3 ეზრა 9
- 1
მიპასუხა და თქვა: შენ თავად გაზომე დრო და, როცა დაინახავ, რომ ჩავლილია წინასწარმოსწავებულ ნიშანთა ნაწილი,
- 2
მაშინ მიხვდები, რომ ეს სწორედ ის ჟამია, როცა მოიკითხავს უზენაესი წუთისოფელს, რომელიც მისგან არის შექმნილი.
- 3
როცა გამოჩნდება წუთისოფელში ადგილთა ძვრა და ხალხთა აღრევა,
- 4
მაშინ მიხვდები, თუ რატომ ლაპარაკობდა მათზე უზენაესი დღეთა დასაბამიდან, რაც შენამდე იყო.
- 5
როგორც ყველაფერს, რაც წუთისოფელშია შექმნილი, დასაბამი აქვს, ასევე დასასრულიც აქვს და დასასრული გამოცხადებულია.
- 6
ამგვარად, უზენაესის დრო-ჟამის დასაწყისნი გაცხადებულია სასწაულებითა და სიქველეებით, ხოლო დასასრულნი ქმედებითა და ნიშნებით.
- 7
ყველა, ვინც გადარჩება, ვინც შესძლებს თავდახსნას თავისი საქმეებითა და სარწმუნოებით, რომლის ერთგულიც იყო,
- 8
თავს დააღწევს წინასწარმოსწავებულ საფრთხეს და იხილავს ხსნას ჩემგნით; ჩემს ქვეყანაში და ჩემს მიწა-წყალზე, რომელიც ნაკურთხი მაქვს უკუნითიდან,
- 9
მაშინ შესაბრალისი იქნებიან ისინი, ვინც ახლა არად მიიჩნევენ ჩემს გზებს და სატანჯველში ჩაცვივდებიან, ვინც სიძულვილით გვერდი აუარეს.
- 10
თუმცა არ მცნობდნენ, მაგრამ სიცოცხლეში მაინც იღებდნენ წყალობას ჩემგან;
- 11
სძულდათ ჩემი რჯული, როცა ჯერ კიდევ ჰქონდათ თავისუფლება.
- 12
როცა ჯერ კიდევ ღია იყო მათთვის მონანიების ადგილი, მაინც არ შეიცნეს, არამედ უარყვეს ჩემი რჯული, მაშინ სიკვდილის შემდეგ სატანჯველში მოუხდებათ შემეცნება.
- 13
შენ კი მეტად ნუღარ გამოიკითხავ, თუ როგორ იტანჯებიან უკეთურნი, არამედ იკითხე, თუ როგორ და როდის გადარჩებიან მართალნი, რომლებისაც არის წუთისთუელი და რომელთა გულისთვისაც არსებობს წუთისოფელი.
- 14
ვუპასუხე და ვთქვი;
- 15
ადრე მითქვამს, ახლაც ვამბობ, და კვლავ ვიტყვი: დასაღუპად განწირულნი გადარჩენილებზე ბევრნი არიან,
- 16
როგორც ტალღაა მეტი წვეთზე. მიპასუხა და თქვა:
- 17
როგორიც ყანაა, თესლიც ისეთია; როგორიც ყვავილებია, ფერებიც ისეთივეა; როგორიც შემოქმედებაა, შექმნილიც ისეთივეა; როგორიც მიწისმუშაკია, ნახნავ-ნათესიც ისეთივეა. რადგან წუთისოფლის იყო ჟამი.
- 18
როცა მე წუთისოფლის გაჩენამდე, სადაც უნდა ეცხოვრათ, ვქმნიდი მათ, ვინც ახლა არიან, არავინ იყო ჩემი წინაღმდგომელი.
- 19
მაშინაც და ახლაც იქმნება ყოველი ამ გამზადებულ სამყაროში, სადაც სამკალის ნაკლებობა არ არის და სადაც დაცემულია ზნე რჯულის შესაცნობად.
- 20
გამოვიკვლიე წუთისოფელი და, აჰა, საფრთხე დავინახე, რომელიც წუთისოფელში შემოსულმა ფიქრებმა შექმნეს.
- 21
დავინახე და ძლიერ შემებრალა იგი, და შემოვინახე ჩემთვის ყურძნის ერთი მარცვალი და ერთი ნერგი მრავალი ტომიდან.
- 22
ასე დაიღუპნენ მრავალნი, უაზროდ შობილნი, და დარჩეს ჩემი ყურძენი და ჩემი ნერგი, რადგან დიდი შრომით სრულვყავი.
- 23
ხოლო შენ თუ დაჰყოფ კიდევ შვიდ დღეს, ოღონდ არ იმარხულებ,
- 24
გახვალ ყვავილოვან ველზე, სადაც სახლი არ დგას, და მხოლოდ ველის ყვავილებით ისაზრდოებ, პირს არ დააკარებ ხორცს და არ დალევ ღვინოს, მხოლოდ ყვავილებს შეჭამ,
- 25
განუწყვეტლივ ილოცებ უზენაესისადმი, მაშინ მეც მოგევლინები და დაგიწყებ ლაპარაკს.
- 26
გავედი, როგორც მითხრა, ველზე, რომელსაც ეწოდება არდათი, და ჩავჯექი იქ ყვავილებში. მინდვრის ბალახებით ვიკვებებოდი და საკმარისი იყო ჩემთვის ეს საჭმელი.
- 27
შვიდი დღის შემდეგ იყო, რომ თივაზე მწოლარეს წინანდებურად გულშეშფოთებულს,
- 28
გამეხსნა პირი, დავიწყე ლაპარაკი უზენაესის წინაშე და ვთქვი:
- 29
უფალო, ცხადად გამოგვეცხადე ჩვენ-ჩვენს მამა-პაპას უკაცრიელ, უნაყოფო უდაბნოში, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდნენ, და უთხარი:
- 30
მისმინე მე, ისრაელ და იაკობის მოდგმავ, ყურად იღე ჩემი სიტყვები.
- 31
აჰა, მე ვთესავ თქვენში ჩემს რჯულს, დაე, გამოიღოს თქვენში ნაყოფი და განდიდებულ იყოთ მასში საუკუნოდ.
- 32
კი მიიღო ჩვენმა მამა-პაპამ რჯული, მაგრამ არ შეინახა და ჩემი რჯულდებანი არ დაიცვა; მაინც არ დაღუპულა რჯულის ნაყოფი და ვერც დაიღუპებოდა, რადგან შენი იყო.
- 33
დაიღუპნენ რჯულის მიმღებნი და ვერშემნახველნი იმისა, რაც მათში იყო დათესილი.
- 34
აჰა, წესია, რომ როცა მიიღებს მიწა თესლს, ანდა ზღვა - ხომალდს, ანდა რაიმე ჭურჭელი - საჭმელს ან სასმელს, და განადგურდება ის, რაშიც დათესილია ან რაშიც ჩაშვებულია რაიმე,
- 35
ასევე განადგურდება ყოველი დათესილი ან ჩაშვებული, ან მოთავსებული; არაფერი შეგვრჩება მისგან; მაგრამ ჩვენთვის ასე არ ხდება.
- 36
ჩვენ, რჯულის მიმღებნი, მაგრამ ცოდვილნი დავიღუპებით, და დაიღუპება ჩვენი გულიც, რომელმაც რჯული მოითავსა.
- 37
მაგრამ რჯული არ იღუპება, არამედ რჩება თავის ძალაში.
- 38
როცა ამას ვამბობდი გულში, თვალი ავახილე და დავინახე ქალი მარჯვენა მხარეს, ტიროდა იგი და ხმამაღლა მოთქვამდა, ძლიერ სწუხდა სულით, ტანისამოსი შემოგლეჯილი ჰქონდა და ნაცარი ეყარა თავზე.
- 39
მოვეშვი ჩემს საფიქრალს და დავუწყე მას ლაპარაკი, და ვუთხარი:
- 40
რატომ სტირი? რა დარდი გაწუხებს-მეთქი? მითხრა:
- 41
დამანებე, ბატონო, რომ ვიტირო და დარდს მივცე თავი, რადგან მეტისმეტად გამწარებული მაქვს სული, დამდაბლებული ვარ მეტისმეტად.
- 42
ვუთხარი: რა შეგემთხვა? მითხარი-მეთქი. მითხრა:
- 43
უშვილო ვარ, შენი მონა-მორჩილი; ქმარი მყავს, მაგრამ, ოცდაათი წელია, ვერ გავაჩინე შვილი.
- 44
ყოველ ჟამს და ყოველ დღეს, მთელი ეს ოცდაათი წელი, დღითა და ღამით უზენაესს ვევედრებოდი,
- 45
და აჰა, აღსრულდა: ოცდაათი წლის შემდეგ შეიწყნარა ღმერთმა შენი მონა-მორჩილის ვედრება, იხილა ჩემი დამდაბლება, მოხედა ჩემს ტანჯვას და მაჩუქა ვაჟი; დიდად გავიხარეთ ამით მე და ჩემმა ქმარმა და ჩემმა მეზობლებმაც, და დიდ პატივს მივაგებდით ყოვლადძლიერს.
- 46
დიდი გაჭირვებით გავზარდე შვილი.
- 47
და როცა გაიზარდა იგი და წავიდა ცოლის მოსაყვანად, მეც დავნიშნე ქორწილის დღე.