4 მაკაბელთა 11
- 1
როცა ისიც მოკვდა, სასტიკი წამებით გატანჯული, მოიჭრა მეხუთე და თქვა:
- 2
არ ვაპირებ, მტარვალო, გავექცე სატანჯველს ღირსებისთვის.
- 3
იგი თავისით მომეახლა, რათა ჩემი მოკვლით მრავალი დანაშაულისთვის ღვთიური სამართლით მოგეზღოს სასჯელი.
- 4
ღირსებისა და კაცთა მაიძულევ, რა საქციელის გამო გვანადგურებ ასე?
- 5
იმის გამო, რომ ყოველი ქმნილების შემოქმედს მოწიწებით ვეპყრობით და მისი რჩეული რჯულის თანახმად ვცხოვრობთ.
- 6
მაგრამ ეს საქციელი პატივს იმსახურებს, არა წამებას,
- 7
თუ ნამდვილად ადამიანური გრძნობები გაქვს და ღვთისგან ხსნას ელი;
- 8
მაგრამ შენ უცხო ხარ ღვთისთვის და ებრძვი მის თაყვანისმცემელთ.
- 9
ესა თქვა და მცველებმა შეკრეს იგი და ისართმტყორცნელ მანქანასთან მიათრიეს.
- 10
მუხლებით მასზე დააბეს და რკინის მარწუხებში მოამწყვდიეს, მერე ბორბლის პირზე დააკრეს ზურგით, ისე რომ მორიელივით გაუდრიკეს წელი, დაწყვეტაზე ჰქონდა სახსრები.
- 11
ამ დღეში მყოფმა, სულშეხუთულმა და ტკივილისგან გამწარებულმა,
- 12
თქვა: დიდ წყალობას გვამადლი, მტარვალო, შენდა უნებლიეთ, რადგან ამ სატანჯველით გვაიძულებ, გამოვაჩინოთ ჩვენი გამძლეობა რჯულის გულისთვის.
- 13
ესეც რომ აღესრულა, მოიყვანეს მეექვსე ყრმა, რომელმაც მბრძანებლის წინადადებას, თუ შეჭამ, გათავისუფლდებიო, უპასუხა:
- 14
ასაკით მე ჩემს ძმებზე ახალგაზრდა ვარ, აზრით კი - მათი თანატოლი.
- 15
რაკი ამისთვის გავჩნდით და აღვიზარდეთ, ყველას ერთი სიკვდილი გვმართებს.
- 16
თუ განზრახული გაქვს მაწამო უსურმაგის ხორცის შეუჭმელობის გამო, მაწამე ბარემ...
- 17
ეს თქვა და ბორბალთან მიიყვანეს კიდეც.
- 18
საგულდაგულოდ განრთხმული და ხერხემალგადამტვრეული იწვებოდა იგი,
- 19
უკნიდან გახურებულ წვერწამახულ შანთებს უყრიდნენ, ფერდებს უხვრეტდნენ ისე, რომ შიგნეულობა სულ ამოუწვეს.
- 20
ის კი, ამ სატანჯველში მყოფი, ამბობდა: დიდება ღვთის საკადრის ასპარეზს, სადაც რჯულში გამოსაცდელად გაგვიწვიეს ძმები, მაგრამ ვერ დაგვამარცხეს.
- 21
რადგან უძლეველია, მტარვალო, საღვთო ცოდნა.
- 22
ყოველგვარი სიქველით აღჭურვილი, მეც ვკვდები ჩემს ძმებთან ერთად.
- 23
მე თავად მოგივლენ შურისმგებელს, წამებათა გამომგონებელო და ჭეშმარიტ ღვთისმოსავთა მტერო.
- 24
ექვსი ყრმა შევეწირეთ შენს მტარვალობას.
- 25
და რომ ვერ შესძელი გადაგერწმუნებინა ჩვენი გონება და ვერ გვაიძულე უსურმაგის ჭამა, განა ეს შენი მარცხი არ არის?
- 26
გრილია ჩვენთვის შენი ცეცხლი, უმტკივნეულოა შენი იარაღი და უძლურია შენი მძლავრობა.
- 27
რადგან არა მტარვალის მცველნი, არამედ ღვთის რჯულის მცველნი უფლობენ ჩვენზე. ამიტომაც არის უძლეველი ჩვენი გონება.