დაბადება 1
- 1
თავდაპირველად შექმნა ღმერთმა ცანი და მიწა.
- 2
მიწა იყო უსახო და უდაბური, და ბნელი იწვა უფსკრულებზე, და სული ღვთისა მიმოქროდა წყლებზე.
- 3
და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი.
- 4
და დაინახა ღმერთმა, რომ კარგია ნათელი და გაჰყარა ღმერთმა ნათელი ბნელისაგან.
- 5
უწოდა ღმერთმა ნათელს დღე, ხოლო ბნელს - ღამე. იყო საღამო და იყო დილა - დღე ერთი.
- 6
თქვა ღმერთმა: "იყოს მყარი წყალთა შორის, რათა გაყოს წყალი წყლისგან”.
- 7
შექმნა ღმერთმა მყარი და გაყო მყარს ქვემო წყალი მყარს ზემო წყლისგან. და იქმნა ასე.
- 8
უწოდა ღმერთმა მყარს ცა. იყო საღამო და იყო დილა - მეორე დღე.
- 9
თქვა ღმერთმა: "ერთად შეგროვდეს წყლები ცის ქვეშ და გამოჩნდეს ხმელეთი”. და იქმნა ასე.
- 10
უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა, ხოლო შეგროვილ წყალს - ზღვა. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
- 11
შემდეგ თქვა ღმერთმა: "აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი - მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი”. და იქმნა ასე.
- 12
აღმოაცენა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი და ხე ნაყოფიერი, მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
- 13
იყო საღამო და იყო დილა - მესამე დღე.
- 14
თქვა ღმერთმა: "იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად და იყვნენ ისინი ნიშნებად, წელიწადის დროთა, დღეთა და წელთა აღსანიშნად.
- 15
იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე, რათა მისცენ სინათლე მიწას”. და იქმნა ასე.
- 16
შექმნა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი: დიდი - დღის მმართველად, ხოლო მცირე - მმართველად ღამისა; და ვარსკვლავები.
- 17
დაადგინა ისინი ღმერთმა ცის მყარზე მიწის გასანათებლად,
- 18
რათა განეგოთ დღე და ღამე და ერთმანეთისგან გაეყოთ ნათელი და ბნელი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
- 19
იყო საღამო და იყო დილა - მეოთხე დღე.
- 20
თქვა ღმერთმა: "წარმოშვას წყლებმა ცოცხალი არსებანი და იფრინონ ფრინველებმა მიწის ზემოთ ცის მყარზე”. და იქმნა ასე.
- 21
შექმნა ღმერთმა ზღვის ურჩხულნი და ყოველი სულდგმული, წყალში მცურავი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ფრთოსანი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
- 22
აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვის წყლები და გამრავლდეს ფრთოსანი მიწაზე”.
- 23
იყო საღამო და იყო დილა - მეხუთე დღე.
- 24
თქვა ღმერთმა: "წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებანი თავისი ჯიშებისამებრ - პირუტყვი, ქვეწარმავალი და მიწის მხეცები”. და იქმნა ასე.
- 25
შექმნა ღმერთმა მიწის მხეცები თავისი ჯიშებისამებრ, პირუტყვი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ქვეწარმავალი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
- 26
თქვა ღმერთმა: "შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად; დაე იბატონოს ზღვაში თევზზე, ცაში ფრინველზე, პირუტყვზე, მთელ დედამიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც დაძვრება მიწაზე”.
- 27
შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
- 28
აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ქვეყანა და იუფლეთ მასზე; იბატონეთ ზღვაში თევზებზე, ცაში ფრინველებზე, და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რაც კი მიწაზე იძვრის.
- 29
თქვა ღმერთმა: "აჰა, მოგეცით საჭმელად ყოველი ბალახი თესლის მთესველი და ნაყოფიერი ხე, რაც დედამიწის ზურგზეა”.
- 30
მიწის ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და ყველა ქვეწარმავალს დედამიწაზე, რასაც სიცოცხლის სუნთქვა აქვს, მცენარეები მივეცი საჭმელად”. და იქმნა ასე.
- 31
იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგი იყო ფრიად. იყო საღამო და იყო დილა - მეექვსე დღე.