4 მაკაბელთა 17
- 1
ერთ-ერთი მცველი ამბობდა, რომ როცა მას სასიკვდილოდ უნდა წაეყვანა ქალი, იგი თვითონ გადავარდა ცეცხლში, არავის არ მიაკარებინა ხელი ტანზე.
- 2
ო, დედავ, რომელმაც შვიდ შვილთან ერთად მტარვალის მძლავრობა გააქარწყლე, ჩაშალე მისი უკეთური განზრახვა და რწმენის სიმტკიცე გამოაჩინე.
- 3
შენ, როგორც სვეტებზე - შვილებზე მტკიცედ დაყრდნობილმა ჭერმა, ღირსეულად გაუძელი სატანჯველთა ძალას, შემარყეველს.
- 4
მაშ, გამხნევდი, სულკურთხეულო დედავ, რომელსაც ღვთის იმედი გაქვს, მტკიცე და შეურყეველი.
- 5
თავად მთვარეც კი არ არის ცაზე ვარსკვლავებითურთ ისე აღმატებული, როგორც შენ, რომელმაც გაუნათე ღვთისმოსავობის გზა ვარსკვლავთსწორ შენს შვიდ შვილს და, ღვთის წინაშე პაგივით წარმდგარი, მათთან ერთად დამკვიდრდი ცაში.
- 6
რადგან შენი შვილები მამა აბრაამის ჭეშმარიტი შთამომავალნი არიან.
- 7
რომ შეგვძლებოდა ხელოვანის დარად შენი ღვთისმოსავობის სურათის დახატვა, განა არ შეძრწუნდებოდა ყველა, ვინც დაინახავდა, თუ როგორ დაითმინა დედამ რჯულის გულისთვის შვიდ შვილთან ერთად სასიკვდილო სატანჯველი.
- 8
შესაფერისი იქნებოდა საფლავის ქვაზე ეს სიტყვები წარწერილიყო მათი ხსოვნისათვის ჩვენს ხალხში:
- 9
აქ მარხიან მოხუცი მღვდელი და მოხუცებული ქალი თავის შვიდ შვილთან ერთად, მსხვერპლნი მტარვალის მძლავრობისა, რომელსაც სურდა, შეებღალა ებრაელთა ცხოვრების წესი.
- 10
მათ იძიეს შური ხალხის გამო და ღვთის სასოებით დაითმინეს სასიკვდილო სატანჯველი.
- 11
ჭეშმარიტად ღვთაებრივი იყო ასპარეზობა, რომელშიც ჩაებნენ ისინი,
- 12
რაკი ჭირთათმენის განსაცდელში სიქველემ გაიმარჯვა. გამარჯვების ჯილდო კი უკვდავებაა მრავალჟამიერ სიცოცხლეში.
- 13
დაიწყო ასპარეზობა ელეაზარმა და ჩაება ბრძოლაში შვიდი შვილის დედაც, იასპარეზეს ძმებმა.
- 14
მტარვალი მათი მოწინააღმდეგე იყო, მაყურებლები კი წუთისოფელი და ადამიანთა ცხოვრება.
- 15
გაიმარჯვა ღვთისმოსავობამ და მანვე გვირგვინებით შეამკო მოასპარაზენი.
- 16
ვის არ გააოცებდა ღვთივგანაწესებული მოასპარაზენი? ვის არ შესძრავდა?
- 17
თავად მტვარვალს და მთელ მის ამალას აოცებდა მათი გამძლეობა,
- 18
რისი წყალობითაც ახლა ისინი ღვთის ტახტის წინაშე დგანან და საუკუნო ნეტარებაში არიან.
- 19
ხომ თქვა მოსემ: ყველანი შენი ხელით არიან განათლულნიო.
- 20
პატივდებულნი არიან ღვთისათვის განათლულნი, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მათი პატივი, არამედ ის, რომ მათი მეოხებით შეიქნა ჩვენი ხალხი მტერთაგან დაუძლეველი.
- 21
მტარვალის დასჯამ და სამშობლოს განწმედამ თითქოს გამოისყიდა ერის ცოდვები.
- 22
ამ ღვთისმოსავთა სისხლითა და სიკვდილის წინაშე გაღებული მსხვერპლით იხსნა ღვთიურმა განგებამ ტანჯული ისრაელი.
- 23
მათი სიმამაცის, სიქველის და სატანჯველში მათი მძლეობის დამნახავმა ანტიოქოსმა თავის ჯარისკაცებს ისინი გამძლეობის მაგალითად დაუსახა.
- 24
ამან გაამამაცა მისი მებრძოლები - ქვეითნი და მოალყენი; ყველა მტერი დაამარცხეს მათ და დახარკეს.