4 მაკაბელთა 10
- 1
ამანაც გაუძლო წამებას და სახელოვანი სიკვდილით აღესრულა. გამოიყვანეს მესამე. მრაგალგზის ურჩევდნენ მრავალნი: შეჭამე და გადარჩებიო.
- 2
მაგრამ მან წამოიძახა: განა არ იცით, რომ სიკვდილისთვის ჩამსახა მამაჩემმა და გამაჩინა დედამ და ამ მოძღვრებით ვარ აღზრდილი?
- 3
არ გავტეხ ძმობის კეთილშობილურ ნათესაობას.
- 4
მოაყენეთ ჩემს სხეულზე, თუ რამ საწამებელი იარაღი გაქვთ; ჩემს სულს კი ვერაფერს დააკლებთ, რაც უნდა ეცადოთ.
- 5
ამ კაცის სიმხნევით განმძვინვარებულებმა საწამებელი იარაღებით ხელ-ფეხი დაულეწეს.
- 6
გადაუმტვრიეს თითები, მკლავები, წვივები, იდაყვები.
- 7
ვერაფრით რომ ვერ აიძულეს აზრის შეცვლა, სკვითური წესით თავიდან ფეხებამდე მანქანებით გააძრეს ტყავი.
- 8
შემდეგ ბორბალზე აიყვანეს, საიდანაც საკუთარი თვალებით ხედავდა თავისსავე დაგლეჯილ ხორცსა და შიგნეულობიდან ამომსკდარ სისხლის ნაკადებს.
- 9
სიკვდილს მიწურულმა თქვა,
- 10
ჩვენ, უწმიდურო მტარვალო, აღზრდისა და ღირსების გამო ვიტანთ წამებას,
- 11
შენ კი უღვთოობისა და სისხლის მსმელობის გამო მარადიული სატანჯველი გელოდება.
- 12
როცა მოკვდა ეს ღირსეული ძმა, მეოთხე გამოათრიეს და უთხრეს:
- 13
ნუ აჰყვები შენი ძმების სიგიჟეს, დაუჯერე მეფეს და უშველე თავს.
- 14
მან კი უპასუხა: უფრო ძლიერად აღაგზნეთ ჩემთვის ცეცხლი, სიმხდალე თუ გამოვიჩინო.
- 15
ვფიცავ ჩემი ძმების კურთხეულ სიკვდილს და მტარვალის მარადიულ წარწყმედას, ღვთისმოსავთა მარადიულ სიცოცხლეს ვფიცავ, არ ვუღალატებ კეთილშობილურ ძმობას.
- 16
მოიგონე, მტარვალო, წამებანი, იქნებ მათგან ისწავლო, რომ მე წეღან წამებულთა ძმა ვარ.
- 17
ეს რომ გაიგო სისხლს მოწყურებულმა და მკვლელმა, უწმიდურმა ანტიოქოსმა, ბრძანა, ენა ამოერთვათ ყმაწვილისთვის.
- 18
მან კი თქვა: სიკვდილის იარაღითაც ვერ შემაშინებ. მდუმარესაც უსმენს ღმერთი.
- 19
აჰა, ამომართვი ენა, ამით ჩემს გონებას ვერ დაადუმებ.
- 20
ხალისით შემიწირავს ღვთისათვის სხეულის ნაწილები.
- 21
შენ კი მალე სასჯელით მოგეწევა ღმერთი საგალობლებით უფლის განმადიდებელი ენის ამომკვეთელს.