4 მაკაბელთა 14
- 1
გარდა ამისა, ისინი აჩქარებდნენ კიდეც ერთმანეთს საწამებლად წასვლას და არა მხოლოდ ტკივილს თრგუნავდნენ, არამედ ძმურ სიყვარულსაც.
- 2
ო, მეფეებზე უმეფურესო გონებავ, თავისუფლებაზე უთავისუფლესო!
- 3
ო, წმიდა და უთანხმოესო კავშირო შვიდი ძმისა რჯულის გულისათვის!
- 4
შვიდ ყრმათაგან არც ერთს არ გამოუჩენია სიმხდალე და არ შემდრკალა სიკვდილის წინაშე,
- 5
არამედ ყველანი, თითქოსდა უკვდავებისთვის მოასპარეზენი, წამებით სიკვდილს ესწრაფოდნენ.
- 6
როგორც ხელები და ფეხები მოძრაობენ სულის კარნახით, ასევე ეს წმიდა ყრმანიც, თითქოს ღვთისმოსავობის უკვდავი სულით ყოფილიყვნენ აღძრულნი, რომ მორჩილად მიიღეს სიკვდილი მისი გულისთვის.
- 7
ო, ყოვლადწმიდაო, შეხმატკბილებულო ძმათა შვიდეულო! როგორც სამყაროს შესაქმისეული შვიდი დღე უვლის ფერხულს ღვთისმოსავობის გარშემო,
- 8
ასევე მოფერხულე ყრმებმა შუაში მოიქციეს შვიდმაგი შიში სატანჯველისა და გააქარწყლეს იგი.
- 9
ახლაც კი გვზარავს, როცა ვისმენთ ამ ყრმათა ტანჯვა-წამების ამბავს: ისინი კი არა მარტო უყურებდნენ, არა მარტო იქვე ისმენდნენ მუქარის სიტყვებს, არამედ თავად განიცადეს სატანჯველი და დაითმინეს ცეცხლით მიყენებული ტკივილები.
- 10
სხვა რა არის ცეცხლზე უფრო მტკივნეული? მახვილი ხომ ცეცხლის ძალაზე ჩქარია და უფრო სწრაფად ანადგურებს სხეულს.
- 11
სასწაულად ნუ შერაცხავთ, რომ გონება მბრძანებლობდა ამ კაცებს მათ სატანჯველში; დედაკაცსაც კი დაათმენინა გონებამ მრავალფერი სიმწარე.
- 12
შვიდი ყრმის დედა ხომ იძულებული იყო ეყურებინა შვიდივე შვილის წამებისათვის.
- 13
ნახეთ, რაოდენ ძნელია შვილის სიყვარული, ყეელაფერს მსჭვალავს იგი ნაწლავებამდე.
- 14
პირუტყვებსაც კი აქვთ, ადამიანთა მსგავსად, თანაგრძნობის უნარი და მშობლიური სიყვარული თავიანთ ნაშიერთა მიმართ.
- 15
ფრინველებიც კი დღისით ბუდეებს რომ დაჰფრენენ თავზე, რომ დაიფარონ თავიანთი ნაშიერნი,
- 16
კლდეთა ნაპრალებში, ხეთა ფუღუროებზე და მწვერვალებზე ჩეკავენ ბარტყებს და იცავენ მათ მოსალოდნელი საფრთხასაგან.
- 17
და თუ მათი დაცვა არ ძალუძთ, დაფრინავენ ირგვლივ, სიყვარულით შეძრულნი და ჭყივილით აფრთხილებენ - ესღა შეუძლიათ თავიანთი შვილების გადასარჩენად.
- 18
რაღა უგუნური ცხოველები მოგვყავს შვილებისადმი სიყვარულის მაგალითად,
- 19
როცა ფუტკრებიც კი, ფიჭის კეთების ჟამი რომ დგება, იგერიებენ მომხდურს, მახვილის მსგავსად ნესტრით გესლავენ სკასთან მოსულს და ეწირებიან კიდეც მის დაცვას.
- 20
განა სულით აბრაამის მსგავსი დედა არ შეიძრებოდა თავისი ბავშვების თანალმობით?