3 ეზრა 1
- 1
წიგნი მეორე ეზრა წინასწარმეტყველისა ძისა სერაიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა ხელკიასი, ძისა შალუმისა, ძისა ცადოკისა, ძისა ახიტუბისა,
- 2
ძისა ახიასი, ძისა ფინხასისა, ძისა ელიასი, ძისა ამარიასი, ძისა ასიელისა, ძისა მერიმოთისა, ძისა არნასი, ძისა ყუზიასი, ძისა ბორითისა, ძისა აბიშუაყისა, ძისა ფინხასისა, ძისა ელეაზარისა,
- 3
ძისა აარონისა ლევის მოდგმიდან, რომელიც იყო დატყვევებული მიდიელთა ქვეყანაში, არტაქსერქსეს, სპარსეთის მეფის დროს.
- 4
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი,
- 5
წადი და აუწყე ჩემს ხალხს მათი ბოროტმოქმედება და მათი შვილების უკეთურებანი, ჩემს წინააღმდეგ მომართული, რათა ეუწყოს მათ შვილებს.
- 6
რადგან ღვივდება მათში მშობლების ცოდვები; ჩემი დამვიწყებელნი უცხო ღმერთებს სწირავენ მსხვერპლს.
- 7
განა მე არ გავიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან? მათ კი განმარისხეს მე და შეიძულეს ჩემი რჩევები.
- 8
ხოლო შენ მოიკვეცე თმა და დააყარე მას ყოველგვარი უკეთურება, რადგან არ ემორჩილება ჩემს რჯულს გაჯიუტებული ხალხი.
- 9
როდემდის მოვუთმინო მათ, ვისთვისაც ამდენი სიკეთე გამიკეთებია?
- 10
დავამხე მათ განსადიდებლად ურიცხვი მეფე, შევმუსრე ფარაონი, მისი მორჩილნი და მთელი მისი ლაშქარი.
- 11
მრავალი ტომი მათ თვალწინ აღვგავე მიწის პირიდან, აღმოსავლეთში ორი მხარის - ტვიროსისა და ციდონის ხალხი გავფანტე; მათ მტრებსაც, ყველას გავავლე მუსრი.
- 12
შენ კი უნდა უთხრა მათ: ამას გაუწყებთ-თქო უფალი.
- 13
განა მე არ გამოგიყვანეთ ზღვით და მისი მტკიცე გზა გამოგიჩინეთ? მე არ მოგეცით წინამძღოლად მოსე და მღვდელი აარონი?
- 14
დაგიდგინეთ ცეცხლის ნათელი სვეტად და ბევრი სასწაულიც მოგივლინეთ. თქვენ კი დამივიწყეთ მე, ამბობს უფალი.
- 15
ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: მწყერი ნიშნად გქონდათ, სიმაგრედ და საფარველად მოგეცით და იქაც ბუზღუნებდით.
- 16
არ ზეიმობდით ჩემთ სახელით თქვენს მტერთა განადგურებას, არამედ დღემდე ბუზღუნებთ.
- 17
სად არის წყალობანი, რაც მოგანიჭეთ? განა უდაბნოში დამშეულნი არ შემომღაღადებდით?
- 18
ამბობდით: ნუთუ დასაღუპად მოგვიყვანე ამ უდაბნოში? განა ეგვიპტელთა მორჩილება არ გვერჩია ამ უდაბნოში სიკვდილსო?
- 19
მე შემაწუხა თქვენმა ოხვრა-კვნესამ და მოგეცით მანანა საჭმელად, ანგელოზთა პურით გკვებავდით.
- 20
განა თქვენთვის არ გავხეთქე ქვა, როცა გწყუროდათ, და არ გადმოჩქეფა უხვად წყალმა? ხვატისაგან ხეთა ფოთლებით დაგფარეთ.
- 21
დაგინაწილეთ ნაყოფიერი მიწები; ქანაანელები, ფერიზეველები და ფილისტიმელები თქვენს თვალწინ შევმუსრე და მეტი რაღა გიყოთ? ამბობს უფალი.
- 22
ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: როცა ისხედით უდაბნოში მორეველთა მდინარის წყლით დარწყულებულნი და გმობდით ჩემს სახელს,
- 23
გმობის სანაცვლოდ ცეცხლი არ მომივლენია თქვენთვის, არამედ ძელი ჩავუშვი მდინარეში და დავატკბე წყალი.
- 24
შენ რა გიყო, იაკობ? არ გსურს მორჩილება, იუდა. მეც სხვა ხალხთან წავალ, მათ მივცემ ჩემს სახელს, რათა დაიცვან ჩემი მცნებები.
- 25
რაკი მიმატოვეთ, მეც მიგატოვებთ. შეწყალებას მომთხოვთ და არ შეგიწყალებთ.
- 26
მომიხმობთ და არ შევისმენ თქვენს ვედრებას; რადგან სისხლით არის შესვრილი თქვენი ხელები და თქვენი ფეხები მკვირცხლია კაცის მოსაკლავად.
- 27
მე კი არ მიგიტოვებივართ, არამედ საკუთარი თავი, ამბობს უფალი.
- 28
ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: განა მე არ მოგიხმეთ, როგორც მამამ ვაჟები, ან როგორც დედამ ასულები, გამზრდელმა თავისი ბავშვები.
- 29
რომ ყოფილიყავით ჩემი ერი და მე თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი; თქვენ - შვილები ჩემი და მე - მამა თქვენი.
- 30
ისე შეგკრიბეთ, როგორც კრუხმა ფრთის ქვეშ წიწილები. ახლა კი როგორ მოგექცეთ? გაგაგდებთ ჩემი პირისგან.
- 31
ძღვენს მომიტანთ და პირს ვიბრუნებ თქვენგან; თქვენი დღესასწაულები, ახალმთავრობები და წინდაცვეთანი დავძრახე.
- 32
გიგზავნით ჩემს შვილებს - წინასწარმეტყველებს, თქვენ კი შეიპყრობთ მათ და ხოცავთ და ხორცს უგლეჯთ; სისხლს მე მოვიკითხავ, ამბობს უფალი.
- 33
ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: უკაცრიელია თქვენი სახლი და გაგფანტავთ, როგორც ბზეს ფანტავს ქარი.
- 34
შვილები ვეღარ შექმნიან შთამომავლობას, რადგან უარყვეს ჩემი მცნება და ბოროტს სჩადიოდნენ ჩემს წინაშე.
- 35
მივცემ თქვენს სახლებს მომავალ ხალხს, რომელიც მოუსმენლად მაღიარებს და სასწაულის მოუვლინებლად აღასრულებს ჩემგან განწესებულს.
- 36
წინასწარმეტყველთა უნახავად გაიხსენებენ თავიანთ უკეთურებებს.
- 37
მადლს აღვუთქვამ მომავალ ხალხს, ვისი შვილებიც სიხარულით ილხენენ, ხორციელი თვალით ვერ მხედავენ, მაგრამ სულით სწამთ ყველაფერი, რაც მითქვამს.
- 38
ახლა, შეხედე, ძმაო, რა არის დიდება: იხილე ხალხი, აღმოსავლეთიდან მომავალი,
- 39
რომელსაც მივცემ წინამძღოლად აბრაამს, ისაკსა და იაკობს, ოსიას, ამოსს, მიქას, იოელს, აბდიას, იონას,
- 40
ნაუმს, აბაკუმს, სოფონიას, ანგიას, ზაქარიას, მალაქიას, რომელიც უფლის ანგელოზადაც არის წოდებული.