4 მაკაბელთა 13
- 1
მაშ, თუკი მომაკვდინებელ ტანჯვებს გაუძლო შვიდმა ძმამ, ყველანი დამეთანხმებით, რომ ღვთისმოსავი გონება ვნებათა მბრძანებელია.
- 2
ვნებებს რომ დამორჩილებოდნენ და უსურმაგის ხორცი ეჭამათ, ვნებათაგან ძლეულებს ვუწოდებდით მათ.
- 3
მაგრამ ასე არ მოხდა და ღვთივგანდიდებული გონების ძალით სძლიეს ვნებებს.
- 4
არ უგულებელყოფილა განსჯის მთავრობა, რაკი სძლიეს მათ ვნებებსა და სატანჯველს.
- 5
როგორ არ აღიარებდნენ ვნებათა დამთრგუნველ გონიერებას, როცა ცეცხლში წამებამაც ვერ შეცვალა ისინი?
- 6
ნავსადგურში ჩადგმული იმ ბურჯების მსგავსად, რომლებიც ტალღათა მუქარას ათვინიერებენ და მშვიდ გზას აძლევენ ყურეში შემავალ ხომალდს,
- 7
სძლია ყრმათა შვიდბურჯიანმა გონებამ, ღვთისმოსავობის ნავსადგურის გამამაგრებელმა, ვნებების ქარიშხალს.
- 8
ღვთისმოსავობის წმიდა ფერხულში ჩაბმულნი, ისინი ურთიერთს ამხნევებდნენ და ამბობდნენ:
- 9
ძმურად ვკვდებით, ძმებო, რჯულისთვის. მივბაძოთ იმ სამ ყრმას აშურში, რომლებმაც არად ჩააგდეს გახურებული ქურა.
- 10
ნუ გამოვიჩენთ სიმხდალეს და ვაჩვენოთ ღვთისმოსავობა.
- 11
ერთმა თქვა: გამხნევდი, ძმაო, მეორემ: ღირსეულად გაუძელი.
- 12
სხვამაც ეს გაიხსენა: გახსოვდეთ, საიდან ხართ, ან რომელმა მამის ხელმა მიიტანა მსხვერბლად ღვთისმთსავობისთვის ისაკი.
- 13
ერთიმეორეს შესცქეროდნენ მხიარულად და მამაცურად, ამბობდნენ: მთელი გულით შევწიროთ თავი ღმერთს, სიცოცხლის მომნიჭებელს; სხეული კი რჯულის დასაცავად გავიღოთ.
- 14
ნუ შეგვაშინებს ის, ვინც სიკვდილს გვიპირებს,
- 15
რადგან დიდია ბრძოლა სულისთვის და საფრთხე მარადიული საგანჯველისა მას ელის, ვინც ღვთის მცნებანი დაარღვია.
- 16
მაშ, აღვიჭურვოთ ღვთივმონიჭებული გონებით ვნებათა მოსათრგუნად.
- 17
სიკვდილის შემდეგ აბრაამს, ისაკს და იაკობს მივუვალთ და მამა-პაპათა ქებას დავიმსახურებთ.
- 18
ერთს რომ გაათრევდნენ, დანარჩენები ეუბნებოდნენ: ნუ შეგვარცხვენ, ძმაო, ნუ გაუცუდებ იმედს შენს წინ დახოცილ ძმებსო.
- 19
თქვენ იცით, რა არის ძმური სიყვარული, რომელიც ღვთიურმა და ყოვლადბრძენმა განგებამ მამებისგან მათ ნაშიერთ ჩაუნერგა, და რომელიც დედის საშოში იყო ჩასახული.
- 20
ერთი და იგივე ხანი დაჰყო იქ თვითეულმა ძმამ და ერთსა და იმავე ხანში გამოისახენ ისინი, ერთი სიცოცხლის მიმღებელნი.
- 21
იშვნენ თანაბარი დროის გამოშვებით, ერთი წყაროდან სვამდნენ რძეს და საზრდოობდნენ ერთმანეთთან გადანასკვული ძმური სულები.
- 22
ძლიერდებოდნენ საერთო საზრდელით და ყოველდღიური ურთიერთსიყვარულით, საერთო აღზრდით და ჩვენი საღვთო რჯულის მოძღვრების წყალობით.
- 23
ძმურ თანაგრძნობაში და სიყვარულში გაზრდილი ძმები, შვიდივენი ერთმანეთის მოუვარულნი დარჩნენ სამუდამოდ.
- 24
ერთი რჯულით განსწავლულებს, ერთნაირ სიქველეებში გაწვრთნილებს და სამართლიანი ცხოვრების მიმდევრებს კიდევ უფრო მეტად უყვარდათ ერთმანეთი.
- 25
საერთო შურმა სრულყოფილებისამ გააძლიერა მათ შორის ურთიერთგაგება და თანხმობა.
- 26
რადგან ღვთისმოსავობის წყალობით განამტკიცებდნენ გამორჩეულ ძმურ სიყვარულს.
- 27
და თუმცა საერთო ბუნება, საერთო აღზრდა და ქველი ჩვევები ემატებოდა ძმურ სიყვარულს, მაინც სატანჯველად თავისი ჯერის მომლოდინენი, თვალყურს ადევნებდნენ ძმების ტანჯვა-წამებას.