4 მაკაბელთა 9
- 1
რაღას ფიქრობ, მბრძანებელო? ჩვენ ხომ მზად ვართ უმალ დავიხოცოთ, ვიდრე ჩვენი მამა-პაპის მცნებანი დავარღვიოთ.
- 2
ნამდვილად შევარცხვენთ ჩვენს წინაპრებს, თუკი რჯულსა და ჩვენს მრჩეველს მოსეს არ დავემორჩილებით.
- 3
ურჯულოების მრჩეველო მბრძანებელო, ჩვენდამი სიძულვილში იმაზე მეტად ნუ შეგვიბრალებ, ვიდრე ჩვენ გვებრალება საკუთარი თავი.
- 4
რადგან თავად სიკვდილზე უმძიმესად მიგვაჩნია შენგან შეწყალება - რჯულის დარღვევის ფასად გადარჩენა.
- 5
შენ გვემუქრები, წამებით ამოგხდითო სულს, თითქოს ამ ცოტა ხნის წინ ელეაზარისგან არაფერი გესწავლოს.
- 6
თუკი ებრაელთა მოხუცებულებმა ღვთისნიერად იცხოვრეს და გაუძლეს სატანჯველს, ბარემ ჩვენ, ახალგაზრდებიც, დავიხოცოთ არად ჩამგდებნი შენგან მოვლენილი სატანჯველისა, რომელზეც გამარჯვება მოიხვეჭა ჩვენმა მოხუცმა მოძღვარმა.
- 7
აბა, გამოგვცადე, მბრძანებელო, თუ ჩაკლავ ღვთისნიერებით განმსჭვალულ ჩვენს სულებს? ნუ გგონია, რომ წამებით ჩვენ რაიმე ზიანი მოგვაყენო.
- 8
ჩვენ ხომ ამ ტანჯვათა მოთმინებით ამტანნი ღირსების ჯილდოს დავიმსახურებთ და ვიქნებით ღმერთთან, ვისთვისაც ვეწამებით.
- 9
შენ კი, ჩვენი სისხლით წაბილწულს, თავად მოგიწევს ღვთის განგებით მარადიული წამება ცეცხლში.
- 10
ამ სიტყვების მოსმენისას მარტო მათმა ურჩობამ კი არ გაამძვინვარა მბრძანებელი, არამედ მათ უმადურობაზეც მოერია რისხვა.
- 11
უბრძანა მცველებს წინ გამოეგდოთ უფროსი ძმა, ქიტონი გაეხადათ მისთვის და ღვედებით გაეკოჭათ ხელ-მკლავი.
- 12
როცა შოლტების ცემისგან დაიღალნენ ჯალათები, ბორბალზე შეაგდეს იგი.
- 13
ზედ დააკრეს კეთილშობილი ყრმა და სახსრები დაუწყვიტეს.
- 14
თუმცა მთლად დასახიჩრებული იყო, მაგრამ მაინც გმობის სიტყვებს ამბობდა:
- 15
უწმინდურო მბრძანებელო და ციური სამართლის მტერო, გულსასტიკო, ასე იმიტომ კი არ მასახიჩრებ, რომ კაცისმკვლელი ან უღვთო ვინმე ვიყო, არამედ იმიტომ, რომ რჯულის დამცველი ვარ.
- 16
ჯალათები ეუბნებოდნენ: ჭამე, თავი რომ დაიხსნა წამებისაგანო.
- 17
ის კი პასუხობდა: ისე გაუსაძლისი როდი არის ეს თქვენი ბორბალი, რომ გონება დამიხშოს. ასო-ასო ამკუწეთ, დაწვით ჩემი ხორცი, გადამიგრიხეთ სახსრები,
- 18
მთელი ამ სატანჯველით დაგარწმუნებთ, რომ უძლეველნი მხოლოდ ებრაელთა ძენი არიან, როცა მათ ღირსებაზე მიდგება საქმე.
- 19
ამას რომ ამბობდა, შეუნთეს ქვეშ ცეცხლი და დაატრიალეს ბორბალი.
- 20
ყოველმხრივ სისხლით ირწყვებოდა ბორბალი და ნაკვერჩხალთა გროვას სითხის წვეთები აქრობდა. იარაღის ღერძსაც კი ხორცები ეკიდა.
- 21
ძვლებიც რომ დაუმტვრიეს, არც მაშინ დაუკვნესია კეთილშობილ ყრმას - აბრაამის ძეს,
- 22
არამედ თითქოსდა ცეცხლში უკვდავად გარდაქმნილი, ღირსეულად უძლებდა წამებას.
- 23
ამბობდა: მომბაძეთ, ძმებო, მარტო ნუ შემატოვებთ ასპარეზს, შემომფიცეთ სულიერი ძმობა!
- 24
საღვთო და წმიდა ომი გამართეთ რჯულისთვის; ჩვენი მამა-პაპის სამართლიანი განგება წყალობით მოხედავს ჩვენს ხალხს, შურს იძიებს მტარვალ მბრძანებელზე.
- 25
ეს თქვა ღვთისდარმა ჭაბუკმა და დალია სული.
- 26
ყრმის სულიერი სიმტკიცით გაოცებულმა მცველებმა გამოიყვანეს მომდევნო ძმა, მახვილბრჭყალებიან რკინის ხელებს დაუყენეს წინ, მერე საწამებელ იარაღზე დააკრეს.
- 27
ვიდრე აწამებდნენ, ურჩიეს ჭამა, მაგრამ ღირსეული პასუხი მიიღეს.
- 28
აფთარივით მხეცებმა რკინის ხელებით დაძარღვეს იგი, ნიკაპამდე ხორცი შემოაგლიჯეს და თავზეც წააძრეს კანი. ის კი იტანდა ამ მძიმე წამებას და ამბობდა:
- 29
რაოდენ ტკბილია ყოველგვარი სიკვდილი მამაპაპეული რჯულისთვის და მტარვალს მიმართავდა:
- 30
ნუ გგონია, უსასტიკესო მტარვალო, ჩემზე ნაკლებ წამებას უძლებდე, როცა ხედავ როგორ მარცხდება შენი მტარვალური განზრახვა ჩვენი მოთმინებით რჯულის გულისთვის.
- 31
მე ხომ სიქველით მონიჭებული სიამის წყალობით ვიმსუბუქებ ტანჯვას,
- 32
შენ კი უღვთო მუქარა გაწამებს. ღვთიური რისხვის სამსჯავროს ვერ გაექცევი, უწმიდურო მტარვალო.