 61
ამიტომაც ახლოვდება ჩემი სამსჯავრო.
- 62
არ გამიმჟღავნებია ეს ბევრისათვის, მხოლოდ შენ გაგიმჟღავნე და მცირეოდენთ, შენნაირებს. ვუპასუხე და ვთქვი;
- 63
აჰა, გამიმჟღავნე ახლა, უფალო, იმის ნიშნები, რის ქმნასაც აპირებ უკანასკნელ ჟამს, ოღონდ არ გამიმჟღავნო, როდის.