3 ეზრა 7
- 1
ამ სიტყვების თქმა რომ დავასრულე, მომევლინა მე ანგელოზი, რომელიც წინა ღამეებში მევლინებოდა.
- 2
მითხრა: ადექი, ეზრა, და ისმინე სიტყვები, რომელთა სათქმელადაც მოვედი შენთან.
- 3
ვთქვი: ბრძანე, ჩემო ღმერთო. მითხრა: ზღვა გაშლილ ადგილზე მდებარეობს, რათა ღრმა იყოს და განუზომელი.
- 4
მაგრამ შესასვლელი მისი ვიწრო ადგილასაა მოთავსებული, მდინარის მსგავსია.
- 5
თუ სურს ვინმეს შეაღწიოს ზღვაში და იხილოს, ან დაიმორჩილოს იგი, ვიწროში თუ არ გაიარა, ფართო წყლებში გასვლას როგორ შეძლებს?
- 6
ასევე სხვაც: აშენებულია ქალაქი, დაბლობ ადგილას მდებარეობს იგი, და ყოველგვარი სიკეთით არის აღსავსე.
- 7
მაგრამ მისადგომი მისი ვიწროა და ციცაბოზე მდებარეობს, რათა მარჯვნივ ცეცხლი იყოს, მარცხნივ კი ღრმა წყალი.
- 8
მათ შორის ერთადერთი ბილიკი გადის, ცეცხლსა და წყალს შორის, და ერთი კაცის ტერფს თუ დაიტევს.
- 9
როგორ მიიღოს კაცმა სამემკვიდრეოდ მიცემული ქალაქი, თუ წინდაგებულ ხიფათს არ გაივლის?
- 10
ვთქვი: ასეა, უფალო. მითხრა: ასეა ისრაელის წილიც.
- 11
რადგან მათთვის შევქმენი წუთისოფელი, და როცა ადამი განუდგა ჩემს მცნებებს, მსჯავრი დაედო მას, რაც შეიქმნა.
- 12
დავიწროვდა ამ წუთისოფლის შესასვლელები, შეიქნა გამტანჯველი და სამძიმო, ბოროტებითა და ფათერაკებით სავსე და დიდ ჯაფას მოითხოვს.
- 13
მაგრამ უფრო დიდი წუთისოფლის შესასვლელები ფართოა და უხიფათო, და უკვდავების ნაყოფის გამომღებია.
- 14
ამიტომ, თუ ცოცხლები არ გაივლიან ამ ვიწროებს, ვერ მიიღებენ იმას, რაც დაცულია მათთვის.
- 15
ახლა რისთვის შფოთავ, ხრწნადი რომ ხარ? და რად გაწუხებს, მოკვდავი რომ ხარ?
- 16
რატომ არ გულისხმაყოფ მომავალს, არამედ მხოლოდ იმას, რაც აწმყოშია?
- 17
ვუპასუხე და ვთქვი: მბრძანებელო, უფალო, აჰა, შენ დაადგინე შენი რჯულით, რომ ამას ყველაფერს მართალნი დაიმკვიდრებენ, უკეთურნი კი დაიღუპებიან.
- 18
რადგან მართალნი დაითმენენ ვიწროებს ფართოს იმედით; ხოლო ვინც უკეთურებას სჩადის, თუმცა ვიწროებს კი გაივლის, მაგრამ ფართოს მაინც ვერ იხილავს.
- 19
მითხრა: არ არსებობს მსაჯული ღმერთზე აღმატებული, არც ბრძენი, უზენაესზე აღმატებული.
- 20
დაიღუპებიან აწმყონი მრავალნი, რადგან უგულებელყოფილია მათ წინ დადებული ღვთის რჯული.
- 21
რადგან ასწავლა ღმერთმა მომსვლელთ, როცა მოვიდნენ, რისი კეთებაც მართებთ მათ, რათა ეცოცხლათ, და რისი დაცვა, რათა არ დასჯილიყვნენ.
- 22
მაგრამ არ დამორჩილდნენ ისინი, შეეწინააღმდეგნენ მას და თავისი ჭკუით დაადინეს ჭეშმარიტება.
- 23
მოიგონეს თავისთვის ტყუილები, არარსებულად გამოაცხადეს უზენაესი და არ სცნეს მისი გზები,
- 24
შეიძულეს მისი რჯული და უარყვეს მისი აღთქმანი, არ ირწმუნეს მისი რჯულდებები და არ ასრულებდნენ მის საქმეებს.
- 25
ამის გამო, ეზრა, ცარიელი ცარიელთათვის არის და სავსე - სავსეთათვის.
- 26
აჰა, დადგება ჟამი და მოვა ნიშნები, მე რომ წინასწარ გაუწყე: გამოჩნდება სძალი და მისი გამოჩენისას გამოცხადდება, რაც მიწით არის დაფარული.
- 27
და ყველა, ვინც თავს დააღწევს წინასწართქმულ ბოროტებებს, თავად იხლავს ჩემს სასწაულებს.
- 28
გამოცხადდება ჩემი ძე იესო იმათთან ერთად, ვინც მასთან არიან, და გაიხარებენ, ვინც გადარჩება, ოთხასი წელი.
- 29
გავა ეს წლები და მოკვდება ჩემი ძე ქრისტე და ყველა სუნთქვის მქონებელი ადამიანი.
- 30
და მიიქცევა წუთისოფელი დასაბამიერ დუმილად შვიდი დღე, როგორც ძველთაგანვე იყო დადგენილი, ისე რომ, აღარავინ დარჩება.
- 31
შვიდი დღის შემდეგ აღდგება წუთისოფელი, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი, და დაიღუპება, რაც ხრწნადია.
- 32
მიწა გასცემს, რასაც სძინავს მასში, და მტვერს, რომელიც მდუმარედ ასვენია მასში, და საცავნიც გასცემენ მათთვის მინდობილ სულებს.
- 33
გამოცხადდება უზენაესი სამსჯავრიას ტახტზე და გაიფანტება ცოდო-ბრალნი და სულგრძელობა შენივთდება.
- 34
დარჩება ერთადერთი სამსჯავრო, დამყარდება ჭეშმარიტება და განმტკიცდება რწმენა.
- 35
გაჰყვება მას საქმე და გამოჩნდება საზღაური, იფხიზლებს სამართალი და ვეღარ იმძლავრებს უსამართლობა.
- 36
ვთქვი: პირველმა აბრაამმა ილოცა სოდომელებისათვის, მერე მოსემ ჩვენი მამა-პაპისთვის, რომლებმაც უდაბნოში შესცოდეს;
- 37
მის მერე - ისრაელისთვის იმათ, ვინც იყვნენ ახაზისა და სამუელის ხანაში;
- 38
დავითმა განადგურების გამო, სოლომონმა კი მათთვის, ვინც ტაძრის საკურთხებლად მოვიდნენ;
- 39
ელიამ მათთვის, ვინც წვიმა მიიღო, და მკვდრისთვის, რათა ეცოცხლა;
- 40
ეზეკიამ ხალხისთვის სანქერიბის დღეებში და მრავალმა მრავალთათვის.
- 41
თუ მაშინ, როცა მომძლავრებული იყო ხრწნადი და უსამართლოებანი მომრავლებული, ილოცეს მართლებმა უკეთურთათვის, ახლაც რატომ არ უნდა იყოს ასე?
- 42
მიპასუხა და თქვა: ამჟამინდელი წუთისოფელი არ არის ბოლო, დიდება იშვიათია მასში; ამიტომ ლოცულობდნენ უძლურთათვის.
- 43
განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი.
- 44
მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება.
- 45
მაშინ კი ვეღარავინ შესძლებს დასაღუპავის გადარჩენას, და არც გამარჯვებული გაიწირება. ვუპასუხე
- 46
და ვთქვი: ეს არის ჩემი სიტყვა - პირველი და უკანასკნელი: სჯობდა არ მიგეცა მიწა ადამისთვის, და თუ აძლევდი, ცოდვისგანაც დაგებრკოლებინა.
- 47
რას არგებს ადამიანს მწუხარებაში ცხოვრება, თუ სიკვდილს შემდეგ სასჯელს მოელის?
- 48
ვაი, რა ჩაიდინე, ადამ! შენ შესცოდე, მაგრამ მხოლოდ შენი კი არ არის ეს ცოდვა, არამედ ჩვენიც არის, ვინც შენგან გამოვდივართ. =2.15.10.
- 49
რას გვარგებს ჩვენ აღთქმული უკვდავება, როცა მოკვდავ საქმეებს ვაკეთებთ?
- 50
რადგან მარადიული იმედია აღთქმული ჩვენთვის, ჩვენ კი, საცოდავნი ამაოებაში ვართ.
- 51
რადგან ცხოველმყოფელი და უზრუნველი სამკვიდრებელია ჩვენთვის შემონახული, ჩვენ კი ბოროტებისკენ ვართ მიქცეულნი.
- 52
რადგან უზენაესის დიდებაა შემონახული, ძნელად მიქცეულთა გადასარჩენად, ჩვენ კი უკეთური გზებით დავდივართ.
- 53
რადგან გვეცხადება სამოთხე, რომლის ნაყოფი უხრწნელად ინახება, სადაც სიმრთელე და კურნება სუფევს,
- 54
ჩვენ კი არ შევდივართ იქ, არამედ უამური ადგილებისკენ ვართ მიქცეულნი.
- 55
რადგან ვარსკვლავებზე მეტად ბრწყინავენ მათი სახეები, ვინც თავშეკავებულ ცხოვრებას მისდევდა, ჩვენი სახეები კი წყვდიადზე უშავესია.
- 56
არ ვფიქრობთ ცოცხლები, როცა უსამართლობას ჩავდივართ, რა განსაცდელი მოგველის სიკვდილის შემდეგ.
- 57
მიპასუხა და თქვა: ეს არის ფიქრი ბრძოლაზე, რომელიც უნდა გამართთას ყოველმა ადამიანმა, ამქვეყნად შობილმა.
- 58
თუ დამარცხდა, ისე დაიტანჯება, როგორც შენ თქვი; თუ გაიმარჯვა, იმას მოიხვეჭს, რასაც მე გეუბნები.
- 59
რადგან ეს არის სიცოცხლე, რაც მოსემ ასწავლა ხალხს; ვიდრე ცოცხალი იყო, ეუბნებოდა: აირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო.
- 60
მაგრამ არც მას დაუჯერეს და არც მის მერე მოვლენილ წინასწარმეტყველთ; არც მე, რომელიც ველაპარაკე მათ.
- 61
რადგან არ იქნება მწუხარება მათი დაღუპვის გამო, სიხარული კი იქნება მათ გამო, რომელთაც გაინაღდეს ხსნა.
- 62
ვუპასუხე და ვთქვი: ვიცი, უფალო, რადგან გულმოწყალე ეწოდება უზენაესს იმისთვის, რომ შეწყალებული ჰყავს ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ შემოსულან ამ წუთისოფელში.
- 63
და რომ შეიწყალა ისინი, ვინც მოიქცა მისი რჯულისკენ.
- 64
რომ დიდსულოვანია, რადგან დიდსულოვნებას იჩენს ცოდვილისადმი, როგორც თავისი ქმნილებისადმი.
- 65
რომ უხვია იგი, რადგან გასცემს, როცა ითხოვენ.
- 66
რომ სავსეა გულმოწყალებით, რადგან უხვად იჩენს გულმოწყალებას მათ მიმართ, ვინც არიან, ვინც იყვნენ წინათ და ვინც მომავალში იქნებიან.
- 67
თუ არ გამოაჩინა უხვად თავისი გულმოწყალება, სიცოცხლე მოესწრაფება წუთისოფელს და მის მკვიდრთ.
- 68
რომ გასცემს იგი, რადგან რომ არ გასცემდეს იგი თავისი სიკეთით, რათა ცოდვები შეუმსუბუქოს ცოდვილთ, ადამიანთა მეათიათასედიც კი ვერ იცოცხლებდა თავიანთი ცოდვების გამო.
- 69
რომ მსაჯულია იგი და თუ არ მიუტევა მათ, ვინც მისი სიტყვით არიან შექმნილნი, და თუ არ წარხოცა მათი ცოდვების სიმრავლე, უმცირესი ნატამალი თუ გადარჩებოდა ადამიანთა აურაცხელი სიმრავლიდან.