3 ეზრა 2
- 1
ამას ამბობს უფალი: მე გამოვიყვანე ეს ხალხი მონობიდან ჩემი შვილების - წინასწარმეტყველთა წყალობით, რომელთა მოსმენა არ მოისურვეს, ფუჭად აქციეს ჩემი რჩევები.
- 2
მშობელი დედა ეუბნება მათ: წადით შვილებო, რადგან ქვრივი ვარ მე და მიტოვებული.
- 3
სიხარულით აღგზარდეთ და გლოვითა და მწუხარებით გაგიშვით, რადგან შესცოდეთ თქვენი უფალი ღმერთის წინაშე და უკეთურება ჩაიდინეთ მის წინაშე.
- 4
ახლა კი რა გიყოთ? ქვრივი ვარ მე და მიტოვებული. წადით, შვილებო, და შესთხოვეთ ღმერთს მოწყალება.
- 5
შენ კი, მამავ, იმ შვილთა დედის მოწმედ მოგიხმობ, რომელთაც არ ისურვეს ჩემი აღთქმის სამსახური.
- 6
დაატეხე მათ თავს სირცხვილი, განიძარცვოს მათი დედა, რათა არ იარსებოს მათმა მოდგმამ.
- 7
ხალხთა შორის განიფანტოს მათი სახელი, აღიგავონ მიწის პირიდან, რადგან მოიძულეს ჩემი ფიცი.
- 8
ვაი შენ, აშურო, რომ შეიფარე უსამართლონი. ბოროტო მოდგმავ, გაიხსენე, რაც დავმართე სოდომსა და გომორას,
- 9
რომელთა მიწაც მოფენილია კუპრის კოლბოხებით და ფერფლის გროვებით! ასევე მოვექცევი მათ, ვინც არ ისმენს ჩემს სიტყვას, ამბობს ყოვლისშვმძლვ უფალი.
- 10
ამას ეუბნება უფალი ეზრას: აუწყე ჩემს ხალხს, რადგან მივცემ მათ სამეფოდ იერუსალიმს, რომელიც ისრაელისთვისაა მიცემული;
- 11
მოვიღებ მათ დიდებას და მივცემ სხვებს მარადიულ კარავს, რომელიც მათთვის იყო გამზადებული.
- 12
სიცოცხლის ხე ექნებათ მათ სურნელოვან ნელსაცხებლად, იქნებიან ისინი უშრომელნი და არც დაღლა ეცოდინებათ.
- 13
წადით და მიიღებთ, ითხოვეთ, რომ მცირე იყოს თქვენი დღეები, რომ შემოკლდნენ ისინი. უკვე გამზადებულია თქვენთვის სამეფო. ფხიზლად იყავით.
- 14
მოწმედ მოუხმე ცასა და მიწას, მე აღვგავე ბოროტება და შევქმენი სიკეთე, რადგან ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი.
- 15
დედა, გადაეხვიე შენს შვილებს, გამოზარდე ისინი სიხარულით. დედამტრედის მსგავსად განუმტკიცე ფეხები: რადგან შენ აგირჩიე, ამბობს უფალი.
- 16
აღვადგენ მკვდართ მათი ადგილებიდან, გამოვიყვან მათი საფლავებიდან, რადგან ვცანი ჩემი სახელი ისრაელში.
- 17
ნუ გეშინია, შვილთა დედავ, რადგან შენ აგირჩიე, ამბობს უფალი.
- 18
მოგივლენ შემწეებად ჩემს მორჩილთ - ესაიას და იერემიას, რომელთა რჩევით ვაკურთხე და გაგიმზადე თორმეტი ხე, მრავალგვარი ნაყოფით დახუნძლული,
- 19
და ამდენივე წყარო თაფლისა და რძისა, და შვიდი უზარმაზარი მთა, მოფენილი ვარდითა და შროშანით, რომლებითაც გავახარებ შენს შვილებს.
- 20
სამართალი გაუჩინე ქვრივს, გაიკითხე უპატრონო, შეეწიე გაჭირვებულს, დაიცავი ობოლი, შემოსე შიშველი,
- 21
იზრუნე ბეჩავზე და სუსტზე, ნუ დასცინებ კოჭლს, უმწეო დაიცავი, იხილოს ბრმამ ჩემი დიდება.
- 22
შეიფარე ბერი და ჭაბუკი შენს კედლებს შორის.
- 23
სადაც კი მკვდარი ნახო, საფლავის ნიშანი აღუმართე და ბირველ ადგილზე დაგსვამ ჩემი აღდგომის ჟამს.
- 24
შეისვენე და დამშვიდდი, ჩემო ხალხო, რადგან მოვა შენი განსვენება.
- 25
კეთილო გამზრდელო, გაზარდე შენი შვილები, ფეხები გაუმტკიცე.
- 26
არავინ დაიღუპოს მსახურთაგან, მე რომ მოგეცი, რადგან შენი რიცხვიდან მოვიკითხავ მათ.
- 27
ნუ დაიქანცები, რადგან როცა მოვა ჭირისა და სივიწროვის დღე, ზოგი ატირდება და მიეცემა მწუხარებას, შენ კი მოილხენ და სიუხვეში იქნები.
- 28
შეშურდებათ ხალხებს, მაგრამ ვერაფერს გახდებიან შენს წინააღმდეგ, ამბობს უფალი.
- 29
ჩემი ხელი დაგიფარავს შენ, რომ არ იხილონ ჰინომის ველი შენმა შვილებმა.
- 30
გაიხარე, დედაო, შვილებთან ერთად, რადგან მე გიხსნი შენ, ამბობს უფალი.
- 31
გახსოვდეს შენი მიძინებული შვილები, რადგან გამოვიყვან მათ ქვეყნის კიდეებიდან და მოწყალებას მოვიღებ მათზე, რადგან მოწყალე ვარ, ამბობს ყოვლისშემძლე უფალი.
- 32
გულში გყავდეს ჩაკრული შენი შვილები, ვიდრე მოვალ და მოვიღებ მათზე მოწყალებას, რადგან უხვია ჩემი წყაროები და დაუშრეტელია ჩემი მადლი.
- 33
მე, ეზრამ, მივიღე ღვთისგან ბრძანება ყორების მთაზე, რომ წავსულიყავი ისრაელში; იქ რომ მივედი, გამკიცხეს და უარყვეს ღვთის მცნება.
- 34
ამიტომ გეუბნებით, ხალხებო, ვინც კი მოისმენთ და გაიგონებთ: ელოდეთ თქვენს მწყემსს და მარადიულ შვებას მოგანიჭებთ იგი; რადგან ახლოა ის, ვინც მოსასვლელია წუთისოფლის დასასრულს.
- 35
მზად იყავით სასუფევლის საზღაურისთვის, რადგან მარადიული ნათელი გაგინათებთ საუკუნოდ.
- 36
გაერიდეთ ამ წუთისოფლის ჩრდილს; მიიღეთ თქვენი დიდების სიხარული, დაუფარავად მოვუხმობ მე ჩემს მაცხოვარს მოწმედ.
- 37
მიიღეთ მადლი და სიხარულით ჰმადლობდეთ მას, ვინც ციურ სასუფევლად მოგიხმოთ.
- 38
წამოიმართენით და იდექით, და იხილეთ უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა რიცხვი.
- 39
ვინც წუთისოფლის ჩრდილს თავი დააღწიეს და უფლისგან ბრწყინვალე სამოსელი მიიღეს.
- 40
ჩაიბარე, სიონო, შენი რიცხვი და მიითვალე თეთრად მოსილნი, ვინც უფლის რჯული აღასრულა.
- 41
შესრულდა რიცხვი შენი სანატრელი შვილებისა. შესთხოვე უფლის ძალას, რათა იკურთხოს შენი ხალხი, რომელსაც დასაბამითვე მოუწოდე.
- 42
მე, ეზრამ, ვიხილე სიონის მთაზე დიდძალი სიმრავლე, რომლის დათვლა ვერ შევძელი, და ყველანი საგალობლებით ადიდებდნენ უფალს.
- 43
მათ შუაგულში იდგა ტანმაღალი ჭაბუკი, ყველასგან გამორჩეული და ყოველ მათგანს თავზე ადგამდა გვირგვინს და კიდევ უფრო მაღლდებოდა მათზე. მე კი გაოცებამ შემიპყრო.
- 44
მაშინ ვკითხე ანგელოზს, ვუთხარი: ვინ არიან-მეთქი ესენი, უფალო?
- 45
მან მიპასუხა: ესენია, ვინც განიძარცვა მოკვდავთა სამოსელი და უკვდავთა სამოსი შეიმოსა, და აღიარა ღვთის სახელი; ახლა კი გვირგვინდებიან და პალმის რტოებს იღებენ.
- 46
და ვუთხარი ანგელოზს: ვინ არის-მეთქი ეს ჭაბუკი, ვინც მათ აგვირგვინებს და პალმის რტოებს აძლევს?
- 47
მან მიპასუხა: ეს არის ძე ღვთისა, ვისაც აღიარებენ წუთისოფელში და მეც განვადიდე ისინი, ვინც მტკიცედ იდგა უფლისათვის.
- 48
მაშინ მითხრა მე ანგელოზმა: წადი, აუწყე ჩემს ხალხს, თუ რაზომ დიდია და ბევრი უფალი ღმერთის საოცრებანი, შენ რომ იხილე.