3 ეზრა 3
- 1
ჩვენი ქალაქის დაქცევის ოცდამეათე წლისთავზე ბაბილონში ვიყავი. მოუსვენარი ვიწექი საწოლზე და ფიქრები აშფოთებდა ჩემს გულს.
- 2
რადგან ვიხილე სიონის გაუკაცრიელება და ბაბილონში მცხოვრებთა კეთილდღეობა.
- 3
და შეძრწუნდა ძლიერ ჩემი სული და შევკადრე უზენაესს მოკრძალებული სიტყვა,
- 4
და ვუთხარი: მბრძანებელო უფალო, შენ თავიდანვე, როცა რგავდი მიწას სრულიად მარტო, უბრძანე მტვერს
- 5
და მიეცი ადამს მოკვდავის სხეული, მაგრამ ისიც ხომ შენს ხელთა ქმნილებაა და შენ ჩაბერე მას სიცოცხლის სული, და ცოცხალი შეიქნა იგი შენს წინაშე.
- 6
შეიყვანე იგი სამოთხეში, რომელიც დანერგა შენმა მარჯვენამ, ვიდრე მიწა გამოჩნდებოდა.
- 7
მცნებად მიეცი შენი გზის სიყვარული, მან კი დაარღვია იგი, და შენ უმალვე დაუწესე სიკვდილი მას და მის მოდგმას. გაჩნდნენ ხალხები, ერები და ტომები, რომელთაც სათვალავი არა აქვთ.
- 8
დადიოდა ყოველი ხალხი თავის ნებაზე და საოცრებებს სჩადიოდა შენს წინაშე და შეიძულა შენი მცნებები.
- 9
იმ დროს რომ მოუვლინე წარღვნა წუთისოფლის მკვიდრებს და ამოწყვიტე ისინი.
- 10
თითოეულ მათგანში მოხდა ეს, როგორც ადამისთვის სიკვდილი, ასევე მათთვის წარღვნა.
- 11
დატოვე მათგან ერთადერთი ნოე თავისი სახლით და მისგან არის ყოველი მართალი.
- 12
როცა დაიწყეს გამრავლება მიწის მკვიდრებმა და მომრავლდნენ მათი შვილები, ერები და მრავალი ხალხი, თავიანთ წინაპრებზე უფრო მეტად დაიწყეს უკეთურების ქმნა.
- 13
და როცა უკანონობას ჩადიოდნენ შენს წინაშე, აირჩიე მათგან ერთი კაცი, სახელად აბრაამი;
- 14
შეიყვარე იგი, და მხოლოდ მას განუცხადე შენი ნება.
- 15
მიეცი მას მარადიული აღთქმა და უთხარი, რომ არასოდეს გაწირავდი მის მოდგმას; მიეცი მას ისაკი და ისაკს მიეცი იაკობი და ესავი.
- 16
გამოაცალკევე შენთვის იაკობი, ესავი კი უარყავი. დიდი სიმრავლე შეიქნა იაკობი.
- 17
გამოიყვანე შენი მოდგმა ეგვიპტიდან და სინაის მთასთან მიიყვანე.
- 18
მოდრიკე ცანი, შეარყიე მიწა და შესძარი სამყარო, შეაძრწუნე ქვესკნელი და ააფორიაქე წუთისოფელი.
- 19
ოთხ კარიბჭეში გაიარა შენმა დიდებამ ცეცხლისა და მიწის, სუნთქვისა და ყინვის კარიბჭეებში, რათა იაკობის მოდგმისთვის რჯული მიგეცა და სიმტკიცე - ისრაელის თაობებისთვის.
- 20
არ წაართვი მათ ბოროტი გული, რათა შენს რჯულს ნაყოფი გამოეღო მათში.
- 21
რადგან ბოროტი გულის პირველი მტვირთველი ადამი შეცდა და იძლია, ასევე ყველა, ვინც მისგან იშვა.
- 22
მუდმივი გახდა უძლურება და რჯული ხალხის გულში ბოროტების ძირს შეეზარდა; განშორდა, რაც კეთილი იყო და დარჩა ბოროტება.
- 23
გამოხდა ხანი და გასრულდა წლები, და შენ აღადგინე შენთვის კაცი მორჩილი, სახელად დავითი,
- 24
და უთხარი მას, აეგო ქალაქი შენს სახელზე და ეკმია შენთვის და მსხვერპლი შეეწირა.
- 25
ასე იყო მრავალი წელი, მაგრამ შესცოდეს ამ ქალაქის მცხოვრებლებმა.
- 26
ყველაფერში ისე იქცეოდნენ, როგორც ადამი და მთელი მისი შთამომავლობა, რადგან მათაც ბოროტი გული ჰქონდათ.
- 27
და შენს მტრებს ჩაუგდე ხელში შენი ქალაქი.
- 28
ნუთუ უკეთესად იქცევიან ბაბილონის მკვიდრნი და ამის გამო გაბატონდებიან სიონზე?
- 29
როცა მივედი იქ, ვიხილე უკეთურებანი, რომელთაც სათვალავი არ ჰქონდა; ბევრი ცოდვილი ჰყავს ნანახი ჩემს სულს ამ ოცდაათ წელიწადში. გულიც მაქვს შეღონებული,
- 30
რადგან ხედავს იგი, როგორ ემხრობი ცოდვილთ, როგორ დაინდე ბოროტისმოქმედნი, დაღუპე შენი ხალხი, შენი მტრები კი დაიცავი და არ ამხილე.
- 31
ვერ ვიხსენებ, როგორ უნდა დაკარგულიყო ეს გზა? ნუთუ ბაბილონი სიონზე უკეთესად იქცევა?
- 32
ან ისრაელის გარდა სხვა ხალხს თუ შეუცვნიხარ შენ? ან რომელმა ტომმა ირწმუნა შენი აღთქმა იაკობის მსგავსად?
- 33
მათი საზღაურიც არ გამოჩენილა, არც მათ საქმეს მოუღია ნაყოფი. გავედი და მოვიარე ხალხები, ვიხილე ისინი გამდიდრებულნი, მაგრამ არ ახსოვდათ შენი მცნებები.
- 34
ახლა დადე სასწორზე უკეთურებანი - ჩვენიცა და მათიც, წუთისოფელში რომ ცხოვრობენ; მხოლოდ ისრაელში იპოვება შენი სახელი.
- 35
ან როდის არ შეუცოდავს შენს წინაშე დედამიწის მკვიდრს? ან სხვა რომელ ხალხს დაუცავს შენი მცნებები?
- 36
ერთ ვინმეს კი იპოვნი მათ შორის შენს მცნებათა დამცველს, მთელ ხალხს კი ვერ იპოვნი.