3 ეზრა 12
- 1
როცა ლომი არწივს ამ სიტყვებს ეუბნებოდა, ვიხილე:
- 2
აჰა, თავი რომელიც დარჩენილიყო, გაუჩინარდა; ის ოთხი ფრთა კი, რომლებიც მასთან იყვნენ, აღიმართნენ გასამეფებლად; მაგრამ ხანმოკლე და შფოთით სავსე იყო მათი მეფობა.
- 3
ვიხილე: აჰა, თავად ისინიც გაუჩინარდნენ და მთლიანად დაიწვა არწივის ტანი და ძლიერ შეძრწუნდა დედამიწა. ხოლო მე შეშფოთებისა და ძლიერი შიშისაგან გამოვფხიზლდი და მივმართე ჩემს სულს:
- 4
აჰა, შენ დამმართე ეს ამბავი, უზენაესის გზებს რომ იკვლევ-მეთქი.
- 5
აჰა, ჯერ კიდევ დაღლილი ვარ სულით და დაუძლურებული, ძალის ნატამალიც აღარ შემომრჩა იმ დიდი შიშის გამო, ამ ღამით რომ განვიცადე.
- 6
მაშ ახლა შევევედრები უზენაესს, რათა ბოლომდე გამამხნევოს.
- 7
ვთქვი: მბრძანებელო უფალო, თუკი მადლი ვპოვე შენს თვალში, თუკი მართლად გამოვჩნდი შენს წინაშე მრავალთა შორის, თუკი ჩემმა ვედრებამ ნამდვილად მოაღწია შენამდე,
- 8
გამამხნევე და გამიმჟღავნე მე, შენს მორჩილს, განმარტება და ახსნა ამ საშინელი ხილვისა, რათა საბოლოოდ დამიმშვიდო სული.
- 9
ღირს-მყავი, რათა გამიმჟღავნო დრო-ჟამის უკანასკნელი ამბები. მან მითხრა:
- 10
ეს არის ამ ხილვის განმარტება:
- 11
არწივი, ზღვიდან ამომავალი რომ იხილე, ის სამეფოა, რომელიც დანიელის, შენი ძმის, ხილვაში იყო ნახილვები.
- 12
მაგრამ მას არ განემარტა, როგორც შენ განგიმარტავ ახლა.
- 13
აჰა, დღეები და დამყარდება დედამიწაზე სამეფო, რომელიც ყველა ადრინდელ სამეფოზე საშინელი იქნება.
- 14
გამეფდება მასში თორმეტი მეფე ერთი მეორის მოყოლებით.
- 15
მეორე მეფე დაიწყებს მეფობას და ამ თორმეტში ყველაზე მეტხანს ეპყრება ძალაუფლება.
- 16
ეს არის განმარტება თორმეტი ფრთისა, რომლებიც იხილე.
- 17
მოლაპარაკე ხმა რომ მოისმინე, არა თავიდან, არამედ ტანის შუადან გამომავალი,
- 18
ასეთია ამის განმარტება: მისი მეფობის შემდეგ დიდი ბრძოლები წარმოიშობა და გადაიხრება სამეფო დამხობად, მაგრამ ამჯერად არ დაემხობა იგი, არამედ კვლავ თავის დასაბამს დაუბრუნდება.
- 19
მისი ფრთებიდან გამოზრდილი ნაკრტენები რომ იხილე,
- 20
ასეთია ამის განმარტება: აღზევდება სამეფოში რვა მეფე, რომელთა ჟამი ხანმოკლე იქნება და წლები - სწრაფმავალი, ორი მათგანი დაიღუპება.
- 21
შუა ხანის მოახლოებისთანავე ოთხი მეფე შემორჩება იმ დრომდე, როცა დაიწყებს მოახლოებას მისი ჟამი, რათა დასრულდეს. ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან.
- 22
სამი უძრავი თავი რომ იხილე,
- 23
ასეთია ამის განმარტება: უკანასკნელ ხანებში აღაზევებს უზენაესი სამ მეფეს და ბევრს შეყრის მათ სამეფოში და გაბატონდებიან დედამიწაზე.
- 24
და მის მკვიდრებზე უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი. ამის გამო ეწოდათ მათ არწივის თავები.
- 25
ესენი არიან, ვინც დაიუნჯებენ მის ბოროტეხებს და მის უკანასკნელთაც განახორციელებენ.
- 26
უფრო დიდი თავი რომ იხილე გაუჩინარებული, ასეთია ამის განმარტება: ერთ-ერთი მათგანი თავის სარეცელზე მოკვდება, თუმცა წამებით.
- 27
იმ დანარჩენ ორს კი მახვილი შეჭამს.
- 28
ერთის მახვილი მეორეს შეჭამს, თუმცა ისიც მახვილით დაეცემა უკანასკნელ ხანებში.
- 29
ორი ნაკრტენი რომ იხილე არწივის მარჯვენა თავზე გადამავალი,
- 30
ეს არის ამის განმარტება: ესენი არიან, რომლებიც შემოინახა უზენაესმა მისი დასასრულისთვის; ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო.
- 31
ლომი რომ იხილე ტყიდან ბდღვინვით გამოვარდნილი, არწივს რომ ელაპარაკებოდა და ამხილებდა მას უსამართლობაში და სიტყვებისთვის, რაც მოისმინე.
- 32
ეს არის ცხებული, რომელიც შემოინახა უზენაესმა ჟამის დასასრულისთვის, რომელიც აღდგება დავითის მოდგმაში და მოვა, რომ ელაპარაკოს მათ; ის გამოააშკარავებს მათ უკეთურებებს და ბოროტებებს, და წინ დაუფენს მათ საზიზღარ საქმეებს.
- 33
ცოცხალთ დააყენებს მათ სამსჯავროში და, როცა ამხელს, გაანადგურებს მათ.
- 34
მოწყალებით დაიხსნის ჩემი ხალხის ნატამალს, ვინც ჩემს საზღვრებში გადარჩება და გაახარებს მათ, როცა მოვა დასასრული, განკითხვის დღე, რაზედაც თავდაპირველად გელაპარაკებოდი.
- 35
ასეთია სიზმარი, რომელიც იხილე და მისი განმარტებანი.
- 36
შენ ერთადერთი იყავი ღირსი, რომ გცოდნოდა უზენაესის ეს საიდუმლო.
- 37
წიგნში ჩაწერე ეს ყველაფერი, რაც იხილე, და საიმედო ადგილას შეინახე იგი.
- 38
შეასწავლე იგი შენი ხალხის ბრძენებს, ვისაც, შენი გაგებით, მისი შესწავლის და საიდუმლოდ შენახვის უნარი შესწევს.
- 39
შენ კი დაჰყავი აქ კიდევ შვიდი დღე, რათა გამოგეცხადოს ხილვა, რაც უზენაესს აქვს შენთვის გამოსაცხადებელი.
- 40
და წავიდა იგი ჩემგან. როცა გაიგო მთელმა ხალხმა, რომ გავიდა შვიდი დღე, რაც ქალაქში არ დავბრუნებულვარ, ყველანი დიდიან-პატარიანად შეიყარნენ, მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს:
- 41
ისეთი რა შეგცოდეთ, ან ისეთი რა დაგიშავეთ, რომ მიგვატოვე და ამ ადგილას დამჯდარხარ?
- 42
შენ ხომ ერთადერთი შეგვრჩი წინასწარმეტყველთაგან, როგორც ვაზს მტევანი რთველის შემდეგ, როგორც სანთელი ბნელში, როგორც ნავსადგური ქარიშხალს გადარჩენილი ხომალდისთვის.
- 43
განა არ კმარა უბედურებები, თავს რაც დაგვატყდა?
- 44
თუ შენც გვწირავდი, ბარემ გადაბუგულ სიონთან ერთად გადავბუგულიყავით.
- 45
განა რითი ვართ იქ დახოცილებზე უკეთესნი? ასე მოთქვამდნენ ხმამაღალი გოდებით. ვუპასუხე და ვუთხარი მათ:
- 46
გამხნევდი, ისრაელო, ნუ სწუხხარ, იაკობის სახლო!
- 47
არ წარხოცილა შენი ხსოვნა უზენაესის წინაშე და არ დავიწყნიხართ თქვენ ყოვლადძლიერს თქვენს განსაცდელში.
- 48
არც მე გამიწირიხართ, არ წავსულვარ თქვენგან; არამედ მოვედი ამ ადგილას, რათა ვილოცო მოოხრებული სიონისათვის და შეწყალება გამოვითხოვო ჩვენი შეურაცხყოფილი საწმიდარისთვის.
- 49
ახლა კი ყველანი წადით თქვენ-თქვენ სახლებში. ხოლო მე მოვალ თქვენთან ამ დღეების შემდეგ.
- 50
დაბრუნდა ხალხი ქალაქში, როგორც დავარიგე.
- 51
მე კი ვივგექი ველზე შვიდი დღე, როგორც ანგელოზმა მიბრძანა, და მხოლოდ მინდვრის მცენარეებით ვიკვებებოდი. ბალახი იყო ჩემი საზრდო იმ დღეებში.