3 ეზრა 11
- 1
ვიხილე სიზმარი: აჰა, ამოდის ზღვიდან არწივი, თორმეტფრთიანი, სამთავიანი.
- 2
ვიხილე, აჰა, გადაშალა ფრთები მთელ დედამიწაზე, ცის ყველა ქარი ამოვარდა და შეიკრიბა ღრუბლები.
- 3
ვიხილე: ფრთებიდან გამოიზარდა კიდევ სხვა ფრთები, თითოეული მათგანი კი პატარ-პატარა ნაკრტენებისგან შედგებოდა.
- 4
მისი თავები უძრავად იყო და შუა თავი დანარჩენ თავებზე დიდი იყო, მაგრამ ისიც უძრავად იყო სხვებთან ერთად.
- 5
ვიხილე: აჰა, არწივი დაფრინავდა თავისი ფრთებით და მეფობდა დედამიწაზე და მის მკვიდრებზე.
- 6
ვიხილე, რომ ყოველივე მას მორჩილებდა ცისქვეშეთში და არავინ ეურჩებოდა, არცერთი ქმნილება, რაც კი დედამიწაზე არსებობდა.
- 7
ვიხილე: აჰა, აღიმართა არწივი თავის კლანჭებზე და დასძახა თავის ფრთებს, უთხრა:
- 8
ნუ იფხიზლებთ ყველანი ერთად, თითოეულს თავთავის ადგილზე გეძინოთ და დროგამოშვებით იფხიზლეთ.
- 9
ხოლო თავები უკანასკნელი ჟამისთვის იყოს შემონახული.
- 10
ვიხილე: აჰა, ხმა არწივის თავებიდან კი არა, მისი ტანის შუიდან გამოდის.
- 11
დავითვალე ახლად გამოზრდილი ფრთები და, აჰა, რვა იყო.
- 12
ვიხილე: აჰა, მარჯვენა მხრიდან აღიმართა ერთი ფრთა და გამეფდა მთელ დედამიწაზე.
- 13
და როცა მეფობდა, დაუდგა მას აღსასრული და აღარ ჩანდა მისი ადგილი; აღიმართა მომდევნო და მეფობდა, და დაჰყო მან მრავალი ხანი.
- 14
და როცა მეფობდა, დაუდგა მას აღსასრული, რათა პირველის მსგავსად, ისიც გაუჩინარებულიყო.
- 15
და აჰა, ხმა გაისმა მის მიმართ, უთხრა:
- 16
ისმინე შენ, ვისაც ამდენი ხანი გეპყრა დედამიწა; ეს გეუწყება, ვიდრე გაუჩინარებას დაიწყებდე:
- 17
შენს მერე არავინ დაიპყრობს შენს ხანს, არც მის ნახევარს.
- 18
აღიმართა მესამე და დაიპყრო მთავრობა წინამორბედთა მსგავსად, მაგრამ გაუჩინარდა ისიც.
- 19
ასე ერთმანეთის მიყოლებით იპყრობდნენ მთავრობას და კვლავ უჩინარდებოდნენ.
- 20
ვიხილე: აჰა, რიგრიგობით აღემართებოდნენ ფრთები მარჯვენა მხრიდან, რომ მათაც დაეპყროთ მთავრობა; იყვნენ მათ შორის, ვინც იპყრობდნენ, მაგრამ უეცრად უჩინარდებოდნენ.
- 21
ზოგი მათგანი აღიმართებოდა, მაგრამ ვერ იპყრობდა მთავრობას.
- 22
ვიხილე: აჰა, გაუჩინარდა თორმეტი ფრთა და კიდევ ორი მომცრო ფრთა.
- 23
აღარაფერი შერჩა არწივის ტანს, ორი უძრავი თავისა და ექვსი მომცრო ფრთის გარდა.
- 24
ვიხილე: აჰა, ექვსი მომცრო ფრთა ორად გაიყო და დარჩა თავს ქვემოთ, მარჯვენა მხარეს; ხოლო ოთხი თავის ადგილზე დარჩა.
- 25
ვიხილე; აჰა, ნაკრტენებმაც განიზრახეს, აღმართულიყვნენ და დაეპყროთ მთავრობა.
- 26
ვიხილე: აჰა, ორნი, რომლებიც აღზევდნენ, ერთმანეთს შორის იზრახავდნენ, რომ ერთად ემეფათ.
- 27
მომდევნონიც აღიმართნენ, მაგრამ წინამორბედებზე უსწრაფესად გაუჩინარდნენ.
- 29
ამას რომ განიზრახავდნენ, აჰა, გამოფხიზლდა ერთ-ერთი უძრავ თავთაგანი, შუათანა; დანარჩენ ორზე დიდი იყო ეს თავი.
- 30
ვიხილე, რომ შეიერთა მან ის ორი თავი.
- 31
აკა, მოუბრუნდა ეს თავი მასთან მყოფ ორი თავითურთ და შთანთქა ორი ნაკრტენი, გამეფებას რომ აპირებდნენ.
- 32
ამ თავმა დიდად დააშინა მთელი დედამიწა; ძალით დაიმორჩილა დედამიწის მკვიდრნი და უფრო ძლიერად ეპყრა სამყაროს ძალაუფლება, ვიდრე ყველა ადრინდელ ფრთას.
- 33
ვიხილე ამის შემდეგ და, აჰა, შუა თავი, ფრთების მსგავსად, უეცრად გაუჩინარდა.
- 34
დარჩა ორი თავი, რომლებიც ასევე მეფობდნენ დედამიწაზე და მის მკვიდრებზე.
- 35
ვიხილე: აჰა, შთანთქა მარჯვენა თავმა მარცხენა თავი.
- 36
გავიგონე ხმა, რომელიც მეუბნებოდა: გაიხედე შენ წინ და გაიაზრე, რასაც ხედავ.
- 37
ვიხილე: რაღაც ლომის მსგავსი ბრდღვინვით გამოქანდა ტყიდან; ვიხილე, რომ ადამიანის ხმით მიმართა არწივს, უთხრა:
- 38
ისმინე, რასაც გეტყვი, რასაც გეუბნება უზენაესი:
- 39
შენ არა ხარ ერთ-ერთი იმ ოთხ ცხოველთაგან, რომლებიც შევქმენი, რომ ემეფათ ჩემს წუთისოფელში და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოსულიყო ჟამის აღსასრული?
- 40
მეოთხემ, რომელიც მოვიდა, გაიმარჯვა ყველა იმ ცხოველზე, რომლებმაც უკვე ჩაიარეს, და დიდ შიშში ჰყავდა წუთისოფელი. მძლავრობდა მთელ ქვეყნიერებაზე; სიცრუით მკვიდრობდა ამდენი ხანი დედამიწის ზურგზე.
- 41
შენ მსჯავრი დასდე დედამიწას, მაგრამ არა ჭეშმარიტებით.
- 42
შეავიწროვე უწყინარნი და შეურაცხყავი მშვიდნი, შეიყვარე მზაკვარნი, გაანადგურე იმათი სამკვიდრებელი, რომელთაც ნაყოფი მოჰქონდათ, დააქციე იმათი კედლები, რომელთაც შენთვის არაფერი დაუშავებიათ.
- 43
უზენაესამდე აღზევდა შენი კადნიერება და ყოვლადძლიერამდე - შენი ამპარტავნება.
- 44
გადმოხედა უზენაესმა ამპარტავან დროებას, და აჰა, დასრულდა იგი და მისი ბოროტებანიც დასრულებულია.
- 45
ამიტომ გაუჩინარდები, შენ, არწივო, შემზარავ ფრთებთან ერთად, შენს უკეთურ ნაკრტენებთან ერთად, შენს ბოროტეულ თავთან ერთად, შენს უკეთურ ბრჭყალებთან ერთად, მთელ შენს ფუტურო ტანთან ერთად,
- 46
რათა გაცინცხალდეს მთელი დედამიწა და შენი მძლავრობისგან გათავისუფლებული სასოებდეს თავისი შემოქმედის სამართალსა და მოწყალებას.