3 ეზრა 6
- 1
მითხრა: დედამიწის დასაბამიდან, ვიდრე აღიმართებოდა სამყაროს კარიბჭენი, ვიდრე ერთიანად იქროლებდნენ ქარები,
- 2
ვიდრე გაისმებოდა ქუხილის ხმები, ვიდრე აკაშკაშდებოდა ელვა, ვიდრე გამყარდებოდა სამოთხის საფუძველნი,
- 3
ვიდრე გამოჩნდებოდა ყვავილთა მშვენება, ვიდრე შეწყდებოდა ძალთა ძვრანი, ვიდრე თავს მოიყრიდა ანგელოზთა უთვალავი ლაშქარი,
- 4
ვიდრე აიზიდებოდა ჰაერის სიმაღლე, ვიდრე სახელი დაერქმეოდა ცამყართა საზომებს, ვიდრე გაჩაღდებოდა სიონში კერები,
- 5
ვიდრე აღირაცხებოდა არსებული წლები, ვიდრე გაუცხოვდებოდა იმათი გამონაგონნი, ვინც ახლა სცოდავს, ვიდრე დაიბეჭდებოდნენ რწმენის დამცველნი,
- 6
მაშინ ჩავიფიქრე და შეიქმნენ ჩემს მიერ, არა სხვის მიერ და ბოლოც ჩემს მიერ, არა სხვის მიერ.
- 7
ვიკითხე და ვთქვი: რა იქნება დროთა გამიჯვნა? ან როდის დადგება წინანდელის ბოლო და მომდევნოს დასაწყისი?
- 8
მითხრა: აბრაამიდან ისაკამდე, როცა იშვნენ მისგან იაკობი და ესავი, დასაბამითვე იაკობის ხელს ეჭირა ესავის ქუსლი.
- 9
ამიტომ ამ წუთისოფლის ბოლოა ესავი, ხოლო იაკობი - მომდევნოს დასაბამი.
- 10
რადგან ადამიანის დასაბამი მისი ხელია, ადამიანის ბოლო კი მისი ქუსლი. სხვას ნურაფერს ეძიებ, ეზრა.
- 11
ვუპასუხე და ვთქვი: მბრძანებელო უფალო, თუკი მადლი ვპოვე შენს თვალში,
- 12
გევედრები, უჩვენო შენს მორჩილს იმ შენი ნიშნების ბოლო, რომელთა ნაწილიც გუშინ ღამით განმიცხადე.
- 13
მიპასუხა და მითხრა: დადექი ფეხზე და ისმინე გრგვინვით აღსავსე ხმა,
- 14
და იქნება ძვრასავით, ჩემგან შეირყევა ადგილი, სადაც დგახარ.
- 15
ვიდრე ხმა ლაპარაკობს, ნუ გეშინია, რადგან დასასრულზეა სიტყვა და მიწის საფუძველი იგულისხმება.
- 16
რადგან ამათ შესახებ არის ლაპარაკი, მიწაც შეირყევა და შეიძვრის; რადგან იცის, რომ უნდა შეიცვალოს მათი ბოლო.
- 17
როცა ეს გავიგონე, ფეხზე დავდექი და მომესმა: ხმა ლაპარაკობს და წყალდიდობასავით ისმის მისი ხმაური.
- 18
თქვა: აჰა, მოდის დღეები და როცა დავიწყებ მოახლოებას, რომ მოვიხილო მიწის მკვიდრნი,
- 19
როცა მიავკითხავ მათ, ვისაც უსამართლობით ბოროტება მოაქვს, როცა ზღვარს გადავა სიონის სიმდაბლე.
- 20
როგორც კი აღიბეჭდება წუთისოფელი, განსვლად გამზადებული, ამ ნიშნებს მოგივლენთ: გადაიშლება წიგნები ცამყარის წინაშე და ყველანი ერთად იხილავენ ამას.
- 21
ერთი წლის ჩვილები თავიანთი ხმით ამეტყველდებიან და ფეხმძიმენი გააჩენენ უდღეურ შვილებს სამ და ოთხ თვეზე, ცოცხლები დარჩებიან და გაიზრდებიან.
- 22
დათესილი ადგილები უეცრად დაუთესავად გამოჩნდება და სავსე საცავები უეცრად ცარიელები აღმოჩნდებიან.
- 23
ხმამაღლა ახმიანდება საყვირი და, ვინც კი გაიგონებს, ყველა შეძრწუნდება.
- 24
ისე მოხდება იმხანად, რომ მტრებივით წაეკიდებიან ერთმანეთს მეგობრები და შეძრწუნდება ამის გამო მიწა; და წყაროთა ნაკადულები დადგება და სამ საათსაც არ იდენს წყალი.
- 25
ყველა, ვინც გადაურჩება ამ ამბებს, რაც გიწინასწარმეტყველე, თავად იხსნის თავს და იხილავს ხსნას ჩემგნით და თქვენი წუთისოფლის აღსასრულს.
- 26
იხილავენ გადარჩენილნი, რომელთაც შობითგან არ უგემიათ სიკვდილი, შეიცვლება მიწის მკვიდრთა გული და გუნება მათი გარდაიქმნება.
- 27
წარიხოცება ბოროტება და აღიგვება სიცრუე.
- 28
რწმენა კი აყვავდება და დაიძლევა ხრწნილება, გამოცხადდება ჭეშმარიტება, რომელიც უნაყოფოდ იყო ამდენი ხანი.
- 29
როცა მელაპარაკებოდა, აჰა, ვიგრძენი, რომ თანდათან რყევა დაიწყო მიწამ, სადაც ვიდექი.
- 30
მითხრა: მოვედი, რათა გიჩვენო ამაღამდელი ჟამი.
- 31
ხოლო თუ კვლავ ილოცებ და კვლავ შვიდ დღეს იმარხულებ, კვლავ გაუწყებ იმაზე მეტს, რაც გაუწყე იმ დღეს, როცა მოგისმინე.
- 32
შეწყნარებულ იქნა შენი ხმა უზენაესის წინაშე. იხილა ძლიერმა შენი სიწრფელე და განჭვრიტა შენი სათნოება, სიყმაწვილიდანვე რომ გჩვეოდა.
- 33
ამიტომ მომავლინა, რათა მეჩვენებინა შენთვის ეს ყველაფერი და მეთქვა: ირწმუნე და ნურაფრის გეშინია,
- 34
ნუ აჩქარდები პირველ ჟამთა ფუჭ საფიქრალზე, ნურც უკანასკნელ ჟამთა შეცნირას ნუ ესწრაფი.
- 35
ამის შემდეგ იყო, რომ კვლავ ტირილში და მარხვაში გავატარე შვიდი დღე, რათა შემესრულებინა სამი შვიდეული, როგორც მმართებდა.
- 36
მერვე ღამეს იყო, რომ კვლავ ამიფორიაქდა გული მკერდში და დავიწყე ლაპარაკი უზენაესის წინაშე.
- 37
რადგან სულზე ცეცხლი მეკიდა და ვიტანჯებოდი.
- 38
ვთქვი: უფალო, როცა ამეტყველდი შესაქმის დასაბამიდან, პირველ დღეს წარმოთქვი: იყოს ცა და მიწა, და აღასრულა საქმე შენმა სიტყვამ,
- 39
იყო მაშინ სული და ირგვლივ წყვდიადი და დუმილი იდგა, ადამიანის ხმის ბგერა ჯერ არ იყო შენგნით,
- 40
მაშინ შენ ბრძანე, გამოტევებულიყო შენი საგანძურიდან ნათელი შენთა საქმეთა გამოსაჩენად.
- 41
მეორე დღეს შექმენი ცამყარის სული და უბრძანე მას, გაეყარა და დაენაწილებინა წყლები, რათა ნაწილი მათი ზემოთ ასულიყო, ნაწილი კი ქვევით დარჩენილიყო.
- 42
მესამე დღეს უბრძანე წყლებს შეგროვილიყვნენ დედამიწის მეშვიდედ ნაწილში, ექვსი ნაწილი კი დააშრე და შემოინახე რომ აქედან აღსრულებულიყო შენს წინაშე ღვთისგან დათესილი და ზრუნვილი მსახურება.
- 43
გამოვიდა შენი სიტყვა და უმალ საქმედ იქცა.
- 44
უეცრად გაჩნდა უთვალავი და ყოველგვარი გემოს ნაყოფი, ფერუცვლელი და უცხო სურნელების ყვავილები. მესამე დღეს შეიქმნა ეს ყოველივე.
- 45
მეოთხე დღეს ბრძანე, შექმნილიყო მზის ბრწყინვალება, მთვარის ნათელი და ვარსკვლავთა წყობა.
- 46
უბრძანე მათ, ემსახურათ ადამიანისთვის, რომელიც მომავალში უნდა გამოსახულიყო.
- 47
მეხუთე დღეს უბრძანე მეშვიდე ნაწილს, სადაც წყლები იყო დაგროვებული, წარმოექმნა ცხოველები, ფრინველვბი და თევზები, და იქმნა ასე.
- 48
და წყალიც, უტყვი და უსულო, ღვთის ნების მორჩილი, ქმნიდა ცხოველებს, რათა ამით გაეცხადებინათ შენი სასწაულები ხალხებისთვის.
- 49
მაშინ შენ შემოინახე ორი არსება - ერთს სახელად უწოდე ჰენოქი, ხოლო მეორეს უწოდე სახელად ლევიათანი.
- 50
გამოაცალკევე ისინი ერთურთისგან, რადგან ვერ შეძლებდა მეშვიდე ნაწილი, სადაც წყლები იყო შეგროვილი, მათ დატევას.
- 51
მიეცი ჰენოქს ერთი ნაწილი, რომელიც მესამე დღეს გაშრა, რათა ეცხოვრა იქ, სადაც ათასი მთაა.
- 52
ლევიათანს კი მიეცი მეშვიდე ნაწილი, წყლიანი, და შემოინახე იგი შთასანთქმელად მისთვის, ვისაც ინებებ და როცა ინებებ.
- 53
მეექვსე დღეს კი უბრძანე მიწას, შეექმნა შენს წინაშე საქონელი, ნადირი და ქვეწარმავალნი.
- 54
ამათ შემდეგ კი - ადამი, რომელიც დაადგინე ყოველი შენი ქმნილების წინამძღოლად და მისგან გამოვდივართ ჩვენ ყველანი - ხალხი, რომელიც შენ აირჩიე.
- 55
ეს ყველაფერი ვთქვი შენს წინაშე, უფალო, რადგან ჩვენთვის შექმენი ეს წუთისოფელი.
- 56
ხოლო დანარჩენ ხალხებს, ადამისგან წარმოშობილთ, უთხარი, რომ არარანი არიან ისინი, და ნერწყვის მსგავსნი არიან, ჭურჭლიდან გადმოცვენილ წვეთებს მიამსგავსე მათი სიმრავლე.
- 57
ახლა კი, უფალო, სწორედ ეს ხალხები, არარაობად რომ არიან შერაცხილნი, იწყებენ ჩვენზე მომძლავრებას და ჩვენს შთანთქმას.
- 58
ჩვენ კი, შენი ერი, პირმშოს, მხოლოდშობილს, შენს მოშურნეს რომ გვიწოდებ, ჩავარდნილნი ვართ მათ ხელში.
- 59
და თუ ჩვენთვის არის შექმნილი ეს წუთისოფელი, რატომ არ ვფლობთ მემკვიდრეობას ამ წუთისოფელთან ერთად? როდემდის იქნება ასე?