4 მაკაბელთა 18
- 1
აბრაამის თესლის ნაშიერნო, ისრაელიანებო, დაემორჩილეთ ამ რჯულს და ყოველმხრივ გამოიჩინეთ ღვთისმოსაობა.
- 2
იცოდეთ, რომ ვნებათა უფალია ღვთისმოსავი გონება, იგი ძლევს არა მარტო სულიერ, არამედ ხორციელ ტკივილებსაც.
- 3
ისინი, ვინც ღვთისმოსაობის გულისთვის სატანჯველში გზავნიან თავიანთ სხეულს, არა მარტო ადამიანებს აოცებენ, არამედ ღმერთთანაც იმკვიდრებენ წილს.
- 4
მათი წყალობით მოიპოვა მშვიდობა ერმა და სამშობლოში რჯულის ამაღორძინებლებმა დახარკეს მტრები.
- 5
ანტიოქოსი კი სიცოცხლეშიც დაისაჯა და სიკვდილის შემდეგაც მიეგო შური. როცა მან ვერაფრით აიძულა იერუსალიმელები გაურჯულოებულიყვნენ და მამაპაპეული ზნე-ჩვეულებებისთვის ეღალატნათ, დასტოვა იერუსალიმი და სპარსელთა წინააღმდეგ გაილაშქრა.
- 6
შვიდი შვილის დედა ასეთ შეგონებებსაც ეტყოდა თავის შვილებს:
- 7
მე უმანკო ქალწული ვიყავი, არასდროს გავცდენივარ მამისეულ სახლს და წმიდად ვიცავდი ნეკნს, საიდანაც წარმოვიშვი.
- 8
არ დავუღუპივარ შემაცთენელს უდაბნოს ველზე, არც ჩემი სიქალწულის სიწმიდე შეუბღალავს მაცთურ გველს.
- 9
ქმართან გავატარე მოწიფულობის წლები. როცა თქვენ წამოიზარდეთ, აღესრულა მამათქვენი; ბედნიერი კაცი იყო, რადგან მოესწრო შვილთა კეთილდღეობას და მათი უბედურებით არ გამწარებია წუთისოფელი.
- 10
ვიდრე თქვენთან იყო, გასწავლიდათ რჯულსა და წინასწარმეტყველებს;
- 11
გიკითხავდათ კაენისგან აბელის მკვლელობის ამბავს, -აღსავლენ მსხვერპლად მიტანილ ისაკზე და საპყრობილეში მყოფთ იოსებზე.
- 12
გიამბობდათ მოშურნე ფინხასზე და გმოძღვრავდათ ცეცხლში ჩაყრილ ხანანიას, ყაზარიას და მიშაელის მაგალითზე;
- 13
განადიდებდა დანიელს, ლომების ხაროში ჩაგდებულს და ნეტარად რაცხდა მას;
- 14
ჩაგაგონებდათ ესაიას დაწერილ სიტყვებს: ცეცხლშიც რომ გაიარო, ალი არ დაგწვავსო.
- 15
გიგალობდათ დავითის საგალობლებს, რომ ამბობს: ბევრი ჭირი ადგას მართალ კაცსო.
- 16
გიყვებოდათ სოლომონის იგავებს, სადაც ნათქვამია: მისი ნების მყოფელთათვის სიცოცხლის ხეა გამზადებულიო.
- 17
უდასტურებდა ეზეკიელს მის ნათქვამს: ნეტავ თუ გაცოცხლდებაო ეს გამხმარი ძვლები?
- 18
არ დავიწყნია, ესწავლებინა თქვენთვის მოსეს ნათქვამი სიმღერა:
- 19
მე ვკლავ და მევე ვაცოცხლებო. ეს არის თქვენი სიცოცხლე და წუთისოფელიო.
- 20
ო, სასტიკი იყო ის დღეები, როცა ელინთა სასტიკი მბრძანებელი ცეცხლს ცეცხლზე უნთებდა შემზარავ ქვაბებს და გამძვინვარებულ ახალ-ახალ საწამებლისკენ მიათრევდა აბრაამიანი ასულის შვიდ ყმაწვილს,
- 21
თვალის გუგებს უხვრეტდა მათ, ენას აძრობდა და მრავალგვარი სატანჯველით კლავდა,
- 22
მაგრამ ეწია მათ ღვთიური სამართალი და მიუზღო საკადრისი წყეულ მბრძანებელს.
- 23
აბრაამიანი ყმაწვილები კი გამარჯვებულ დედასთან ერთად შეუერთდნენ მამათა გუნდს და უმანკო და უკვდავი სულები მიიღეს ღვთისგან.
- 24
მათი დიდება იყოს უკუნითი უკუნისამდე, ამინ.