3 ეზრა 5
- 1
ახლა ნიშანთა თაობაზე: აჰა, მომავალი დღეები, როცა მიწის მკვიდრთ შეიპყრობს დიდი შიში, დაიფარება გზა ჭეშმარიტებისა და რწმენისაგან დაიცლება ქვეყანა.
- 2
გახშირდება უსამართლობა იმაზე მეტად, ვიდრე თავად ხედავ და ვიდრე ოდესმე გსმენია;
- 3
სამეფო, რომელსაც ახლა გამართულს ხედავ, უკაცრიელი და უვალი გახდება და გაუდაბურებულს იხილავენ.
- 4
თუ უზენაესი მოგანიჭებს სიცოცხლეს, ამას იხილავ მესამე საყვირის შემდეგ; უეცრად გაანათებს მზე ღამეს და დღეში სამჯერ გამოჩნდება მთვარე.
- 5
ხიდან იწვეთებს სისხლი და ქვა გამოიღებს ხმას, და შეძრწუნდებიან ხალხები.
- 6
გამეფდება, ვისაც არ ელოდნენ მიწის მკვიდრნი, და ერთად გადაიხვეწებიან ფრინველები.
- 7
სოდომის ზღვა გამორიყავს თევზებს და ხმას გამოსცემს ღამე, რასაც ბევრი ვერ მიხვდება, თუმცა მის ხმას ყველა გაიგონებს.
- 8
იქნება აღრეულობა მრავალ ადგილას და ხშირად მოევლინებათ ცეცხლი და ველური მხეცები გადაიხვეწებიან და დედათა წესში მყოფნი ურჩხულებს დააჩენენ.
- 9
მტკნარი წყლები მლაშედ იქცევა და მეგობრები გადაეკიდებიან ერთმანეთს; მაშინ დაიფარება გონება და განცალკევდება სიბრძნე თავის სამყოფელში.
- 10
ბევრი დაუწყებს მას ძებნას და ვერ იპოვის და გახშირდება უსამართლობა და ძალადობა დედამიწის ზურგზე.
- 11
შეეკითხება ქვეყანა თავის მეზობელს და ეტყვის: ხომ არ გამოუვლია შენზე სამართლიანობას ან სამართლისმყოფელსო? არაო, მიუგებს.
- 12
მოხდება იმხანად, რომ ადამიანებს ექნებათ იმედი, მაგრამ ვერაფერს მიაღწევენ: იშრომებენ, მაგრამ ვერ წარემართებათ გზები.
- 13
ნება მომეცა, რომ ეს ნიშნები გაგიმხილო. და კვლავაც თუ ილოცებ, იტირებ, როგორც ახლა, და იმარხულებ შვიდ დღეს, მოისმენ ამაზე მეტსაც.
- 14
გამოვფხიზლდი და ტანი მიცახცახებდა; ისე იყო დამაშვრალი ჩემი სული, ლამის წამსვლოდა.
- 15
მაშინ შემეწია ანგელოზი, რომელიც მომევლინა, რომელიც მელაპარაკებოდა, გამამხნევა და ფეხზე დამაყენა.
- 16
მეორე ღამეს იყო, რომ მომევლინა სალათიელი, ხალხის წინამძღოლი და მითხრა: სად იყავი და რად გაქვსო მწუხარე სახე;
- 17
ნუთუ არ იცი, რომ შენზეა მონდობილი ისრაელი თავისი გადასახლების ქვეყანაში?
- 18
მაშ, ადექი და იგემე პური და ნუ გაგვწირავ, როგორც მწყემსი თავის ფარას ბოროტი მგლების ხელში.
- 19
ვუთხარი: განვედი ჩემგან და ნუ მომიახლოვდები-მეთქი. მან გაიგონა ჩემი ნათქვამი და გამეცალა.
- 20
შვიდ დღეს ვმარხულობდი, მგლოვარე და მოტირალი, როგორც მიბრძანა ურიელ ანგელოზმა.
- 21
შვიდი დღის შემდეგ იყო, რომ კვლავ დამიმძიმდა გულის ფიქრები.
- 22
მაშინ კვლავ მიიღო ჩემმა სამშვინველმა გონების სული და კვლავაც ღირსი შევიქენი საუბრისა უზენაესის წინაშე.
- 23
ვთქვი: მბრძანებელო უფალო, დედამიწის ტყეებისა და მის ხეთა შორის შენ ერთადერთი ვაზი აირჩიე;
- 24
დედამიწის ყველა ადგილს შორის ერთი მღვიმე აირჩიე, დედამიწის ყველა ყვავილს შორის ერთი შროშანი აირჩიე,
- 25
ზღვის ყველა უფსკრულიდან ერთი მდინარე აივსე შენთვის, ყველა აშენებულ ქალაქს შორის სიონი აკურთხე შენთვის,
- 26
ყველა შექმნილ ფრინველს შორის ერთადერთი მტრედი დაასახელე, შენ მიერ გამოსახულ ყველა პირუტყვს შორის ერთი ცხვარი განიკუთვნე,
- 27
ყველა მრავალრიცხოვან ხალხს შორის ერთი ხალხი შეიძინე და ყველასგან მოწონებული რჯული მიეცი ხალხს, რომელიც შეიყვარე.
- 28
მაგრამ ახლა, უფალო, ერთი მრავალს რად ჩაუგდე ხელში? ერთ ძირზე სხვები გაგიმზადებია და მრავალში გაგიფანტავს შენი ერთადერთი.
- 29
ფეხით გათელეს იგი მათ, ვინც ეწინააღმდეგებოდნენ შენს აღთქმებს, ვისაც არ სწამდა შენი დაპირებებისა.
- 30
თუ ასე შეიძულე შენი ხალხი, ბარემ შენი ხელითვე დაისაჯოს.
- 31
ამ სიტყვებს რომ ვამბობდი, მომევლინა მე ანგელოზი, რომელიც წინა ღამით იყო ჩემთან მოსული.
- 32
მითხრა: მისმინე და დაგარიგებ; ყური მიგდე და უფრო მეტს გეტყვი.
- 33
ვთქვი: ილაპარაკე-მეთქი, ჩემო უფალო. მითხრა: მეტისმეტად ბევრს ფიქრობ ისრაელზე. ნუთუ შენს შემოქმედზე მეტად გიყვარს?
- 34
ვუთხარი: არა, უფალო, შეწუხებული ვლაპარაკობ-მეთქი. რაკი ყოველწამს ნაწლავები მიშფოთავს უზენაესის ბილიკთა შეცნობის მოწადინეს, მისი სამართლის თუნდაც მცირედი წილის მაძიებელს-მეთქი.
- 35
მითხრა: ვერ შეძლებ. ვკითხე: რატომ-მეთქი, უფალო? რისთვის გავჩნდი, ან რად არ მექცა დედაჩემის საშო საფლავად, რომ იაკობის ტანჯვა და ისრაელის მოდგმის ჭაპანწყვეტა არ მეხილა-მეთქი?
- 36
მითხრა: დამითვალე, რაც ჯერ არ შემოსულა, შემიგროვე გაბნეული წვეთები, და ხელახლა ამიმწვანე დამჭკნარი ყვავილები,
- 37
გამიღე დაკეტილი საცავები და გამომიყვანე მათში ჩამწყვდეული ქარები, მაჩვენე ხმის ხატი და მეც გიჩვენებ ტანჯვას, რომლის ხილვასაც ითხოვ.
- 38
ვთქვი: მბრძანებელო უფალო, ვინ არის ის, ვისაც ამის ცოდნა ძალუძს, თუ არა იგი, ვისაც არა აქვს ადამიანებთან სამკვიდრებელი?
- 39
მე კი უმეცარმა რა გიპასუხო შენს შეკითხვებზე?
- 40
მითხრა: რაკი ერთიც ვერ შეასრულე ამ ნათქვამებიდან, ასევე ვერ შესძლებ ჰპოვო ჩემი სამართალი ან ის საბოლოო მადლი, რომელიც ხალხს აღვუთქვი.
- 41
ვთქვი: მაგრამ, აჰა, უფალო, შენ ახლოს ხარ მათთან, ვინც ბოლოში არიან, მაგრამ რა ქნან მათ, ვინც ჩემამდე იყვნენ, ან ჩვენ, ან მათ, ვინც ჩვენ შემდეგ იქნებიან?
- 42
მითხრა: გვირგვინს მივამსგავსებ ჩემს სამართალს, არც უახლესთა დაყოვნება იქნება, არც წინათა სისწრაფე.
- 43
ვუპასუხე და ვთქვი: ნუთუ ვერ შეძლებ ერთად ქმნა ყველა, ვინც ყოფილა, ვინც არის და ვინც იქნება, რათა უფრო სწრაფად გააცხადო შენი სამართალი?
- 44
მიპასუხა და თქვა: არ შეუძლია ქმნილებას შემოქმედზე უფრო აჩქარდეს; ვერც წუთისოფელი აიტანს ერთიანად ყველაფერს, რაც მასშია შესაქმნელი.
- 45
ვთქვი: მაშ, როგორ უთხარი შენს მორჩილს, რომ შენ, ცხოველმყოფელმა, ერთბაშად მიანიჭე სიცოცხლე შენს ქმნილებას და აიტანა ეს ქმნილებამ. ახლაც შეძლებდნენ ერთბაშად ამის ატანას ამჟამად არსებულნიც.
- 46
მითხრა: ჰკითხე დედაკაცის საშოს და უთხარი: თუკი ბადებ, რაღა ჟამიდან ჟამზე ბადებ-თქო? მოსთხოვე, ბარემ ათივე ერთბაშად გააჩინოს.
- 47
ვთქვი: ვერაფრით შეძლებს, მხოლოდ დროგამოშვებით თუ შესძლებს-მეთქი.
- 48
მითხრა: და მეც მივეცი იმათ მიწის საშო, ჟამიდან ჟამზე რომ ითესებიან მასში.
- 49
როგორც ჩვილს არ შეუძლია შობა და არც მოხუცებულს, ასევე განვაწესე მე ჩემი შექმნილი წუთისოფელი.
- 50
შევეკითხე და ვთქვი: რაკი გზას მაძლევ, ამას გეტყოდი: ჩვენი დედა, ვისზეც მელაპარაკე, ჯერაც ახალგაზრდაა, თუ სიბერეში შევიდა უკვე?
- 51
მიპასუხა და თქვა: ჰკითხე მას, ვინც ბადებს და გეტყვის.
- 52
უთხარი: რატომ არ გვანან ისინი, ვინც ახლახან გააჩინე, წინათ გაჩენილებს? რატომ არიან უფრო ტანმორჩილნი-თქო?
- 53
თავად გეტყვის: სხვანი არიან ისინი, ვინც ჭაბუკური ძალით გავაჩინე და სხვანი არიან, ვინც სიბერის ხანაში, საშოს დაუძლურებისას იშვნენ.
- 54
თავად განსაჯე: თქვენ ხომ მათზე ტანმორჩილნი ხართ, ვინც თქვენს წინ იყვნენ.
- 55
შენი შემდგომნი კი შენზე კნინები იქნებიან, როგორც ქმნილებანი დაბერებულთა და სიჭაბუკის ძალაგამოცლილთა. მაშინ ვთქვი: გთხოვ, უფალო, თუკი მადლი ვპოვე შენს თვალში, აჩვენე შენს მორჩილს, როგორ ეცხადები შენს ქმნილებას?