3 ეზრა 13
- 1
შვიდი დღის შემდვგ კი სიზმარი მესიზმრა ღამით:
- 2
აჰა, ზღვიდან ამოვარდა ქარი, რათა აეღელვებინა მისი ტალღები.
- 3
ვიხილე: აჰა, ძლიერდება კაცი ცის ათასეულებითურთ და საითკენაც სახეს მიაბრუნებს, ყველაფერი ცახცახებს მისი მზერის ქვეშ.
- 4
და სადამდისაც წვდება ხმა მისი ბაგიდან, დნება ყველაფერი მისი ხმის გაგონებაზე, როგორც დნება ცვილი, იგრძნობს თუ არა ცეცხლს.
- 5
ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, იკრიბება კაცთა ურიცხვი სიმრავლე ცის ოთხი ქარიდან, რათა შეებრძოლოს ზღვიდან ამოსულ კაცს.
- 6
ვიხილე: აჰა, გამოაქანდაკა მან თავისთვის დიდი მთა და აფრინდა მასზე.
- 7
ხოლო მე ვეცადე დამენახა მხარე ან ადგილი, საიდანაც გამოქანდაკდა მთა, მაგრამ ვერ შევძელი.
- 8
ამის შემდეგ ვიხილე; აჰა, დიდმა შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მის წინააღმდეგ საბრძოლველად იყო შეკრებილი, თუმცა მაინც ბედავდნენ შებრძოლებას.
- 9
და, აჰა, როცა დაინახა მან მასზე წამოსული სიმრავლის იერიში, ხელი არ აღუმართავს, შუბი არც ეპყრა და არც სხვა რაიმე საომარი იარაღი; მხოლოდ ის დავინახე,
- 10
რომ პირიდან ცეცხლის ქროლვა და ბაგეთაგან ალისქარი ამოუშვა და ენიდან ნაპერწკლების ქარიშხალი გამოაფრქვია; ერთმანეთში ირეოდა ცეცხლის ქროლვა, ალისქარი და ძლიერი ქარიშხალი;
- 11
შეუტია საბრძოლველად გამზადებულთ და გადაბუგა ყველანი; უეცრად გაუჩინარდა ეს აღურაცხელი სიმრავლე, მხოლოდ მტვერი და კვამლის სუნიღა დარჩა. ვიხილე და შიშმა ამიტანა.
- 12
ამის შემდეგ ვიხილე თავად კაცი, მთიდან ჩამომავალი, თავისკენ მოუხმობდა სხვა სიმრავლეს, მშვიდობიანს.
- 13
უამრავი ხალხი მოდიოდა მასთან, ზოგი მხიარული, ზოგი დამწუხრებული; ერთნი შებოჭილნი იყვნენ, მეორენი მოჰყავდათ როგორც მსხვერპლი. ცუდად შევიქენი მეტისმეტი შიშისგან, გამომეღვიძა და ვთქვი:
- 14
შენ თავიდანვე უჩვენებდი შენს მორჩილს ამ სასწაულებს და ღირსი გამხადე, რომ შეგესმინა ჩემი ვედრება.
- 15
ახლაც მაჩვენე სიზმრის განმარტება.
- 16
რადგან, როგორც მე ვფიქრობ ჩემი ჭკუით, ვაი მათ, ვინც დატოვებულნი იქნებიან იმ დღეებში, და ათასჯერ ვაი იმათ, ვინც არ არიან დატოვებულნი.
- 17
რადგან ისინი, ვინც არ არიან დარჩენილნი, მწუხარენი იყვნენ.
- 18
ახლა მე ვხვდები, რაც არის გამზადებული უკანასკნელი დღეებისათვის, და რა შეემთხვევა მათ და იმათაც, ვინც დარჩენილნი არიან.
- 19
ამიტომ დიდ განსაცდელს და ბევრ გასაჭირს გაივლიან, რასაც ცხადყოფს ეს სიზმარი.
- 20
თუმცა უმჯობესია, განსაცდელგამოვლილი მოვიდეს აქამდე, ვიდრე ღრუბელივით გავიდოდეს წუთისოფლიდან, და ახლა განიცადოს, რაც მოელის უკანასკნელ ჟამს. ხოლო მან მიპასუხა და თქვა:
- 21
ამ ხილვის განმარტებასაც გეტყვი და გაგიმხელ, რაზეც ლაპარაკობდი.
- 22
ამ დარჩენილებზე რომ ლაპარაკობდი, ასეთი განმარტება აქვს ამ საქმეს.
- 23
ვინც იმ დროს აიტანს განსაცდელს, ის თავად დაიცავს თავს; ვინც განსაცდელი გამოიარა, მას ღვაწლი აქვს და სწამს ყოვლადძლიერისა.
- 24
მაშ, იცოდე, მკვდრებზე უფრო ნეტარნი არიან დარჩენილნი.
- 25
ასეთია ამ ხილვის განმარტეხა: კაცი რომ იხილე, შუაგულ ზღვიდან ამომავალი,
- 26
ეს ის არის, რომელიც უზენაესმა მრავალი ხნით შემოინახა, რომელიც თვითონ იხსნის თავის ქმნილებას და თავადვე მიუჩენს ადგილს მათ, ვინც დარჩენილი არიან.
- 27
მისი პირიდან გამომავალი ქარი, ცეცხლი და ქარიშხალი რომ იხილე,
- 28
რომ არ ეჭირა არც შუბი, არც სხვა რამ საომარი იარაღი, და მაინც რომ შემუსრა მისმა შეტევამ მის წინააღმდეგ საბრძოლველად წარმოსული სიმრავლე, ასეთია მისი განმარტება:
- 29
აჰა, ახლოვდება დღეები, როცა დაიწყებს უზენაესი მათ გათავისუფლებას, ვინც დედამიწაზე არიან.
- 30
გონის შეშლა დაეუფლება მათ, ვინც მკვიდრობს დედამიწაზე.
- 31
აღიძვრებიან საომრად ერთი მეორის წინააღმდეგ: ქალაქი ქალაქის წინააღმდეგ, ადგილი ადგილის წინააღმდეგ, ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ.
- 32
ესენი რომ ჩათავდება, გამოჩნდება ნიშნები, ადრე რომ გიჩვენე; მაშინ გამოცხადდება ჩემი ძე, შენ რომ იხილე, როგორც კაცი, ზღვიდან ამომავალი.
- 33
როცა გაიგონეხს მის ხმას ყოველი ხალხი, შეწყვეტენ თავ-თავის სამფლობელოებში ერთმანეთთან ბრძოლას.
- 34
და შეიკრიბებიან ერთ უთვალავ სიმრავლედ, თითქოს საომრად აპირებენო წასვლას.
- 35
თავად ის კი სიონის მთის მწვერვალზე შედგება.
- 36
ხოლო სიონი მოვა; მოევლინება ყველას გამზადებული და ნაგები, მსგავსად ხელშეუხებლად გამოქანდაკებული მთისა, შენ რომ იხილე.
- 37
ჩემი ძე თავად მოჰკითხავს შემოკრებულ ხალხებს მათ უკეთურებებს, რასაც ქარიშხლები განასახიერებს, მათი ავი ზრახვებისა და სატანჯველის გამო, რითაც მოელით ტანჯვა,
- 38
რასაც ალი განასახიერებს და დაღუპავს მათ გაუჭირვებლად რჯულის მეოხებით, რაც ცეცხლით არის განსახიერებული.
- 39
სხვა მშვიდობიანი სიმრავლის შემომკრებლად რომ იხილე.
- 40
ესაა ათი ტომი, რომელიც წარტყვევნილ იქნა თავისი ქვეყნიდან მეფე ყუზიას ხანაში, როცა იგი ტყვედ წაიყვანა სალმანასარმა, აშურელთა მეფემ, და გადაიყვანა ისინი მდინარეზე და გადასახლებულ იქნენ სხვა ქვეყანაში.
- 41
მათ კი ასე გადაწყვიტეს, რომ დაეტოვებინათ ხალხთა სიმრავლე და გასულიყვნენ შორეულ ქვეყანაში, სადაც კაცთა მოდგმას არასოდეს უცხოვრია.
- 42
რომ იქ დაეცვათ თავიანთი რჯულდებანი, რომელთაც საკუთარ მიწა-წყალზე არ იცავდნენ.
- 43
მდინარის ვიწრო გასასვლელებით შევიდნენ ევფრატში.
- 44
მაშინ მისცა მათ ნიშანი უზენაესმა და დააყენა მდინარის დინება, ვიდრე არ გადალახეს იგი.
- 45
იმ ქვეყნამდე დიდი გზა იყო გასავლელი - ერთი წელი და ნახევარი. ქვეყანას ეწოდება არცარეთი.
- 46
იქ სახლობდნენ ისინი უკანასკნელ დრომდე; და ახლა, როცა უკან წამოსვლას დააპირებენ,
- 47
კვლავაც დააყენებს უზენაესი მდინარის დინებას, რათა შეძლონ გადასვლა. ამიტომ იხილე მშვიდობიან ხალხთა სიმრავლე.
- 48
მაგრამ ისინი, ვინც დარჩენილნი არიან შენი ხალხიდან, ჩემს საზღვრებში იმყოფებიან, რათა გადარჩნენ.
- 49
როცა დაიწყებს უზენაეზი თავმოყრილ ტომთა სიმრავლის განადგურებას, მაშინ დაიცავს იგი დარჩენილ ხალხს,
- 50
და მაშინ მრავლად მოუვლენს მათ სასწაულებს.
- 51
მე ვთქვი: მბრძანებელო, უფალო, ახლა ეს გამიმჟღავნე: რისთვის ვიხილე კაცი, შუაგულ ზღვიდან ამომავალი? მითხრა:
- 52
როგორც ვერ შესძლებ გამოიკვლიო ან მიხვდე, რა არის ზღვის უფსკრულებში, ასევე ვერავინ შეძლებს იხილოს დედამიწაზე ჩემი ძე, ან ისინი, ვინც მას ახლავან, ვიდრე საამისო დღე არ დადგება.
- 53
ეს არის განმარტება სიზმარისა, რომელიც იხილე და რისთვისაც მხოლოდ შენა ხარ განათლებული.
- 54
რადგან დათმე შენეული და ჩემს რჯულს მოუხმე და გამოიძიე იგი.
- 55
რადგან შენი ცხოვრება სიბრძნით წარმართე და შენს გონებას დედა უწოდე.
- 56
ამიტომაც გიჩვენე უზენაესის ჯილდო. კიდევ სამი დღის მერე კი სხვას გეტყვი და გაგიცხადებ საგულისხმო და საოცარ ამბებს.
- 57
წამოვედი და გავსწიე ველად უზენაესის განმადიდებელმა და მაქებელმა იმ საოცრებათა გამო, რასაც ახდენს იგი ჟამიდან ჟამზე,
- 58
იმის გამო, რომ მართავს იგი თავად დრო-ჟამს და იმასაც, რაც დრო-ჟამში შემოდის, და ვიჯექი იქ სამი დღე.