3 ეზრა 4
- 1
მიპასუხა ანგელოზმა, რომელიც ჩემთან იყო გამოგზავნილი, რომლის სახელია ურიელი. =2.5.28.
- 2
მითხრა: ამ წუთისოფელს ჩაწვდა შენი გული და ახლა უზენაესის გზის შემეცნებას ფიქრობ?
- 3
ვთქვი, ასეა-მეთქი, ჩემო უფალო. მიპასუხა: სამი გზის საჩვენებლად ვარ შენთან გამოგზავნილი და სამ მსგავსებას დაგიდებ წინ.
- 4
თუ ამათგან ერთზე მაუწყებ რასმე, მეც გიჩვენებ გზას, რომლის ხილვა გსურს, და გასწავლი, საიდან არის ბოროტი გული.
- 5
ვთქვი; მაუწყე-მეთქი, ჩემო უფალო, და მაუწყა: მოდი, ამიწონე ცეცხლი, ან გამიზომე ქარის ქროლვა, ან უკუიხმე დღე, რომელიც გავიდა.
- 6
ვუპასუხე და ვუთხარი: დაბადებულთაგან ვის შეუძლია ამის გაკეთება, რასაც მთხოვ-მეთქი?
- 7
მან მითხრა: რომ მეკითხა რამდენი სამკვიდრებელია ზღვის გულში, ან რამდენი წყარო ქვესკნელის სათავეში, ან რამდენი წყაროა ცამყარს ზემოთ, ან რომელია სამოთხის შესასვლელები-მეთქი,
- 8
მეტყოდი: არც ქვესკნელში, არც ჯოჯოხეთში არასდროს ჩავსულვარ, არც ზეცად ავმაღლებულვარო.
- 9
ამიტომაც გკითხე ცეცხლისა და ქარის თაობაზე ან დღეებზე, რომლებიც გამოგივლია, და რომელთაგან არ შეგიძლია გამოცალკევება; შენ კი ვერ მიპასუხე.
- 10
მითხრა: რაც სიყრმიდანვე თან გახლავს, ის ვერ შეიმეცნე
- 11
და, აბა, როგორ შეუძლია მოიცვას შენმა ჭურჭელმა უზენაესის გზა, და ამ, უკვე გახრწნილ წუთისოფელში მყოფმა როგორ შეიმეცნოს უხრწნელება ჩემს წინაშე?
- 12
მე ვუთხარი: უმჯობესი იქნებოდა არ გავჩენილიყავით, ვიდრე უკეთურებებში გაგვეტარებინა ცხოვრება, გვეწვალა და არ გვცოდნოდა რისთვის-მეთქი.
- 13
ხოლო მიპასუხა: წავედი მინდვრის ტყეში და აჰა, ბჭობდნენ ერთმანეთში ხეები,
- 14
ამბობდნენ: მოდით, ზღვაზე გავილაშქროთ, რათა უკუიქცეს ჩვენგან და ტყისთვის ახალი ადგილები მოვიპოვოთო.
- 15
მსგავსადვე ზღვის ტალღებიც ბჭობდნენ ერთმანეთში, ამბობდნენ: მოდით, წავიდეთ, დავლაშქროთ მინდვრის ტყეები, რათა იქაც დავიმკვიდროთ ჩვენთვის ახალი ადგილებიო.
- 16
მაგრამ ამაო აღმოჩნდა ტყის განზრახვა, რადგან მოვიდა ცეცხლი და შთანთქა იგი.
- 17
ასე დაემართა ზღვის ტალღებსაც: ქვიშა გადაუდგა წინ და არ გაუშვა.
- 18
შენ რომ ყოფილიყავი მათი მსაჯული, ვის გაამართლებდი, ან ვის დასდებდი მსჯავრს?
- 19
მივუგე და ვთქვი: ფუჭი იყო ორივეს ბჭობა: მიწა ტყისთვისაა განკუთვნილი, და ზღვას კი თავისი ადგილი აქვს ტალღების სატარებლად.
- 20
მომიგო და თქვა: სწორად განსაჯე. რატომ არ განსაჯე ასე საკუთარი თავი?
- 21
როგორც მიწა ტყისთვის არის მოცემული და ზღვა - მისი ტალღებისთვის, ასევე, მიწის მკვიდრს მხოლოდ მიწაზე არსებულის შემეცნება შეუძლია; ცის მკვიდრთ კი იმისა, რაც ცაშია.
- 22
მივუგე და ვთქვი: გევედრები, უფალო, მომენიჭოს შემეცნების უნარი.
- 23
მე ხომ არ გეკითხები შენს უზენაეს საქმეებზე, არამედ იმაზე, რასაც ყოველდღე განვიცდით ჩვვნ: თუ რატომ მიეცა ისრაელი ხალხებს საგინებლად? ხალხი, რომელიც შეიყვარე, უღვთოთა ხელშია ჩაგდებული, ჩვენი წინაპრების რჯული დასაღუპადაა განწირული და აღარსად არსებობს დაწერილი მცნებები.
- 24
კალიასავით ჩავივლით ამ წუთაასოფელში და შიში და ძრწოლაა ჩვენი ცხოვრება, და აღარც მოწყალების ღირსნი ვართ.
- 25
მაგრამ რას უზამს თავის სახელს, რომელიც დაგვერქვა ჩვენ. აი, ეს არის ჩემი საკითხავი.
- 26
მომიგო და თქვა: რაც მეტს გამოიძიებ, ხშირად გაოცდები; რადგან სწრაფად გადის ეს წუთისოფელი.
- 27
ძნელად თუ აღსრულდება, რაც მომავალში მართალთათვის არის აღთქმული: რადგან წუთისოფელი უსამართლობით და უმტკიცობით არის სავსე.
- 28
ამაზე მეკითხები და გეტყვი: დათესილია ბოროტება და ჯერ არ დამდგარა მისი ამოძირკვის ჟამი.
- 29
ამიტომაც, თუ არ განადგურდა, რაც დათესილია, და არ აღიგავა ადგილი, სადაც ბოროტებაა დათესილი, არ მოგვევლინება ადგილი, სადაც სიკეთეა დათესილი.
- 30
რადგან ბოროტების თესლის მარცვალი ადამის გულშია დასაბამიდან ჩათესილი და რაოდენი უკეთურება წარმოშვა დღემდე და კიდევ წარმოშობს, ვიდრე მკის ჟამი მოაწევდეს.
- 31
განსაჯე შენთვის: უკეთურების რამდენ ნაყოფს გამოიღებს ბოროტების თესლის მარცვალი
- 32
და რა ფართო იქნება კალო, როცა უთვალავი თავთავი მოიმკება.
- 33
ვკითხე და ვთქვი: როდის და როგორ-მეთქი? რატომ არის ხანმოკლე და მძიმე ჩვენი წლები-მეთქი?
- 34
მიპასუხა და მითხრა: ნუ გაუსწრებ უზენაესს; ამაოდ ცდილობ გაუსწრო მას, რაც უნდა შორს იყო წასული.
- 35
განა ამას არ კითხულობდნენ მართალთა სულები თავიანთ სამყოფლებში, ამბობდნენ: როდემდის გვქონდეს იმედი? და როდისღა მოვა ჩვენი საზღაურის ნაყოფი?
- 36
ამაზე მიპასუხა იერემიელმა, მთავარანგელოზმა და თქვა: როცა აღივსება თქვენში თესლთა რიცხვი, რადგან მან სასწორზე დადო წუთისოფელი; =2.5.27.
- 37
საზომით გაზომა და რიცხვით აღრიცხა დრო-ჟამი და არ აღძრავს, არც დააჩქარებს მათ უზენაესი, ვიდრე არ აღივსება დათქმული საწყაული.
- 38
მე ვუპასუხე: მბრძანებელო, უფალო, ჩვენც ყველანი ხომ აღსავსენი ვართ უკეთურებით?
- 39
იქნებ ჩვენს გამო არ აღვსებულა მართალთა კალოები, მიწის მკვიდრთა ცოდვების გამო?
- 40
ხოლო მან მიპასუხა და თქვა: წადი და ჰკითხე ფეხმძიმეს, თუ შეძლებს მისი საშო ნაყოფის შეკავებას, როცა ცხრა თვე შესრულდება-თქო?
- 41
მე ვთქვი: ვერ შეძლებს, უფალო. მან მითხრა: საშოს მსგავსია ქვესკნელში სულთა სამყოფელნი.
- 42
როგორც ჩქარობს მშობიარე მოითავოს შობის აუცილებლობა, ასევე ჩქარობს ისიც გასცეს, რაც მინდობილი აქვთ დასაბამიდან.
- 43
გამოგეცხადება ყველაფერი, რისი ხილვაც გსურს.
- 44
მე ვუპასუხვ და ვთქვი: თუკი ვპოვე მადლი შენს თვალში, თუ შესაძლებელია და თუ ღირსი ვარ,
- 45
გამომიცხადე, მეტია თუ არა მომავალი წარსულზე, ან თუ აღემატება განვლილი მომავალს?
- 46
რაც განვლილია, ვიცი; რაც მომავალია, არ ვუწყი.
- 47
მან მითხრა: დადექი მარჯვენა მხარეს და მსგავსების განმარტებას გამოგიცხადებ.
- 48
მეც დავდექი და დავინახვ: აჰა, ჩამიარა გავარვარებულმა ქურამ. ალმა რომ ჩაიარა, დავინახე, აჰა, დარჩა კვამლი.
- 49
შემდეგ ჩამიარა წყლით სავსე ღრუბელმა და მოვიდა მძაფრი წვიმა; წვიმამ რომ ჩაიარა, წვეთები დარჩა ღრუბელში.
- 50
და მითხრა: იფიქრე შენთვის: როგორც წვიმა აღემატება წვეთებს და ცეცხლი - კვამლს, ასე წარსულმა გადააჭარბა მომავალს; ხოლო წვეთები და კვამლი კი დარჩა.
- 51
ხოლო მე შევღაღადე და ვთქვი: როგორ ფიქრობ, მოვესწრები-მეთქი ამ დღეებს? ან რა იქნება-მეთქი მაშინ?
- 52
მიპასუხა და მითხრა: ნიშნები, რომლებზეც მეკითხები, ნაწილობრივ შემიძლია განგიმარტო; მაგრამ არა ვარ გამოგზავნილი იმისთვის, რომ შენს სიცოცხლეზე გელაპარაკო; რადგან არ ვიცი.