4 მაკაბელთა 15
- 1
ო, ბავშვთა გონებავ, ვნებათა დამთრგუნველო! ო, რჯულო, შვილებზე მეტად სასურველო დედისათვის!
- 2
ორი არჩევანი ჰქონდა დედას: ან რჯული ან შვიდი შვილის გადარჩენა, როგორც მბრძანებელი დაჰპირდა.
- 3
მან უმალ რჯული არჩია, რომელიც შეინახავდა მათ მარადიული სიცოცხლისთვის, ღვთის აღთქმისამებრ.
- 4
როგორ აღვწერო მშობელთა შვილებისადმი სიყვარული? სულისა და სახის საკვირველ მსგავსებას აღვბეჭდავთ ჩვენ ბავშვის ბუნებაზე სიჩჩოებიდანვე. ხოლო მშობელთაგან დედები მამებზე მეტად არიან გამსჭვალულნი შვილების მიმართ თანაგრძნობით.
- 5
რაც უფრო სუსტნი არიან დედები და ბევრის მშობნი, მით უფრო უყვართ თავიანთი შვილები.
- 6
მაგრამ ყველა დედებზე მეტად შვილთა მოყვარული აღმოჩნდა შვიდი შვილის დედა, რომელსაც შვიდგზის ორსულობაში ჩაენერგა შვილთა სიყვარული,
- 7
და თითოეული მათგანისთვის მშობიარობის ტკივილების გადამტანს გაუძლიერდა სიყვარულის გრძნობა.
- 8
მაგრამ მაინც ღვთის წინაშე შიშის გამო არად ჩააგდო დროებითი ხსნა თავისი შვილებისა.
- 9
შვილების სრულყოფილებისა და რჯულისადმი მათი მორჩილების მოწმემ კიდევ უფრო მეტი სიყვარული იგრძნო მათდამი.
- 10
რადგან ისინი მართალნი, უბიწონი, მამაცნი, დიდსულოვანნი, ძმათა მოყვარულნი იყვნენ და იმდენად უყვარდათ დედა, რომ სიკვდილშიც კი მას დაემორჩილნენ და ბოლომდე დაიცვეს რჯული.
- 11
თუმცა ბევრი რამ აიძულებდა დედას, თანაგრძნობით შეძრულიყო შვილების სიყვარულის გამო, მაგრამ ვერც ერთის ტანჯვა-წამებამ ვერ შეუცვალა მას გონება.
- 12
პირიქით, დედა ყველას ერთად და თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე რჯულისთვის სასიკვდილოდ აქეზებდა.
- 13
ო, მშობლიური სიყვარულის წმიდა ბუნებავ, გამომკვებელო ძუძუებო და დაუოკებელო დედობრივო გრძნობავ!
- 14
ნაწამები და ცეცხლმოდებული შვილების შემხედვარეც კი მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე.
- 15
ხედავდა შვილების ხორცს, ცეცხლით დამწვარს, მათი ხელებისა და ფეხების თითებს, მიწაზე მიმობნეულს და კანს, თავიდან ნიკაპამდე ნიღაბივით ჩამოკიდებულს.
- 16
დიდება დედას, რომელმაც სამშობიარო ტკივილებზე უმწარესი სატანჯველი დაითმინა!
- 17
დიდება დედაკაცს, რომელმაც ერთადერთმა შვა ესოდენი სრულქმნილი ღვთისმოსაობა!
- 18
არ გიღალატა შენ არც პირმშომ, სულთმობრძავმა, არც მეორემ, სიბრალულით რომ გიყურებდა წამების დროს; არც მესამემ, სულს რომ ღაფავდა.
- 19
არ გიტირია, როცა უყურებდი სატანჯველში მყოფთა უტეხ მზერას და სიკვდილის ნიშნებს მათ ნესტოებში.
- 20
როცა უყურებდი დამწვარი შვილების ერთმანეთზე თავებს, გვამს გვამზე დაგდებულს, ხედავდი შვილთა დაყრილ ხორცს, მოკვეთილ ხელებს, გადატყავებულ წამების ადგილს, მოსეირე ხალხით სავსეს, და ცრემლიც არ მოგრევია თვალზე.
- 21
სირინოზის ჰანგები და არც გედის სიმღერა ისე არ მოიზიდავდა მსმენელს, როგორც - შვილთა ხმები, რომლებიც სატანჯველიდან ეხმიანებოდნენ დედას.
- 22
რა ტანჯვა უნდა გამოევლო იმ წუთებში დედას, როცა ხედავდა სატანჯველში მყოფ შვილებს, როგორ აწამებდნენ ბორბლებითა და შანთებით!
- 23
მაგრამ ღვთისმოსავმა გონებამ სიმამაცე მიჰმადლა მის გულს ამ სატანჯველში, რომ დაეძლია შვილების მიმართ წარმავალი სიყვარული.
- 24
შვიდი შვილის დაღუპვისა და ამდენი ტანჯვა-წამების შემსწრე კეთილშობილმა დედამ ეს ყველაფერი ღვთისადმი რწმენის ძალით გადაიტანა.
- 25
საკუთარი სულის სამსჯავროზე იგი ხედავდა ძლიერ დამცველებს - ბუნებას, ნათესაობას, დედობრივ სიყვარულს და შვილთა წამებას;
- 26
ორი კენჭი ვჭირა ხელში დედას: ერთი სასიკვდილო და მეორე - მხსნელი თავისი შვილებისთვის,
- 27
მაგრამ მან უარი თქვა შვიდი შვილის ხსნაზე ხანმოკლე დროით,
- 28
არამედ მხნეობა მოიკრიბა მან, როგორც ღვთისმოსავი აბრაამის ასულმა.
- 29
დიდება ერის დედას, რჯულის შურისმგებელს, ღვთისმოსავობის დამცველს და საკუთარი გულით ასპარეზზე ჯილდოს მომხვეჭს!
- 30
დიდება ვაჟკაცებზე უპირატესს მხნეობით და მამამაკაცებზე უმამაცესს მოთმინებით!
- 31
ნოეს კიდობანივით საყოველთაო წარღვნაში სოფლის გამომხსნელს და ტალღების მხნედ გადამლახველს!
- 32
ამგვარად, სძლიე შენ, რჯულის დამცველმა, ყოველის მხრიდან მოსულ ვნებების წარღვნას, სასტიკ ქარებს, გაუძელი შენი შვილების წამებას და გადაიტანე ღვთისმოსავობაზე ჩამოწოლილი ზამთარი.