4 მაკაბელთა 12
- 1
როცა ისიც ჩააგდეს ქვაბში და კურთხეული სიკვდილით მოკვდა, მეშვიდე, ყველაზე ახალგაზრდა, წარდგა წინ.
- 2
იგი შეებრალა მბრძანებელს, თუმცა მის ძმებზე სასტიკად იყო განრისხებული. გამოიხმო ყრმა, რომელიც ირგვლივ დაწყობილ ბორკილებს უყურებდა, სცადა მისი დაყოლიება, ეუბნებოდა:
- 3
ხომ ხედავ შენს ძმათა უგუნურების დაგვირგვინებას. აკი დაიხოცნენ ისინი წამებით ურჩობის გამო.
- 4
და შენც, თუ არ დამემორჩილები, წამებით ნაადრევი სიკვდილი მოგელის, მაგრამ თუ დამემორჩილები, ჩემი მეგობარი და დიდი მოხელე შეიქნები სამეფოში.
- 6
ასე არწმუნებდა მას და მერე მისი დედაც მოაყვანინა, რომ ეთანაგრძნო ამდენი შვილის დამკარგავისთვის და დაეყოლიებინა იგი, ერჩია უკანასკნელი შვილისთვის დამორჩილება და თავის გადარჩენა.
- 7
შვილმა კი, როცა მას დედა ებრაულ ენაზე დაელაპარაკა, როგორც მოგვიანებით ვიტყვით,
- 8
თქვა: გამიშვით, სიტყვა მოვახსენო მეფესა და ყველა მის მეგობარს, ვინც თან ახლავსო.
- 9
ყრმის ნათქვამით დიდად გახარებულმა მაშინვე გაუშვეს იგი.
- 10
ყრმამ კი მიირბინა ტაფასთან.
- 11
და თქვა: უღვთოვ, ყველა ბოროტეულზე უწმიდურო მტარვალო, არა გრცხვენია, ღვთისგან სიკეთეს და სამეფოს რომ იძენ, მის მსახურთ კი ხოცავ და რჯულის მიმდევართ აწამებ?
- 12
ამისათვის შენ მწარედ მოგეგება სამართალი - მარადიული ცეცხლი და საგანჯველნი, საიდანაც უკუნისამდე ვერ იხსნი თავს.
- 13
ნუთუ არა გრცხვენია, ადამიანს, მხეცზე უარესი რომ ხარ? შენივე მსგავსებს და იმავე სტიქიონთაგან შექმნილთ ენას რომ აჭრი და ამგვარად აწამებ?
- 14
მაგრამ მათ, ღირსეულად დახოცილებმა აღასრულეს ღვთის სამსახური. შენ კი, ბოლოს მწარედ ინანებ, რომ ღირსებისთვის მებრძოლნი უმიზეზოდ დახოცე.
- 15
და უკვე სიკვდილს მიწურულმა თქვა:
- 16
არ მიღალატნია ჩემი ძმებისთვის სიქველეში,
- 17
და ვევედრები ჩემი მამა-პაპის ღმერთს, შეიწყალოს ჩვენი ხალხი;
- 18
შენ კი ცოცხალსაც და მკვდარსაც დაგსჯის.
- 19
წარმოთქვა ეს ვედრება და თავად დაემხო ტაფაზე. ამგვარად გასწირა მან თავი.