4 მაკაბელთა 16
- 1
თუკი ქალმა და თან მოხუცმა, შვიდი შვილის დედამ გაუძლო შვილების სასიკვდილო წამებას, ცხადი უნდა იყოს, რომ ღვთისმოსავი გონება ვნებათა მბრძანებელია.
- 2
მე ცხადვყავი, რომ მარტო მამაკაცები როდი წარმართავენ ვნებებს; არამედ დედაკაცსაც ძალუძს უსასტიკესი ტანჯვა-წამების არად ჩაგდება.
- 3
მარტო დანიელის წინაშე კი არ მძვინვარებდნენ ლომები და მიშაელის წინაშე - გავარვარებული ქურა; მსგავსადვე იწვოდა ბუნება დედისა, რომელიც უყურებდა შვილების მრავალნაირ წამებას.
- 4
მაგრამ ღვთისმოსავი გონების ძალით ჩააქრო დედამ მოძალებული ვნებები.
- 5
იფიქრეთ, სულმოკლე რომ ყოფილიყო ეს ქალი, თუმცა ის დედა იყო, შეიბრალებდა შვილებს და, ალბათ, ამას იტყოდა:
- 6
ვაი, მე, საწყალობელს და სამგზის უბედურს, შვიდი შვილის მშობელი დედა უშვილო ვრჩები!
- 7
ვაი, ჩემს ფუჭ მუცლადღებას, ამაოდ ჩავლილ შვიდჯერ ათ თვეს, უნაყოფო ძიძაობას და გაცუდებულ ძუძუს წოვებას!
- 8
ტყუილად ვითმენდი, შვილებო, თქვენზე მშობიარობის ტკივილებს და ფუჭად ვეზიდებოდი აღზრდის უმძიმეს ტვირთს!
- 9
ვაი, ჩემს შვილებს, უცოლოებს და ცოლიანებს - უშვილძიროებს! თქვენს შვილებს და დიდდედის ბედნიერებას ვერ ვეღირსები!
- 10
მრავალშვილიანი დედა, ღირსეულ ვაჟთა მშობელი, ქვრივ-ოხრად ვრჩები მრავალსაწყალობელი.
- 11
ისე ვკვდები, რომ ერთი შვილიც არ მრჩება დამმარხავი.
- 12
მაგრამ არ მოთქვამდა ამგვარ საგოდებელს კურთხეული და ღვთისმოშიში დედა, არცერთი მათგანი, სასიკვდილოდ მიმავალი, არ დაუკავებია, არც მწუხარება მორევია, როცა კვდებოდნენ ისინი,
- 13
არამედ ალმასივით მტკიცე გონება ჰქონდა შენარჩუნებული და უკვდავებისთვის ხელახლა შობდა შვილებს და რჯულისათვის თავის გასაწირად ლოცავდა მათ.
- 14
ო, დედავ, ღვთის მეომარო რჯულისათვის! ო, ბერდედავ, შენი სიმხნევით სძლიე მტრვალსაც კი და სიტყვით და საქმით მამაკაცზე ძლიერი გამოჩნდი!
- 15
შენს შვიდ შვილთან ერთად შეპყრობილი იდექი და უყურებდი ელეაზარის წამებას, ებრაულ ენაზე ეუბნებოდი შვილებს:
- 16
შვილებო, საპატიოა ასპარეზი, რომელზეც ერის სიყვარულის დასამოწმებლად ხართ გაწვეულნი. მამაცურად იბრძოლეთ მამაპაპეული რჯულისათვის.
- 17
სამარცხვინო იქნება, ახალგაზრდები შეუშინდეთ სატანჯველს, როცა მოხუცმა კაცმა გაუძლო წამებას ღვთისმოსავობის გულისთვის.
- 18
გახსოვდეთ, რომ ღვთისგან გაქვთ მიღებული - ეს წუთისოფელი და ღვთისთვის უნდა დათმოთ სიცოცხლე.
- 19
ამიტომაც ვალად გადევთ, გაუძლოთ ყოველგვარ ტანჯვას ღვთისთვის.
- 20
ამას ესწრაფოდა ჩვენი მამა აბრაამიც, როცა მსხვერპლად სწირავდა ისაკს, ჩვენს წინაპარს, რომელიც არ შემდრკალა, დანა რომ დაინახა მამის ხელში.
- 21
მართალი დანიელი ლომებს მიუგდეს, ხოლო ხანანია, ყაზარია და მიშაელი გავარვარებულ ქურაში ჩაყარეს, მაგრამ მათ გაუძლეს ცეცხლს.
- 22
და თქვენც, ასეთივე რწმენის მექონნი, ნუ გატყდებით.
- 23
რადგან, დაუჯერებელია, ტანჯვა ვერ დაითმინოს კაცმა, რომელსაც შემეცნებული აქვს ღვთის რჯული.
- 24
ამ სიტყვებით შვიდი შვილის დედა თითოეულ მათგანს ევედრებოდა, უმალ მომკვდარიყო, ვიდრე ღვთის მცნებანი უარეყო.
- 25
მათ ისიც იცოდნენ, რომ ღვთისათვის დახოცილნი ღმერთში იცოცხლებდნენ, როგორც აბრაამი, ისაკი, იაკობი და ყველა მამამთავარი.